20 სექტემბერი 2021 - 10:28

24 სექტემბრიდან iPhone 13-ის გაყიდვა დაიწყება. რა სიახლეებს სთავაზობს ამჯერად Apple-ი თავის მომხმარებლებს?

ფოტო: Facebook

რევოლუცია ნამდვილად არ მომხდარა, თუმცა ისინი, ვისაც კამერა და ეკრანი აინტერესებს, ტელეფონის განახლებას ალბათ მოინდომებენ. შემადგენლობა დაახლოებით იგივეა, რაც შარშან იყო. iPhone ისევ ოთხია - iPhone 13 მინი, საშუალო iPhone 13 და ორი ოდნავ უფრო დიდი ტელეფონი - Pro და გიგანტური Pro Max. ისინი განსხვავდებიან არა მხოლოდ ზომით, არამედ შესაძლებლობებითაც.

iPhone 13 და iPhone 13 mini

დავიწყოთ iPhone 13-ითა და iPhone 13 მინით. პირველ რიგში, კამერის მოდული შეიცვალა - ამჯერად ობიექტივი დიაგონალზეა განლაგებული, წინა კამერამ კი ოდნავ მაღლა აიწია (მათ შორის, Pro ვერსიებზეც). მეორე მხრივ, მეცამეტე ხაზის ყველა iPhone აღჭურვილია უახლესი A15 Bionic ჩიპით, რაც შარშანდელთან შედარებით, პროცესორს კიდევ უფრო პროდუქტიულსა და ძლიერს ხდის. გაუმჯობესდა ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაც. დატენვის შემდეგ, iPhone 13 მინი  1.5 საათით დიდხანს ფუნქციონირებს, ვიდრე - iPhone 12 მინი, iPhone 13-ისა და iPhone 12-ის შედარების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი  2.5 საათს შეადგენს. 


აღსანიშნავია, რომ iPhone 13-სა და iPhone 13 მინის აქვს კამერის სენსორი, როგორც iPhone 12 Pro Max-ს. ეს მატრიცის ცვლის საშუალებით გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერას გულისხმობს. თავად კამერები კი ცუდი განათების ფონზე ამჯერად გაცილებით უკეთ იღებენ. გარდა ამისა, iPhone 13-სა და iPhone 13 მინის აქვთ ახალი ფუნქცია -  "ფოტოგრაფიული სტილი” (შეგიძლიათ სურათის დამუშავების სტილი ნეიროქსელების გამოყენებით შეარჩიოთ) და "კინოს ეფექტის" რეჟიმი (ვიდეოს გადაღებისას სიღრმისეულ ეფექტს ქმნის და ობიექტებს შორის ფოკუსს რეალურ დროში გადართავს). 


ამავდროულად, iPhone 13-ისა და iPhone 13 მინის მეხსიერების მოცულობაც გაიზარდა. კომპანიამ 64-გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე მოდელებზე უარი თქვა. Apple-ის ახალი მოდელების შეძენა 24 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

iPhone 13 Pro და 13 Pro Max

როგორც ყოველთვის, ყველაზე საინტერესო სიახლეები ისევ Pro ვერსიებს ერგო. ორივე მოდელს აქვს გაუმჯობესებული Super Retina XDR დისპლეი, რომელსაც ადაპტირებული სიჩქარის განახლების რეჟიმი აქვს. 


ეს იმას ნიშნავს, რომ ProMotion ტექნოლოგიის წყალობით, ორივე მოწყობილობას შეუძლია  განახლების სიჩქარე 10 -დან 120 ჰერცამდე დიაპაზონით შეცვალოს. ProMotion-ი ითვალისწინებს, რით არის ტელეფონის მფლობელი დაკავებული და მისი აქტივობიდან გამომდინარე, განახლების სიჩქარეს ავტომატურად არეგულირებს. წიგნის კითხვის შემთხვევაში, ტემპი ნაკლები იქნება, ფილმის ყურებისას კი პირიქით, გაიზრდება (სურათი უფრო გლუვი გახდება). ეს ბატარეის ენერგიას დაზოგავს.  


iPhone 13 Pro-სა და iPhone 13 Pro Max-ის შესახებ ეს ყველაფერი არ არის. მათ აქვთ სამი ახალი ლინზა: ფართოკუთხოვანი, ულტრა ფართოკუთხოვანი და ტელეფოტო. ღამის რეჟიმში გადაღების ფუნქციაც ორივე მათგანს აქვს. ტელეფოტოს დაემატა სამჯერადი ოპტიკური ზუმი, რომლის ფოკუსი 77 მილიმეტრია (მთელი სისტემის ოპტიკური მასშტაბირების დიაპაზონი 6x-ია). ულტრა ფართოკუთხოვან კამერას მაკროგადაღების რეჟიმი აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ საგნები ორი სანტიმეტრის დისტანციიდან გადაიღოთ. 


უფრო მეტიც, აღნიშნული მოდელებით შეგიძლიათ 4K კლიპის გადაღება ProRes ფორმატში, რომელსაც პროფესიონალი კინორეჟისორები იყენებენ. ეს ყველაფერი შესაძლებელია ხუთბირთვიანი გრაფიკული პროცესორის წყალობითაც, რომელიც 13 Pro-სა და 13 Pro Max– შია ჩამონტაჟებული. ბატარეის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაშიც გაუმჯობესდა: 13 Pro საათნახევარით მეტს მუშაობს, ვიდრე - 12 Pro, 13 Pro Max კი - ორსაათნახევრით დიდხანს ინარჩუნებს მუშა მდგომარეობას, ვიდრე - 12 Pro Max. 


კიდევ ერთი საყურადღებო რამ: Pro მოდელებს აქვთ 1-ტერაბაიტიანი მოცულობის მეხსიერების  ვერსიები და ეს iPhone- ების ისტორიაში პირველად ხდება. ეს მოსახერხებელი იქნება მათთვის, ვინც ვიდეოს გადაღებას მაღალი გარჩევადობით ამჯობინებს.

სხვა თემები