29 მარტი 2021 - 14:53

ვინ არიან სერიალის „ერთხელ ჩუკუროვაში“ მსახიობები და რეჟისორები 

ფოტო: Facebook

მაღალრეიტინგული თურქული სერიალი „ერთხელ ჩუკუროვაში“ (Bir Zamanlar Çukurova) Tims & B Productions-ის მრავალსერიანი დრამაა. მისი პრემიერა ტელეარხ ATV- ზე 2018 წლის 13 სექტემბერს შედგა. ტელესერიალი არის რიმეიკი ცნობილი ამერიკული ფილმისა - “მკის დღეები“ (Days of Heaven), რომელიც ეკრანებზე 1978 წელს, ტერენს მალიკის რეჟისორობით გამოვიდა.

რა არის სერიალის სიუჟეტი? 

სერიალში მოქმედება X X საუკუნის 70-იანი წლების თურქეთში მიმდინარეობს. ახალგაზრდა წყვილი ილმაზი და ზულეიჰა შეყვარებულები არიან და ქორწილისთვის ემზადებიან. გეგმები მკვეთრად იცვლება, როდესაც საპატარძლოს ნახევარძმა, ვალის სანაცვლოდ, გოგოს კრიმინალ ბიზნესმენს მიჰყიდის. ილმაზი თავის საყვარელ ადამიანს გადაარჩენს, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევის გამო მკვლელი ხდება. ამიტომაც აუცილებელია პოლიციისა და ბანდიტებისგან დამალვა. არსებობს ერთადერთი გამოსავალი - სხვა ქალაქში გაქცევა. შესაბამისად, შეყვარებული წყვილი სტამბოლს სასწრაფოდ ტოვებს და მიდის რაც შეიძლება შორს - ადანაში. 

საიდუმლოს შენახვის მიზნით, ახალ საცხოვრებელ ადგილზე ახალგაზრდები გადაწყვეტენ, გარშემო მყოფებს თავი და-ძმად მოაჩვენონ. ისინი ძალიან შეძლებული, კეთილშობილი და გავლენიანი ქალის, ქალბატონ ჰიუნკარის მამულში იწყებენ მუშაობას. ეს უკანასკნელი ქვრივია და საგვარეულო სამფლობელოში დედასა და ერთადერთ ვაჟთან-, დემირთან ერთად ცხოვრობს. მათი ოჯახი გვარის გამგრძელებელი მემკვიდრის არ არსებობით საკმაოდ შეწუხებულია. დემირი დაქორწინებული ერთხელ უკვე იყო, მაგრამ ეს კავშირი უნაყოფო გამოდგა, შემდეგ კი საერთოდ დაიშალა. თუმცა მისი ყოფილი ცოლი მეორე ქორწინების შედეგად დედა გახდა. ქალბატონი ჰიუნკარი შიშობს, რომ მისი ვაჟი უნაყოფოა და მათი გვარის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. 

დემირს ზულეიჰა, ფაქტობრივად, ერთი ნახვით შეუყვარდება. გარემოებები ისე წარიმართება, რომ გოგო იძულებულია სახიფათო თამაშს დასთანხმდეს. მას კვლავინდებურად უყვარს ილმაზი, თუმცა ახალგაზრდა მეპატრონეს მასთან ურთიერთობისა და ქორწინების უფლებას აძლევს. ზულეიჰას ჰგონია, რომ დემირი ავად არის, მალე მოკვდება და მთელი მისი ქონება მას და ილმაზს დარჩებათ. ამ გეგმას მისი შეყვარებულიც ეთანხმება. თუმცა ქალის გრძნობები თანდათან იცვლება. დღითი დღე მისი დამოკიდებულება ილმაზისადმი ცივდება და ზულეიჰას თანდათან თავისი კანონიერი ქმარი უყვარდება. 

ვინ არიან სერიალის რეჟისორები? 

სერიალის რეჟისორები ფარუქ ტებერი, მურატ სარაჩოღლუ და ევრენ კარაბიიკი არიან. ტებერმა  2018 წელს მხოლოდ 3 ეპიზოდი გადაიღო. მისი საქმიანობა მურატ სარაჩოღლუმ და ევრენ კარაბიიკმა გააგრძელეს. მათ 2018-2021 წლებში 89 სერია გადაიღეს. 


