11 მაისი 2022 - 09:56

ნატოს სკანდინავიური გაფართოება: ევროპა უფრო ძლიერი და უსაფრთხო გახდება თუ პირიქით, ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება?

ფოტო: shutterstock.com

ფინეთი და შვედეთი, ორი ნეიტრალური სკანდინავიური სახელმწიფო, იმდენად არიან შეშფოთებული უკრაინაში რუსეთის შეჭრით, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას უკვე ამ ზაფხულში სრული სერიოზულობით განიხილავენ. BBC სვამს კითხვას: შვედეთისა და ფინეთის (ან თუნდაც ერთ-ერთი მათგანის) ნატოში გაწევრიანება მთელი ევროპის კონტინენტისთვის რისკებს შეამცირებს თუ ის კიდევ უფრო სახიფათო ადგილი გახდება? 

რა ხდება?

ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა. ამ დროისთვის ის 30 ქვეყანას აერთიანებს. ალიანსის შტაბ-ბინა ბრიუსელშია, თუმცა მისი მთავარი სამხედრო ძალა (მათ შორის - ბირთვული) ვაშინგტონის ხელშია. ფინეთი და შვედეთი კი განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოებია, რომლებიც ნატოს წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკვე განაცხადა, რომ მათ ხელგაშლილი მიესალმება და აღნიშნული ქვეყნების წევრობა მინიმალური შეფერხებით გაფორმდება. 

ევროპაში აშშ-iს სახმელეთო ჯარების აწ უკვე გადამდგარ მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ნაბიჯი დასავლეთისთვის სასარგებლო იქნება. „ის ფაქტი, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანდებიან, ძალიან კოლოსალური და პოზიტიური მოვლენაა. ორივე განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყანაა, რომელთაც ძალიან კარგად შეიარაღებული, კვალიფიციური და მოდერნიზებული შეიარაღებული ძალები ჰყავთ“, - ამბობს ის.

ფინეთის შემთხვევაში სამხედრო ინტეგრაცია ამა თუ იმ ფორმით უკვე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის სატანკო ეკიპაჟებმა ფინური ჯავშანტექნიკის ბრიგადის შემადგენლობასთან ერთად მანევრები განახორციელეს. აღნიშნულ ინიციატივაში ჩართულნი იყვნენ ამერიკელი, ლატვიელი და ესტონელი სამხედროები, რომლებიც ნატოს გაერთიანებულ მრავალეროვან საექსპედიციო ძალებს (JEF) ქმნიან. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ მანევრების მიზანი იყო „რუსული აგრესიის აღკვეთა სკანდინავიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში“. მაშ, რა პრობლემაა, თუ ეს ორი ქვეყანა (ან ერთი მათგანი მაინც) ნატოში გაწევრიანდება? 

რუსეთი, უფრო სწორად კი, მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არ განიხილავს ნატოს, როგორც თავდაცვით ალიანსს. უფრო მეტიც, ის სრულიად საპირისპიროს ფიქრობს. პუტინი ნატოს რუსეთის უსაფრთხოების მუქარად მიიჩნევს. ის შეშფოთებული უყურებდა, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად როგორ ფართოვდებოდა აღმოსავლეთისკენ და სულ უფრო უახლოვდებოდა მოსკოვს. როდესაც პუტინი კგბ-ს ახალგაზრდა ოფიცერი იყო, მოსკოვი აკონტროლებდა ყველაფერს, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდებოდა და ვარშავის შეთანხმების წევრი ქვეყნების უმრავლესობაში საბჭოთა ჯარები იმყოფებოდნენ. დღეს თითქმის ყველა ამ სახელმწიფომ დასავლური არჩევანი გააკეთა და ალიანსში გაწევრიანდა. ასე მოიქცა სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. 

