16 მაისი 2021 - 17:33

აზიური წარმოების ჩიპების დეფიციტმა საავტომობილო ინდუსტრიაში გლობალური კრიზისი გამოიწვია. რა მოხდება?

ფოტო: REUTERS/Thomas White/Illustration

ავტომწარმოებელმა General Motors-მა მაისის შუა რიცხვებამდე აშშ-სა და კანადაში არსებულ ორ ქარხანაში საქმიანობა შეამცირა. კომპანია Hyundai-მ აპრილის დასაწყისში სამხრეთ კორეაში მდებარე თავისი წარმომადგენლობის მუშაობა ერთი კვირით შეაჩერა, მარტში კი Toyota-ს კონვეირები, რომლებიც ჩეხეთში იყო განთავსებული, არ მუშაობდა. იგივე ხდებოდა თებერვალში Ford-ის შემთხვევაში. Volkswagen-მა კი გასულ წელს სხვადასხვა კონტინენტზე დაახლოებით 100 ათასი მანქანით ნაკლები აწარმოა. რა არის ამის მიზეზი და რა ელის აღნიშნულ სფეროს, ამის გარკვევა Deutsche Welle-მ სცადა. 

რა ხდება? 

გლობალური საავტომობილო ინდუსტრია სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და სისტემატურ ზარალს განიცდის. გასული გაზაფხულისა და პანდემიის პირველი ტალღისგან განსხვავებით, აქ დაბალი მოთხოვნა სულაც არ არის: ახლა ამ სფეროში ზუსტადაც რომ ყველაფერი კარგად არის. აღნიშნული ინდუსტრიის გარკვეული საწარმოო ობიექტები იძულებულნი არიან უმოქმედოდ იყვნენ იმის გამო, რომ პერიოდულად არ აქვთ საკმარისი კომპონენტები, კერძოდ, მიკროჩიპები და ეს უკვე დიდი ხანია რაც გრძელდება. გერმანულმა კონსალტინგ-კომპანიამ Roland Berger-მა 13 აპრილს განაცხადა, რომ "ნახევარგამტარების დეფიციტი 2021 წლის შემდეგაც კიდევ კარგა ხანს იქნება". 

მომხმარებელთა ყურადღებით განებივრებული ავტოინდუსტრიისთვის ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი საკმაოდ საწყენი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ისინი ნაკლებად მნიშვნელოვანი კლიენტები არიან მიკროჩიპების მწარმოებლებისთვის (განსაკუთრებით კი, აზიური მწარმოებლებისთვის), ვიდრე - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა თუ სამომხმარებლო ელექტრონიკის კომპანიები. ამ პროდუქციაზე უზარმაზარი გლობალური მოთხოვნა პანდემიისა და დისტანციური მუშაობისა თუ სწავლების გააქტიურების ფონზე, კიდევ უფრო გაიზარდა. შესაბამისად,  ჩიპების მწარმოებლები ფოკუსირდნენ იმ დამკვეთებზე, რომლებიც  კომპიუტერებს, სმარტფონებს, ტელევიზორებს, სათამაშო კონსოლებსა და სხვა სახის გაჯეტებს აწარმოებენ.

ელექტრომობილებმა და ავტონომიურმა მართვამ ჩიპებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა

თუმცა ამ ბაზარზე წარმოქმნილი დეფიციტი გამოწვეულია არა მხოლოდ დროებითი სირთულეებითა და შეფერხებით, არამედ ის ფუნდამენტურ მიზეზთან არის დაკავშირებული. Roland Berger-ის ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ეს ჩიპებზე გლობალური საავტომობილო ინდუსტრიის სწრაფად მზარდი მოთხოვნით არის გამოწვეული. მათი შეფასებით, დღეისათვის შიდა წვის ძრავის მქონე პრემიუმ კლასის მანქანაში უკვე დამონტაჟებულია 3000 დოლარის ღირებულების ნახევარგამტარები.

ელექტრომობილების წარმოების ზრდასა და ავტომატიზებული თუ ავტონომიური მართვის განვითარებასთან ერთად, ნახევარგამტარებზე მოთხოვნა სულ უფრო გაიზრდება. Roland Berger-ის პროგნოზის შესაბამისად, 2025 წლისთვის ჩიპების ჯამური ღირებულება, რაც ნახევრად ავტონომიურ ელექტრომობილში იქნება გამოყენებული, 7 ათას დოლარზე მეტს შეადგენს. კომპანიის კიდევ ერთი ვარაუდი ასეთია: მსოფლიოს მიკროელექტრონიკაში წარმოების კონცენტრაციის პროცესი დაჩქარდება და მსხვილი კომპანიები თავიანთ საბაზრო ძალას კიდევ უფრო გააძლიერებენ. 

მიკროჩიპების უმსხვილესი მწარმოებლები აზიაში მდებარეობს და არა მხოლოდ სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაივანში, არამედ - კომუნისტურ ჩინეთშიც. ეს სერიოზულად აწუხებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. იმდენად სერიოზულად, რომ 12 აპრილს მან თეთრ სახლში ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტის შესახებ გამართა ვიდეოკონფერენცია, რომელზეც დაახლოებით ორი ათეული წამყვანი ამერიკული კორპორაციის ხელმძღვანელი მოიწვია. ეს უკანასკნელნი ინფორმაციული ტექნოლოგიების, მიკროელექტრონიკისა და საავტომობილო ინდუსტრიის დარგში მოღვაწეობენ. 

