21 ოქტომბერი 2020 - 10:52

როგორ დავეხმაროთ ალკოჰოლდამოკიდებულს. ინსტრუქცია

ფოტო: shutterstock.com

თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლი უჭირს ან სასმელი მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ოჯახზე, სამსახურსა თუ სწავლაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ეს უკვე, დიდი ალბათობით, პრობლემაა. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევას ეხება, თუ ალკოჰოლის მიღება პრობლემებს თქვენს ცხოვრებაშიც იწვევს. მაშინაც კი, თუ თქვენი ახლობელი ადამიანი ყოველდღე არ სვამს და სამსახურებრივ თუ სწავლის საქმეებს უმკლავდება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც ალკოჰოლდამოკიდებულების დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, პრობლემა არ უნდა უგულებელყოთ: ზღვარი სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარებასა და დამოკიდებულებას შორის მცირეა. 


ასეთი სირთულეების მქონე ადამიანს თავად პრობლემისა და მკურნალობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. როგორც წესი, ის ზოგჯერ და ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მკურნალობის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ ყოყმანობს. თუ ის თავის პრობლემას საერთოდ არ ცნობს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამას არასდროს აღიარებს. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც აქვს შანსი, ამ პროცესზე გავლენა იქონიოს.

გაეცანით ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ არსებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამეცნიერო ინფორმაციას!

იმისათვის, რომ თქვენს ახლობელ ადამიანს დაეხმაროთ, მნიშვნელოვანია ჯერ თავად გაერკვეთ, თუ რატომ ჩნდება ალკოჰოლდამოკიდებულების პრობლემა და როგორ ებრძვის მას მეცნიერება. 


ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები სუსტი ნებისყოფითა და მორალური უპრინციპობით არ არის გამოწვეული. ეს არის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევითი პრობლემების კომპლექსი. ის მხოლოდ მედიკამენტებით არ იკურნება. თუმცა ზოგჯერ პრეპარატებიც საჭიროა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სასმელის მიღების შეწყვეტის შემდეგ მწვავე ფიზიკური სიმპტომები გამოვლინდა. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თერაპიის კურსის ჩართვა, რაც სასარგებლოა იმის გასააზრებლად, თუ რატომ და რაში ჭირდება პაციენტს ალკოჰოლთან მიმართებით დამოკიდებულების შეცვლა.

პირველ რიგში, იზრუნეთ საკუთარ თავზე! 

ამის დავიწყება ადვილია, როდესაც ახლობელი ადამიანების პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით. გახსოვდეთ თვითმფრინავში არსებული "ჟანგბადის ნიღბის წესი": ჯერ ის თავად უნდა გაიკეთოთ, მხოლოდ ამის შემდეგ - თქვენს შვილს ანუ მას, ვისი  დახმარებაც გსურთ. 


საყვარელ ადამიანს ვერ დაეხმარებით, თუ თავს ცუდად იგრძნობთ. ამიტომაც ყველაზე მთავარია, რომ მუშაობისა და დასვენების, კვების, ფიზიკური დატვირთვისა და კომუნიკაციის ადეკვატური რეჟიმი შეინარჩუნოთ, საკუთარ უარყოფით ემოციებსა და არაჯანსაღ ქცევას გაუმკლავდეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის შემთხვევაში გეგმა შემუშავებული გქონდეთ. ამისათვის მოამზადეთ საჭირო ნივთები, ფული, დოკუმენტები და ალტერნატიულ საცხოვრებელზეც წინასწარ იფიქრეთ. 


ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემის მქონე ადამიანების ნათესავებს ფსიქოლოგიური პრობლემები და ფსიქიკური დარღვევები (შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია) ხშირად აქვთ და  სპეციალისტის დახმარებას საჭიროებენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს რაციონალურად მოექცეთ. თქვენი ოჯახის წევრს რომ ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, თქვენი ბრალი არ არის. ასეთ სიტუაციაში ნათესავები დანაშაულის არაჯანსაღ გრძნობას ხშირად განიცდიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მაშინაც კი, თუ ურთიერთობაში გარკვეული შეცდომა დაუშვით, ყოველი ადამიანი საკუთარ საქციელზე პასუხს საბოლოოდ თავად აგებს, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება თქვენ დაგადანაშაულოთ.


თქვენ მხოლოდ ის შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ სამომავლოდ მოიქცეთ ისე, როგორც მეტ-ნაკლებად სწორად და ეფექტიანად გეჩვენებათ, შეეცადოთ, შეცდომები არ დაუშვათ. თუმცა გახსოვდეთ, რომ მათგან დაზღვეული არასდროს ხართ.


თუ თავს ცუდად გრძნობთ და ნეგატიურ ემოციებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს მიმართეთ.

არ მოექცეთ მას, როგორც „ალკოჰოლიკს“ და ეცადეთ, არ დაადანაშაულოთ! 

