18 ოქტომბერი 2021 - 10:28

მოხდება თუ არა პოლექსიტი და ევრომაიდანი ვარშავაში? პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის შიდა კანონები ევროპულზე პრიორიტეტულია

ფოტო: Reuters

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებზე პრიორიტეტულია. ბრიუსელში განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციას გააანალიზებენ. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ გადაწყვეტილების „საფასურად“, ვარშავამ ევროკავშირისგან ათობით მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება ვერ მიიღოს. როგორ წარმოიშვა ბოლო წლების ყველაზე სერიოზული კონფლიქტი ვარშავასა და ბრიუსელს შორის და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს? ამ კითხვებზე პასუხები BBC-მ მოიძია.

პოლონური ოპოზიცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს. თუმცა ხელისუფლება, რომელმაც ამ საქმის განხილვა წამოიწყო, დარწმუნებულია, რომ პოლონეთის მომავალს ევროკავშირში არაფერი ემუქრება. ერთი მხრივ, ექსპერტები პოლონეთში მზარდ სამართლებრივ ქაოსზე საუბრობენ. მეორე მხრივ კი,  ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დონალდ ტუსკმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ისინი, ვისაც სურს "ევროპული პოლონეთი" დაიცვას, ვარშავის ცენტრალურ მოედანზე უნდა გამოვიდნენ.

ვარშავა ბრიუსელის წინააღმდეგ

პოლონეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას ძნელად შეიძლება ჰარმონიული ვუწოდოთ. თუმცა დავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო და არის სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც დღევანდელი მთავრობის ინიციატივით 2017 წელს დაიწყო. ვარშავა თითოეულ ნაბიჯს სასამართლო სისტემის განახლებისა და ქვეყანაში სასამართლოს მუშაობის ოპტიმიზაციის აუცილებლობის ლოზუნგით დგამდა. ბრიუსელი კი მას აკრიტიკებდა და მიიჩნევდა, რომ რეფორმის დახმარებით პოლონეთის ხელისუფლება მოსამართლეებზე კონტროლს ამყარებდა, ამით კი საკუთარ მოქალაქეებს (და ისინი ასევე ევროკავშირის მოქალაქეები არიან) სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებას ართმევდა.

მთელი ამ წლების განმავლობაში ვარშავასა და ბრიუსელს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მიმოწერა იყო გაჩაღებული. ევროკავშირი მოითხოვდა, რომ პოლონეთს მიმდინარე რეფორმა ევროპული სტანდარტებისთვის შეესაბამებინა. ვარშავა აპროტესტებდა. როგორც აქ ამბობდნენ, ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სასამართლო სისტემა თავად ამ ქვეყნის საქმეა და არავითარ შემთხვევაში - ბრიუსელის. ამ დრამის შემდეგი მოქმედება მიმდინარე წლის მარტში შედგა. პოლონეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ერთ -ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ უნდა ხელმძღვანელობდეს არა პოლონური კანონით, რომელიც ადრე ევროკავშირმა გააკრიტიკა, არამედ იმავე საკითხზე ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით. 


პრინციპში, ასეთი შემთხვევები, როდესაც პოლონეთის სასამართლოებმა მოიშველიეს ევროპული სამართალი როგორც საბაბი, რათა ამჟამინდელი მთავრობის მიერ მიღებულ ზოგიერთ საკამათო კანონს არ დამორჩილებოდნენ, იქამდეც ყოფილა. თუმცა ამჯერად, პრემიერმინისტრმა მათეუს მორავეცკიმ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განემარტათ მისთვის, შეუძლიათ თუ არა პოლონურ სასამართლოებს უგულებელჰყონ ქვეყნის კანონმდებლობა, თუ ის ევროკავშირის კანონებს ეწინააღმდეგება. 

"ჩვენ არ შევთანხმებულვართ!"

ეს ნაბიჯი ბრიუსელში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მიმდინარე წლის ივნისში ევროკომისიის კომისარმა სამართლებრივ საკითხებში, დიდიე რეინდერსმა მორავეცკის ოფიციალურად მიმართა, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მისი განაცხადი უკანვე გამოეთხოვა. როგორც ოფიციალური ბრიუსელის წარმომადგენელი განმარტავდა, პოლონეთის პრემიერმინისტრის მხრიდან მსგავსი ქმედება უკვე თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ემყარება. 

