31 მაისი 2021 - 11:45

რა არის მუკორმიკოზი - „შავი სოკო“, რომლის გამოც Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები ინდოეთში თვალს კარგავენ?

ფოტო: shutterstock.com

გარდა იმისა, რომ ინდოეთში Covid-19-ის მეორე ტალღა მძვინვარებს, ბოლო პერიოდში ექიმები საუბრობენ იმ იშვიათი ინფექციის შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე, რომელსაც "შავი სოკო" ეწოდება. სამედიცინო ენაზე მას ჰქვია მუკორმიკოზი, რომელიც აღენიშნებათ როგორც კოვიდგადატანილ პირებს, ასევე მათ, ვისაც COVID-19 ჯერ კიდევ აქვს. რა არის მუკორმიკოზი და რა ვიცით ამ ინფექციის შესახებ, ეს BBC-მ გაარკვია.

რა არის მუკორმიკოზი? 

მუკორმიკოზი ადამიანებში (მის მიმართ ცხოველებიც მგრძნობიარეები არიან) ძალიან აგრესიული დაავადებაა, რომელსაც მუკორის (ობის სოკოების გვარი) ოჯახის სხვადასხვა სახის სოკო იწვევს. ისინი ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან და საკმაოდ ფართოდ არიან გავრცელებული. აღნიშნული სახეობის სოკო გვხვდება მიწაში, მცენარეებში, დამპალ ხილსა და ბოსტნეულში, ცხოველის ნაკელში. როგორც წესი, ის საშიში არ არის. თუმცა სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის (მაგალითად, დიაბეტით დაავადებულები, კიბოთი ან აივ / შიდსით ინფიცირებულები) შეიძლება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდეს. ამ შემთხვევაში მუკორის ოჯახის სოკო გავლენას ახდენს ცხვირის ლორწოვან გარსზე, ფილტვებსა და თავის ტვინზეც კი. 


”ეს სოკო გვხვდება ნიადაგში, ჰაერსა და ჯანმრთელი ადამიანის ცხვირის ლორწოვან გარსშიც”, - აცხადებს მუმბაის კლინიკის თვალის ქირურგი აქშაი ნაირი. ის მიიჩნევს, რომ მუკორმიკოზის განვითარების სტიმული (შემთხვევათა 50% -ი ლეტალურად სრულდება) შეიძლება იყოს სტეროიდები, რომლებიც Covid-19-ის მძიმე ფორმის მკურნალობის დროს აქტიურად და წარმატებით გამოიყენება. 

ექიმის განმარტებით, სტეროიდები პნევმონიას ხსნიან და იმუნურ სისტემას არ აძლევენ საშუალებას, რომ კორონავირუსზე რეაქციის დროს ორგანიზმს დამატებითი ზიანი მიაყენოს. ამავდროულად, სტეროიდები იმუნიტეტს ასუსტებს და სისხლში შაქრის დონეს ზრდის. იმუნური სისტემის სწორედ ამგვარმა დასუსტებამ შეიძლება მუკომირკოზი გამოიწვიოს. 


”დიაბეტი ორგანიზმის დაცვით უნარს ადუნებს, კორონავირუსი კი ამ ეფექტს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამის შემდეგ კი სტეროიდები, რომლებიც Covid-19-თან ბრძოლას ხელს უწყობენ, ცეცხლში ნავთს უმატებენ”, - განმარტავს ექიმი ნაირი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მუმბაიში მუშაობს. ეს ქალაქი კორონავირუსის მეორე ტალღისგან ყველაზე მეტად დაზარალებულთაგან ერთ-ერთია და ექიმ ნაირს აპრილში მუკორმიკოზით დაავადებულ 40-მდე პაციენტთან ჰქონდა შეხება. ბევრი მათგანი დიაბეტით იყო დაავადებული და მათ ახალი კორონავირუსი სახლის პირობებში გადაიტანეს. თერთმეტი მათგანი მოხვდა საავადმყოფოში, სადაც მათ თვალის ამპუტაცია ჩაუტარდათ.

რა ხდება ინდოეთში?

დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, ინდოეთის სხვადასხვა ქალაქიდან ექიმ ნაირის ექვსმა კოლეგამ მუკომირკოზის 58 შემთხვევა დააფიქსირა. პაციენტთა უმეტესობას „შავი სოკო“ ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებიდან 12-15 დღის განმავლობაში გამოუვლინდა. მუმბაის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, ექიმ რენუკი ბრადუს თანახმად, ბოლო ორი თვის განმავლობაში სოკოვანი ინფექციის 24 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც მთელი გასული წლის განმავლობაში მსგავსი დიაგნოზი მხოლოდ ექვს პაციენტს დაუსვეს. 

