23 აგვისტო 2017 - 16:49

როგორ ჩნდება ტყის ხანძრები? გარჩევა

ხანძარი ბორჯომის ხეობაში

ფოტო: ნანუკა ქაჯაია

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ცეცხლი უკვე მეშვიდე ხანძარია. თუმცა ეს უკანასკნელი ყველაზე მასშტაბური გამოდგა. მანამდე იყო კიდევ ერთი ხანძარი წაღვერში, რომელიც შერეულ ტყეში გაჩნდა, ამას მოჰყვა სტიქია მესტიაში, ლაგოდეხსა და საყდრისში.

ტყის ხანძრები გავრცელებული მოვლენაა?

დიახ. იმისთვის, რომ ხეს ცეცხლი წაეკიდოს, ზოგჯერ ერთი ნაპერწკალი, მეხის ერთი დაცემაც საკმარისია. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ქვეყანაში, ნიადაგზე სარეველის გასანადგურებლად მათ კი არ მარგლავენ, არამედ წვავენ, ხანძრების გაჩენის ალბათობა მკვეთრად გაზრდილია.
 
ტყეში ხანძრის დროს ტყის მასივზე ცეცხლი უმართავად, სტიქიურად ვრცელდება, რასაც მოსდევს ტყის საფარის, მცენარეულობის, ნიადაგის ნოყიერი ფენის განადგურება და ტყის ბინადართა დაღუპვა. ესენი, დიდწილად, ახალდაბადებული ცხოველები და ფრინველები არიან, რომლებიც გაქცევას ვერ ასწრებენ.

ტყის ხანძრებს ახასიათებს ნამწვის მკვეთრი სუნი, ტერიტორიისთვის არატიპური კვამლი და ნისლი, ცხოველების და ფრინველების მასობრივი მიგრაცია სტიქიის საპირისპირო მხარეს.

ტყის ყველა ხანძარი უკიდურესად სახიფათოა, რადგან ცეცხლი ძალიან სწრაფად ღვივდება და საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მუდმივი და ინტენსიურია ხანძარსაშიში რაიონების მონიტორინგი. განსაკუთრებით სახიფათოა გვალვის დროს წარმოქმნილი ხანძრები, რადგან ასობით ათას ჰექტარზე ვრცელდება და ანადგურებს ტყეების მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.

ქვეყანა რაც უფრო დიდია, მით უფრო ხშირად წარმოიქმნება მის ტერიტორიაზე ტყის და ტორფის ხანძრები.

რა იწვევს ხანძარს?

ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი ფაქტორია მეხის დაცემა. ხანძრის წარმოქმნაში მისი წილი დაახლოებით 8%-ია. ჩვეულებრივ, ტყეებში, სადაც ბევრი ნორჩი ხეა, მეხის დაცემით ხანძრის გაჩენის ალბათობა მცირეა, განსხვავებით ტყის მასივებისგან, რომელიც ხმელი და ასაკოვანი ხეებისგან შედგება.

ტყის ხანძრების უმრავლესობა, დიდწილად, მაინც ადამიანების ქმედების შედეგია. ზოგჯერ ასეთ ხანძრებს გამიზნულად აჩენენ - მაგალითად, მავნე მწერებთან და ხეების დაავადებებთან საბრძოლველად. ასეთ დროს, პროცესი, როგორც წესი, კონტროლს ექვემდებარება; ხშირია დაუდევრობის შედეგად გაჩენილი ხანძრები - შემთხვევით გადაგდებული სიგარეტის ნამწვი და კოცონი, რომელსაც ბოლომდე არ აქრობენ; ყველაზე მასშტაბური ხანძრები წარმოიქმნება ტყეების შეგნებულად დაწვისას, როდესაც მიზანი ტყის შემდგომი გაჩეხვაა. ასეთ დროს, როგორც წესი, ცეცხლი ჩნდება ხოლმე რთულად მისადგომ ადგილას.

როდესაც სტიქიის პირველი ხილული ნიშნები ჩნდება (მაგალითად, ღამით ჰორიზონტი ნარინჯისფრად ნათდება), ეს იმას ნიშნავს, რომ მომენტი გაშვებულია და ალი ძლიერდება. ხანძრის სიჩქარე ხშირად საათში რამდენიმე კილომეტრს აღწევს. ტყის ხანძრის მხოლოდ დროული აღმოჩენა იძლევა სტიქიის საფუძველშივე აღკვეთის შესაძლებლობას. სწორედ მათი აღკვეთის დროზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ტყის ხანძრის ტიპი.

ტყის ხანძრები სხვადასხვა ტიპისაა?

