04 მაისი 2021 - 09:58

როდის მივმართოთ დიეტოლოგს და როგორ შევარჩიოთ ის? ინსტრუქცია

ფოტო: shutterstock.com

პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ დიეტოლოგისგან სასწაულის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ. მისი საქმეა, გრძელვადიან პერსპექტივაში კვებითი ქცევა შეგაცვლევინოთ. ეს კი თქვენგან მოტივაციასა და გარკვეულ შრომას მოითხოვს. 


ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში წონის სტაბილური მატება ნიშნავს, რომ ადამიანი რეგულარულად ზომაზე მეტს ჭამს. ეს შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. დიეტოლოგის ამოცანა სწორედ იმ ფაქტორების იდენტიფიცირებაა, რაც ზომაზე მეტი საკვების მიღებას იწვევს. ამავდროულად, მისი ფუნქციაა, გამოავლინოს კონკრეტული სიტუაციები, როდესაც ეს ხდება. კვების რეჟიმის გადაწყობასა და ახალი კვებითი ჩვევების გამომუშავებას დრო და გარკვეული ვექტორული, თანმიმდევრული ცვლილებები სჭირდება. აუცილებელია, რომ პაციენტმა პირველივე მარცხის შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყაროს. 


წონაში დაკლება ბევრნაირად არის შესაძლებელი, თუ თქვენ, სულ ცოტა, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვეულებრივზე ნაკლებ კალორიას მიიღებთ. მას შემდეგ, რაც ასეთი დიეტა მთავრდება და ადამიანი კვების ძველ ქცევას უბრუნდება, ძველი წონაც თანდათან ბრუნდება. მარტივი გადაწყვეტილებები არ არის ეფექტიანი იქ, სადაც პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა. გარდა ამისა, კვებითი ქცევის შეცვლა მრავალფეროვან რესურსს მოითხოვს - დროითა და ფულით დაწყებული, სოციალური თანხმობით დამთავრებული. სწორედ ეს მას საკმაოდ რთულ გამოწვევად აქცევს. თანაც, აქ სასწაულები ნამდვილად არ ხდება. 


ამავე დროს, ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ კვებით ქცევაზე კომპლექსური მუშაობა საჭირო სულაც არ არის. აღნიშნული მოსაზრების თანახმად, საკმარისია სპეციალისტმა პაციენტს კალორიებით, ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებული მენიუ შეუდგინოს და ყველაფერი თავისთავად იმუშავებს. დაახლოებით იგივე მიდგომა იყო საბჭოთა პერიოდში: არსებობდა საკვები, რომლის მიღებაც ან შეიძლებოდა, ან - არა. 


სინამდვილეში, მზა მენიუს შეზღუდულობა საკვების არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა. ასეთ დროს ადამიანი დიეტისა და კვებითი პროდუქტების გადანაწილების ლოგიკას ვერ ხვდება, შიმშილისა და დანაყრების სიგნალებს ვერ იჭერს. შესაბამისად, ეს მიდგომა ინდივიდუალურ მახასიათებლებს არ ითვალისწინებს და მოქნილი, მაგრამ გააზრებული კვებითი ქცევის ჩამოყალიბების საშუალებას არ იძლევა. 

პირველ რიგში, კიდევ დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა დიეტოლოგი? 

ჭარბი ან ნაკლები წონა, საკუთარი სხეულით უკმაყოფილება, გადაჭარბებული შფოთვა წონის ან სწორი კვების შესახებ, ქაოტური და დაუბალანსებელი დიეტა, ქრონიკულად ზედმეტი ჭამა, შფოთვა და შიში საკვების მიმართ -  ამ და სხვა არაერთი მიზეზით ადამიანები დიეტოლოგს მიმართავენ. თუმცა იდეალურ სიტუაციაში ამ მიმართულების სპეციალისტთან სხვა ექიმმა უნდა გადაგამისამართოთ. თუ ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას უკავშირდება, მაშინ ეს გასტროენტეროლოგი უნდა იყოს, თუ კვებით ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ - კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ან ფსიქიატრი (აქ საუბარია ნერვულ ანორექსიაზე, ბულიმიასა და სხვა დარღვევებზე). დიეტოლოგი პაციენტთან მარტო იშვიათად მუშაობს - როგორც წესი, ის სხვა სპეციალისტებთან კოორდინაციაშია და ეს სრულიად გამართლებულია.