ბრიუსელმა მაშინ გაიხსენა, რომ ევროკავშირის შექმნის შესახებ დადებულ შეთანხმებაში მკაფიოდ და გარკვევით წერია - ევროკავშირის კანონი წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობაზე უპირატესია და გაწევრიანების დროს ვარშავა ამას დათანხმდა. მორავეცკიმ  რეინდერსს უპასუხა, რომ ის თავისი მიმართვის უკან გამოთხოვას არ აპირებდა.  პროსახელისუფლებო პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები გამოირჩეოდნენ ცინიკური კომენტარებით, რომელთა ზოგადი შინაარსი იყო: "პოლონეთს ვერავინ დააჩოქებს!". 

"[პოლონეთის] კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი ჩვენს ქვეყანაში. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვართ. ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ ამას არ დავთანხმებულვართ", - განუცხადა სააგენტო „როიტერს“ აგვისტოს ბოლოს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა მიხეილ ვუიციკმა. იმ დროისთვის პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ "ევროპულ საკითხთან" მიმართებით ერთი რეზონანსული გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მან გამოაცხადა, რომ პოლონეთის სასამართლოები არ არიან ვალდებული, ევროკავშირის სასამართლოს მიერ დაწესებული შუალედური ზომები შეასრულონ. ვარშაველი კომენტატორები ელოდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯი არც ისე შორს იყო: აღიარება, რომ პოლონური სამართალი ზოგადად ევროპულზე პრიორიტეტულია.

ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის ამ გადაწყვეტილებასაც

იმავდროულად, ბრიუსელი კომისარ რეინდერსის წერილზე მორავეცკის პასუხს მშვიდად შეხვდა. აქ თქვეს, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრის უარს, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოდან მისი წარდგენის გაუქმებაზე, "დეტალურად გააანალიზებდნენ“. თუმცა ამ პროცესის დასრულებამდეც კი, ბრიუსელმა ცხადყო, რომ აქ თავიანთ პოზიციას არ დათმობენ. "ევროკავშირის კანონი ნაციონალურ სამართალზე უპირატესია. ევროკავშირის სამართალთან მიმართებით კი ბოლო სიტყვა ყოველთვის ლუქსემბურგს ეკუთვნის [აქ არის ევროკავშირის სასამართლო - რედ.]", - განაცხადა მაშინ ევროკომისიის იმდროინდელმა წარმომადგენელმა ქრისტიან ვიგანდმა. "საჭიროების შემთხვევაში, ევროკომისია არ დააყოვნებს, რომ ევროკავშირის შეთანხმების ფარგლებში გაწერილი თავისი უფლებამოსილება [ევროკავშირის ხელშეკრულებებში] გამოიყენოს",- დასძინა მან. მალევე გაირკვა, რა შეიძლება ვიგანდს მხედველობაში ჰქონოდა. 

საქმე ისაა, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა გადაწყვიტა შეექმნა ეგრეთ წოდებული აღდგენისა და მდგრადობის ფონდი, რომლის ფინანსური მოცულობაც 750 მლრდ ევროა. ეს თანხა უნდა გადანაწილდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რათა პანდემიის შემდეგ ევროპის ეკონომიკა აღდგეს. ამ ფონდიდან ფულის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარი სწორედ პოლონეთი უნდა გამხდარიყო. მას ევროკავშირის გრანტის ფორმით 23 მილიარდ ევროზე მეტი უნდა მიეღო, 32 მილიარდზე მეტი კი - იაფი კრედიტის სახით. 

ამ სახსრების მისაღებად, ევროკავშირის წევრ თითოეულ ქვეყანას აღნიშნული თანხის განკარგვის საკუთარი გეგმა უნდა შეექმნა და ბრიუსელში დაემტკიცებინა. პოლონეთის მთავრობამაც დაწერა "აღდგენის სახელმწიფო გეგმა", რომელიც მაისის დასაწყისში პარლამენტმა დაამტკიცა და ბრიუსელის ფორმალური თანხმობის მაქსიმალურ ოპერატიულობას ელოდნენ. ფონდის პოლონური წილის პირველი ტრანში 13% -ის მოცულობით ქვეყანას აგვისტოს დასაწყისში უნდა მიეღო. თუმცა ივლისში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მიერ პოლონური გეგმის დამტკიცება პროცედურული მიზეზების გამო გადაიდო. 

