25 იანვარი 2021 - 12:20

Apple-მა გამოუშვა პირველი მაკბუქი, რომელსაც საკუთარი პროცესორი M1 აქვს. რით არის ის გამორჩეული? 

ფოტო: shutterstock.com

2020 წელს, Apple-მა მთელი რიგი ახალი პროდუქტი გამოუშვა. ეს იყო ტელეფონები, ტაბლეტები, კომპიუტერები და ყურსასმენები. ამავდროულად, კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. გამოჩნდა პირველი მაკბუქი, რომელიც მუშაობს Apple-ის საკუთარ ჩიპზე - სახელწოდებით M1. ეს არის  Intel-ის პროცესორებზე საბოლოოდ უარის თქმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დამაჯერებელიც.

რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი ჩიპი? 

ყოველ 10-15 წელიწადში ერთხელ, Apple-ი თავისი კომპიუტერების პროცესორების ახალ არქიტექტურაზე გადასვლას აანონსებს. ეს მოხდა 1996 წელს, შემდეგ - 2006 წელს და ხდება ახლა - 2020-2021 წლებში. ბოლოს კორპორაციამ PowerPC-ის პროცესორები Intel-ით შეცვალა, ამჯერად კი გადავიდა საკუთარ პროცესორებზე, რომლებიც დაფუძნებულია ARM არქიტექტურაზე (ის Intel-ისგან განსხვავებულია). 


Apple-ის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, შიდა პროცესორებზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის გაცილებით მაღალი პროდუქტიულობა ერთ ვატზე. ეს არის ენერგიის მოხმარებისა და ოპერაციების რაოდენობის თანაფარდობა, რომელთა შესრულებაც ამ პროცესორს შეუძლია. თუმცა არც ისე რთულია კიდევ ერთი მიზეზის გამოცნობა - სასურველი მახასიათებლების მიხედვით ჩიპების დამუშავების პროცესის კონტროლის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სავარაუდოდ, Apple-ს შეუძლია კომპიუტერის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტზე ეკონომია გასწიოს. 


ჯერჯერობით Apple-ის მხოლოდ ერთი ჩიპია ხელმისაწვდომი - M1. მასში წარმოდგენილია 8- ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი, 8- ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი, Neural Engine-ის 16-ბირთვიანი სისტემა და 16-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. 


M1-ზე დაფუძნებული კომპიუტერები სამ სხვადასხვა ფორმატშია ხელმისაწვდომი. ესენია MacBook Air-ისა და MacBook Pro-ს ნოუთბუქები, ასევე, Mac Mini-ს სისტემურ ბლოკში. დიახ, სამივე ერთსა და იმავე ჩიპს იყენებს, მაგრამ მათ განსხვავებული დანიშნულება აქვთ. MacBook Pro-სა და Mac Mini-ს ტრადიციულად "პროფესიული" დავალებების შესასრულებლად იყენებენ, რაც მაღალ პროდუქტიულობას მოითხოვს. MacBook Air-ი კი, როგორც წესი, ნაკლები სიმძლავრით გამოირჩევა. თუმცა ის ნოუთბუქის უფრო თხელი და მსუბუქი ვერსიაა. 


მთავარი განსხვავება გაგრილების სისტემაშია. MacBook Air- ს გამაგრილებელი, იგივე ქულერი არ აქვს. შესაბამისად, შიდა კომპონენტებისგან მიღებული სითბო უბრალოდ კომპიუტერის კორპუსში იშლება. ამის გამო, მას პიკური დატვირთვით მუშაობა უფრო ნაკლები დროის განმავლობაში შეუძლია: როდესაც შიდა კომპონენტები ძალიან ცხელდება, სისტემა იძულებულია ჩიპის მუშაობა შეზღუდოს. რთული მისახვედრი არ არის, რომ ქულერი MacBook Pro- სა და Mac Mini-ს აქვს. შესაბამისად, როდესაც კომპიუტერი მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში ხანგრძლივად მუშაობს, სწორედ გამაგრილებელი ირთვება.

კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი - ოპერატიული მეხსიერების მოცულობა

როგორც ვიცით, M1 ჩიპის მქონე სამივე კომპიუტერი 8 ან 16-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით (ან RAM) არის ხელმისაწვდომი. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ძლიერი შეზღუდვაა: Intel-ის პროცესორის მქონე 13-ინჩიან MacBook Pro-ში 32 გიგაბაიტამდე მოცულობის RAM-ის დაინსტალირებაა შესაძლებელი, Intel-ის პროცესორის მქონე16-დიუმიან MacBook Pro-სა და Mac Mini-ში კი - 64 გიგაბაიტამდე. 


