03 სექტემბერი 2021 - 09:19

ვინ არიან თალიბები? არის თუ არა ეს დაჯგუფება „ალ ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ იდენტური?

ფოტო: Facebook

თალიბები, რომლებიც ამ დროისთვის თითქმის მთელ ავღანეთს აკონტროლებენ, ცდილობენ მთელ მსოფლიოსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაანახონ, რომ ისინი აღარ არიან ის "ველური" რადიკალები, რომლებიც ავღანეთს 1990 -იანი წლების ბოლოს სასტიკი მეთოდებით მართავდნენ. „თალიბანმა“ გამოაცხადა ამნისტია ყველასთვის, ვინც ამერიკელებთან თანამშრომლობდა, პირობა დადო, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებებს პატივს სცემს და „ქალებსაც კი ნებას დართავს“, რომ ისწავლონ და იმუშაონ. ქაბულის ათასობით მკვიდრს, რა თქმა უნდა, ამის არ სჯერა და ისინი ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ, ავღანეთი დატოვონ. რეალურად რა დაჯგუფებაა „თალიბანი“ და რით განსხვავდება ის „ალ ქაიდასგან“? 

 „თალიბანი“ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ ქაიდას“ მსგავსი რელიგიური გაერთიანებაა, თუ გარკვეული სახის ეროვნული მოძრაობა?

მოძრაობა „თალიბანი“ არაერთგვაროვანია. ის, ერთი მხრივ, აერთიანებს დაჯგუფებებს, რომლებიც მსოფლიო ჯიჰადის იდეებით (ბრძოლა რწმენისთვის) არიან დაინტერესებულნი. მეორე მხრივ, აქვე არიან პუშტუნი ნაციონალისტები, რომლებიც გეგმავენ შექმნან ერთიანი პუშტუნური სახელმწიფო არა მხოლოდ ავღანეთის ტერიტორიაზე, არამედ - პაკისტანშიც, სადაც მოსახლეობის 15% პუშტუნია. ავღანეთში კი ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები მოსახლეობის დაახლოებით 40-45% -ს წარმოადგენენ. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ „თალიბანის“ პოლიტიკურად დომინანტი ყველა განშტოება ავღანეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ფიქრობს. 


„თალიბანი“ („თალიბი“ არაბულიდან ითარგმნება როგორც მოსწავლე, „თალიბანი“ არის ამ არსებითი სახელის მრ. რიცხვის ფორმა) 1990 -იანი წლების შუა ხანებში პაკისტანის ისლამურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური მოძრაობის სახით გაჩნდა. ამ დაჯგუფების წევრები იყვნენ დეობანდიზმის სწავლებების მიმდევრები.  ეს არის სუნიტური ისლამის მიმდინარეობა, რომელიც მე -19 საუკუნეში ბრიტანეთის ინდოეთში წარმოიშვა. 


გარეშე დამკვირვებლისთვის თანამედროვე დეობანდიზმი ძალიან ჰგავს ვაჰაბიზმს, რომელიც იყო კიდეც დეობანდიზმის შემქმნელთა შთაგონების წყარო. ორივე სწავლებას შეიძლება "ფუნდამენტალისტური"  ვუწოდოთ, რადგან ისინი მიმდევრებისგან ითხოვენ სიტყვასიტყვით დაემორჩილონ შარიათის კანონს იმ სახით, როგორც ის ისლამის გარიჟრაჟზე გამოჩნდა. დეობანდიზმის მიმდევრები, ისევე, როგორც ვაჰაბიტები, იბრძვიან შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებსაც ერეტიკოსებად მიიჩნევენ. გარდა ამისა, აღნიშნული დოქტრინა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ "პრაქტიკულ ბრძოლას" მიესალმება: დეობანდიზმის სულიერი ლიდერები 2001 წელს თალიბების მიერ ავღანეთის ბამიანის პროვინციაში ბუდას ანტიკური ქანდაკებების განადგურებას მხარს უჭერდნენ. 