თუ ადამიანს სასმელთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, უხეშად იქცევა ან ალკოჰოლზე ბევრ ფულს ხარჯავს, ეს მას „ალკოჰოლიკად“ არ აქცევს. ამ ყველაფრის მიღმა ადამიანს აქვს სხვა ნეიტრალური და პოზიტიური თვისებები. მაგალითად, ის ძალიან ენამოსწრებულია, კარგად ერკვევა ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ფეხბურთს კარგად თამაშობს, ოჯახზე ზრუნავს და სხვ. ასე რომ, ის მხოლოდ არასრულყოფილი ადამიანია, რომელსაც სასმელთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგრამ "ალკოჰოლიკი"არ არის, რადგან მის მთლიან პიროვნებას მხოლოდ ალკოჰოლი არ ქმნის. 


გარდა ამისა, ასეთი დამოკიდებულება მის ქცევას კი არ შეცვლის, პირიქით - გააუარესებს. თუ მიუდგებით იმ განწყობით, რომ ის „ალკოჰოლიკია“, თავადაც ადვილად დაიჯერებს, რომ ცვლილებები შეუძლებელია და სამუდამოდ ასეთად დარჩება. გახსოვდეთ, რომ ისევე როგორც ნებისმიერ ქმედებას, ამ პრობლემასაც თავისი ლეგიტიმური მიზეზები აქვს.

დაეუფლეთ ეფექტიანი კომუნიკაციის უნარებს!

ალკოჰოლური პრობლემების მქონე ადამიანების ნათესავებისთვის  მეცნიერულად დამტკიცებული პროგრამები არსებობს. ისინი კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის საფუძველზეა შექმნილი. მაგალითად, ასეთია СRAFT-ი და SMART Recovery-ი. 


ამ დროს მნიშვნელოვანია სწორედ ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები გამოავლინოთ და ეს შემდეგში მდგომარეობს: 


-    ისაუბრეთ თქვენს გრძნობებსა და სურვილებზე მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით („მე გაბრაზებული ვარ, რომ ამ თვეში ხელფასის ნახევარი ალკოჰოლზე დახარჯე“, „მინდა, რომ შენი თეფში თავად გარეცხო“). არ მისცეთ თქვენს ფრაზებს მოთხოვნის, შედარების, განზოგადებისა და დადანაშაულების ფორმა ("ყოველთვის მთელ ფულს ხარჯავ. ასე არ შეიძლება! შეხედე შენს კოლეგებს, ისინი ასე არ იქცევიან!");
-    შეეცადეთ მისი მოსაზრება ბოლომდე მოისმინოთ, არ შეაწყვეტინოთ და ედავოთ ("დიახ, ძნელია ასეთ უფროსთან მუშაობა" და არა - "მერე რა? არც ჩემი უფროსია თაფლი და შაქარი!"); 
-    აქცენტი გააკეთეთ პოზიტიურ მომენტებზე („მე ძალიან მომწონს, როდესაც დროს ბავშვებთან ერთად ატარებ“); 
-    შესთავაზეთ დახმარება და გამოხატეთ თანადგომა, არავითარ შემთხვევაში არ დააიგნოროთ ("მესმის, რომ სამსახურში მომხდარმა კონფლიქტმა ძალიან დაგთრგუნა. მოდი ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება შენი დახმარება?" და არა - "ეს შენი პრობლემებია და თავად მოაგვარე!"). თუმცა მის ნაცვლად პრობლემის მოგვარებას (განსაკუთრებით თუ ის ალკოჰოლით არის გამოწვეული) ნუ შეეცდებით!
-    თქვენს თხოვნებში კონკრეტული და ლაკონიური იყავით ("გთხოვ, იატაკიდან შენი წინდები აიღო!“ იმის ნაცვლად, რომ სახლში წესრიგის მნიშვნელობაზე ლექციები წაუკითხოთ). სერიოზული თემები არ განიხილოთ მაშინ, როდესაც ის ნასვამია, მაინც აზრი არ აქვს. ასეთ დროს მოკლე კომენტარით შემოიფარგლეთ.

შეეცადეთ, თქვენი ქცევა გრძელვადიან შედეგებზე იყოს ორიენტირებული და არა - ამჟამინდელ დისკომფორტზე!

ახალი ქცევა დაგეხმარებათ როგორც თქვენი ინტერესების დაცვაში, ამავდროულად შეძლებთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის ცხოვრება შეცვალოთ. მაშინაც კი, თუ მოკლევადიანი პერსპექტივით გარკვეული დისკომფორტის შეგრძნება გექნებათ - ზოგჯერ მოგიწევთ საყვარელი ადამიანისთვის უსიამოვნო საქმის ან ისეთი უჩვეულო რამის გაკეთებინება, რამაც შეიძლება უარყოფითი ემოციები გამოიწვიოს. თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივით ის მეტ სარგებელს მიიღებს. უფრო კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ? 


