21 თებერვალი 2020 - 00:30

აუცილებელია თუ არა ომეგა 3-ის მიღება

ფოტო:shutterstock.com

2019 წლის შემოდგომაზე გამოიცა სამეცნიერო სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ კვების რაციონში ომეგა 3-ის დამატება მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის იშემიური დაავადებებისა და ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტებმა, 13 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის საფუძველზე, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მიმართულებით მეტაანალიზი ჩაატარეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს დანამატი სასარგებლოა.


აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კი სარწმუნოდ ჩათვალა მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატი „ვასცეპა“ (ინგლ.Vascepa ომეგა 3-ის ერთ-ერთ ცხიმოვან მჟავაზეა დამზადებული) გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. ადრე ეს მოსაზრება დამტკიცებული არ იყო, ახლა კი პირდაპირ ინსტრუქციაშია მოცემული. 


ამასთანავე, 2020 წლის 15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კლინიკურ კვლევებში ომეგა 3-ის მსგავსმა ორმა სხვა პრეპარატმა საკმარისი ეფექტი ვერ აჩვენა. ყველა ეს ურთერთსაწინააღმდეგო მოსაზრება წინა პლანზე წამოწევს უკვე საკმაოდ მოძველებულ კითხვას: საჭიროა თუ არა ომეგა 3-ის დანამატების მიღება, რათა ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავიუმჯობესოთ?

დავიწყოთ თავიდან. რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ომეგა 3-ის გარშემო?

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავა ორგანიზმს სჭირდება. ის ადამიანმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს. ომეგა 3 უჯრედის მემბრანის შემადგენლობაში შედის, ასევე აყალიბებს ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, რომლებიც ანთებით პროცესს, სისხლძარღვების შევიწროებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის არასასურველ სხვა პროცესებს აფერხებს. ომეგა 3 შეიძლება ადამიანმა  ზღვის ცხიმიანი თევზისგან ან ზღვის სხვა პროდუქტებისგან მიიღოს.

არის თუ არა ეფექტიანი ომეგა 3-ის შემცველი სპეციალური პრეპარატები? 

დიახ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ რთულად არის. ზემოთ ხსენებული მეტაანალიზი ბოლო წლებში ერთადერთი სულაც არ ყოფილა. 2012-2018 წლებში ოთხი დიდი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის (1, 2 , 3, 4 ) მეტაანალიზი ჩატარდა. ყველა შემთხვევაში კი საერთო დასკვნა გაკეთდა: ომეგა 3-ის დამატება გულის იშემიური დაავადების, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა სერიოზული დაავადებების  რისკს ამცირებს. 


2018 წლის ივლისში კი დღეისათვის ყველაზე მასშტაბური რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის მეტაანალიზი გაკეთდა. ამ სამეცნიერო პროცესებში 112 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. სპეციალისტებმა ომეგა 3-ის დამატების შემთხვევაში სიკვდილიანობისა და გულ-სისხძარღვთა დაავადების რისკი შეისწავლეს. ომეგა 3-ს კვლევის მონაწილეები 1 -დან 6 წლის განმავლობაში იღებდნენ. დოზა კი დღეში 0,5-დან 5 გრამამდე მერყეობდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საკვებთან ერთად მიღებული 0,25 გრამი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის საკმარისად ითვლება. 


ამ მასშტაბური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ომეგა 3-ის დამატება სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკზე არ მოქმედებს. ის  გულის იშემიური დაავადების, ინსულტის ან არითმიის ალბათობას არ ამცირებს. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები მაღალკვალიფიციურ მასალებს ეყრდნობა.

რატომ არის განსხვავებული ჰარვარდის კვლევის მეტაანალიზი? 

ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია. დასაწყისისთვის უნდა გადავხედოთ, ამ მეტაანალიზისთვის კვლევები როგორ შეირჩა, ვინ იღებდა ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს და კონკრეტულად რა სახის ნივთიერებაზე იყო საუბარი. 