ამავდროულად, დეობანდიზმი ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ აზიასა და ამ ქვეყნებიდან წასული იმიგრანტებით კომპაქტურად დასახლებულ სხვა რეგიონებში (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში). აღნიშნული სწავლება მესიანიზმს საერთოდ არ ცნობს: მის მიმდევრებს სულაც არ აინტერესებთ, რა ხდება მათი საცხოვრებელი ტერიტორიების მიღმა. თუმცა, მეორე მხრივ, ვაჰაბიტებმა ჩამოაყალიბეს რამდენიმე გლობალური მოძრაობა, მათ შორის ტერორისტული ქსელი „ალ-ქაიდა“, რომელიც მთელ მსოფლიოში რელიგიური სახელმწიფოს (ხალიფატის) შესაქმნელად იბრძვის. ამასთანავე, სხვა საკითხებში ამ ორი ისლამური სწავლების იდეოლოგიურმა სიახლოვემ განაპირობა ის, რომ მათი ლიდერები გახდნენ ბუნებრივი მოკავშირეები ავღანეთსა და პაკისტანში. 


ავღანეთში ფუნდამენტალისტურ დოქტრინას საკუთარი ეროვნული თავისებურებები ახასიათებს. დეობანდისტი თალიბების უმეტესობა არის პუშტუნი, მათ შორის, 1970 -იანი წლების ბოლოს მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებული ავღანელი ლტოლვილები და მათი შთამომავლები. მათმა წარმომავლობამ არანაკლები გავლენა იქონია მათ კულტურასა და იდეოლოგიაზე, ვიდრე რელიგიურმა სწავლებამ. კერძოდ, ტრადიციის მიხედვით, პუშტუნები იცავენ თავიანთ "ღირსების კოდექსს“, რომელსაც პუშტუნვალაი ეწოდება. ამ „კოდექსის“ გარკვეული „დებულებების“ პრაქტიკაში გამოყენებამ (მაგალითად, სისხლისღვრის შეწყვეტის სანაცვლოდ, "დამნაშავის" ოჯახიდან მოზარდი გოგოს შურისმაძიებელზე დაქორწინება) გამოიწვია ის ფაქტი, რომ 90 -იან წლებში „თალიბანის“ ხანმოკლე რეჟიმს დასავლეთში "ველურს" უწოდებდნენ. 


არანაკლებ გამომწვევად გამოიყურებოდა „თალიბანის“ სხვა ქმედებები. მათი ძალაუფლების დამყარება ქაბულში ყოფილი პროსაბჭოთა მმართველის, მუჰამედ ნაჯიბულას სასტიკი მკვლელობით  დაიწყო. ეს უკანასკნელი თალიბებმა გაეროს ოფისში დაატყვევეს და მისი მკვლელობა შურისძიების მოტივით ახსნეს. ამავდროულად, ზემოთ ხსენებული ბუდას ანტიკური ქანდაკებების განადგურება დაჯგუფების წევრებმა კერპებთან ბრძოლით გაამართლეს. “ალ-ქაიდას“ ტერორისტებისთვის (რომლებმაც ათასობით ადამიანი მოკლეს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში) თავშესაფრის მიცემა კი თალიბებმა სტუმართმოყვარეობის ტრადიციით ახსნეს.


ამ ყველაფრის საფუძველზე ისმის ბუნებრივი კითხვა: არის თუ არა დღეს „თალიბანი“ უფრო ლოიალური და ზომიერი, ვიდრე 1990 -იან წლებში? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თალიბები ტერორისტებად აღარ ჩაითვლებიან? ერთი რამ ფაქტია, მიუხედავად ერთი შეხედვით შერბილებული განცხადებებისა, ქაბულიდან მოშორებით მდებარე რაიონებში თალიბები იმავე სულისკვეთებით განაგრძობენ მოქმედებას, როგორც ეს 1990-იან წლებში ხდებოდა. 

სხვა თემები