რომელი ჟანრია ყველაზე პოპულარული: ნარატივი, თოქშოუ თუ ინტერვიუ? როგორ ჩავწეროთ პოდკასტი

ფოტო: Shutterstock.com
ერთი შეხედვით, ყველაფერი იოლია: აიღებთ აიფონს, მეგობართან ერთად სამზარეულოში ახალ სერიალებს განიხილავთ, Apple Podcasts-ზე ამ ფაილს ატვირთავთ და გაიღვიძებთ, როგორც ცნობილი პოდკასტერი. საინტერესოა, რა ხდება სინამდვილეში? რით უნდა დაიწყოთ პოდკასტის ჩაწერა, რა ტექნიკა უნდა შეარჩიოთ, როგორ დაამონტაჟოთ და რომელ პლატფორმებზე უნდა ატვირთოთ?
რომელი ჟანრია ყველაზე პოპულარული: ნარატივი, თოქშოუ თუ ინტერვიუ?
სანამ საქმეს შეუდგებით, კარგად უნდა მოიფიქროთ, ვის რა უნდა მოუყვეთ. დაფიქრდით, რატომ მაინცდამაინც პოდკასტი და არა - ვიდეო Youtube-ისთვის? დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ისტორია აუდიოს მოუხდება? მთავარია, იცოდეთ, რატომ აკეთებთ ამას და იდეასაც უკეთ განახორციელებთ.
მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი პოდკასტის თემა. მაგალითად, ეს უნდა იყოს არა „პოდკასტი მუსიკაზე“, არამედ - კონკრეტული ეპოქის კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობის ერთი კონკრეტული თემა.
შეისწავლეთ კონკურენტები, მოუსმინეთ პოპულარულ პოდკასტებს Apple Podcasts- დან და CastBox-დან. ასე თქვენ გაიგებთ, მსგავს თემაზე როგორი აუდიოჩანაწერები არსებობს და მათგან განსხავავებული უნდა შექმნათ.
მოიფიქრეთ, ყველაზე უკეთ თქვენს ჩანაფიქრს როგორი ფორმატი ასახავს: მონოლოგი, წამყვანისა და რამდენიმე სტუმრის დიალოგი, ინტერვიუ თუ ნარატივი (დოკუმენტური ფილმის ერთგვარი აუდიოვერსია: საავტორი ტექსტი, ხმოვანი ჩართვები და პერსონაჟების ხმები). სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რომელი ტექნიკის გამოყენება დაგჭირდებათ და მომზადებისთვის, ჩაწერისა თუ მონტაჟისთვის დროის რა მონაკვეთი იქნება საჭირო.
ასევე კარგი იქნება, თუ თავიდანვე განსაზღვრავთ თქვენი პოდკასტების პერიოდულობას. როგორ ჩაწერთ და გამოაქვეყნებთ მათ? გეყოფათ თუ არა დრო, ენერგია და რესურსი, რომ ეს რეგულარულად - ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად აკეთოთ?
უკვე ვიცი, რა ჟანრის პოდკასტი მინდა. შემდეგ რა ვქნა: სათაური შევურჩიო?
ალბათ თქვენ სათაურის რამდენიმე ვარიანტი უკვე გაქვთ. რომელი უნდა აარჩიოთ? პირველ რიგში, Google-ს საძიებო სისტემაში შეამოწმეთ, მსგავსი დასახელების პოდკასტი უკვე ხომ არ არსებობს.
სათაური საკმაოდ ორიგინალური უნდა იყოს, რათა თქვენი პროექტის მოძიება მომხმარებელმა ადვილად შეძლოს. ამასთანავე, დასახელება არ უნდა იყოს ძალიან პრეტენზიული, რომ მსმენელებს მისი დამახსოვრება გაუჭირდეთ.
სცენარი პოდკასტსაც სჭირდება?
პოდკასტის მომზადება და სტრუქტურა თითქმის ყველაფერია. თქვენს საყვარელ პოდკასტებს მოუსმინეთ. მიხვდებით, რომ სცენარი აქვს იმ თოქშოუსაც, რომელშიც გგონიათ, რომ წამყვანი სხვადასხვა თემაზე ბუნებრივად საუბრობს.
