04 ივნისი 2021 - 11:20

რა არის პოსტკორონავირუსული სინდრომი, რა იწვევს და რამდენ ხანს გრძელდება 

ფოტო: shutterstock.com

COVID-19- ისგან ოფიციალურად გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ცხოვრების ჩვეულ რიტმს ისევ ვერ უბრუნდება. ახალმა კორონავირუსმა ზოგს ქოშინი დაუტოვა, სხვას - მომატებული დაღლილობა, ვიღაცას კი - სუნისა და გემოს შეგრძნება მას შემდეგ აღარ დაბრუნებია. არიან პაციენტები, რომელთაც სიმპტომები რამდენიმე კვირის შემდეგ მოულოდნელად კვლავ განუახლდათ და უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში ახალი გამოვლინებები დაემატა. არსებობს კატეგორია, რომელსაც COVID-19 სერიოზულ ქრონიკულ დაავადებადაც კი ექცა და ამასთან ერთად, ფაქტობრივად, ყველა ორგანო დააზიანა. 


მეცნიერები და სხვადასხვა მიმართულების ექიმები ერთობლივად ცდილობენ გააცნობიერონ, თუ როგორ და რატომ იქცა ინფიცირებული ადამიანების 10-15% -ში ახალი კორონავირუსი „ხანგრძლივ კოვიდად“ (ექიმები მას "პოსტკოვიდურ სინდრომს" უწოდებენ). აშშ-ში უკვე არსებობს მოწოდება, რომ ის ინვალიდობასთან გაიგივდეს. 

BBC-მ გაარკვია, რა ვერსიებია დღეისათვის მეცნიერთათვის ყველაზე მისაღები და რა ელით პაციენტებს, რომელთა უმეტესობა წელიწადზე მეტია გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს.

რას ნიშნავს პოსტკოვიდური სინდრომი?

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი პოსტკოვიდურ სინდრომს ასე განმარტავს: "ეს არის სიმპტომები, რომლებიც  ინფექციის მიმდინარეობის დროს ან შემდეგ ჩნდება და Covid-19- ის კლინიკურ სურათში ჯდება. ამავდროულად,  12 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება და შეუძლებელია მათი სხვა მიზეზით ახსნა ან ალტერნატიული დიაგნოზის დასმა. ” ასეთი "ნიშნებისა და სიმპტომების" ჩამონათვალის შედგენას ჯანმო უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს. 


როგორც უკვე ვიცით, COVID-19 ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ამიტომაც სპეციალისტები მას რესპირატორულ დაავადებად განიხილავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ან პირის ღრუდან მოხვედრილი ვირუსი ზედა სასუნთქი გზების ინფექციას იწვევს, შემდეგ კი ფილტვებში „ჩადის”. თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ როგორც კი ახალი კორონავირუსი სისხლში მოხვდება, ის მთელ ორგანიზმში სწრაფად ვრცელდება და ყველაზე მეტად დაუცველ ორგანოებს „ურტყამს“. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ SARS-CoV-2- ს შეუძლია ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდსასქესო და გულსისხლძარღვთა სისტემების ფუნქციონირება დაარღვიოს. 


ეს იმას ნიშნავს, რომ COVID-19-ით გამოწვეული გრძელვადიანი გართულებები შეიძლება თითქმის ყველგან გამოვლინდეს. ”პოსტკოვიდური სინდრომი სრულიად განსხვავებულ ორგანოებს აზიანებს, ამიტომაც ეს აშკარად ინტერდისციპლინარული პრობლემაა”, - აცხადებენ ჯანმოში. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, გასული წლის განმავლობაში მათ მიმართა უამრავმა პაციენტმა, რომლებიც ძალიან გაჭიანურებულ დაავადებას უჩივიან და ჯანმოს სთხოვენ, რომ პოსტკოვიდური სინდრომი რეალურად აღიარონ და განაცხადონ, რომ ეს წარმოსახვის შედეგი არ არის. 


შეიძლება ითქვას, რომ ჯანმოს პოზიცია ამ მიმართულებით ცალსახაა. „ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემა რეალურია და პოსტკოვიდური სინდრომი სხვადასხვა ორგანოს აზიანებს. ამ ეტაპზე მონაცემების სისტემატური შეგროვება მიმდინარეობს, რათა მათ საფუძველზე მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროტოკოლი შევიმუშავოთ“, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. 