-    დაგეგმეთ მისთვის სასიამოვნო საქმიანობა, რომელიც ალკოჰოლის მიღებასთან რთულად თავსდება. მაგალითად, შეუთანხმდით ვახშამზე სამსახურის დასრულებიდან მალევე, რათა დასალევად დრო არ დარჩეს. 
-    შესთავაზეთ, რომ ის, რასაც ალკოჰოლისგან იღებს, ალტერნატიული გზებით შეიგრძნოს. ეს შეიძლება იყოს კომპიუტერული თამაშები, საუბარი მისთვის საინტერესო თემებზე და სხვ.
-    ნუ დასჯით. არ გაკიცხოთ, თუ ის ნასვამი მოვა და ვახშამზე დააგვიანდა. თუმცა მოკლედ უთხარით, რომ ნაწყენი ხართ, მაგრამ მისი დანახვა მაინც გიხარიათ. 
-    არ წაახალისოთ! უთხარით, რომ შეუძლია გაციებული ვახშამი მარტომ მიირთვას, თქვენ კი წიგნის წასაკითხად გადიხართ, რადგან მასთან დროის გატარება აღარ გინდათ, თუმცა ის მაინც გიყვართ. 
-    თუ ის სახლში ფხიზელი მოვიდა, შეგიძლიათ უთხრათ, რომ მისი ნახვით განსაკუთრებით ბედნიერი ხართ (მის სიფხიზლეზე ყურადღება არ გაამახვილოთ, სიხარულის მიზეზი ისედაც ცხადია). შეეცადეთ გააკეთოთ მისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმეები, ჰკითხეთ მისი სამუშაო დღის შესახებ, შეაქეთ და ჩაეხუტეთ.
-    ნუ წაახალისებთ ალკოჰოლის მიღებას და სიმთვრალის უარყოფითი შედეგების მოგვარებას ნუ დაიწყებთ. თუ ნაბახუსევზე დილით ჩაეძინა, არ გააღვიძოთ (თუ ამის შედეგი ნამდვილად კატასტროფული არ იქნება). თუ ის ძალიან მთვრალი მოვიდა და ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, ნუ დაეხმარებით, თუ ეს ძალიან მძიმე სიმპტომებს არ ეხება. 


და, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, დაარწმუნოთ ის, რომ სამედიცინო დახმარებისთვის შესაბამის სპეციალისტს მიმართოს! 

ისევ და ისევ, აუცილებლად და უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე იფიქრეთ! 

სხვა ადამიანის ქცევის პირდაპირი შეცვლა ჩვენს ძალებს აღემატება. ამის მცდელობა მხოლოდ პრობლემის გამწვავებას გამოიწვევს და ახალ სირთულეებს წარმოქმნის. უფრო ეფექტიანი იქნება საკუთარი ქცევის შეცვლა იმისათვის, რომ თქვენი საზღვრები დაიცვათ. საუკეთესო შემთხვევაში, ეს საშუალებას მისცემს თქვენთვის ძვირფას ადამიანს შეიცვალოს და თავად თქვენ პრობლემების გამწვავების მიზეზი არ გახდეთ. უარეს შემთხვევაში კი, დამატებითი პრობლემებისგან საკუთარ თავს მაინც დაიცავთ. 


საზღვრებში თქვენი ინტერესები და სურვილები იგულისხმება. მათ თავად თქვენ აყალიბებთ. ყველასთვის უნივერსალური საზღვრები არ არსებობს. თქვენ შეიძლება ელით, რომ თქვენს საზღვრებს სხვები პატივს სცემენ, მაგრამ მათზე ზრუნვა თქვენი პრეროგატივაა. საზღვრები არ არის კედლები, რომლებიც სხვებისგან გაცალკევებთ, მაგრამ ეს არის ურთიერთქმედების გზა. ისინი მოქნილები არიან, გადაადგილება და შეცვლა შეუძლიათ. მაგალითად, თქვენ შუაღამისას ვახშამს აცხელებთ და ელით საყვარელ ადამიანს, ამ დროს კი ის სადღაც ალკოჰოლურ სასმელს სვამს. ეს გამოძინებაში ხელს გიშლით, მარტოობას გრძნობთ, ნაწყენი ხართ. თქვენი საზღვრები, სავარაუდოდ, დარღვეულია. ასე რომ, შეგიძლიათ დაიძინოთ, მაგიდაზე კი ცივი ვახშამი და ბარათი  დატოვეთ.

სირთულეებისთვის მზად იყავით, მაგრამ ყველა პატარა წარმატებითაც კი გაიხარეთ! 

გახსოვდეთ, რომ ცვლილებების პროცესი შეუფერხებლად არ მიმდინარეობს. ის დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. გააანალიზეთ შეცდომების მიზეზები, თქვენი ქცევა და დამოკიდებულება უფრო ეფექტიანი ქმედებებით შეცვალეთ. წარუმატებლობისთვის საკუთარ თავს ნუ გაუბრაზდებით, ეს ცვლილების პროცესის სავსებით ნორმალური ნაწილია. მცირე გამარჯვებებიც კი აღნიშნეთ, ამისათვის საკუთარი თავი შეაქეთ და რამე სასიამოვნო გააკეთეთ.

სხვა თემები