არ არის აუცილებელი, ყველა რეპლიკა და კითხვა ზუსტად გაიწეროს, მაგრამ საერთო გეგმა აუცილებელია. პირველ რიგში, ჩაწერაზე ნაკლებ დროს დაკარგავთ, წინასწარ მომზადებული საუბრის მონტაჟიც ხომ ბევრად იოლია.
მეორე მხრივ კი, აუდიტორიის ყურადღებას მალევე მიიპყრობთ. გაიხსენეთ, როგორ პოდკასტებს უსმენთ თავად თქვენ? ნამდვილად არ მოგინდებათ დროის დახარჯვა იმაზე, რომ 5-10 წუთი წამყვანის ზოგად ტექსტს უსმინოთ, სანამ ის ძირითად თემაზე გადავა.
პოდკასტის ჩასაწერად ძვირადღირებული მიკროფონი აუცილებელია?
მაღალი ხარისხის ხმა არის მსმენელისადმი პატივისცემის გამოხატვა. კონკრეტულ შემთხვევებში ამის მოხერხება სმარტფონის პირობებშიც არის შესაძლებელი, მაგრამ პროფესიული პოდკასტისთვის დამატებითი ტექნიკაა რეკომენდებული.
თუ მაინც გადაწყვიტეთ, რომ ჩანაფიქრი მხოლოდ საკუთარი ტექნიკური რესურსით განახორციელოთ, ყურადღება გაამახვილეთ დაწესებულების აკუსტიკაზე, ასევე, რამდენად ახლოს არის ტელეფონი თქვენგან, რათა ხმა სუფთა იყოს. სანამ უშუალოდ ჩაწერას დაიწყებთ, უმჯობესია, ჯერ საცდელი ვერსია ჩაწეროთ, რათა ტელეფონსა და თქვენ შორის ოპტიმალური დისტანცია განსაზღვროთ.
თუ დარწმუნებული ხართ, რომ პოდკასტი თქვენთვის სერიოზული და გრძელვადიანი საქმიანობაა, მაშინ პროფესიულ აპარატურაშიც უნდა გაერკვეთ. ეს არის მიკროფონები, გარე აუდიობარათები, მიკშერის პულტები, პორტასტუდია და ყურსასმენები.
ტექნიკის შერჩევისას რომელ ბრენდებზე გავაკეთო აქცენტი?
მიკროფონის პოპულარულ მწარმოებლებს შორის არის AKG, Audio-Technica, Behringer-ი, Boya, Trust-ი, Rode-ი, Blue, Sennheiser-ი, Shure-ი და სხვ. პორტასტუდიებს აწარმოებენ კომპანიები Tascam-ი და Zoom-ი. გარე აუდიობარათების მწარმოებელი პოპულარული კომპანიებია Behringer-ი, Zoom-ი, Tascam-ი, Roland-ი, Steinberg-ი, Native Instruments-ი. მიკშერის პულტს კი Behringer-ი, Allen & Heath-ი, Yamaha, Mackie, Soundcraft-ი აწარმოებენ.
სად ჩავწერო პოდკასტი? ჩემს ოთახში თუ სტუდიაში?
შეგიძლიათ სტუდიაში წახვიდეთ. ამისთვის, თანხა უნდა გადაიხადოთ, სამაგიეროდ, თქვენს საუბარს ხმის რეჟისორი ჩაიწერს და მზა ფაილს მოგაწვდით. თუმცა ბევრი პოდკასტერი სახლიდან მუშაობს, რადგან სინამდვილეში ჩაწერა ყველგან შეგიძლიათ. მთავარია, თქვენ მიერ შერჩეული სივრცე საამისოდ მზად იყოს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხმა არ უნდა იყოს დაგუდული და არც ექოს უნდა გამოსცემდეს. გაითვალისწინეთ, რომ წიგნის კარადები, მძიმე შტორები, ხალიჩები და რბილი ავეჯი ხმის გაორებას ამცირებს. სტუდიის იმიტაციის შესაქმნელად, შეგიძლიათ ზემოდან სქელი ნაჭერი გადაიფაროთ. თუ ინტევიუს ქუჩაში წერთ, ქარისგან დამცავით ისარგებლეთ. ძლიერი ქარის დროს დიქტოფონი ლაბადით ან პალტოთი დაფარეთ.
