07 დეკემბერი 2020 - 10:20

რა იწვევს ატოპიურ დერმატიტს და შეიძლება თუ არა ამ დაავადებისგან განკურნება 

ფოტო: shutterstock.com

მსოფლიოში ცხოვრობს სხვადასხვა ასაკის მილიონობით ადამიანი, რომელთაც ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) აქვთ. ეს არის ანთებითი დაავადება, რომელიც ქავილს, აქერცვლასა და კანის სიმშრალეს  იწვევს. ამ სიმპტომებს შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ემოციურ მდგომარეობაზე, ზოგჯერ კი დეპრესიასაც იწვევს.

დეპრესია? რატომ შეიძლება კანის დაავადების გამო ადამიანი ასე დაიტანჯოს?

დიახ, სწორედ კანის დაავადებას შეუძლია ცხოვრების ხარისხი მკვეთრად შეცვალოს. ქავილი ხშირად იწვევს ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობაზე, ქცევასა და კონცენტრაციის უნარზე სამსახურსა თუ სასწავლო პროცესში. ატოპიური დერმატიტის განვითარებამ შეიძლება თვითშეფასებასა და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაზე იმოქმედოს. ამის მიზეზი არის ის, რომ კანზე არსებული პრობლემები თვალშისაცემია და ზედმეტ კითხვებს იწვევს. სკოლის ასაკში ეს ყველაფერი ხშირად პირდაპირი ბულინგის მიზეზი ხდება, რაც ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

რატომ უვითარდება ატოპიური დერმატიტი ერთ ადამიანს და მეორეს - არა? 

ეს ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემო პირობები და გენეტიკური ფაქტორი (მემკვიდრეობითობა და ინდივიდუალური მუტაციების ერთობლიობა). მაგალითად, ბავშვს ატოპიური დერმატიტის განვითარების ალბათობა 2-3-ჯერ მეტი აქვს, თუ ეს დაავადება რომელიმე მშობელს აღენიშნება. ზოგიერთი მეცნიერი ემხრობა ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ატოპიური დერმატიტის განვითარებაზე ფილაგრინის გენში (FLG) მიმდინარე მუტაცია ზემოქმედებს. ჩვეულებრივ, ჯანმრთელი კანი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას და მავნე ბაქტერიებისგან, გამღიზიანებლებისა და ალერგენებისგან გვიცავს. გენის მუტაციას კი შეუძლია ამ ბარიერული ფუნქციის პროცესი შეაფერხოს. ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანების 20% -დან 30%-ს FLG- ს გენეტიკური დაზიანება აქვს. თუმცა ეს მუტაცია დაავადების განვითარების აუცილებელი წინაპირობა სულაც არ არის, მაგრამ რისკი ნამდვილად იზრდება.

ყოველთვის მეგონა, რომ დერმატიტი მხოლოდ ალერგიაა. ეს ასეა?

არა, ატოპიური დერმატიტი ალერგიულ დაავადებებს არ განეკუთვნება და ალერგენების მიმართ მგრძნობელობასთანაც ყოველთვის არ არის დაკავშირებული. თუმცა ამავდროულად, მეცნიერები ატოპიური დერმატიტის განვითარებაში ალერგიის როლს კვლავ განიხილავენ. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ საკვებსა და გარემო ფაქტორებზე (ცხოველის ბეწვი, ამა თუ იმ მცენარის ყვავილობა, მტვერი და ობი) ალერგიამ შეიძლება დაავადების მიმდინარეობა გააუარესოს. სხვები კი დარწმუნებული არიან, რომ ალერგია დერმატიტზე საერთოდ არ მოქმედებს. ამ კატეგორიის მეცნიერები თვლიან, რომ ცხოველის ბეწვისადმი, ობის ან ყვავილის მტვრისადმი ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება ატოპიური დერმატიტის გამწვავებასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ამ ალერგენების ყოველდღიური ცხოვრებიდან ამოღების შემთხვევაშიც კი ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობა უცვლელი რჩება. 


ამერიკის ეგზემის ეროვნულ ასოციაციას აქვს მინი სლოგანი - "იცოდე შენი გამომწვევები" (ეს არის ის, რაც დაავადების გამწვავებას იწვევს). თუ ფიქრობთ, რომ რამე ფაქტორი (საკვები, კოსმეტიკა, საწმენდი საშუალებები) თქვენს ალერგიულ რეაქციას იწვევს და ატოპიური დერმატიტის სიმპტომებს აუარესებს, შეეცადეთ დღიური აწარმოოთ და მიღებული შედეგები თქვენს მკურნალ ექიმთან განიხილოთ.

მაშასადამე, დიეტა სიმპტომებს გამიქრობს? 

