13 ივლისი 2020 - 09:40

რა უნდა ვიცოდეთ აია სოფიას შესახებ 

ფოტო: Shutterstock.com

მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიაში რელიგიური მსახურება 24 ივლისიდან დაიწყება. მიმდინარე წლის 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა ქვეყნის მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აია სოფია მუზეუმად გადაიქცა. დღეისათვის კი ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.

აია სოფია - 1000 წელი ქრისტიანული ტაძარი, 500 წელი - მეჩეთი

წმინდა სოფიას ტაძრის შესახებ ბიზანტიელი ავტორი პროკოფი კესარიელი წერდა: ”ის (ტაძარი) ბრწყინვალე ჩუქურთმებითა და ზომების ჰარმონიით განთქმულია. მასში ზედმეტი არაფერია, მაგრამ არც არაფერი აკლია. მისი ყველა ნაწილი ჩვეულებრივზე უფრო დიდებულია და იმაზე უფრო ჰარმონიული, ვიდრე ეს ასეთი საზოგადოებისგან არის მოსალოდნელი”.

აია სოფია ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის ბრძანებით ააგეს. ტაძარი 537 წელს აკურთხეს. ის ორ კონცეფციას - სამნავიან ბაზილიკასა და ცენტრალურგუმბათოვან ეკლესიას აერთიანებს. პირდაპირი მნიშვნელობით, გუმბათი უზარმაზარი ნაგებობის თავზე ჰკიდია. ეს ეფექტი გუმბათოვანი თაღებითა და მის საყრდენში გამოჭრილი 40 ფანჯრით არის მიღწეული.

ცხრა საუკუნის განმავლობაში ტაძარი იმპერიასთან ერთად იზრდებოდა, იცვლებოდა და ვითარდებოდა. თითოეული ეს ეტაპი აია სოფიას მრავალფეროვან მოზაიკაშია შენარჩუნებული. 1453 წელს, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, თურქეთის სულთანმა მეჰმედ II- მ ბრძანა, რომ ტაძარი მეჩეთად გადაკეთებულიყო. აია სოფია 1930-იან წლებამდე მუსლიმთა სალოცავი იყო. ოსმალეთის მმართველებმა და არქიტექტორებმა ტაძარი ბევრჯერ გადააკეთეს - მინარეთები და ახალი ნაგებობები დაამატეს, მაგრამ აია სოფიას გარეგნული იერსახე და ეშხი მაინც უცვლელი დარჩა. იმავდროულად, თურქეთის ფარგლებს გარეთ ტაძარს ნელ-ნელა ივიწყებდნენ: მან ქრისტიანებისთვის პირვანდელი საკულტო სტატუსი დაკარგა და მაშინ არც ტურიზმი, როგორც ცალკე მიმართულება არსებობდა.

ვინ, როდის და რატომ გადააკეთა აია სოფია მუზეუმად? 

ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, აია სოფიასადმი ინტერესი ახალი ენერგიით განახლდა. ამ ყველაფერში კი განსაკუთრებული წვლილი ამერიკელ მკვლევარსა და ბიზანტიური ინსტიტუტის დამფუძნებელს, თომას უიტმორს მიუძღვის.
1930 წელს უიტმორმა თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ და პირველ პრეზიდენტ მუსტაფა ქემალთან აუდიენციას მიაღწია. ამერიკელმა მკვლევარმა თურქეთის მმართველზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადმოცემის თანახმად, მეორე დღეს აია სოფიას კარზე წარწერა ”დაკეტილია სარემონტოდ” ათათურქმა საკუთარი ხელით დაწერა. ასეა თუ ისე, ოთხი წლის განმავლობაში, უიტმორმა და მისმა ათეულობით თანამშრომელმა აია სოფიას მოზაიკები გაასუფთავა. მათ აქამდე ნაცნობ გამოსახულებებთან ერთად იპოვეს ისეთებიც, რომლებიც მეჰმედ მეორის შემდეგ (კერძოდ, 1261 წლის გრანდიოზული „დეისუსი“) არავის უნახავს. 


აია სოფია, როგორც მუზეუმი, 1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის პირადი ბრძანებით გაიხსნა. ისტორიკოსი ჩარლზ კინგი წერს, რომ ახალი თურქეთის მთავრობამ მიზნად ორი რამ დაისახა: 1. რელიგიისა და ძალაუფლების გამიჯვნა, რაც ადრე სულთნის ინსტიტუტში მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული და 2. ეთნიკური თურქების გამდიდრება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, განსაკუთრებით ბერძნებისა და სომხების შევიწროების გზით. აია სოფიას მუზეუმად გადაქცევამ ორივე პრობლემა გადაჭრა: იმპერიის მთავარმა მეჩეთმა საკულტო სტატუსი დაკარგა, ბერძნებს კი თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნების იმედიც აღარ დარჩათ. 

ათათურქის პირადი ჩარევისა და გრანდიოზული იდეოლოგიური ჩანაფიქრის მიუხედავად, თურქეთის საზოგადოების რელიგიურად და ნაციონალისტურად განწყობილი ნაწილი მეჩეთის საერო ტურისტულ ობიექტად ქცევას ეწინააღმდეგებოდა. ეს ადამიანები უიტმორს ისლამური მემკვიდრეობის დასავლეთში გაყიდვასა და სხვა ცოდვებში ადანაშაულებდნენ. ბოლო 85 წლის განმავლობაში ეს წინააღმდეგობა არსად გამქრალა და ყოველ რამდენიმე წელიწადში განახლებული ენერგიით ინთებოდა.