აუცილებელია, რომ ჩაწერის დროს ყურსასმენი გეკეთოთ, რათა მოისმინოთ, თქვენამდე როგორი ხმა მოდის. ამ დროს ოპერატიულად შენიშნავთ, შორს ხართ თუ არა მიკროფონისგან, რამდენად ძლიერია ქუჩიდან შემომავალი ხმაური. ასე თქვენ პროცესს სრულად გააკონტროლებთ.
ჩემი რესპონდენტი სხვა ქალაქშია. ინტერვიუ skype-ით რომ ჩავწერო?
სტუდიური ჩანაწერი ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე სატელეფონო ჩანაწერი ან ვიდეოზარი Facebook-ით თუ Skype-ით. ამიტომ თქვენი თანამოსაუბრე ქალაქში ჩამოსვლას თუ ვერ ახერხებს, სთხოვეთ მას, თავისი საუბარი, პარალელურ რეჟიმში, სმარტფონზე ან დიქტოფონზე ჩაწეროს. დიალოგის დასრულების შემდეგ ის გამოგიგზავნით თავის ჩანაწერს და თქვენ, მონტაჟის საშუალებით, კითხვა-პასუხს ააწყობთ. შეგიძლიათ, ყოველი შემთხვევისთვის, თქვენი საუბარი ვიდეოზარის მეშვეობითაც ჩაიწეროთ.
საუბარი ჩავიწერე, უკვე მონტაჟის დროა. ახლა რა ვქნა?
მონტაჟის გარეშე არცერთი პოდკასტი არ არსებობს. ამისათვის კი კომპიუტერში უნდა დააყენოთ სპეციალური პროგრამა, რომელიც ხმას დაარედაქტირებს. ამის რამდენიმე ათეული ვარიანტი არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარულია SoundForge-ი, Audacity (უფასოა), Adobe Audition-ი, SonyVegas-ი და GarageBand-ი. მათ მუშაობის საერთო პრინციპი აქვთ: ეკრანზე ხმოვანი ტალღების დიაგრამას ხედავთ. ამა თუ იმ ფრაგმენტის წასაშლელად, კომპიუტერის თაგვით დიაგრამაზე ეს მონაკვეთი უნდა მონიშნოთ და დააჭიროთ ღილაკს Delete. საუბრის მონაკვეთები ერთმანეთს გადააბით, სასურველი ფრაგმენტები კი პოდკასტის დრამატურგიის შესაბამისად გადააადგილეთ.
მონტაჟის დროს მუსიკისა და ეფექტების დამატებაც შეგიძლიათ. საწყის ეტაპზე, დრო რომ არ დაკარგოთ, დახმარება ნაცნობ ხმის რეჟისორს სთხოვეთ. წაიკითხეთ რეკომენდაციები და სტატიები სპეციალიზებულ ვებგვერდებზე, სადაც გიხსნიან თუ როგორ უნდა დაამუშავოთ ხმა და ზედმეტი ხმები მოაშოროთ.
ჩემთვის სასურველი მუსიკა სად ვიპოვო?
შეგიძლიათ თქვენი პოდკასტისთვის მუსიკა კომპოზიტორს შეუკვეთოთ. ასევე არსებობს სპეციალური ვებგვერდები, სადაც პოდკასტებისა და ვიდეოებისთვის მუსიკალური ბაზაა განთავსებული. აქ შეგიძლიათ მუსიკა იყიდოთ ან არც თუ ისე იშვიათად, უფასოდაც გამოიყენოთ. მაგალითად, Creative Commons-ის ლიცენზიის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი მხოლოდ ავტორის ვინაობის მითითებას მოითხოვს, ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მელოდიის დამუშავება, შეცვლა და კომერციული მიზნით გამოყენება. ლიცენზიის მეორე ტიპი კი განსხვავებულია. ამ შემთხვევაში მუსიკის გამოყენება მხოლოდ სრული ვერსიით და ისიც მხოლოდ არაკომერციული მიზნით არის შესაძლებელი. მსგავს ბაზაში შეგიძლიათ საჭირო ხმაურიც იპოვოთ. ეს შეიძლება იყოს ბორბლების ღრჭიალი, წყლის წვეთის წკაპუნი, კარზე კაკუნი და სხვ.
ასეთი მუსიკალური ბაზებია: Incompetech-ი, Audioblocks-ი , Music For Makers-ი, Free Music Archive-ი, Freesound-ი, Creative Commons Music-ი.
ტრეილერი პოდკასტსაც სჭირდება?
