01 ივლისი 2021 - 11:36

Microsoft-მა Windows 11-ი წარადგინა. რა ცვლილებები შეიტანა კომპანიამ თავისი ოპერაციული სისტემის განახლებულ ვერსიაში?

ფოტო: Microsoft

Microsoft- მა Windows-ის განახლებული ვერსიის დიზაინი შეცვალა -  კუთხოვანი ფორმის ნაცვლად, შეიქმნა უფრო ჰაეროვანი მენიუ, რომელსაც მომრგვალებული კუთხეები აქვს. ბოლოს და ბოლოს, დავალების პანელი “დაწყება“ (start) ეკრანის ცენტრში გადაიტანეს. თუმცა სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ ის თავის ჩვეულ ადგილს, მარცხენა ქვედა კუთხეს (სადაც ყოველთვის იყო კიდეც) დაუბრუნონ. ახლა უკვე აპლიკაციების დაჯგუფებაა შესაძლებელი. ამიტომაც ერთი პროგრამიდან მეორეზე გადართვა უფრო სწრაფად მოხდება.


ამავდროულად, შესაძლებელია შექმნათ რამდენიმე სამუშაო მაგიდა, რომლებიც კონკრეტულ მიზნებზეა ორიენტირებული. მაგალითად, ერთი მაგიდა მოაწყვეთ თამაშებისთვის, მეორე კი - სამუშაოსთვის. გარდა ამისა, Windows 11-ს აქვს ცალკე გვერდი ვიჯეტებით: კალენდარი, ამინდი, საძიებო სისტემა, დავალებების ჩამონათვალი და სხვ. ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია პლანშეტებშიც მუშაობს. ამასთანავე, ინტერფეისი ერგება იმ მოწყობილობას, რომელშიც ის იტვირთება. Windows 11-ი რეაგირებს ეკრანზე შეხებასა და სწრაფი ბრძანებების ჟესტებზეც.

Windows 11-ი ახლა Android-ის პროგრამებისთვის არის განკუთვნილი

მათი გადმოწერა პირდაპირ Microsoft Store-დან არის შესაძლებელი. თუმცა სინამდვილეში მას სხვა მაღაზიიდან ჩამოტვირთავენ. ეს არის  Amazon Appstore-ი, რომელსაც Microsoft Store-ი მოიცავს. Android-სთვის განკუთვნილი პროგრამა შეგიძლიათ დესკტოპზე შეინახოთ და შინაარსობრივად დააჯგუფოთ. ის მუშაობს ისე, როგორც სხვა სტანდარტული პროგრამები.

Microsoft-ი თავისი ოპერაციული სისტემის მე -11 ვერსიას ასე აფასებს: "საუკეთესო Windows-ი თამაშებისთვის"

როგორც ჩანს, ეს სიმართლეა. Windows 11-ში ჩამონტაჟებულია xCloud-ის სტრიმინგ სერვისი, რომლის საშუალებითაც Xbox-ის კონსოლებისთვის განკუთვნილი თამაშები შეგიძლიათ ღრუბლოვან პლატფორმაზე ითამაშოთ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამის გაკეთება სუსტი ტექნიკური მონაცემების მქონე კომპიუტერებსა და ტაბლეტებშიც არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ამ პლატფორმას აქვს Game Pass- ის სააბონენტო სერვისი, რომელიც ასობით თამაშს მოიცავს. გარდა ამისა, Windows 11-ში Auto HDR ფუნქცია მუშაობს. ის უზრუნველყოფს თამაშების დინამიკურ დიაპაზონს, მათ შორის ისეთ ძველ ვერსიებში, როგორიცაა 2011 წელს გამოშვებული The Elder Scrolls V: Skyrim-ი. რა თქმა უნდა, ფერთა გამა Auto HDR-ის წყალობით გაცილებით ბუნებრივია.

თქვენი ოპერაციული სისტემის Windows 11-ით განახლება უფასოდ შეგიძლიათ

მხოლოდ იმ პირობით, რომ თქვენ უკვე იყენებთ Windows 10-ს (თავის დროზე, იმავე სისტემის გამოყენებით, Microsoft- მა ნება დართო მომხმარებლებს Windows 7 და 8 უფასოდ შეეცვალათ Windows 10-ით). Windows 11-ის გასაშვებად დაგჭირდებათ კომპიუტერი, რომელსაც  4-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და DirectX 12-ის მხარდამჭერი ვიდეობარათი აქვს. განახლებები მოწყობილობებზე ეტაპობრივად „მოფრინდება“. თავად Microsoft-ის განცხადება ასეთია: ”განახლებების გეგმა ჯერ კიდევ მუშავდება. თუმცა იმ მოწყობილობების უმეტესობისთვის, რომლებიც დღეს უკვე გამოიყენება, განახლება 2022 წლის დასაწყისისთვის იგეგება”.

სხვა თემები