სამი ხანგრძლივი კოვიდური თვე 

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, თითქმის ყოველ მეშვიდე პაციენტს, რომელსაც COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი ჰქონდა, კორონავირუსის  სიმპტომები, სულ ცოტა, სამ თვეს გაუგრძელდა. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 110 მილიონს გადააჭარბა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღეს, ამა თუ იმ ფორმით, სულ მცირე, დაახლოებით 15 მილიონს ადამიანს შეიძლება „ხანგრძლივი კოვიდის“ სიმპტომები აღენიშნებოდეს. 


სხვადასხვა ქვეყანაში და პანდემიის სხვადასხვა ეტაპზე, ტესტირების პრობლემების გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით, თითქმის 500 000 ადამიანი ჩიოდა, რომ კოვიდ-სიმპტომებისგან გათავისუფლება, სულ ცოტა, ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლეს. ამასთანავე, ამ ნახევარ მილიონში პანდემიის მეორე ტალღის (რომელიც ქვეყანაში ოქტომბერში დაიწყო) პაციენტები არ შედიან. 


აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ფრენსის კოლინზის განმარტებით, იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომელთა შემთხვევაშიც COVID-19-მა  ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები უკვე გამოიწვია, 3 მილიონს აღწევს. „ეს იმდენად დიდი პრობლემაა ერის ჯანმრთელობისთვის, რომ მისი შეფასებაც კი რთულია”, - განაცხადა მან. 

აღსანიშნავია, რომ ძირითადად, COVID-19-ის სიმპტომები შედარებით ახალგაზრდა პაციენტებში გაჭიანურდა. პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ადამიანების საშუალო ასაკი 40 წელია და მათ შორის გაცილებით მეტი ქალია, ვიდრე - კაცი (70-80%).

რა სიმპტომები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს? 

ამ მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ კვლევას წარმოადგენს ინტერნეტ-გამოკითხვა, რომელიც ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ერთობლივად ჩაატარეს. მასში მონაწილება მიიღო 3800-მა ადამიანმა, რომელთაც საბოლოო ჯამში 205 გამოვლინება ჩამოთვალეს. 


გამოკითხულთა უმეტესობის თანახმად, მათ  ძირითადად აღენიშნებოდათ სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა, სისუსტე და ტვინში ერთგვარი ბუნდოვანების შეგრძნება. რესპონდენტთა სამი მეოთხედი დაინფიცირებიდან ექვსი თვის შემდეგაც კი ენერგიის კატასტროფულ უკმარისობაზე საუბრობდა. ეს შეგრძნება აღწევდა იმ დონემდე, რომ მათ მარტივი საყოფაცხოვრებო საქმეების გაკეთება უჭირდათ - მაგალითად, ჩაცმა, საუზმე ან საპირფარეშოში შესვლა. 


ბევრ ექსპერტს ასევე აწუხებს ის ფაქტი, რომ პოსტკოვიდური სინდრომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება. მათ შორის არის ბუნდოვანი ცნობიერება, რაც უფრო მეტად ახასიათებს ფსიქიკურ აშლილობას, რაც, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ვითარდება. 


ბევრი პაციენტი საუბრობდა ამა თუ იმ საკითხზე კონცენტრირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მარტივი დაბრკოლების გადალახვის ან გადაწყვეტილების მიღების სირთულეებზე. ეს პრობლემები ავადმყოფობის პირველივე კვირიდან იწყებოდა და სამ თვეს გრძელდებოდა. თუმცა ეს პერიოდი შეიძლება ექვს თვემდეც გაჭიანურდეს და გარკვეული სირთულეები არც მერე მოგვარდეს. არის შემთხვევები, როდესაც კოვიდგადატანილ პაციენტებს გემოსა და სუნის შეგრძნება აღარ უბრუნდებათ, ასევე მათ უვითარდებათ ფილტვის ფიბროზი ან სხვა ორგანოს სერიოზული დაზიანება აღენიშნებათ.