მოკლე აუდიორგოლი თქვენი პოდკასტის რეკლამაა. პოდკასტის ტრეილერი იგივეა, რაც ფილმის ტრეილერი. ის ასახავს, თუ რაზეა თქვენი აუდიოჩანაწერი და რატომ უნდა მოუსმინონ მას. ეს შეიძლება იყოს მკვეთრი, დამაინტრიგებელი და უბრალოდ სასაცილო ფრაზები თქვენი პოდკასტიდან. თუ ჩანაწერი ჯერ არ გაგიკეთებიათ, მოკლედ უნდა მოუთხროთ მსმენელს, რითია საინტერესო თქვენი პროექტი.
რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემი პოდკასტი სხვადასხვა აპლიკაციაში გამოჩნდეს?
თუ თქვენ ვიდეობლოგერი ხართ, პირველ რიგში, Youtube-ს იყენებთ. პოდკასტებისთვის კი ჯერჯერობით ასეთი ერთიანი პლატფორმა არ არსებობს, თუმცა ამისთვის ცალკეული ონლაინ სივრცეებია გამოყოფილი. ესენია Apple Podcasts-ი, Google Podcasts-ი, Spotify, CastBox-ი, Soundcloud-ი და სხვ.
RSS-ი კი არის სპეციალური ბმული, რომელიც რეგულარულად განახლებადი სერვერიდან მაუწყებლობს. თქვენი ფაილები ერთ სერვერზეა განთავსებული და მას სხვა ვებგვერდები სწორედ RSS-არხის მეშვეობით იღებენ. როდესაც თქვენ ახალ პოდკასტს ტვირთავთ, ის ყველა პლატფორმაზე ავტომატურად იგზავნება. საამისოდ კი თქვენი RSS-ბმული უნდა შექმნათ.
როგორ შევქმა RSS-ბმული?
ამისათვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველ შემთხვევაში შეგიძლიათ ერთ-ერთ პოდკასტ-სერვერზე დარეგისტრირდეთ. ეს შეიძლება იყოს Soundcloud-ი ან Castbox-ი, სადაც ფაილებს ატვირთავთ. თქვენს RSS-ბმულს სწორედ ისინი დააგენერირებენ.
მეორე შემთხვევაში შეგიძლიათ, პოდკასტების ფასიანი ჰოსტინგით ისარგებლოთ. ეს შეიძლება იყოს Lybsin-ი ან SimpleCast-ი, რომელთა სისტემაც RSS-ს თავად შექმნის და ყველა პოდკასტ-პლატფორმას გაუგზავნის.
მესამე ვარიანტი ყველაზე რთულია. ამ შემთხვევაში ბლოგი უნდა გააკეთოთ (მაგალითად, Wordpress-ზე), შემდეგ ბმული უნდა განათავსოთ ვებგვერდ Feedburner-ის თქვენს ანგარიშზე და თქვენი პოდკასტის აღწერილობაც აქვე უნდა ატვირთოთ.
როგორ ავტვირთო პოდკასტი Apple Podcasts-ზე?
Apple-ის ანგარიშით შედით ვებგვერდზე Itunes Connect, აირჩიეთ პოდკასტების განყოფილება და სპეციალურ ველში RSS-ბმული ჩასვით. პოდკასტი დასამტკიცებლად იგზავნება და რამდენიმე დღეში ხელმისაწვდომი გახდება.
ჩემი პოდკასტები უკვე iTunes-ზეა. ეს წარმატებას ნიშნავს?
თქვენი პოდკასტი დამტკიცებულია, გილოცავთ! თუმცა ეს წარმატებისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მოითმინეთ, ტემპი შეინარჩუნეთ და ჩანაწერები რეგულარულად აკეთეთ. თუ პირველივე პოდკასტმა სასურველი სტატისტიკა არ აჩვენა, არ დანებდეთ. იმუშავეთ ყველა საჭირო მიმართულებით და აუდიტორიის დადებითი რეაქციაც არ დააყოვნებს.
გახსოვდეთ: ხმა, დიზაინი და სათაურები მნიშვნელოვანია, მაგრამ შინაარსი - უმნიშვნელოვანესი. ამიტომ, მთავარია, სათქმელი გქონდეთ, სხვა დანარჩენი (მიკროფონი, ხმის რეჟისორი, სტუდია და სხვ.) მეორეხარისხოვანია!