როგორ აპირებს ჯო ბაიდენი ნახევარგამტარების ინდუსტრიის განვითარებას?

როგორც გერმანული ეკონომიკური გაზეთი Handelsblatt-ი წერს, მიკროჩიპების თემა აშშ-ის ეკონომიკის მოდერნიზაციის მიმართულებით, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მასშტაბური სტრატეგიის ნაწილი ხდება. ამავე გამოცემის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის მიზანია ჩინეთთან ტექნოლოგიური კონკურენციის მოგება. ამერიკის პრეზიდენტი კი არსებული დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლას სხვადასხვა მიმართულებით აპირებს.  

პირველ რიგში, ეს არის პროტექციონისტული ზომები. Handelsblatt-ის განცხადებით, შესაძლებელია, რომ ვაშინგტონმა იმპორტის მიმართულებით ახალი გადასახადები დააწესოს. მეორე მიმართულება არის ინვესტიცია. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობას შეუძლია გამოჰყოს 50 მლრდ დოლარამდე თანხა, რათა ჩიპების ამერიკული მწარმოებლები და ამ მიმართულებით მომუშავე სამეცნიერო ჯგუფები წაახალისოს. მესამე მხრივ, ბაიდენი მიმართავს დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა საერთაშორისო ალიანსი ჩამოაყალიბოს. კერძოდ, საუბარია მიკროელექტრონიკის სფეროში ამერიკულ-იაპონურ თანამშრომლობაზე. მეოთხე მიმართულებად Handelsblatt-ი მიიჩნევს ამერიკული საზოგადოების ყურადღების მიპყრობას იმაზე, რომ შესაძლოა, ქვეყანა ტექნოლოგიურად ჩამორჩეს. მაგალითად, თუ 1990 წელს, ნახევარგამტარების მრეწველობის ეროვნული ასოციაციის (SIA) თანახმად, მსოფლიოში ჩიპების წარმოებაში აშშ-ის წილი 37%-ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 12% -მდეა შემცირებული. ბაიდენს საზოგადოების ფართო მხარდაჭერა სჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ კონგრესში მისი ძვირადღირებული ინდუსტრიული პოლიტიკის მოწინააღმდეგეები დაძლიოს.

რა პოტენციალი აქვს მიკროელექტრონიკას ევროკავშირის ქვეყნებში?

იმავე Handelsblatt-ის თქმით, ”ბაიდენი სწორ სიგნალებს გზავნის.” როგორც გამოცემა ასკვნის, აშშ-ის პრეზიდენტის გეგმები ”მოქმედებისკენ უბიძგებს არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ევროპას”. თუ აზიური ჩიპების მომწოდებლებზე დამოკიდებულებით ამერიკაც კი შეშფოთებულია, მაშინ რა შეგვიძლია ვთქვათ ევროპაზე.

რამდენიმე წლის წინ თვალსაჩინო გახდა, რომ ევროპელები აკუმულატორული ბატარეების წარმოების სფეროში საკმაოდ ჩამორჩებოდნენ. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ელექტრომობილების კომპონენტების იმპორტი აზიიდან და ამერიკიდან უალტერნატივო იყო. თუმცა ევროკავშირის კოორდინირებული ძალისხმევის წყალობით, სიტუაცია სწრაფად გაუმჯობესდა. 

მიკროჩიპების მწვავე დეფიციტმა დააზიანა ევროპული ინდუსტრიის ერთ-ერთი ძირითადი სექტორი - მანქანათმშენებლობა, ასევე- ელექტრომობილების წარმოება. აშშ-ის ეკონომიკის მოდერნიზაციის ამჟამინდელი სტრატეგიის მაგალითი კი ევროკავშირის ქვეყნებს მიკროელექტრონიკის შემდგომი განვითარებისკენ მიზანმიმართულად უბიძგებს. უფრო მეტიც, ამის პოტენციალი აქ ნამდვილად არსებობს. 

Silicon Saxony: სილიკონის ველი დრეზდენში

გერმანიაში უკვე ჩამოყალიბდა მთელი რეგიონი, რომელსაც კალიფორნიის სილიკონის ველის მსგავსად, სილიკონის საქსონია ეწოდება. საუბარია დრეზდენსა და მის შემოგარენზე. აქ, ჯერ კიდევ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, არსებობდა Robotron-ის კომბინატი. ეს იყო მაშინდელ სოციალისტურ ბანაკში გამომთვლელი ტექნიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, სადაც ათი ათასობით კვალიფიციური სპეციალისტი მუშაობდა. 

საქსონიის მიკროელექტრონიკის კლასტერის შესახებ უახლესი ამბები ასეთია: ნახევარგამტარების ამერიკულმა მწარმოებელმა Globalfoundries- მა განაცხადა, რომ ჩიპების გლობალური დეფიციტის გამო, თავისი სამი ქარხნის გაფართოებას აპირებს. მათ შორის ერთი სწორედ დრეზდენში მდებარეობს. მისი სიმძლავრის გაორმაგებაში დაახლოებით 400 მილიონი ევროს ჩადება იგეგმება. 

გერმანულმა კონცერნმა Bosch- მა კი განაცხადა, რომ კომპანიის 130-წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდ საინვესტიციო პროექტს ასრულებს და თავის ახალ ქარხანას დრეზდენში ოფიციალურად ივნისში გახსნის. საწარმო, რომლის ინვესტიციაც დაახლოებით 1 მილიარდი ევროა, დაიწყებს ჩიპების წარმოებას ელექტრო და ჰიბრიდული მანქანებისთვის. 

სხვა თემები