24 აგვისტო 2020 - 08:56

რა უნდა ვიცოდეთ ალკოჰოლით მოწამვლის შესახებ? 

ფოტო: Shutterstock.com

ბოლო წლების განმავლობაში ალკოჰოლით ინტოქსიკაციას, გარდაცვალების აბსოლუტური რაოდენობის გათვალისწინებით, საყოფაცხოვრებო მოწამლვებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს. მსგავს სიტუაციაში ლეტალური შემთხვევების დაახლოებით 98%-ი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე ხდება. ხშირად ამ დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც არ იძახებენ.

როდის და სად გაჩნდა ალკოჰოლური სასმელები?

ღვინის ალკოჰოლი არაბულ ქვეყნებში, ჯერ კიდევ VI-VII საუკუნეში მიიღეს. მას "ალ კეგოლი" უწოდეს, რაც გამაბრუებელს ნიშნავს. უკვე გვიან შუა საუკუნეების ევროპაში ალკოჰოლის მიღება კვების მრეწველობის ერთ-ერთი მიმართულება გახდა. მე-18-მე-19 საუკუნეებში კი მაგარი სპირტიანი სასმელების წარმოება და მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში თრობის წინააღმდეგ მიმართულმა ორგანიზებულმა ბრძოლამ კატეგორიული ხასიათი "მშრალი" კანონის სახით მიიღო. ეს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის სრულ აკრძალვას (სკანდინავიის ქვეყნები, აშშ) ნიშნავდა. თუმცა ასეთმა რადიკალურმა ზომებმა არ გაამართლა. ალკოჰოლით მოწამლვის მთლიანი რაოდენობის შესამჩნევი შემცირების ფონზე ინტოქსიკაციის ფატალური  შედეგების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მიწისქვეშა პირობებში დამზადებული ალკოჰოლური სასმელების მაღალი ტოქსიკურობით იყო გამოწვეული.

რა იწვევს ალკოჰოლით ინტოქსიკაციას?

როგორც წესი, ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ეთილის სპირტთან ან ეთილის სპირტის 12%-ზე მაღალი შემცველობის ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან არის დაკავშირებული.


ალკოჰოლური სასმელები (ლუდი, ღვინო, არაყი და სხვ.) ეთანოლს (ეთილის სპირტს) შეიცავს. ეთილის სპირტი ასევე გვხვდება ზოგიერთ მედიკამენტში, ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო საშუალებებში, ლოსიონებში, ოდეკოლონებსა და სუნამოებში. 


ეთანოლის კონცენტრაცია სასმელებსა და პროდუქტებში ასე გამოიყურება:
- ალკოჰოლის დისტილატები - 40-50%
- ღვინო - 10-20%
- ლუდი - 2-10%
- პარფიუმერული სითხეები - 40-60%.


თავისი მოქმედების მექანიზმის შესაბამისად, ეთანოლი ტვინის მუშაობას ანელებს, რაც ცნობიერების დაკარგვას, სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტივობის დარღვევას იწვევს. ეთანოლის მაღალი დოზის რეგულარული გამოყენება ქრონიკულ ალკოჰოლურ მოწამლვას განაპირობებს. ეს კი, თავის მხრივ, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირების დარღვევას, პირველ რიგში კი - ტვინის, ღვიძლისა და გულის დაზიანებას იწვევს. 


ალკოჰოლით მოწამლვა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი მცირე დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით ალკოჰოლს  მოიხმარს. ამის შედეგად სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია იმდენად იზრდება, რომ მას  ძლიერი ტოქსიკური ეფექტი აქვს და სიცოცხლისთვის საშიში ხდება. არ არსებობს ალკოჰოლის განსაზღვრული რაოდენობა, რომლის გადაჭარბებაც ინტოქსიკაციას იწვევს. მიღებული სასმელის მოცულობის გარდა ეს დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, წონაზე, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და იქამდე მიღებული საკვების რაოდენობაზე.

რას იწვევს ალკოჰოლით ინტოქსიკაცია?

ალკოჰოლით მოწამლვამ შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზულად ზიანი მიაყენოს და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ეთანოლის დოზის მოქმედება მისი მიღების რეგულარობაზეა დამოკიდებული. არამსმელი ადამიანი შეიძლება ძლიერ დაზარალდეს ალკოჰოლის ისეთი რაოდენობითაც, რომელსაც ქრონიკულ ალკოჰოლიკზე მცირე გავლენა აქვს. ბავშვისთვის კი ალკოჰოლური სასმელის ერთი ყლუპიც კი შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი იყოს. 
ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობა ძალიან დიდია, ის ტვინის ფუნქციას არღვევს, სუნთქვა ხდება ზედაპირული, პულსი - აჩქარებული, არტერიული წნევა კი იკლებს. 


ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია. ჰიპერტენზიის ან ათეროსკლეროზის დროს, ალკოჰოლის დიდ დოზას ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ინსულტის ან მიოკარდიუმის ინფარქტის გამოწვევა ძალუძს. ალკოჰოლის მიღების მომდევნო დღეს ადამიანს აღენიშნება შრომისუნარიანობის დაქვეითება, კოორდინაციისა და კონცენტრაციის დარღვევა, რასაც მძიმე ტრავმების გამოწვევა შეუძლია.

რა სიმპტომები ახასიათებს მწვავე ალკოჰოლურ მოწამლვას?

მწვავე ალკოჰოლურ მოწამლვას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: 


- შენელებული და გაურკვეველი საუბარი;
- მარტივი დავალებების შესრულების სირთულე;
- მოძრაობის სტაბილურობის დარღვევა; 
- გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი;
- ძილიანობა;
- ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა;
- ცნობიერების დაკარგვა;
- კრუნჩხვები;
- არტერიული წნევის ვარდნა;
- სხეულის ტემპერატურის ვარდნა;
- სუნთქვის დარღვევა.

რა სიმპტომები ახასიათებს ქრონიკულ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას?

ალკოჰოლური სასმელების გრძელვადიან და ჭარბ მიღებას შემდეგ შედეგებამდე მივყავართ: 


- მადის დაკარგვა;
- წონაში კლება;
- ღვიძლის, თირკმელებისა და ნაწლავების ფუნქციის მოშლა;
- მეხსიერების დაქვეითება;
- სხეულის კანკალი; 
- ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუარესება.

რა აუცილებელ ზომებს უნდა მივმართოთ მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევაში?

პირველ რიგში, სუნთქვის გაჩერების შემთხვევაში აუცილებელია, მას ხელოვნური სუნთქვა ჩაუტაროთ. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია ან ინჰიბირებულია, აუცილებელია მისი გვერდულად განთავსება, პაციენტის სუნთქვის მონიტორინგი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
თუ ადამიანი საათზე ნაკლები ხნის წინ მოიწამლა და დაზარალებულს აქვს მკაფიო ცნობიერება, ნორმალური სუნთქვა, არ აღენიშნება კრუნჩხვები, არ აქვს ღებინება, აუცილებელია დაზარალებულს წყალი დაალევინოთ (500 მლ-მდე), რათა ღებინება გამოიწვიოთ. მიეცით გააქტიურებული ნახშირის აბები 5 გრამამდე და დაალევინეთ ძალიან ტკბილი ჩაი ან ყავა. ერთდროულად დიდი რაოდენობით სითხის მიღების უფლებას ნუ მისცემთ, ამან შეიძლება ღებინება გამოიწვიოს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში საშიშია. 


თუ პაციენტი უგონო მდგომარეობაშია, აქვს ლეთარგია ან კრუნჩხვა, არაფერი დაალევინოთ. ამ დროს შეიძლება სასუნთქი გზების ასპირაცია მოხდეს. თუ დაზარალებული ვერ ყლაპავს, ნუ აიძულებთ მას ამის გაკეთებას.
უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის კუჭის ამორეცხვა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს შეუძლია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ის ბალიშის გარეშე უნდა დააწვინოთ. უმჯობესია, პაციენტი პირქვე მდგომარეობაში იყოს, თავი გვერდულად მიუბრუნეთ, რათა ღებინების დროს ეს მასა სასუნთქ გზებში არ მოხვდეს. 


პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში, თუ: 


- დაზარალდა ბავშვი;
- გამოვლინდა მძიმე მოწამლვის სიმპტომები;
- არსებობს სუროგატული ალკოჰოლით მოწამლვის ეჭვი.


არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი შემცვლელი, უცნობი ალკოჰოლური სასმელი ან ის მედიკამენტები, რომლებიც ეთილის სპირტს შეიცავს, ასევე - შემთხვევითი პირების მიერ შეთავაზებული კუსტარულად დამზადებული სპირტიანი სასმელები. მათი პოტენციური საფრთხის დადგენა ფერის ან გემოს მიხედვით შეუძლებელია. ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ.


ყოველთვის უნდა გახსოვდეთ რამდენიმე მარტივი რჩევა: ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელს უზმოზე, მიღებული სასმელის მოცულობა მუდმივად აკონტროლეთ და აუცილებლად დარწმუნდით, რომ ხარისხიან ალკოჰოლურ სასმელს სვამთ.

სხვა თემები