დიდი ალბათობით, არა. ატოპიური დერმატიტის დროს ორგანიზმი ზოგჯერ ალერგიული რეაქციებისკენ არის მიდრეკილი. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დაავადება შეიძლება კვებითი ალერგიის განვითარების რისკ-ფაქტორი გახდეს. თუმცა ეს ყველას არ ეხება. დღეისათვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ დიეტა სიმპტომებს ამცირებს ან ხელს უშლის ატოპიური დერმატიტის გამწვავებას. 


ექიმმა შეიძლება კვების რაციონიდან გარკვეული პროდუქტების ამოღება გირჩიოთ, თუ კვებითი ალერგიის სასარგებლოდ მეტყველებს არა მხოლოდ ანალიზის პასუხები, არამედ-სიმპტომებიც. მაგალითად, თქვენ მიირთვით ესა თუ ის საკვები და მალევე ქავილი და სიწითლე დაგეწყოთ. თუ ანალიზის პასუხი დადებითია, მაგრამ სიმპტომები არ ფიქსირდება, შეიძლება დიეტა საჭირო არც გახდეს. ამიტომაც თქვენი კვების რაციონის შედგენისას, უპირველეს ყოვლისა, მკურნალი ექიმის რეკომენდაციებით უნდა იხელმძღვანელოთ.

შესაძლებელია თუ არა ატოპიური დერმატიტისგან განკურნება?

არა, ეს არის ქრონიკული დაავადება, მაგრამ ბავშვებში ის შეიძლება ასაკის მატებასთან ერთად მთლიანად გაქრეს. გარდა ამისა, სწორ მოვლასა და მკურნალობას შეუძლია სიმპტომები შეგიმსუბუქოთ და ატოპიური დერმატიტის გამწვავების რისკი შეამციროს. ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, დამატენიანებლებს გირჩევთ და შესაძლოა, ინდივიდუალური მაჩვენებლების საფუძველზე, მედიკამენტოზური მკურნალობა დაგინიშნოთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ ყველა პრეპარატი მხოლოდ სპეციალისტის დანიშნულებით უნდა მიიღოთ.

გასაგებია, მაგრამ როგორ მოვუარო კანს? 

მთავარია, რომ კანი დარბილდეს და მისი ბარიერული ფუნქცია აღდგეს. თქვენ მიერ მოხმარებული დამატენიანებელი საშუალებები უნდა შეიცავდეს დამამშვიდებელ კომპონენტებს, ემოლენტებსა (ინგრედიენტები, რომლებიც კანს არბილებენ) და ვაზელინს ან მინერალურ ზეთს. ამერიკის ეგზემის ეროვნული ასოციაციის ვებგვერდზე მოცემულია ბევრი სასარგებლო რეკომენდაცია. აქ ჩამოთვლილია ის კოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანებისთვის არის  რეკომენდებული. ვებგვერდზე განმარტებულია თუ რომელი ინგრედიენტები არ უნდა იყოს კანის მოვლის კოსმეტიკურ საშუალებებში და როგორ უნდა ვებრძოლოთ ქავილს.

შეიძლება უფრო დეტალურად? როგორ უნდა გავუმკლავდე ქავილს სახლის პირობებში? 

ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ზოგჯერ ხელს უწყობს კანის დარბილებასა და დამშვიდებას, ქავილისა და სიწითლის მოხსნას, არის სველი სახვევი. ამისათვის საკმარისია ბამბის ქსოვილი (მაგალითად, ბინტი) წყლით დაასველოთ, კანზე შემოიხვიოთ და ადვილად დააფიქსიროთ. 


ქავილისა და სიმშრალის შემცირებაში აბაზანაში ჩაწოლა ან უბრალოდ შხაპის მიღებაც დაგეხმარებათ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წყლის პროცედურები დღეში ორჯერ, 15-20 წუთის განმავლობაში ჩავიტაროთ და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დამატენიანებელი კრემი წავისვათ. ეს ხელს შეუწყობს, წყლის აორთქლების შედეგად, კანის გამოშრობის პროცესის შეჩერებას. მნიშვნელოვანია, რომ წყლის ტემპერატურა აკონტროლოთ. ის უნდა იყოს თბილი და არა - ცხელი. დასაბან საშუალებად უნდა გამოიყენოთ ნეიტრალური ან დაბალმჟავიანი pH-ის მქონე პროდუქტები, რომლებსაც სუნი არ აქვს და საღებავს არ შეიცავს. კარგი იქნება, თუ მათ კლინიკური კვლევები გავლილი აქვთ და შესაბამისი ეტიკეტიც დაკრულია ("ჰიპოალერგიული", "დერმატოლოგიურად შემოწმებული"). ეს არ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ პროდუქტი რეაქციას არ გამოიწვევს, მაგრამ კომფორტისა და უსაფრთხო მოვლის შანსს გაზრდის.

სხვა თემები