რუსეთის საზღვარი ძალიან დიდ მანძილზეა გადაჭიმული. თუმცა ამ საზღვრის მხოლოდ 6%-ით არის ის ნატოს ქვეყნებთან დაკავშირებული. და მაინც, კრემლს სჯერა, რომ ნატო მას ალყაში აქცევს და საფრთხეს უქმნის. ცოტა ხნით ადრე, სანამ პრეზიდენტი პუტინი თავის ჯარს უკრაინაში გაგზავნიდა, მან ევროპის უსაფრთხოების რუკის გადახედვა მოითხოვა. ის დაჟინებით ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნიდან გასულიყვნენ და ალიანსს ახალი წევრები არ შემატებოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ კი საპირისპირო შედეგი გამოიღო. ფინეთი და შვედეთი თავიანთ ნეიტრალიტეტს ათწლეულების განმავლობაში უფრთხილდებოდნენ. ორივე ქვეყანა დასავლურ კულტურას  ეკუთვნის, თუმცა აქამდე ისინი უზარმაზარი, ბირთვული იარაღის მქონე მეზობლის გაღიზიანებას ძალიან ერიდებოდნენ. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აიძულა ისინი, აზრი სწრაფად შეეცვალათ. ახლა უკვე ორივე ქვეყნის მთავრობებიც და მოქალაქეებიც დაფიქრდნენ, ხომ არ იქნება მათთვის უფრო უსაფრთხო ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნა, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად,  ერთ-ერთ წევრ-ქვეყანაზე თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად ითვლება. ფინეთში ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფინელების 62%-ი ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. 

რა არგუმენტები აქვთ მომხრეებს?

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ნატოს თავდაცვით ძალას მნიშვნელოვნად გაზრდის ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც ახლა რაოდენობრივად რუსეთს, ალიანსთან შედარებით, გაცილებით მეტი უპირატესობა აქვს. ბენ ჰოჯესის განმარტებით,  ფინეთი ალიანსში F-35 მებრძოლ თვითმფრინავებს შეიტანს, შვედეთი კი - საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot-ს. გარდა ამისა, შვედეთს ეკუთვნის ბალტიის ზღვაში დიდი და სტრატეგიული მდებარეობის მქონე კუნძული გოტლანდი, საიდანაც კალინინგრადამდე (რუსეთის ბალტიის ფლოტის შტაბ-ბინა) სულ რაღაც 300 კმ-ია. 

როგორც შვედეთის, ასევე ფინეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მოქმედებებში წვრთნებს  არქტიკაში გადიან. ისინი ინტენსიურ სწავლებას სკანდინავიის თოვლიან ტყეებში ატარებენ. როდესაც 1939 წელს საბჭოთა კავშირი ფინეთს თავს დაესხა, ფინელები მედგრად და მამაცად იბრძოდნენ, რის შედეგადაც წითელმა არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგი მიიღო. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ფინეთის დამატება ნატოს თავდაცვაში სერიოზულ ხარვეზს გამოასწორებს, ასევე ალიანსისა და რუსეთის საზიარო საზღვარს აორმაგებს. 

ჰოჯესის თქმით, ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა ამით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატოში შესვლა დასავლეთის ერთობლივ თავდაცვას ერთსულოვნებას შემატებს და მკაფიო სიგნალს გაუგზავნის პუტინს, რომ თითქმის მთელი ევროპა ახლა ერთიანია და უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრას გმობს. 

მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

მარტივად რომ ვთქვათ, აქ არის რისკი, რომ ნატოს ასეთი მასობრივი გაფართოება ზედ რუსეთის ზღურბლზე კრემლს იმდენად აღაშფოთებს, რომ ეს მრისხანება ამა თუ იმ ფორმით გამოხატული იქნება. როდესაც პუტინი „სამხედრო-ტექნიკური პასუხით“ იმუქრება, ეს შეიძლება ორნაირად გავიგოთ: საზღვრების გაძლიერება ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის იქ გადაყვანით და შესაძლოა, სკანდინავიის ქვეყნებზე კიბერშეტევების განხორციელება.

შვედეთი თავისი ნეიტრალიტეტისთვის წლების განმავლობაში ჯილდოვდებოდა და ამისი დათმობა ადვილი არ არის. ამასთანავე, ამ ყველაფერს თავისი ეკონომიკური საფასური აქვს - ქვეყანა, რომელიც ნატოში გაწევრიანდება, ვალდებულია იყიდოს იარაღი ალიანსისთვის და არა თავისთვის. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება „ევროპის კონტინენტს დამატებით უსაფრთხოებას არ მოუტანს“. 

პუტინი და მისი გარემოცვა უკრაინაში შეჭრას იმ მოტივით ამართლებენ, რომ კრემლის ამ ქმედებამ ნატოს გეგმები კიევთან მიმართებით ჩაშალა. ამიტომაც თუ მოსკოვი ყოველგვარ მიზეზგარეშე გადაწყვეტს, რომ ალიანსის ასეთი მოულოდნელი გაფართოება ჩრდილოეთ ფლანგზე რუსეთის უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რას მოიმოქმედებს ამის საპასუხოდ კრემლი.

სხვა თემები