07 მაისი 2021 - 09:56

ეროვნული გამოცდები ახლოვდება, ჩემი შვილი კი სულ უფრო მეტად ნერვიულობს. მეც ძალიან ვღელავ. როგორ მოვიქცე?

ფოტო: shutterstock.com

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად აბიტურიენტებისა და მათი ოჯახის წევრების მღელვარებაც იმატებს. ეს პროცესი პანდემიამ გარკვეულწილად კიდევ უფრო გაართულა. შესაბამისად, ფსიქოლოგების აზრით, ისედაც დაძაბულ რეჟიმში ზედმეტი გართულებები საჭირო ნამდვილად არ არის.

საჭიროა თუ არა გამოცდისთვის მზადების პროცესში მშობლის ჩართულობა? 

ეს საკითხი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ძალიან აქტიურმა თანამონაწილეობამ შეიძლება ბავშვი შეაშინოს, ეს კი არავის უნდა. თუ ხედავთ, რომ თქვენს შვილს დახმარება სჭირდება ან ამა თუ იმ საკითხზე კონცენტრირება უჭირს, შეგიძლიათ პრობლემის მოგვარებაში დელიკატურად დაეხმაროთ. მაგალითად, ერთად გააკეთოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ნიმუშები და შედეგიც ერთობლივად განიხილოთ. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადაამლაშოთ. ის ხომ ისედაც თითქმის ყოველდღიურად აკეთებს საცდელ ვარიანტებს, მასწავლებლებისა თუ რეპეტიტორებისგან ისმენს გამოცდის მნიშვნელობას. გახსოვდეთ, რომ ამდენი სტრესისგან აბიტურიენტი კიდევ უფრო არ უნდა დაითრგუნოს. ამიტომაც გამოცდის საშინაო რეპეტიცია მხოლოდ ერთობლივი სურვილით ჩაატარეთ და მას სასჯელად ნუ აქცევთ.

როგორ მივხვდე, რომ აბიტურიენტი გამოცდისთვის მზად არის? 

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი გამოცდის ფორმატს კარგად იცნობს. ამისათვის შეგიძლიათ მას ჰკითხოთ, რამდენ ხანს გრძელდება გამოცდა, რა დოკუმენტაცია უნდა იქონიოს თან, რა წესები მოქმედებს გამოცდაზე და რის გამო შეიძლება გამოცდიდან მოხსნან. 


კიდევ ერთი ვარიანტია, რომ თქვენს შვილს გამოცდისთვის მზადყოფნის შესახებ ჰკითხოთ. აქ მთავარია გარკვეული სიფრთხილე. ამის შესახებ მუდმივმა გამოკითხვამ შეიძლება აბიტურიენტის შფოთვა კიდევ უფრო გააძლიეროს. ამიტომ უმჯობესია იშვიათად და ირიბად ჰკითხოთ: „ყველაფერი ნორმალურად არის?“, „ჩემგან რამე დახმარება ხომ არ გჭირდება?“, „როგორ გრძნობ თავს? ძალიან დაიღალე?". თუ ხედავთ, რომ ის პასუხებს თავს არიდებს ან გაღიზიანებულია, სავარაუდოდ, რაღაცას მალავს, თქვენი განერვიულება არ უნდა ან საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ არის. 


ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ მის მიერ შესრულებულ დავალებებს. ასევე შეგიძლიათ რეპეტიტორს ან მასწავლებელს გაესაუბროთ. სასურველია, ამ საუბარს თავად აბიტურიენტი არ ესწრებოდეს: ეს მისთვის შეიძლება არასასიამოვნო იყოს. მასწავლებელთან ან რეპეტიტორთან გაარკვიეთ და დააზუსტეთ თქვენი შვილის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, თემები, რომელთა გამეორებაც აუცილებელია.

და ეს ხომ ნორმალურია, ჩემს შვილზე რომ ვნერვიულობ? 

აბსოლუტურად ნორმალურია! საუკეთესო, ახლა რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის ის, რომ ამოისუნთქოთ და თქვენს შვილს მხარი დაუჭიროთ. 


არ დაგავიწყდეთ უთხრათ, რომ მის გვერდით ხართ. არ მისცეთ ემოციებს თქვენი გაკონტროლების საშუალება. არავითარ შემთხვევაში თქვენი ამბიციების დაკმაყოფილება მის მომავალს არ დაუკავშიროთ და მით უმეტეს, სხვის შვილებს ნუ შეადარებთ. ზედმეტი არ იქნება შეახსენოთ, რომ მისაღები გამოცდების შედეგებით ცხოვრება არ სრულდება: ”რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, თუ დასახულ მიზანს მიაღწევ და პირველივე მითითებულ უნივერსიტეტში ჩაირიცხები, მაგრამ თუ ეს არ გამოგივა, მე შენ ძველებურად ძალიან მეყვარები!“.


აკონტროლეთ თქვენი და თქვენი შვილის შფოთვის დონე. თუ რომელიმეს გაქვთ უძილობა, მადა გაგიუარესდათ, განწყობა ხშირად გეცვლებათ ან ემოციების კონტროლი გიჭირთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დროა განიმუხტოთ და ტემპი შეანელოთ.

ვხედავ, რომ ჩემი შვილი უკვე ძალიან გადაიღალა. როგორ დავეხმარო?

მოიწყვეთ განტვირთვის დღეები - გაისეირნეთ ბუნებაში, აბიტურიენტმა გააკეთოს ნებისმიერი სხვა საქმე, რაც უყვარს და სიამოვნებს. გათავისუფლდით ემოციებისგან. მაგალითად, წადით კინოში საშინელებათა ფილმზე, სადაც ყვირილის საშუალება ექნება (თუ, რა თქმა უნდა, ბავშვი  ასეთი დასვენების წინააღმდეგი არ არის). დააკვირდით ძილისა და კვების რეჟიმს, ვიტამინების დონეს, დღის რეჟიმსა და ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარეობას. სპორტი ხელს უწყობს სტრესის მოხსნას. ეს შეიძლება იყოს დილის ხანმოკლე ვარჯიში ან სირბილი. თუ მას არ მოსწონს აქტიური ფიზიკური დატვირთვა, შეგიძლიათ მუსიკალური საღამოები მოაწყოთ - იცეკვეთ და იმღერეთ თქვენი საყვარელი სიმღერები.

სხვა თემები