პაციენტები (ზოგჯერ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებიც კი) ხშირად დარწმუნებულნი არიან, რომ კვებითი რაციონის გარკვეული შეზღუდვით ნებისმიერი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ქრონიკული დაავადებების აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში რეკომენდებულია სრულფასოვანი, ადეკვატური, მრავალფეროვანი კვება და მედიკამენტოზური თერაპია. ამაში კი დიეტოლოგი ნამდვილად შეიძლება დაგეხმაროთ.

დიეტოლოგის შერჩევისას აუცილებლად დაიმახსოვრეთ შემდეგი ყურადსაღები ფაქტორები 

სხვადასხვა ნაციონალური და საერთაშორისო ეთიკური კოდექსების მიხედვით, დიეტოლოგი არ უნდა:


•    სვამდეს არარსებულ დიაგნოზს  (ნაწლავის გაჟონვის სინდრომი, ქრონიკული კანდიდოზი, ჰორმონალური დისბალანსი, ინსულინრეზისტენტულობა და სხვ.); 


•    გირჩიოთ წონის დაკლების შემტევი პროგრამები, რომლებიც ძალიან დაბალკალორიულ დიეტას გულისხმობს. სამედიცინო თვალსაზრისით, წონის დაკლების გონივრული მაჩვენებელი კვირაში 1-1,5 კგ-ს შეადგენს. უფრო მეტიც, წონის დაკლების ინდექსი თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალური უნდა იყოს;


•    გაყიდოს წონაში დაკლების საავტორო პროგრამები; 


•    მოგცეთ გარანტია, რომ აუცილებლად გახდებით; 


•    განათავსოს სოციალური ქსელების საკუთარ გვერდზე პაციენტების ფოტოები „იქამდე“ და „შემდეგ“; 


•    მიმართოს ბოდიშეიმინგს და დაჰყოს ადამიანები არასტანდარტული პარამეტრების მიხედვით; 


•    გამართოს მარათონები და სხვა მასობრივი პროგრამები, რომლებიც წონაში კლებას ისახავს მიზნად;

 
•    შესთავაზოს ნორმალური წონის მქონე ადამიანებს „კოსმეტიკური კორექცია“; 


•    რეკლამა გაუწიოს მედიკამენტურ პრეპარატებს;  


•    ურჩიოს პაციენტს კვებითი დანამატები;


•    მისცეს რეკომენდაციები კონკრეტულ ადამიანებს საკუთარ ბლოგში. დიეტოლოგი არ არის პროფესიონალი ნათელმხილველი, რომ ფოტოსურათიდან და ორი ან სამი წინადადებიდან ჩამოუყალიბდეს საფუძვლიანი შეხედულება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მას შესაბამისი მკურნალობის კურსი შესთავაზოს;


•    მისცეს ისეთი არასამეცნიერო რჩევები, როგორიცაა ”ბანანის სმუზი სისხლში შაქრის შემცველობას ზრდის და დიაბეტს იწვევს”, ”დალიეთ წყალი 30 მლ/კგ-ზე გათვლით“, ”უბრალოდ შეწყვიტეთ ზედმეტი ჭამა”;


მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენს თეფშზე არსებული საჭმელი მორალისა და ეთიკის კატეგორიებს მიღმაა. პაციენტები ხშირად დიეტაზე საუბარს ერიდებიან, რადგან საზოგადოების განსჯის გარკვეული შიში აქვთ. ამიტომაც კვებით ჩვევებზე, საკუთარ სხეულსა და წონაზე აქცენტი მათთვის რთული, მტკივნეული და ძალიან ინტიმურია. თუმცა დიეტოლოგის ფუნქციაა, ყოველთვის პაციენტის მხარეს იყოს. 

სხვა თემები