07 მაისი 2021 - 09:54

როგორ გავიგო, ჩემ შემთხვევაში ვაქცინა იყო თუ არა ეფექტიანი? ანტისხეულებზე უნდა გავიკეთო ტესტი?

ფოტო: shutterstock.com

იმ ადამიანთა უმრავლესობას, ვინც უკვე ორჯერადად აიცრა, სურს იცოდეს, აქვს თუ არა ანტისხეულები. თუმცა ამბობენ, რომ ამ მიმართულებით არსებული ტესტებიც განსხვავებულია.

დავიწყოთ იმ ადამიანებით, ვინც ჯერ არ აცრილა. საჭიროა თუ არა ვაქცინაციამდე ანტისხეულების შემოწმება?

არა. ახლა უკვე ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვაქცინაციამდე ანტისხეულების შემოწმება საჭირო არ არის. ამავე აზრზეა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც (CDC). პირველ რიგში, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ გადატანილ კოვიდს აცრის პროცესზე რამე ნეგატიური გავლენა აქვს. მეორე მხრივ, ვაქცინური იმუნიტეტი შეიძლება უფრო მდგრადი იყოს, ვიდრე - დაავადების შედეგად გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტი. ეს სიმართლეა თუ არა, დრო აჩვენებს.

ავიცერი. ახლა ანტისხეულებზე ტესტი უნდა გავიკეთო? 

არა, საჭირო არ არის. დიდია ალბათობაა, რომ თქვენს იმუნურ სისტემაზე აცრას ისეთივე გავლენა ექნება, როგორც გამოკვლევებში მონაწილე მოხალისეების შემთხვევაში. შესაბამისად, ინფიცირების ალბათობა ამა თუ იმ ვაქცინის დადგენილი ეფექტიანობის შესაბამისად შემცირდება. თქვენ, რა თქმა უნდა, ანტისხეულების შემოწმება ტესტირების მეშვეობით შეგიძლიათ. შესაძლოა, მომავალში, როდესაც აცრილ ადამიანებზე მეტი მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი, ასეთ ტესტირებას უფრო ჰქონდეს აზრი. თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით მიღებული შედეგების მიხედვით პრაქტიკული დასკვნების გაკეთება ნამდვილად ნაადრევია.

რომელი ტესტი უნდა გავიკეთო იმის გასაგებად, თუ რამდენი ანტისხეული მაქვს?

იმის გასაგებად, თუ რამდენი ანტისხეულ გაქვთ, ამ ეტაპზე, ლაბორატორიაში გაკეთებული რაოდენობრივი ტესტი საუკეთესოა. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი არც ისე მარტივად არის. რეალურად არსებობს არა ორი, არამედ სამი სახის ტესტი: 


1. ხარისხობრივი - ამ ტესტის შედეგად თქვენ იგებთ, გაქვთ თუ არა ანტისხეულები. შესაბამისად, მისი პასუხია: "დიახ" ან "არა";
2. რაოდენობრივი - ამ სახის ტესტი იძლევა პასუხს, აბსოლუტური მნიშვნელობით ანტისხეულების დონის შესახებ;
3. ნახევრად რაოდენობრივი - ეს ტესტი ადგენს არის თუ არა ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები ანუ აღემატება თუ არა დადგენილ სტანდარტს/ ბარიერს. 


სპეციალისტების შეფასებით, ტესტირების მეორე ტიპი ყველაზე შესაფერისია - რაოდენობრივი ტესტი. თუ გსურთ რამდენიმე ტესტის გაკეთება, რათა თქვენს ორგანიზმში ანტსხეულების არსებობის დინამიკას დააკვირდეთ, სჯობს, ერთი და იმავე კატეგორიის ტესტები გაიკეთოთ. 

ტესტი რამდენჯერმე გავიკეთე. თავიდან ბევრი ანტისხეული მქონდა, შემდეგ კი მათი რაოდენობა შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნიტეტი აღარ მაქვს?

არა, ეს სავსებით ნორმალურია. სისხლში ანტისხეულების რაოდენობა, როგორც წესი, დროთა განმავლობაში იკლებს. ეს ეხება როგორც კოვიდგადატანილებს, ასევე აცრილებს. თუმცა რა სიჩქარით ხდება ეს და ახდენს თუ არა გავლენას ინფიცირების ალბათობის ზრდაზე, ამის თქმა ჯერ კიდევ რთულია. არსებობს დაკვირვება, რომლის მიხედვითაც, ინფექციის მძიმე ფორმით გადატანის შემდეგ ორგანიზმში მეტი ანტისხეული გამომუშავდება და შესაბამისად, ისინი უფრო დიდხანს ძლებენ, ვიდრე მსუბუქი ან ასიმპტომური ავადობის შემთხვევაში. ზოგიერთი კვლევის თანახმად, კორონავირუსული ინფექციის დროს IgA-ს, IgM-სა და IgG-ს გამომუშავება ზოგადად ერთდროულად, ავადობიდან დაახლოებით 6-7 დღის შემდეგ იწყება და სხვადასხვა პაციენტის ორგანიზმში განსხვავებული დროით რჩება. 


მაშინაც კი, თუ ანტისხეულები სისხლში არ ვლინდება, ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმმა ინფექციის შესახებ ”დაივიწყა”. ადაპტაციური იმუნური სისტემა იმით განსხვავდება, რომ მას აქვს მეხსიერება იმ ინფექციების შესახებ, რომლებთანაც შეხება ჰქონდა. თუმცა ეს მეხსიერება ძირითადად ინახება არა სისხლის პლაზმაში ანტისხეულების სახით, არამედ მეხსიერების უჯრედების ფორმით, რომლებიც ინფექციასთან მორიგი შეხვედრისას უმალ აქტივირდებიან.
ზუსტად როგორ მუშაობს ეს კორონავირუსის შემთხვევაში, დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია. პანდემიის დაწყებიდან ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტის "ვადიანობის" ობიექტურ შეფასებაზე ვიმსჯელოთ. ის შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს: ვიღაცას მთელი ცხოვრება შეუნარჩუნდეს, სხვას კი მხოლოდ რამდენიმე თვე ჰქონდეს. 


SARS-CoV-2-ის მიმართ იმუნიტეტის გრძელვადიანობას ირიბად მოწმობს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევები საკმაოდ ცოტაა. BNO News-ის ვებგვერდზე, რომელიც განმეორებით ინფიცირების შემთხვევებს აკვირდება, მთელ მსოფლიოში მხოლოდ 39 დადასტურებულ შემთხვევაზეა საუბარი. არსებობს კვლევა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ანტისხეულებზე ტესტირება ჩაუტარეს, შემდეგ კი შეაფასეს, თუ რამდენი მათგანი დაინფიცირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ანტისხეულების მქონე 6614 ადამიანიდან მხოლოდ 44 დაავადდა. 

სხვა თემები