15 სექტემბერი 2019 - 21:50

იცით თუ არა, რომ პორტუგალიის დედაქალაქი რიო-დე-ჟანეირო იყო?

რიო-დე-ჟანეირო

ბრაზილია, რიო-დე-ჟანეირო

ფოტო: Shutterstock.com

დედაქალაქის სტატუსი ამა თუ იმ ქალაქის განსაკუთრებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სულაც არ არის აუცილებელი ის ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი იყოს. ასევე შესაძლებელია, პოლიტიკურ ძალაუფლებას სხვა ქალაქთან ინაწილებდეს. თუმცა ერთი რამ ფაქტია, დედაქალაქი სახელმწიფოს მთავარი ქალაქია. შესაძლებელია, ამ ტიტულს სხვადასხვა დროს ერთი და იმავე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი ატარებდეს. მაგალითად, ინდონეზიის ხელისუფლება გეგმავს ქვეყნის დედაქალაქი ჯაკარტიდან კონძულ ბორნეოზე გადაიტანოს. ჯერჯერობით არც კონკრეტული ადგილი და არც თარიღია ცნობილი, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა პარლამენტს უკვე გააცნო. ინდონეზიის გარდა რომელ ქვეყნებს აქვთ მსგავსი გამოცდილება და რა არის ხოლმე დედაქალაქის შეცვლის მიზეზი?

ინდონეზია

ქვეყნებს თავიანთი დედაქალაქები ერთი ქალაქიდან მეორეში სხვადასხვა მიზეზის გამო გადააქვთ. ინდონეზია ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.

საქმე ის არის, რომ ჯაკარტა სისტემატურად იძირება. ეს პროცესი წელიწადში საშუალოდ 1-დან 15 სმ-მდე პროგრესირებს. სპეციალისტების შეფასებით კი, 2050 წლისთვის ჯაკარტა სრულად ჩაიძირება. ნახევარი ქალაქი ამ დროისთვის უკვე ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ამასთან, ჯაკარტა ჭაობიან ადგილზეა განთავსებული და ქალაქში 13 მდინარე მიედინება. ამავდროულად, ჯაკარტაში ისეთი საავტომობილო საცობებია, რომელთაც 2016 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ქალაქში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ჩამდინარე წყლების მხოლოდ 2-4%-ი იწმინდება.

ახალი დედაქალაქი კუნძულ კალიმანტანის, იმავე ბორნეოს ინდონეზიურ ნაწილში გადაინაცვლებს. ის მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძულია და ამავდროულად, ერთადერთია, რომელსაც სამი სახელმწიფო - ინდონეზია, მალაიზია და ბრუნეი იყოფს. ინდონეზიის ხელისუფლებას 33 მილიარდი დოლარი და 30 000-დან 40 000-მდე ჰექტარი ტერიტორია დასჭირდება, რათა ახალ დედალაქში 900 000-დან 1,5 მილიონი ადამიანი დაასახლოს. 

ინდონეზიის ახალი დედაქალაქის მთავარი პრეტენდენტია ქალაქი პალანგკარაია, რომელიც კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. პირველ რიგში, ის გეოგრაფიულად ძალიან ახლოს არის ინდონეზიის არქიპელაგთან. მეორე მხრივ კი, ინდონეზიის სახელმწიფოს დამფუძნებელი და ეროვნული გმირი სუკარნოც დედაქალაქის სწორედ ამ ქალაქში გადატანას ემხრობოდა.

ყაზახეთი

1997 წელს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გადაწყვიტა, დედაქალაქი ალმა-ატიდან გადაეტანა. მან ახალ ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ცენტრად პროვინციული ქალაქი აკმოლა შეარჩია. პირველ რიგში ნაზარბაევმა მას სახელი შეუცვალა და ასტანა უწოდა. თუმცა ამ ქალაქს მსგავსი გამოცდილება იქამდეც ჰქონია: 1992 წლამდე მას ცელინოგრადი, 1961 წლამდე კი - აკმოლინსკი ეწოდებოდა.  

სახელწოდების შეცვლის შემდეგ ნურსულთან ნაზარბაევმა ასტანაში მოუხმო მთელი მსოფლიოს არქიტექტორებს, რათა მას დედაქალაქისთვის დამახასიათებელი მონუმენტურობა შეეძინა. ასტანის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად იქცა ხან შატირი - კოლოსალური სავაჭრო-გასართობი ცენტრი, რომელიც ცნობილმა ბრიტანელმა არქიტექტორმა ნორმან ფოსტერმა გამჭვირვალე კარვის ფორმით ააგო. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ნავთობის სექტორის განვითარებით, რისი წყალობითაც ქვეყნის ეკონომიკა 2018 წელს 4,8%-ით გაიზარდა. 

2019 წლის მარტში ნაზარბაევმა თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებაზე უარი თქვა, პარლამენტმა კი ახალი დედაქალაქისთვის სახელის შეცვლას უყარა კენჭი. ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ყაზახეთის დედაქალაქს ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვა. თუმცა ეს ფაქტი ტრაგედიად არ მიიჩნევა ქვეყნისთვის, სადაც სტალინის ეპოქაში, სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინის ბანაკი იყო განთავსებული.