დიახ. ხანძარი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ტყის ხანძრები ეტაპებისა და ტიპების (ცეცხლის გავრცელების სიჩქარის) მიხედვით იყოფა. 

ხანძრის ეტაპებია:

- აალება. ამ დროს ცეცხლი ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ ეტაპზე ტყის ხანძრის შეჩერება რთული არ არის და ამის გაკეთება მინიმალური ქმედებებით და რესურსებით შეიძლება;

- მცირეა ხანძარი, თუ ცეცხლი გავრცელებულია 2-დან 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე;

- საშუალო ხანძრის დროს ცეცხლი მოიცავს 20-დან 200 ჰექტრამდე ტერიტორიას;

- დიდია ხანძარი, თუ 200-დან 2 ათას ჰექტრამდე ტერიტორია იწვის; 

კატასტროფულია ხანძარი, თუ მისი გავრცელების ზონა 2 ათას ჰექტარს აჭარბებს;  

ხანძრის ტიპებია:

- დაბლითი ხანძარი. მისი სიჩქარე წუთში ერთიდან სამ მეტრამდეა, ხოლო ცეცხლის სიმაღლე 50 სანტიმეტრიდან 3 მეტრამდე მერყეობს. ამ დროს, მთლიანად ნადგურდება ტყის ნიადაგის საფარი, ბალახი და სხვა დაბალი მცენარეულობა. ცეცხლი ხშირად ერთი მიმართულებით ვრცელდება. ასეთი ხანძრები გაზაფხულზეც ჩნდება და ზაფხულშიც. გაზაფხულზე ხანძარი შეიძლება გაჩნდეს მას შემდეგ, რაც გრუნტის ზედა ნაწილი შრება. ცეცხლი ანადგურებს გრუნტის ზედაპირს, ტყის ფენას, ნერგებს. ცეცხლი ძალიან სწრაფად ვრცელდება, მაგრამ რადგან ამ დროს ტყე ბოლომდე მშრალი არ არის და ხანძარი ნოტიო ადგილებს გვერდს უვლის, ტყე ბოლომდე არ იწვება. შუა ზაფხულში გაჩენილი დაბლითი ხანძრები უფრო ნელი და მდგრადია, მაგრამ მთლიანად წვავს ტყის საფარს, ახალგაზრდა ხეებს, ქვეტყეს, ძალიან აზიანებს ასაკოვანი ხეების ფესვებს და ქერქს.    

- მაღლითი ხანძარი. მშრალი, ქარიანი ამინდების დროს ჩნდება. ის სტიქიის ბოლო ეტაპად ითვლება. თუმცა ცეცხლი უამრავ ნაპერწკალს დიდ მანძილებზე აფრქვევს, რაც დაბლით ხანძრებსაც წარმოშობს. მაღლითი ხანძრების სიჩქარე მერყეობს წუთში 3-დან 100 მეტრამდე. სიჩქარე დამოკიდებულია ჰაერის მასების მოძრაობაზე. მაღლითი ხანძრების კიდევ ერთი ტიპი ნელა ვრცელდება, საათში დაახლოებით 8 კილომეტრის სიჩქარით, თუმცა ამ დროს ტყეს სრულად ანადგურებს.

- მიწისქვეშა (ნიადაგის) ხანძარი. ამ ტიპის ხანძარი, საქართველოში არ გვხდება. ის პირველ რიგში, ტორფის აალების შედეგია და როგორც წესი, მეხის დაცემით წარმოიქმნება. ტორფი მიდრეკილია თვითაალებისკენ, თუ მისი ტენიანობა 40%-ზე ნაკლებია. ტორფის ხანძრები ნელია, დღე-ღამის განმავლობაში ის დაახლოებით ერთ კილომეტრს ფარავს, ამიტომ ნაკლებად შესამჩნევია. ამ დროს წვის პერიმეტრზე ჩნდება კვამლი, მაგრამ ცეცხლი საერთოდ არ ჩანს. ასეთ ხანძრებს სხვა მიმართულება აქვს, რადგან წვა მიწის სიღრმეში მიმდინარეობს. ის ანადგურებს ნიადაგის გრუნტს, ხეების ფესვებს და მცენარეულობას. 

საქართველოში ტყის ხანძრები ხშირად არის?

ძველად საქართველოში ტყის ხანძრები შედარებით იშვიათად ჩნდებოდა და მათი მასშტაბიც უფრო მცირე იყო. ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოს ტყეებში 300-მდე ხანძარი გაჩნდა. განსაკუთრებით დაზარალდა ბორჯომის ხეობა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის მასშტაბური სტიქიის ზონად იქცა. რუსული შვეულმფრენების მიერ ჩაყრილმა ცეცხლგამჩენმა ჭურვებმა ტყის მასივის 1000-მდე ჰექტარი გაანადგურა. მაშინ, ხანძრის კერები გაჩნდა, ასევე სურამის, კასპის და ატენის ხეობის ტყეებში. 2008 წლის აგვისტოში, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოს მილიარდ ლარზე მეტი ზარალი მიადგა.

