13 სექტემბერი 2017 - 22:13

რა არის და ვის სჭირდება პროფკავშირი? გარჩევა

ფოტო: პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა/facebook

14-15 სექტემბერს, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ყრილობა იმართება, რომელზეც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. არჩევნებამდელი კამპანია კანდიდატებს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე და ხმაურით წარიმართა.

რა არის პროფკავშირი?

პროფესიული კავშირი (პროფკავშირი) საერთო პროფესიის მქონე ადამიანთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომლის მიზანიც გაერთიანების წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის არსებობს იმისთვის, რომ დასაქმებულების ინტერესები, მათი უფლებები, ხელფასები და სამუშაო პირობები დამსაქმებლებთან მოლაპარაკებებისას დაიცვას.

პროფკავშირების როლი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, კარგად მომუშავე და პრესტიჟული პროფკავშირები დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების კარგ მაჩვენებლად ითვლება. უკეთესი სამუშაო პირობებისათვის ბრძოლაში მონაწილეობის გარდა, ევროპაში პროფკავშირებს ჰქონდა და ახლაც აქვს, წამყვანი როლი სოციალური მოძრაობების შექმნასა და ცვლილებების განხორციელებაში. 

მაგრამ, ისეთ ქვეყნებში, სადაც ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმები არსებობდა, პროფკავშირები სახელმწიფო სტრუქტურების გაგრძელებას წარმოადგენდა და პოლიტიკური ელიტის დაქვემდებარებაში იყო, რომელიც მას თავის ინსტრუმენტად იყენებდა. ამიტომ, მაგალითად, საქართველოს მსგავს ქვეყნებში, რომლებსაც ასეთ რეჟიმში ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, პროფკავშირის როლის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს, შესაბამისად, ამ ორგანიზაციის რეალური გავლენა ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაზე სუსტია.  

პირველი პროფკავშირი როდის გაჩნდა?

პროფკავშირები სამრეწველო რევოლუციის შედეგია, და პირველი პროფკავშირებიც მე-18 საუკუნეში, რევოლუციის სამშობლოში - დიდ ბრიტანეთში გაჩნდა.

18-საათიანმა სამუშაო გრაფიკმა, დასვენების დღეების არარსებობამ, ქალთა და ბავშვთა იძულებითმა შრომამ, მძიმე სამუშაო პირობებმა და დაბალმა ანაზღაურებამ გააერთიანა ქარხნის მუშები და მათ საკუთარი უფლებების დასაცავად პროფესიული გაერთიანებები შექმნეს. ხელისუფლება მათ რეპრესიებით დაუპირისპირდა. პროფკავშირების საქმიანობა აკრძალული იყო, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. ის დიდ ბრიტანეთში ლეგალური გახდა 1872 წელს, გერმანიაში - 1897 წელს, საფრანგეთში კი 1884 წელს.

ინგლისში პირველ პროფკავშირად მიჩნეულია 1818 წელს მანჩესტერში დაფუძნებული "ფილანტროპების გაერთიანება", რომელიც ფარულად საქმიანობდა. პროფკავშირები სხვა ევროპულ ქვეყნებშიც დიდი ბრიტანეთის მსგავსად გაჩნდა.

თუ პროფკავშირის წევრი არ ვარ, ჩემს შრომით უფლებებს ვერ დავიცავ?

დაიცავთ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, სასამართლოში და ინდივიდუალურად. თუ თქვენ არ ხართ თქვენს სამუშაო დარგში შექმნილი პროფესიული კავშირის წევრი, მაშინ წევრობის პრივილეგიით ვერ ისარგებლებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფკავშირი ვერ დაგიცავთ თუ თქვენი დამსაქმებელი დამატებით სამუშაო საათებს არ აგინაზღაურებთ; სამუშაო ადგილზე უსაფრთხო გარემო არ გექნებათ, რის გამოც შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას; თუ ფეხმძიმედ ხართ, დეკრეტს ითხოვთ და დამსაქმებელი უარს გეუბნებათ და ასე შემდეგ.