მიანმარი

ნაიფიიდოს ფართობი ოთხჯერ აღემატება იმ ტერიტორიას, რომელზეც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქია განთავსებული, თუმცა აქ გაცილებით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ლონდონში. მიანმარის ახლანდელი დედაქალაქის ისტორია 2005 წლიდან იწყება. იქამდე კი ნაიფიიდო მხოლოდ პატარა დასახლება იყო. 

„ადგილი მეფისთვის“ - ასე ითარგმნება სახელწოდება ნაიფიიდო. თუმცა რატომ გადმოიტანეს ის მაინცდამაინც აქ, ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ იანგონიდან 370 კილომეტრის დაშორებით, დღემდე უცნობია.  

ეს 2005 წლის ნოემბერში მოხდა. მიანმარის ინფორმაციის მაშინდელმა მინისტრმა BBC-თან ინტერვიუში ეს ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ ახალი დედაქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა უფრო მოსახერხებელი იყო. ანალიტიკოსებმა კი თქვეს, რომ ამით ქვეყნის სამხედრო ხელისუფლება ზღვის მხრიდან დედაქალაქზე თავდასხმის პრევენციას ცდილობს. ექსპერტებმა მეორე შესაძლო მიზეზად ეთნიკური უმცირესობების უკეთ კონტროლის სურვილი დაასახელეს. იყო ასევე მოსაზრება, რომ მიანმარის საიდუმლო სამხედრო ლიდერები უბრალოდ იმეორებენ ბირმელი მეფეების კოლონიამდელ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, ახალი ქალაქები და სასახლეები წინასწარმეტყველთა რჩევებით შენდებოდა. 

ასეა თუ ისე, დღეისათვის ნაიფიიდოს აქვს გენერალური გეგმის მიხედვით აშენებული დედაქალაქის ყველა ნიშანი: მთავარი ქუჩა, რომელიც პარლამენტის შენობიდან პრეზიდენტის სასახლემდე მიემართება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 20 ხაზი, რომელზეც მოთხოვნა არც ისე დიდია. მიანმარის დედაქალაქის ბულვარში ახალი ბრჭყვიალა სავაჭრო ცენტრები და ცარიელი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებია განთავსებული. ნაიფიიდოში ასევე არის საფარის პარკი, ზოოპარკი, სამი სტადიონი და ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ამ ქალაქს ელექტროენერგია 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

ბოლივია

დღეს ბოლივიას 2 დედაქალაქი აქვს - სუკრე და ლა-პასი.1899 წლამდე სუკრე ქვეყნის ერთადერთი დედაქალაქი იყო. სწორედ ამ დროს მიმდინარე სამოქალაქო ომში სუკრელები ლა-პასელებთან დამარცხდნენ. ამის შემდეგ პარლამენტი და სხვა საჯარო სამსახურები ბოლივიის უდიდეს ქალაქ ლა-პასში გადავიდა, მაშინ როდესაც იუსტიციის ყველა ორგანო და განყოფილება სუკრეში დარჩა. 

სუკრე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ზუსტად იქ, სადაც 1825 წელს ბოლივია დაარსდა. ქალაქის მოსახლეობა 250 000-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ლა-პასში 1,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 2007 წელს ქვეყნის ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტი და სხვა მმართველი ორგანოები ისევ სუკრეში დაებრუნებინათ, რამაც ლა-პასში მწვავე საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამის უკან სინამდვილეში პრეზიდენტ ევო მორალესის მომხრეებსა (დასავლეთის ღარიბული რეგიონები) და მოწინააღმდეგეებს შორის (შედარებით მდიდარი აღმოსავლეთ რეგიონები) არსებული დაპირისპირება იმალებოდა. საბოლოოდ ეს წინადადება არ დაკმაყოფილდა და ბოლოვიას დღემდე 2 დედაქალაქი აქვს.

ნიგერია

1991 წლამდე ნიგერიის ყველაზე დიდი ქალაქი ლაგოსი ამავდროულად ქვეყნის დედაქალაქიც იყო. მთავარი ქალაქის აბუჯაში გადატანის რამდენიმე მიზეზი არსებობდა: პირველ რიგში, სანაპიროდან დაშორებული ცენტრალური მდებარეობა. პოლიტიკური და ეთნიკური თვალსაზრისითაც აბუჯა უფრო ნეიტრალური ქალაქია. მაგალითად, ლაგოსში მოსახლეობის უმრავლესობას იორუბას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები შეადგენენ, მაშინ როდესაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იგბო დომინირებს, ჩრდილო-დასავლეთში კი - ჰაუსა. ეს მიზეზი არც ისე მნიშვნელოვანია, თუ გავიხსენებთ იმას, რომ 1967-1970 წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა ომი, რომლის ფარგლებშიც იგბოს ეროვნების წარმომადგენლებს ნიგერიული კავშირიდან გასვლა სურდათ. 