მთლიანობაში, ბოლო წლების განმავლობაში, ტყის ხანძრებმა თითქმის 4000 ჰექტარი მოიცვა. სპეციალისტების თქმით, საქართველოს ტყეებში ხანძრის განსაკუთრებული საფრთხე 400 ათას ჰექტარზეა. ძირითადად სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან ტყეებში.

ბორჯომის ხეობაში წლევანდელმა ხანძარმა ​თითქმის ზუსტად გაიმეორა 2008 წლის ხანძრის ტრაექტორია და ოდნავ გაფართოვდა. არც 9 წლის წინ და არც წელს, ხანძარი არ შეხებია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს

საქართველოში ტყის ხანძრის მთავარი მიზეზებია მოქალაქეთა დაუდევრობა და კლიმატის ცვლილება. ადგილობრივ ტყეებში ჩნდება ხოლმე დაბლითი და მაღლითი ხანძრები. მიწისქვეშა (ტორფის) ხანძრები საქართველოში არ ჩნდება.      

საქართველოში დიდწილად მთის ტყეებია, რაც ხანძრების შემდეგ მათ აღდგენას ძალიან ართულებს, რადგან ეროზიული პროცესები სწრაფად ვითარდება. 2008 წელს განადგურებული ტყის აღდგენითი სამუშაოები შემოდგომაზე იგეგმებოდა. ახალმა ხანძარმა გეგმა შეცვალა. სპეციალისტების თქმით, ხელოვნური ჩარევის შემთხვევაშიც ეკოსისტემის აღდგენას არაერთი ათწლეული დასჭირდება.  

საქართველოში გახშირებული ტყის ხანძრების ფონზე, ეკოლოგები ახალი სპეცტექნიკის აუცილებლობაზე და პრევენციული ზომების გაძლიერებაზე ლაპარაკობენ.

როგორ ვიმოქმედოთ ხანძრის დროს?

ბოლო დღეებში, ხანძრის ზონაში უსაფრთხოების წესებზე ბევრი რეკომენდაცია გაიცა. დეტალურ რჩევებს აქვეყნებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. თუმცა არსებობს ზოგადი რჩევები, რომლებიც ტყის ხანძრების ზონაში მოყოლილი ადამიანებისთვის გაიცემა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში და რა კლიმატურ ზონაში იმყოფებიან ისინი:

- ცეცხლის აღმოჩენის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინეთ შესაბამისს სამსახურებს;

- სამუშაო მიანდეთ სპეციალისტებს. ტყის ხანძრების ჩაქრობის წესი ისეთია, რომ სტიქიას ჩვეულებრივი საშუალებებით ვერ გაუმკლავდებით. მიზეზი - ცეცხლის გავრცელების მაღალი სიჩქარეა. მასთან ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ბრძოლას აზრი არ აქვს;

- ადგილობრივი მოსახლეობა მზად უნდა იყოს სასწრაფო ევაკუაციისთვის. ყველა მცხოვრებმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე სასურველია თავად იზრუნოს და აუცილებლობის შემთხვევაში სახიფათო დასახლებული პუნქტი წინასწარ დატოვოს;

- ევაკუაციის დროს რეკომენდებულია მხოლოდ დოკუმენტების და ძალიან ღირებული ნივთების წაღება. სხვა ნივთების დაცვა შეიძლება აგურის შენობაში;

- თუ ხანძრის დროს ტყეში აღმოჩნდით, მთავარია პანიკას არ აჰყვეთ. შეეცადეთ სიმაღლიდან დაინახოთ ის, თუ რა მიმართულებით ვრცელდება ცეცხლი (როგორც წესი, ის ქარის მიმართულებას მიჰყვება) და საპირისპირო მხარეს გაემართეთ.

- თუ სტიქია ძალიან სწრაფად ახლოვდება, ტერიტორია რაც შეიძლება მალე დატოვეთ. ამ დროს სახე და სხეულის ღია ადგილები ტანსაცმლით დაიფარეთ;

- თუ ხანძარი ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ გაძლევთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ხეებს, ისინი შეიძლება დაიწვას და დაგეცეთ. შეეცადეთ მოძებნოთ წყლის საცავი, ქვიანი ან კლდოვანი ამაღლება ან ღია სივრცე.

კომენტარები ()

სხვა თემები