ორგანიზაციაში გაწევრიანება მარტივია. ამისთვის საჭიროა დარგობრივი პროფესიული გაერთიანების ოფისში მისვლა და განცხადების დაწერა.

პროფკავშირის შექმნა და მასში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და სხვა სამუშაო ადგილზე.

რა შემოსავალი აქვს პროფკავშირებს და ვინ აფინანსებს?

პროფკავშირების გაერთიანების დაფინანსების ოფიციალური წყარო მასში გაერთიანებული დარგობრივი პროფკავშირების საწევრო შენატანებია, ასევე ნებაყოფლობითი შემოწირულობები. საქართველოს პროფკავშირები არაკომერციული არამომგებიანი იურიდიული პირია (ააიპ) და კანონი არ ავალდებულებს შემოსავლების გასაჯაროებას. ის თუ საშუალოდ რა მოცულობისაა საქართველოს პროფკავშირების წლიური ბიუჯეტი, უცნობია. ორგანიზაციას თავადაც არ აქვს ფინანსურ შემოსავლებზე ინფორმაციის გასაჯაროების სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ვრცელდება უამრავი არაოფიციალური ცნობა ორგანიზაციის უჩვეულოდ მაღალ შემოსავლებზე და დაფინანსების საეჭვო ირიბ არხებზე.

ყველაზე ძლიერი პროფკავშირები რომელ ქვეყნებშია?

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პროფკავშირები ჩინეთს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, საფრანგეთს, გერმანიასა და ტუნისს ჰყავს. რაც შეეხება პროფკავშირებში გაწევრიანებულ მოქალაქეთა პროცენტულ მაჩვენებელს ქვეყნების მიხედვით, ხუთეულში არიან: ისლანდია (მოსახლეობის 91.8%), შვედეთი (67%), ბელგია (55.1%), იტალია (37.3%) და ირლანდია (26.5%).

საქართველოში პროფკავშირი ძლიერია?

საქართველოში, დღეს მოქმედი პროფესიული კავშირების გაერთიანება 1992 წელს შეიქმნა, და მაგალითად, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, 2013 წელს გამოკითხული მოქალაქეების 56%-მა არაფერი იცოდა მისი არსებობის შესახებ.

პროფკავშირებს ხშირად აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ორგანიზაცია თავის ფუნქციებს ჯეროვნად ვერ ასრულებს და ხშირად იმ უწყების გავლენის ქვეშ ექცევა, რომელშიც იქმნება და სადაც სინამდვილეში თავისი წევრების უფლებებს უნდა იცავდეს. 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ამჟამად 145 000 წევრი ჰყავს და 21 დარგობრივ პროფკავშირს აერთიანებს. ინსტიტუტში მოქმედებს სამდონიანი სისტემაა: 1. პირველადი პროფესიული კავშირი, რომელიც იქმნება საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში; 2. დარგობრივი - რომელშიც ერთიანდებიან პირველადი პროფესიული კავშირები; 3. გაერთიანებული პროფკავშირები, სადაც დარგობრივი პროფკავშირების დელეგატები არიან წარმოდგენილები. სწორედ დელეგატები ირჩევენ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს.

ვინ მონაწილეობს პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევნებში?

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის კენჭს, მეოთხე ვადით, დღეს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იყრის, რომელიც უკვე 12 წელია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია. კანდიდატი იყო ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი, რომელმაც კენჭისყრის დროს თავისი კანდიდატურა მოხნსა და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.

თავმჯდომარეს 4 წელიწადში ერთხელ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ირჩევენ. თავმჯდომარეობაზე კანდიდატურის დაყენების უფლება მხოლოდ დელეგატებს აქვთ. არჩევანს კანდიდატებს შორის 213 დელეგატი გააკეთებს.

სხვა თემები