ფარუქ ტებერი 1964 წლის 15 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში დაიბადა. მან ანადოლუს უნივერსიტეტის  კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტი დაამთავრა (1987). ფარუქ ტებერის რეჟისორობით დაახლოებით 20-მდე ტელესერიალია გადაღებული. ის ოპერატორის რანგშიც არაერთ სცენაში მონაწილეობდა. 


რაც შეეხება მურატ სარაჩოღლუს, ის შედარებით ახალგაზრდა რეჟისორია. დაიბადა სტამბოლში, 1970 წელს. მურატ სარაჩოღლუმ სტამბოლის უნივერსიტეტის რადიოსა და ტელევიზიის ფაკულტეტი დაამთავრა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, მან რამდენიმე წელი რეჟისორის ასისტენტად იმუშავა და სერიალების გადაღება თავად დაიწყო. მურატ სარაჩოღლუს პირველი თეატრალური დადგმა იყო „120“, რომელშიც ოჟან ერენის თანარეჟისორი გახლდათ.

ვინ არიან მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები? 

სერიალის - „ერთხელ ჩუკუროვაში“ მთავარი როლის შემსრულებელი (ზულეიჰა) ჰილალ ალტინბილეკი 1991 წლის 21 იანვარს იზმირში დაიბადა. მსახიობის დედა ხორვატული წარმოშობის არის. უცხო გარეგნობის გამო ჰილალს ხშირად ანჯელინა ჯოლის ადარებენ. თუმცა როცა კითხვას სამშობლოზე უსვამენ, პასუხობს, რომ თავს იზმირის შვილად მიიჩნევს.


თეატრალური ხელოვნებისადმი ინტერესის გამოხატვა ჰილალ ალტინბილეკმა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების შემდეგ სამსახიობო უნარებს დრამის ჯგუფში ეუფლებოდა. 2009 წელს ჰილალ ალტინბილეკი Actor Studio MSM-ში მიდის და მსახიობის პროფესიის დაუფლებას აქ განაგრძობს. მისი დებიუტი შედგა სერიალში „ბნელი წყალი“, რის შემდეგაც უფრო დიდ პროექტებში მონაწილეობდა.


სერიალში დემირის როლს მურატ იუნალმიში ასრულებს. ის 1981 წლის 23 აპრილს, თურქეთის ქალაქ კაისერიში დაიბადა და მოზარდობის ასაკიდან კალათბურთს თამაშობდა. სპორტულ კლუბ "ფენერბაჰჩეში" ტრანსფერის შედეგად, 14 წლის მურატ იუნალმიში საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა. თუმცა 20 წლის ასაკში მან გადაწყვიტა, პროფესიული სპორტი დაეტოვებინა. მურატ იუნალმიშმა მარმარის უნივერსიტეტის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ სპეციალობით ერთი დღეც არ უმუშავია.


უმაღლესი სასწავლების დამთავრების შემდეგ, მურატ იუნალმიში სტამბოლის აკადემიაში სამსახიობო ხელოვნებას ეუფლება. მისი დებიუტი 2003 წელს, ფილმში - "ცეცხლსასროლი იარაღი" შედგა, თუმცა აქ მან მხოლოდ ეპიზოდური როლი შეასრულა. დღეისათვის მურატ იუნალმიში არაერთი რეიტინგული თურქული სერიალის ვარსკვლავია. 


სერიალში „ერთხელ ჩუკუროვაში“ ილმაზის როლს უგურ გიუნეში ასრულებს. ის ანკარაში, 1987 წლის 13 იანვარს დაიბადა. უგურ გიუნეშმა პოპულარობა “მკვდრეთით აღმდგარი ერთუღრულით“ მოიპოვა. ის თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად ითვლება და ამის მიზეზად მის განსხვავებულ სამსახიობო ოსტატობასა და შესრულების მანერას ასახელებენ. 

სხვა თემები