14 აპრილი 2020 - 20:34

სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე - რა არის კომა და რა იწვევს მას?

ფოტო: Shutterstock.com

კომა არ არის დაავადება, ეს უფრო მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანი ცოცხალია, მაგრამ უგონოდ არის. კომა ძველბერძნული სიტყვაა და ითარგმნება როგორც „ღრმა ძილი“. ერთი შეხედვითაც, ამ დროს ადამიანს თითქოს სძინავს, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. კომა, როგორც წესი, რამდენიმე დღეს ან რამდენიმე კვირას გრძელდება, თუმცა შეიძლება უფრო ხანგრძლივიც იყოს. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ან საერთოდ არ რეაგირებს არაფერზე, ან ძალიან სუსტი რეაქცია აქვს ისეთ გარე გამღიზიანებლებზე, როგორიც არის სინათლე ან სხვა ადამიანების ხმაური. რა იწვევს კომას? რა და რა სახის კომა არსებობს? როგორ ხდება მისი მკურნალობა?

რა იწვევს კომას? 

კომატოზური მდგომარეობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თავის ტვინის ქერქის ზედა ფენა მნიშვნელოვნად ზიანდება. სწორედ აქ მდებარეობს უჯრედები, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე არიან პასუხისმგებელი. კომის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ტვინის იმ ნაწილის დაზიანება, რომელიც ქერქის უჯრედების აქტივაციაზე ზემოქმედებს. ასეთ პათოლოგიურ ცვლილებებს ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ნერვული სისტემის ტრავმა და ანთება, სომატური დაავადებები ან მძიმე ჰექსოგენური ინტოქსიკაცია იწვევს.

რა სიმპტომები აქვს სხვადასხვა ხარისხის კომას? 

კომის კლინიკური სურათი დაზიანების გამოვლენის დონეზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი პრეკომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, მას დაბნეულობა, რეაქციების შენელება, ძილიანობა და აღგზნებადობა აღენიშნება. კომის ზოგიერთი სახეობის დროს ადამიანს ფსიქოზური მდგომარეობა აქვს. ასეთი პაციენტების მოძრაობა ცუდად კოორდინირებულია, თუმცა რეფლექსები შენარჩუნებულია. 


პირველი ხარისხის კომის დროს ადამიანი თითქოს გაოგნებულია. მას გარე გამღიზიანებლებზე რეაქციები დაქვეითებული აქვს. ამ დროს პაციენტს შეუძლია მარტივი მოძრაობის შესრულება - თხევადი საკვებისა და წყლის მიღება, საწოლში დამოუკიდებლად გადატრიალება, თუმცა მასთან კონტაქტი გართულებულია. ასეთ პაციენტებს მომატებული აქვთ კუნთოვანი ტონუსი, გუგები გაფართოებულია და ფიქსირდება სიელმე. 


მეორე ხარისხის კომაში ყოფნისას ადამიანს ღრმა ძილი, იგივე სოპორი აღენიშნება. ასეთ პაციენტებთან კონტაქტი შეუძლებელია. ადამიანს ტკივილზე რეაქცია დაქვეითებული აქვს. ავადმყოფს პათოლოგიური ტიპის სუნთქვა და გარე გამღიზიანებლებზე სუსტი რეაქცია აღენიშნება. ამ დროს არ ფიქსირდება კანის რეფლექსები, ფარინგიალური რეფლექსები კი შენარჩუნებულია, ვითარდება კუნთოვანი დისტონია და ჰორმეტონია.


მესამე ხარისხის კომისთვის სრული უგონო მდგომარეობაა დამახასიათებელი. ასეთ პაციენტებს ტკივილზე რეფლექსი არ აღენიშნებათ. ამ დროს ავადმყოფს ფარინგიალური რეფლექსი დაქვეითებული აქვს. მისი გუგები სინათლეზე არ რეაგირებს, კუნთების ტონუსი კი დაქვეითებულია. ამ დროს პაციენტს აღენიშნება შარდის უკონტროლო გამოყოფა, არტერიული წნევისა და ტემპერატურის ვარდნა. 


მეოთხე ხარისხის კომას სრული არეფლექსია, კუნთების ატონია, სპონტანური სუნთქვის შეჩერება და არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა ახასიათებს.

როგორ მკურნალობენ კომას?

კომის დროს თერაპია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ხელოვნურ მართვაზეა დაფუძნებული. პარალელურად კი მიმდინარეობს მკურნალობის კურსი, რომლის მიზანიც კომის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაა. ამ დროს ჟანგბადის მიწოდების პარალელურად აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება. ასეთ პაციენტებს პარენტერალური და რენტერალური ზონდირებული კვება ესაჭიროებათ.

შესაძლებელია თუ არა კომის პროფილაქტიკა? 

ნაწილობრივ. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება უბედური შემთხვევით გამოწვეულ მდგომარეობას. იმ პაციენტებმა, რომელთაც აქვთ კომის გამომწვევი დაავადებები, თავიანთი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა მუდმივად უნდა აკონტროლონ.

სხვა თემები