10 მაისი 2021 - 11:07

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება 

ფოტო: shutterstock.com

ფეხმძიმე ქალები მიეკუთვნებიან რისკჯგუფს, რომელსაც ახალი კორონავირუსი შეიძლება მძიმე ფორმით განუვითარდეს. სწორედ ამიტომ ორსულების აცრა ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ბელგიაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არა მარტო ზიანს არ აყენებს ფეხმძიმე ქალებს, არამედ პირიქით, ის აუცილებელია. თუმცა გერმანიას (STIKO- Standing Committee on Vaccination- რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია) ორსულებისა და მეძუძური დედების აცრის ზოგადი რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია. რა კითხვები ისმის ამ მიმართულებით და როგორია მათზე პასუხები, ამის გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.

რატომ ჭიანურდება გერმანიაში ორსულების აცრის ზოგადი რეკომენდაციის გაცემა? 

აპრილში რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) ვაქცინაციის კომისია ფეხმძიმე ქალების მასობრივი აცრის წინააღმდეგ გამოვიდა. ”ვაქცინაცია შეიძლება შევთავაზოთ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში და მხოლოდ იმ ორსულებს, რომელთაც თანმხლები დაავადებები აქვთ და ამის გამო ახალი კორონავირუსის მძიმე ფორმით განვითარების რისკჯგუფს მიეკუთვნებიან. თუმცა იქამდე დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი თითოეული დადებითი და უარყოფითი მხარე“, - ნათქვამია STIKO-ს დასკვნაში. ამიტომაც დღეისათვის გერმანიაში ორსული ქალების აცრა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება.  


რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის კომისიის თანახმად, ზოგადი რეკომენდაციის შესადგენად საჭირო ამომწურავი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არსებობს, რადგან ორსული ქალები კლინიკურ კვლევებში იშვიათად მონაწილეობენ. პრინციპში, რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია (STIKO) არ ეწინააღმდეგება ორსულთა ან მეძუძურ ქალთა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას, მაგრამ ამ ჯგუფის მასობრივი აცრის რეკომენდაციის გაცემაც არ შეუძლია. თუმცა ასეთი ბუნდოვანი განცხადებები მომავალ დედებს გაურკვევლობის შეგრძნებას უტოვებს.

სამაგიეროდ, გერმანელი გინეკოლოგები ორსული ქალების დაუყოვნებლივ აცრას ემხრობიან

სწორედ ამ ბუნდოვანი განცხადებების გამო, გერმანიის რეანიმატოლოგებმა და გინეკოლოგებმა აღნიშნული მიმართულებით ზეწოლის გაძლიერება გადაწყვიტეს. ორსულობა COVID-19-ის მძიმე ფორმით განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, დღეისათვის საკმარისად საიმედო მონაცემები შეგროვდა რნმ ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გინეკოლოგთა და რეანიმატოლოგთა 11 პროფესიული ასოციაციის წევრებმა შეადგინეს. 

ამავე აზრზეა ჰამბურგ-ეპპენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი შტეფან კლუგე. როგორც ექიმი აცხადებს, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ორსული ქალი ხვდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მისი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ხუთი ასეთი პაციენტი იმყოფებოდა. "ეს შემთხვევები განსაკუთრებით დრამატულია. ჩვენ აუცილებლად უნდა ავცრათ ფეხმძიმე ქალები“, - აცხადებს კლუგე.

ორსული ქალები მაღალი რისკის ჯგუფს რომ მიეკუთვნებიან, ეს მეცნიერებმა ჯერ კიდევ შარშან სექტემბერში დაასკვნეს. სპეციალიზებულ ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში The BMJ გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი მასალა, რომელშიც ამ თემასთან დაკავშირებული 190-ზე მეტი კვლევის შედეგები შეჯამდა. აღნიშნულ პროექტებში თითქმის 68 ათასი ქალი მონაწილეობდა. 

დასკვნები კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს: ახალი კორონავირუსული ინფექცია ორსულ ქალებში ასიმპტომურად ხუთჯერ უფრო ხშირად მიმდინარეობს. თუმცა მათ ორჯერ მეტი რისკი აქვთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება დასჭირდეთ. 

ფეხმძიმე ქალებში არც ლეტალური შედეგია გამორიცხული და ეს მაჩვენებელი 10 ათას შემთხვევაზე 2-ს შეადგენს. 35 წლის ასაკიდან კი სიკვდილის რისკი იზრდება და ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჭარბი წონა ან თანმდევი დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი. ზოგადად, ორსული ქალები იმავე რისკის დონეზე არიან, როგორც 70-დან 84 წლამდე ასაკის ადამიანები. 

მართალია თუ არა, რომ ფეხმძიმე ქალები მხოლოდ რნმ ვაქცინით უნდა აიცრან? 

აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ორსული ქალებისთვის ყველა ვაქცინა შესაფერისი არ არის. ფეხმძიმეების აცრა მხოლოდ რნმ ვაქცინებით არის რეკომენდებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთია BioNTech / Pfizer-ისა და Moderna– ს მიერ წარმოებული პრეპარატები. თუმცა ექიმები, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ყველა ფაქტორის გაანალიზების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხმძიმე ქალმა უნდა მიიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორსულმა თავად გადაწყვიტოს, აიცრება თუ არა.

სხვა თემები