ბრიუსელში პოლონური მედიის წყაროებმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადეს, რომ ბიუროკრატიული პროცედურების დაჩქარება შესაძლებელია, თუ ვარშავა ევროპელი ჩინოვნიკების მოთხოვნებს გაითვალისწინებს და ევროპული სამართლის პრიორიტეტის აღიარებით უკან დაიხევს. 1-ელ სექტემბერს კი ეს ღიად დაადასტურა ევროკომისარმა ეკონომიკურ საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ. მან განაცხადა, რომ ევროკავშირის ფონდიდან ვარშავისთვის ფულის გამოყოფა კვლავ მოლაპარაკებების საგანია. 

იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მორავეცკის მიმართვის განხილვა ოთხჯერ გადაიდო. პოლონური მედიის ინფორმაციით, ამ გაჭიანურების მიზეზი არის ის, რომ ოფიციალური ვარშავა აწარმოებს არასაჯარო მოლაპარაკებებს ბრიუსელთან იმ იმედით, რომ აღდგენის ფონდიდან ფულს მთავრობის მხრიდან რამე დათმობის გარეშეც მიიღებს. სავსებით მოსალოდნელია, რომ ბრიუსელშიც მსგავსი ფინანსური ზეწოლის წარმატების იმედი აქვთ. ფაქტია, რომ სწორედ ასეთი ქმედებების წყალობით შესაძლებელი გახდა გაუქმებულიყო პოლონეთის რამდენიმე ადგილობრივი საბჭოს მიერ შედგენილი დეკლარაცია, რომლითაც მათ ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მესამედი "ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონებად" გამოაცხადეს.

მოხდება თუ არა პოლექსიტი და ევრომაიდანი?

პოლიტოლოგი ანტონ დუდეკი ამბობს, რომ სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის.  "უკვე რამდენიმე წელია, პოლონეთი არის ქვეყანა, სადაც სამართლებრივი ქაოსი იზრდება. სხვადასხვა იურისტი განსხვავებულად საუბრობს. არსებობს ისეთი მოსაზრებაც კი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელი გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მის მიღებაში მონაწილეობდა სამი მოსამართლე, რომელთაც ამის უფლება არ ჰქონდათ. ზოგიერთი იურისტი თვლის, რომ პოლონურ კანონზე ევროპული სამართლის პრიორიტეტულობის შესახებ გადაწყვეტილება საერთოდ არ არსებობს“, - განუცხადა მან BBC- ს. ამიტომაც, პოლიტოლოგის შეფასებით, მოვლენების განვითარების ყველაზე სავარაუდო და მოსალოდნელი სცენარი არის არსებული სიტუაციის ამა თუ იმ ფორმით შენარჩუნება. 


დუდეკის განმარტებით, ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, რას გააკეთებს ბრიუსელი. ჯერჯერობით ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავშეკავებული კომენტარი, რომლის აზრიც იყო ის, რომ ბრიუსელი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეისწავლის, თუმცა თავის პოზიციას არ დათმობს. პასუხი კითხვაზე, თუ რა ბედი ელის იმ თანხას, რომელიც აღდგენის ფონდიდან პოლონეთს უნდა მიეღო, ამ პრესრელიზში არ ჩანდა. "ამ ფულის გარეშე, რა თქმა უნდა, პოლონეთი არ გაკოტრდება. თუმცა თუ ბრიუსელი თავის პოზიციას შეინარჩუნებს და  ამ ფინანსურ სახსრებს არ გამოყოფს, ეს მისი კანონიერებისა და სამართლიანობის იმიჯზე უზარმაზარი დარტყმა იქნება. სწორედ ამ იმიჯის წყალობით აქამდე პოლონელები ფიქრობდნენ, რომ ვარშავა ბრიუსელისადმი ხისტ პოლიტიკას ატარებს და ევროკავშირი მას უთმობს“,- განმარტავს დუდეკი.

”თუ ჩვენ არ მივიღებთ ამ ფულს, მმართველი პარტიის რეიტინგი დაეცემა,“- აცხადებს პოლიტოლოგი მეორე მხრივ. მისი განმარტებით, თუ ასე მოხდა, დღევანდელმა პროსახელისუფლებო გაერთიანებამ შეიძლება ოპოზიციაში გადაინაცვლოს. პოლონეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ 2023 წელს გაიმართება. თუმცა ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი, რომელიც სამშობლოში ახლახან დაბრუნდა და  უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს, სულაც არ არის წინააღმდეგი, რომ შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს.

სხვა თემები