თუმცა M1 ჩიპის მქონე კომპიუტერების ტესტირების დროს აღმოჩნდა, რომ არა მარტო 16, არამედ 8-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებაც კი რაღაც ჯადოსნური „მანქანებით“ თავისუფლად ჰყოფნის. ვიდეო ბლოგერ Max Tech-ის მიერ ჩატარებულმა შედარებითმა ტესტმა ცხადყო, რომ MacBook Pro-ს 16-გიგაბაიტიანი ვერსია 8-გიგაბაიტიან ვარიანტთან შედარებით, დავალების შესრულების სიჩქარის მიხედვით, ძალიან მცირე უპირატესობას ფლობს. ხშირ შემთხვევაში ეს სხვაობა დაახლოებით 10%-ს შეადგენდა და ისიც ყველაზე თვალსაჩინო მხოლოდ 8K RAW-ით გადაღებული ვიდეოს დეკოდირების პროცესში გახდა.

გარეგნული იერსახე, კლავიატურა და აკუმულატორი 

გარეგნულად, ახალი MacBook Pro Intel-ზე დაფუძნებული მოდელების თითქმის იდენტურია. მას აქვს ზუსტად იგივე კორპუსი, ანალოგიური USB-C პორტები გვერდზე, ისეთივე კლავიატურა TouchBar-ით - ვიწრო სენსორული ეკრანი, რომელიც ფუნქციური კლავიშების ზედა რიგს ცვლის. თუმცა 2017 წლის MacBook Pro-სთან შედარებით, რამდენიმე არსებითი გაუმჯობესება აშკარაა. როგორც ბოლო წლების სხვა მაკბუქებში, მექანიზმი აქაც შეიცვალა: ახლა უკვე კლავიატურა ისეთი ხმაურიანი აღარ არის. 


რაც შეეხება აკუმულატორს, ერთი დატენვის ხანგრძლივობის მიმართულებით საოცარი პროგრესი შეინიშნება: ის მთელი დღის განმავლობაში მუშაობს! წინა MacBook Pro 3-4 - საათიანი მუშაობის შემდეგ უკვე დატენვას მოითხოვდა, ახალი კი 8-10 საათის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს.

ახლა კი მინუსები 

MacBook Pro-ს სამი მინუსი აქვს:


1.    მოძველებული ვებკამერა. Apple-მა შეინარჩუნა ძველი 720p კამერა, რომლის გამოსახულების გაუმჯობესებასაც კომპიუტერი პროგრამულად უზრუნველყოფს. თუმცა ეს დიდად არ შველის, რადგან Zoom-ის ზარების ეპოქაში გამოსახულების ეს ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნოა. 
2.    პორტების მცირე რაოდენობა. Intel-ვერსიის MacBook Pro-ს არჩევანის საშუალება ჰქონდა - ორი ან ოთხი USB-C პორტი. ახალ MacBook-ებს კი კორპუსის მარცხენა მხარეს მხოლოდ ორი პორტი აქვს. 
3.    არაპროგნოზირებადობა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ყველა თქვენი საყვარელი პროგრამა და ინსტრუმენტი M1 ჩიპზე ძალიან კარგად იმუშავებს ან საერთოდ იმუშავებს თუ არა. 


შესაბამისად, ექსპერტების საბოლოო რჩევა ასეთია: თუ თქვენ MacBook-ი გჭირდებათ ბრაუზერში სამუშაოდ, ფოტოების დასამუშავებლად და სხვა ზოგადი დავალებების შესასრულებლად, შეგიძლიათ M1 ჩიპის მქონე კომპიუტერი მშვიდად შეიძინოთ. უფრო მეტიც, მისი აკუმულატორის გამძლეობა არსებითად ხანგრძლივი იქნება. 


თუკი იყენებთ სპეციალიზებულ ინსტრუმენტებს, რომელთა დასათმობად ჯერ მზად არ ხართ, ჯერ გადახედეთ და შეისწავლეთ დეველოპერულ ვებგვერდებსა და ფორუმებზე, ფუნქციონირებენ თუ არა ჩვეულებრივ ისინი ახალ კომპიუტერებში. Apple- მა საკუთარი პროცესორების წარმოებისკენ დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა. ახლა კი დროა, ყველა დეველოპერმა იგივე გააკეთოს. 

სხვა თემები