მაშინ როდესაც თავის დროზე ლაგოსი სტიქიურად ვითარდებოდა, აბუჯა გახდა ნიგერიაში პირველი ქალაქი, რომელიც გეგმის მიხედვით აიგო. ლაგოსი ცნობილი იყო თავისი საგზაო საცობებით, აბუჯაში კი გზები თავიდანვე ისე დაიგო, რომ მზარდი ავტოსატრანსპორტო ნაკადი გაითვალისწინეს.

ნიგერიის ახალ დედაქალაქში არის კულტურული დაწესებულებები, პრეზიდენტის სასახლე, ნაციონალური ასამბლეის შენობა და უზენაესი სასამართლო. თუმცა ფედერალური დონის მთელი რიგი დაწესებულებები არაოფიციალურად ისევ ლაგოსში რჩება.

პორტუგალია

13 წლის განმავლობაში პორტუგალიის დედაქალაქი არც მეტი და არც ნაკლები რიო-დე-ჟანეირო იყო. რატომ? ნაპოლეონის გამო. პირენეის ომის დროს (1807-1814 წლები) ფრანგებმა პორტუგალია სამჯერ დაიპყრეს. ნაპოლეონის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 1807 წლის დეკემბერში, ქვეყნის იმდროინდელი სამეფო დინასტიის წევრები გაიქცნენ ბრაზილიაში, რომელიც მაშინ პორტუგალიის კოლონია იყო. მონარქები 1808 წლის მარტში რიოში ჩავიდნენ. მე-19 საუკუნის დასაწყისში რიო-დე-ჟანეიროში გაჩაღებული იყო ვაჭრობა ოქროთი, ალმასითა და შაქრით. მოსახლეობის თითქმის მესამედი კი - 1 მილიონი ადამიანი, მონა იყო. 

პორტუგალიის პრინცმა რეგენტმა ჟუან VI-მ პორტუგალიის სამეფოს, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანების შესახებ სწორედ აქ გამოაცხადა. ამ ფაქტმა უმალ აუწია ბრაზილიას სტატუსი კოლონიიდან პორტუგალიის ტოლ ქვეყნამდე. ამის შედეგად მან ფართო ადმინისტრაციული დამოუკიდებლობაც მოიპოვა. 

1816 წელს, პორტუგალიის დედოფლის, მარია I-ის გარდაცვალების შემდეგ, მეფე ჟუან VI გახდა. 1821 წელს სამეფო ოჯახი ლისაბონში დაბრუნდა და შესაბამისად, მან დედაქალაქის სტატუსი დაიბრუნა. პორტუგალიის სამეფო ოჯახის ყოფნამ თავისი წარუშლელი კვალი დაატოვა რიოზე, როგორც მეგაპოლისზე და ასევე მთელ ბრაზილიაზე, რადგან ეკონომიკის განვითარებასა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას მძლავრი ბიძგი მისცა.

რატომ ანკარა და არა სტამბოლი?

ბევრი ტურისტი, რომელიც სტამბოლში ჩადის, ფიქრობს, რომ თურქეთის დედაქალაქშია. თუმცა ეს ასე სულაც არ არის. 1923 წლის 13 ოქტომბერს, როდესაც სტამბოლმა მართვის სადავეები ანკარას გადასცა, ის იყო ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისი. ანკარა კი იმ დროისთვის სულ რაღაც 35 000 მცხოვრებს ითვლიდა. 

რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? საქმე ის არის, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოტომანთა იმპერიის დიდი ნაწილი ანტანტის (სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთისგან შედგებოდა) წევრებმა დაიკავეს, მათ შორის იყო სტამბოლი, რომელსაც სტრატეგიული პოზიცია ეკავა, რადგან შავ და ხმელთაშუა ზღვებს აკავშირებდა. მაშინ ამ ქალაქს ჯერ კიდევ კონსტანტინეპოლი ერქვა, სტამბოლი კი მოგვიანებით, 1930 წელს ეწოდა. დედაქალაქის გადატანის იდეა ქვეყნის სიღრმეში მდებარე ქალაქ ანკარაში თანამედროვე თურქეთის დამაარსებელსა და მის პირველ პრეზიდენტ ქემალ ათათურქს ეკუთვნოდა. 

ანკარა, რომელიც ზღვის დონიდან 938 მეტრზე მდებარეობს, სტამბოლს დიდებულებით, ისტორიითა და მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებით ვერ შეედრება, მაგრამ დღეს ის უკვე მრავალმილიონიანი ქალაქია, რომელიც ტურისტებს იზიდავს. ეს სახელი ქალაქს ანტიკურ პერიოდში დაარქვეს და ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „ანგორა“. სწორედ ამ სახელით იყო ის ძველ დროში ცნობილი და სწორედ აქედან წამოვიდა სახელწოდება ანგორის კატები, ანგორის კურდღლები და შესაბამისად, ანგორის შალიც.

სხვა თემები