რა არის პოსტკოვიდური სინდრომის გამომწვევი მიზეზი? ოთხი თეორია და ფრთხილი ოპტიმიზმი 

მეცნიერთა განმარტებით, COVID-19 არც  პირველი და რა თქმა უნდა, მითუმეტეს არც ერთადერთი დაავადებაა, რომელიც ასეთ უსიამოვნო და გრძელვადიან შედეგებს იწვევს. BBC-სთან ინტერვიუში კი კვლევითი ფონდის „PolyBio“ სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, დოქტორი  ემი პროალი „ხანგრძლივი კოვიდის“ ოთხ შესაძლო მიზეზზე საუბრობს. 
პირველი: დაავადების მწვავე ფაზის დროს, კორონავირუსი ამა თუ იმ ორგანოს ძლიერად აზიანებს (მაგალითად, ზემოხსენებული ფიბროზის გამო). როდესაც ეს პერიოდი სრულდება, დაზიანებულ ორგანოს თავისი ფუნქციების სრულად აღდგენა ყოველთვის არ შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ COVID-19 აპროვოცირებს ქრონიკულ დაავადებას, რომელიც ვირუსთან პირდაპირ კავშირში არ არის. 


მეორე: მიუხედავად იმისა, რომ PCR ტესტით შეიძლება ვირუსი აღარ გამოვლინდეს, ის პაციენტის ორგანიზმს სრულად მაინც არ ტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ  ის რჩება ამა თუ იმ ორგანოში („რეზერვუარი“) - მაგალითად, ღვიძლის ქსოვილში ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ამ შემთხვევაში, სწორედ ვირუსის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული სიმპტომები, რადგან ის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს. სწორედ ასეთი შემთხვევები აღენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც ზიკას ან ებოლას ვირუსებისგან „გამოჯანმრთელდნენ“. 


მესამე:  Sars-Cov-2 ანადგურებს ორგანიზმის თანდაყოლილი იმუნური სისტემის თავისებურ პარამეტრებს და აფერხებს ინტერფერონის სიგნალებს, რომლებიც ჩვენს სხეულში მუდმივად მცხოვრებ სხვა ვირუსებს აკავებს.  სწორედ ამიტომ ეს სხვა ვირუსები აქტიურდებიან და  გამრავლებას იწყებენ. მაგალითად, დოქტორ პროალის თანახმად, პანდემიის დროს უკვე ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რომლებიც კოვიდპაციენტებში ჰერპესის ვირუსების რეაქტივაციას ადასტურებს. 
დაბოლოს, მეოთხე შესაძლო მიზეზი გენეტიკური ფაქტორით აიხსნება. ასეთ დროს დამთხვევის შედეგად, კორონავირუსი პაციენტის დნმ-თან რეალურ კონფლიქტში შედის და  COVID-19 ქრონიკულ აუტოიმუნურ დაავადებად იქცევა. ეს ხდება მაშინ, როდესაც პაციენტის ორგანიზმში წარმოებული ერთ-ერთი ცილა თავად ვირუსის ცილის ფორმისა და ზომის მსგავსი აღმოჩნდება. ეს ფენომენი „მოლეკულური მიმიკრიის“ სახელით არის ცნობილი და მაშინაც კი, თუ ორი ცილის მოლეკულების შემადგენლობას თითქმის არაფერი აქვს საერთო, ასეთი დამთხვევა უკვე შეიძლება საკმარისი იყოს. ინფექციაზე ორგანიზმის აგრესიული იმუნური პასუხი აუცილებლად გაანადგურებს პაციენტის საკუთარ უჯრედებსაც, რომლებიც მისთვის საჭირო ცილებს აწარმოებენ. 


დოქტორ პროალის თქმით, ყველა ზემოხსენებული თეორია ერთმანეთს არ გამორიცხავს და შეიძლება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე კონკრეტულ პაციენტში ნებისმიერი კომბინაციით შეგვხვდეს. კითხვაზე, პაციენტები, რომლებიც წელიწადზე მეტია უსიამოვნო კოვიდსიმპტომებს ებრძვიან, შეძლებენ თუ არა სრულად გამოჯანმრთელებას, მეცნიერი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პასუხობს: ”ვფიქრობ ... ვფიქრობ, რომ პაციენტები უკეთ გახდებიან. დიახ, მე ოპტიმისტი ვარ!“.

სხვა თემები