რატომ იცვლიდა ერდოღანი აია სოფიასთან მიმართებით თავის შეხედულებებს?

2014 წელს, თურქმა მწერალმა კაია გენჩმა ისაუბრა ნაციონალისტური მოძრაობის მემარჯვენე პარტიის წარმომადეგენელ იუსუფ ჰალაჩოღლუზე, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ათათურქის ბრძანება გაყალბებული იყო. ამ მოსაზრებას სხვა კონსერვატორებმა მხარი არ დაუჭირეს და ინციდენტი დასრულდა. 


რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაცილებით გამოცდილი პოლიტიკოსია. ის მკაცრი პრინციპებით არ გამოირჩევა. ახალგაზრდობაში ერდოღანი აია სოფიას მუსლიმ მორწმუნეთათვის დაბრუნების საკითხს ღიად ემხრობოდა. კარიერული წინსვლის პროცესში კი, მრავალი წლის განმავლობაში, ის ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებდა. 2010-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თურქეთის პრემიერმინისტრი იყო, ერდოღანი რელიგიურ და საერო დაჯგუფებებს შორის ძალიან ელეგანტურად ლავირებდა. მაგალითად, 2013 წლის გაზაფხულზე მან პირობა დადო, რომ ალკოჰოლური სასმელის მიღების შესახებ კანონს გაამკაცრებდა (რელიგიური დაჯგუფების გავლენით), თუმცა აია სოფიას მეჩეთად გადაქცევაზე უარი თქვა (საერო ჯგუფის ზეწოლით). 


ტაძარი-მეჩეთი-მუზეუმის ბედი პოლიტიკაში ძალიან ხელსაყრელი ფაქტორი აღმოჩნდა. 2019 წელს, სტამბოლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, როდესაც ერდოღანის მმართველი პარტია დამარცხების საშიშროების წინაშე იდგა, პრეზიდენტმა თქვა, რომ ისრაელთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის საპასუხოდ აია სოფიას მეჩეთად გადააქცევდა. ერდოღანის მომხრეებმა არჩევნები წააგეს და მუზეუმსაც თავი გაანებეს, მაგრამ დიდი ხნით - არა.

აინტერესებს თუ არა ერდოღანს საერთაშორისო საზოგადოების აზრი? 

არა, ის ისედაც ყველასთან ჩხუბობს. 2020 წლის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში პანდემია, დასუსტებული ეკონომიკა და პოპულარობის კლება ერდოღანისგან აია სოფიას სიმბოლიზმის გამოყენებას პირდაპირ მოითხოვდა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მას საბერძნეთის მთავრობის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. ამ უკანასკნელმა მუსლიმებისთვის მუზეუმის დაბრუნების პერსპექტივაზე შეშფოთება გამოთქვა. ერდოღანმა განაცხადა: ”როგორ ბედავენ ისინი, რომ ჩვენ მითითებები მოგვცენ? ვინ მართავს თურქეთს: ისინი თუ ჩვენ?“. 29 მაისს, თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღებიდან 576 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ერდოღანის გამოსვლა აია სოფიას კედლებზე ტრანსლირებდა. როგორც გაზეთი Hürriyet-ი იუწყება, თურქეთის პრეზიდენტმა აია სოფიაში პირველი ლოცვის ჩატარება, წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებას 15 ივლისს შესთავაზა.


ფაქტი ის არის, რომ ამისათვის სასამართლო გადაწყვეტილებაც კი საჭირო არ არის. მუზეუმი დაარსდა პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე და არა რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული კანონით. ამიტომაც აია სოფიასთვის მეჩეთის სტატუსის დაბრუნება მხოლოდ ამჟამინდელ პრეზიდენტზეა დამოკიდებული. „ადმინისტრაციულ სასამართლოში მოსმენა ამ პროცედურას მხოლოდ ”ლეგიტიმაციის აურას” ჰმატებს“, - განუცხადა Aljazeera-ს აშშ-ის დემოკრატიის დაცვის ფონდის თურქული პროგრამების უფროსმა დირექტორმა აიკან ერდემირმა. ის ამავდროულად თურქეთის პარლამენტის ყოფილი წევრია. ამავე მოსაზრებას იზიარებს მოქმედი დეპუტატი ოზთურქ ილმაზი: „მუზეუმის მეჩეთად გადაქცევისთვის მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებაა საჭირო”. 


ერდოღანმა, რომელიც ბოლო წლებში ოპოზიციის რეპრესიებისა და სირიაში განხორციელებული ქმედებების ავტორია, დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობა საფუძვლიანად გაიფუჭა. დიდი ალბათობით, საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრება მას არც ამ შემთხვევაში აღელვებს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, თურქების 70%-ზე მეტი მუზეუმის მეჩეთად გადაქცევას უჭერს მხარს.

აქვე ისიც უნდა გვახსოდეს, რომ თურქეთის ღირსშესანიშნაობებიდან ტურისტებში ყველაზე პოპულარულია აია სოფია. 2019 წელს მას სამ მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ამ ნაკადის შემცირება სურდეს.

სხვა თემები