შერჩეულ კვლევებში ჯანმრთელი ადამიანები არ მონაწილეობდნენ. ისინი ძირითადად ჭარბი წონის მქონე პირები იყვნენ და კვლევის დასაწყისში მათი საშუალო ასაკი 64 წელს შეადგენდა. ცდისპირთა თითქმის 40%-ს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, 70%-ზე მეტი კი ქოლესტერინის დამწევ პრეპარატს იღებდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ამ მეტაანალიზში ჩართული იყვნენ პროექტ VITAL-ის პაციენტები, რომელთა შემთხვევაშიც რისკის შემცირება ნამდვილად დაფიქსირდა. თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორია ამ პრეპარატების მიღების პრაქტიკული და არა სტატისტიკური მნიშვნელობა. ათასი ადამიანიდან, რომლებიც ომეგა 3-ს იღებდნენ, 123-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადება განუვითარდა. იმ ათასი მოხალისიდან კი, რომლებიც დანამატს არ იღებდნენ, 126 ადამიანი არასასურველი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაობა იყო მხოლოდ 3.

ეს რას ნიშნავს?  უნდა მივიღოთ თუ არა ბიოლოგიურად აქტიური დანამატები? 

ალბათ, უფრო არ ღირს. რეცეპტურული პრეპარატები გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ზოგიერთი პაციენტისთვის ძალიან ეფექტიანია. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ომეგა 3-ის დოზით, ყველამ უნდა მიიღოს და ის სხვებისთვისაც სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი წამლისგან შემადგენლობით განსხვავდება. ის შეიძლება ომეგა 3-ს ტრიგლიცერიდის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავის, ეთილის ეთერისა და ფოსფოლიპიდების სახით შეიცავდეს. ამასთანავე, ძირითადი ნივთიერებები სისხლში სხვადასხვანაირად ხვდება. 


ამერიკის გულის დაავადებათა ასოციაციის მტკიცებით, კვებითი დანამატები ომეგა 3-ის თანხლებით არ შეიძლება რეცეპტურული პრეპარატების ნაცვლად გამოიყენოთ.

შეიძლება თუ არა ამ დანამატების პროფილაქტიკის მიზნით მიღება? 

ჩვენ არ ვიცით, რამდენად უსაფრთხოა ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. მარეგულირებელი ორგანოები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ნებისმიერი დანამატი პაციენტმა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცირე დოზით მიიღოს. თუმცა ომეგა 3-ის მიღების თანმხლები გვერდითი ეფექტი  არც ისე ბევრია. ეს შეიძლება იყოს: უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, გულძმარვა, გულისრევა, თევზის გემო, დისკომფორტი კუჭსა და ნაწლავებში, დიარეა, თავის ტკივილი. თუმცა როგორც პრეპარატ „ვასცეპის“ კვლევის შედეგად დადგინდა, მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში, სერიოზული გართულების რისკი არსებობს. ეს შეიძლება იყოს სისხლდენა და წინაგულის ფიბრილაცია.

ეს იმას ნიშნავს, რომ თევზის ჭამა მომიწევს?

დიახ. კვირაში ერთი ან ორი ულუფის მიღება საკმარისია. დიეტოლოგები უკვე ათი წელია, რაც კვების რაციონში თევზის რეგულარული ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. სპეციალისტები იმასაც ამბობენ,რომ შეიძლება ადამიანებმა თევზეულის მიღება უფრო დიდი დოზით დაიწყეს და ომეგა 3-ის ეფექტის შემცირებაც ამან განაპირობა. შესაძლოა, არსებობს ზღვარი, რომლის შემდეგაც ამ დანამატის მიღებას გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უმნიშვნელო სარგებელი მოაქვს ან საერთოდ უშედეგოა. თუმცა ჯერჯერობით მეცნიერულად დადასტურებულ რეკომენდაციებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ, ძირითადი აქცენტი ჯანსაღ კვებაზე კეთდება და არა - დანამატების მიღებაზე.

სხვა თემები