12 მაისი 2021 - 11:24

ეფექტიანია თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველივე ინექციის შემდეგ?

ფოტო: shutterstock.com

აშშ-ის მოსახლეობის 8%-ი Moderna-ს ან BioNTech / Pfizer-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი ინექციით შემოიფარგლა. The New York Times-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ ადამიანების რაოდენობა დაახლოებით ხუთი მილიონია. 

„ამის მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს“, - აცხადებს Deutsche Welle- სთან ინტერვიუში კანადის სასკაჩევანის უნივერსიტეტთან არსებული ვაქცინის განვითარებისა და ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის ორგანიზაციის (VIDO) ვირუსოლოგი ანჯელა რასმუსენი. მეცნიერის განმარტებით, ზოგიერთს შეცდომით მიაჩნია, რომ ერთი დოზაც კი საკმარისია, სხვებს მეორე ინექციის შემთხვევაში გვერდითი მოვლენების რისკის ზრდის ეშინიათ, ვიღაცას კი გარკვეული სამედიცინო მიზეზების გამო სპეციალისტებმა თავის შეკავება ურჩიეს. 

ამ მიმართულებით გარკვეული გავლენა ეკონომიკურმა და ლოგისტიკურმა მიზეზებმაც იქონიეს. მაგალითად, ამერიკული მედია წერდა შემთხვევებზე, როდესაც ზოგიერთმა ადამიანმა უარი თქვა მეორე დოზაზე. ამის მიზეზი იყო ის, რომ ვაქცინაციის ცენტრში მათ სხვადასხვა წარმოების პრეპარტის კომბინაცია შესთავაზეს. რამდენად დაცული არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი ინექციით არიან აცრილი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა. 

აცრის პირველი ინექციის შემდეგ რამდენად არის ადამიანი დაცული? 

ექსპერტებმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებისათვის დამტკიცებული პრეპარატების უმეტესობა ორდოზიან აცრას გულისხმობს. სწორედ ასე ხდება COVID-19-ისგან უფრო საიმედო და გრძელვადიანი დაცვა. კვლევების მიხედვით, მხოლოდ ერთხელ აცრილი ადამიანები გარკვეულწილად დაცულები არიან, მაგრამ რამდენად და როდემდე გრძელდება ეს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ორმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ორგანიზმში საკმაოდ ძლიერი იმუნური რეაქცია წარმოიქმნება. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ BioNTech / Pfizer-ისა და  AstraZeneca-ს პირველი ინექციის შემდეგ, სიმპტომური კორონავირუსული ინფექციების წილი 72%-ით შემცირდა. BioNTech / Pfizer– ის ორი დოზა კი ავადობისგან 90%-ით იცავს. კვლევა არ მოიცავს მონაცემებს, თუ რამდენად მაღალია დაცვის დონე AstraZeneca-თი ორმაგი ვაქცინაციის შემდეგ, რამდენადაც ისინი ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. 

კვლევის ერთ-ერთი ავტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ნაფილდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მკვლევარი კოენ პოუელსი DW- სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მეორე დოზის შემდეგ COVID-ისგან დაცვა ბევრად უფრო ეფექტიანია და დიდხანსაც გრძელდება. მეცნიერის განმარტებით, მეორე ინექცია ორგანიზმში ანტისხეულების დონეს მნიშვნელოვნად ზრდის, განსაკუთრებით კი - ხანდაზმულ ადამიანებში, ამიტომაც მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ვირუსოლოგი რასმუსენიც დასძენს, რომ ვაქცინის მეორე დოზა ასევე აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანის იმუნური მეხსიერება გრძელვადიანი პერსპექტივით გააქტიურდეს. 

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ პირველ და მეორე აცრას შორის უფრო დიდი ინტერვალი ვაქცინის საერთო ეფექტიანობას არ ამცირებს. მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისში დოზებს შორის დრო მნიშვნელოვნად გაზარდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ პრეპარატების დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში, მოსახლეობის უფრო მეტ ნაწილს მიეღო საბაზისო დაცვა მაინც. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში ეფექტიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს ორივე დოზის შემთხვევაშია დადგენილი. 

ამ პრობლემის შესწავლა დაიწყო ტორონტოს ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა მაიკლ უორნერმა. ”თქვენ არ ხართ აცრილი მანამ, სანამ ვაქცინის ორივე დოზას არ მიიღებთ”, - დაწერა მან Twitter- ის საკუთარ გვერდზე. უორნერის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც აცრის პირველი დოზის გაკეთებიდან დიდი ხნის შემდეგ (გარკვეული იმუნური დაცვა რომ უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს) ადამიანები ახალი კორონავირუსით ინფიცირდებიან და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხვდებიან. ამიტომაც კანადელი ექიმი ხელისუფლებას მოუწოდებს, ადამიანებს უფრო მკაფიო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ იმის შესახებ, აცრის ორ დოზას შორის არსებულ ინტერვალში თუ როგორ უნდა მოიქცნენ.

საკმარისია თუ არა ვაქცინის ერთი დოზა მათთვის, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა?

იმ ადამიანებისთვის, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა, სიტუაცია სხვაგვარია. გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ კოვიდგადატანილმა პირმა აცრის პირველი დოზა უნდა მიიღოს არა უადრეს ექვსი თვისა. ”გამომუშავებული იმუნიტეტის წყალობით, ძლიერი და გრძელვადიანი იმუნური რეაქცია ვაქცინის პირველივე დოზის შემდეგ ყალიბდება”, - ნათქვამია რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) ვებგვერდზე. 

ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 260-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ „BioNTech / Pfizer-ის ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ კოვიდგატანილ პირებში იმუნური რეაქცია უტოლდებოდა იმ ადამიანებისას, ვინც ვაქცინის ორივე რეკომენდებული ინექცია გაიკეთა. აღნიშნული კვლევის ავტორები წერენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, ვაქცინის ერთი დოზა საკმარისია იმ პირებისთვის, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა. 

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჯონათან ბრანის აზრით, ეს დასკვნა კიდევ ერთ უპირატესობას წარმოაჩენს. ”ბევრს უკვე ჰქონდა ახალი კორონავირუსი და უმეტეს რეგიონებში კვლავ ვაქცინების დეფიციტია.  თუ გამოჯანმრთელებულ პირებს მხოლოდ ერთხელ ავცრით, სულ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს COVID-19-ისგან სრულ დაცვას. ასეთ შემთხვევაში კი მსოფლიო საზოგადოება გაცილებით ადვილად მიიღებს იმუნიტეტის იმ დონეს, რომელიც ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს“, - წერს მეცნიერი DW-სთვის გაგზავნილ წერილში. 

სხვა თემები