ზემოთ ხსენებული პაციენტებიდან 11 ინფიცირებულს ცალი თვალი ამოუღეს, 6 მათგანი კი გარდაიცვალა. დოქტორ ბრადუს პაციენტების უმეტესობა შუახნის ასაკის დიაბეტით დაავადებული ადამიანები იყვნენ. სოკოვანი ინფექცია კი მათ კორონავირუსის გადატანიდან ორი კვირის შემდეგ გამოუვლინდათ. "ახლა ჩვენ ყოველ კვირას მუკორმიკოზის ორი ან სამი შემთხვევა გვაქვს. ეს პანდემიის ფონზე ნამდვილი კოშმარია", - აცხადებს ექიმი რენუკა ბრადუ. 


მსგავს ისტორიას ჰყვება ექიმი რაგჰუდარჯ ჰეგდე, რომელიც სამხრეთ ინდოეთში მდებარე ქალაქ ბანგალორში მუშაობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მას მუკორმიკოზის 19 შემთხვევასთან ჰქონდა შეხება და პაციენტთა უმრავლესობა ახალგაზრდა იყო. ”ზოგი მათგანი ისეთ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს, რომ მათთვის ოპერაციის გაკეთებაც კი ვერ შევძელით”, - თქვა მან.  


ექიმები აღიარებენ, რომ მათთვის გასაკვირია, პანდემიის პირველ ტალღასთან შედარებით,  სოკოვანი დაავადების სიხშირე და ინფექციის მძიმე მიმდინარეობა COVID-19-ის მეორე ტალღის დროს. დოქტორი ნაირი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მუმბაიში მას მუკომირკოზის ათამდე შემთხვევაზე მეტი არ ჰქონია, თუმცა წელს სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. ბანგალორში კი ექიმ ჰეგდეს 10-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში „შავი სოკოთი“ დაავადებული პაციენტი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ ჰყოლია.

რა სიმპტომები ახასიათებს მუკომირკოზს?

როგორც წესი, მუკორმიკოზით დაავადებულ პაციენტებს ცხვირიდან სისხლდენა, თვალების შეშუპება და ტკივილი, ქუთუთოების შესიება, მხედველობის გაუარესება და შემდეგ სრულიად დაკარგვა აღენიშნებათ. ამადროულად, შეიძლება პაციენტს ცხვირის ირგვლივ კანი გაუშავდეს. ექიმები ამბობენ, რომ მუკორმიკოზით დაავადებული პირები მათთან ხშირად დაგვიანებით მიდიან. ისინი სპეციალისტს მიმართავენ მაშინ, როდესაც მხედველობა უკვე დაკარგეს. სწორედ ამიტომ ქირურგებს, როგორც წესი, ცალი თვალის ამოღება უწევთ, რათა ინფექცია თავის ტვინში არ მოხვდეს.


ინდოელი ექსპერტების განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი მხედველობას ორივე თვალში კარგავს. იშვიათად, ინფექციის გავრცელების შეჩერების მიზნით, ყბის მოცილებაც ხდება საჭირო. დაავადების საწინააღმდეგოდ მხოლოდ ერთი წამალია ეფექტიანი - სოკოს საწინააღმდეგო ინტრავენური ინექცია, რომელიც პაციენტს ყოველდღე, რვა კვირის განმავლობაში უნდა გაუკეთდეს. 


მუმბაის კლინიკის დიაბეტოლოგის, დოქტორ რაჰულ ბაქსის აზრით, სოკოვანი ინფექციის თავიდან აცილება შესაძლებელია სტეროიდების სწორი დოზირების დაცვით როგორც ახალი კორონავირუსის მკურნალობის დროს, ასევე, მის შემდეგ. ის ირწმუნება, რომ დიაბეტით დაავადებული 800 პაციენტიდან, რომლებიც COVID-19-ით დაინფიცირდნენ და მასთან მკურნალობდნენ, მუკორმიკოზი არცერთს გამოვლენია. ”ექიმებმა უკვე გაწერილი პაციენტების სისხლში შაქრის დონე კარგად უნდა გააკონტროლონ ”, - გვირჩევს დოქტორი ბაქსი. 


ინდოეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მუკორმიკოზის მნიშვნელოვანი აფეთქება ქვეყანაში არ არის. თუმცა ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. ”ეს შტამი ძალიან ვირულენტურია, რაც მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს და საკმაოდ უცნაურია ისიც, რომ აღნიშნული სოკოვანი ინფექცია ბევრ ახალგაზრდას აღენიშნება“, - აცხადებს ექიმი ჰეგდე. გასულ თვეში, მისი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი იყო 27 წლის კაცი, რომელსაც დიაბეტიც კი არ ჰქონდა. "მოგვიწია, მისთვის ოპერაცია გაგვეკეთებინა მაშინ, როდესაც კორონავირუსით უკვე მეორე კვირა იყო ინფიცირებული და თვალი ამოვუღეთ. რა თქმა უნდა, ეს მისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო", - ამბობს ექიმი. 

სხვა თემები