28 ივლისი 2022 - 12:11

რამ გამოიწვია ევროს გაუფასურება და დოლარის გამყარება? ვინ სარგებლობს ამ სიტუაციით?

ფოტო: shutterstock.com

ევროპული ვალუტის გაუფასურება ენერგეტიკული კრიზისის უკიდურესად არასახარბიელო ვითარებაში მოხდა. თუმცა ევროკავშირის ქვეყნებიდან ექსპორტიორები ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი სავალუტო პარიტეტით ძალიან კმაყოფილნი არიან. რამ გამოიწვია ევროს გაუფასურება და დოლარის გამყარება და ვისთვის არის ეს სიტუაცია ხელსაყრელი, Deutsche Welle-მ გაარკვია.

რა ხდება? 

ასეთი რამ, 20 წელია, არ მომხდარა! ევროსა და დოლარის პარიტეტი ანუ გაცვლითი კურსი  1/1-ზე ბოლოს 2002 წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა. მას შემდეგ ერთიანი ევროპული ვალუტა ყოველთვის უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ამერიკული დოლარი. ასე რომ, 2008 წელს, როცა შეერთებულ შტატებში ფინანსური კრიზისი მწიფდებოდა, 1 ევროდ 1 დოლარისა და თითქმის 60 ამერიკული ცენტის ყიდვა შეიძლებოდა. ამის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1.30-1.50 დიაპაზონში მერყეობდა, ბოლო წლებში კი დაახლოებით 1 .15-1.25-ზე შენარჩუნდა. 

არის თუ არა ომი უკრაინაში ევროს დასუსტების მთავარი მიზეზი?

მიმდინარე 2022 წელი პლანეტის ორმა ძირითადმა სარეზერვო ვალუტის წყვილმა 1.14 კურსით დაიწყო. თუმცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოდან ევრომ სწრაფად გაუფასურება დაიწყო. 8 ივლისს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, ამ ორი ვალუტის ფასი თითქმის გათანაბრდა, 11 ივლისს კი ანალოგიური სიტუაცია განმეორდა. შესაბამისად, პარიტეტი 12 ივლისს, დილით დაფიქსირდა. ამის შემდეგ აშშ-ის ვალუტის გამყარება სავსებით შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს. 

ამის პრეცედენტი უკვე არსებობს: 2000 წლის გაზაფხულიდან 2002 წლის შემოდგომამდე 1 ევრო 1 დოლარზე ნაკლები ღირდა. უფრო მეტიც, კურსი ორი წლის განმავლობაში ზედიზედ 0,85-0,86 ნიშნულამდე დაეცა, ერთხელ კი 0, 83-საც ჩამოსცდა. 

ბოლო თვეების განმავლობაში ევროს სწრაფი გაუფასურების შემხედვარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსული აგრესია ევროპული ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზია. საერთაშორისო ინვესტორებს თავიანთი აქტივები დოლარში გადაჰყავთ, რადგან შუაგულ ევროპაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ამასთანავე, ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დააწესა, რუსეთის ეკონომიკასთან ტრადიციულ კავშირები გაწყვიტა და ეჯახება ენერგეტიკულ, უპირველეს ყოვლისა კი გაზის კრიზისს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს რეცესიით ემუქრება. 

სავალუტო ბაზარს ცენტრალური ბანკები და სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავალი ამუშავებს

თუმცა თუ ევრო-დოლარის სავალუტო წყვილის ურთიერთმიმართების სქემას ოდნავ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გადახედავთ, აშკარად დაინახავთ, რომ თანდათანობითი კლება დაიწყო 2021 წლის პირველ ნახევარში, როდესაც კურსი 1.22-ზე მეტიც კი იყო. ამ ტენდენციის მიზეზი იყო გლობალური ფინანსური ბაზრის მონაწილეთა მოლოდინი, რომ პანდემიის შედეგების გამო მზარდი გლობალური ინფლაცია აიძულებდა აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემას, გაეზარდა საპროცენტო განაკვეთები უფრო ადრე, უფრო სწრაფად და უფრო რადიკალურად, ვიდრე ამის გაკეთება ევროპის ცენტრალურ ბანკს შეეძლო. 

ცენტრალური ბანკების მიერ საბაზო განაკვეთების მატება სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდას იწვევს. შეერთებული შტატები, თავისი უზარმაზარი სახელმწიფო ვალით, გამოსცემს უამრავ ასეთ ფასიან ქაღალდს და ისინი მთელ მსოფლიოში ყველაზე საიმედო საინვესტიციო აქტივად ითვლება. 

სანამ ფედერალური სარეზერვო სისტემა ატარებდა „უიაფესი ფულის“ პოლიტიკას პრაქტიკულად ნულოვანი საბაზისო განაკვეთით გასულ წლებში, აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციებს დაბალი შემოსავალი  ჰქონდა და ინვესტორებისთვის არც თუ ისე მიმზიდველი იყო. ამიტომაც ბევრმა მათგანმა უფრო მომგებიანი აქტივების ძიებაში, დოლარი სხვა ვალუტაში გადაცვალა. განაკვეთის ზრდის პერსპექტივამ დოლარის სივრცეში კაპიტალის შემოდინება გამოიწვია. შესაბამისად, ეს პროცესი 2021 წლის შემოდგომიდან გააქტიურდა, რადგან ცხადი გახდა, რომ დაჩქარებული ინფლაციის გამო, აშშ-ში საბაზისო განაკვეთი გაცილებით მეტად უნდა გაზრდილიყო, ვიდრე ეს ერთი წლის წინ ეგონათ.

ძლიერი დოლარი აშშ-ში ყველასთვის მომგებიანი არ არის

სავალუტო ბაზარზე რაღაც მომენტში გააქტიურდნენ დიდი რაოდენობით საფონდო სპეკულანტები, რომლებმაც გადაწყვიტეს ევროს გაუფასურებაზე ეთამაშათ და ის 1:1-ის ნიშნულამდე მაინც დაეყვანათ. ის, ვინც ამ თამაშში საჭირო დროს ჩაერთო, ახლა აშკარად გამარჯვებით ტკბება.

კიდევ ვინ სარგებლობს ევროს გაუფასურებითა და დოლარის მნიშვნელოვანი გამყარებით? იკვეთება პასუხი, რომ ეს არის შეერთებული შტატები. თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. ეროვნული ვალუტის მაღალი გაცვლითი კურსი სასარგებლოა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობით საქონლის იმპორტს ეყრდნობიან. ამ თვალსაზრისით, დოლარის მაღალი კურსი მართლაც მოგებიანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ეს ევროპიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის ღირებულებას ამცირებს. ეს კი ხელს უწყობს ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ამჟამად აშშ-ის თითქმის მთავარი მაკროეკონომიკური პრობლემაა.

ამავდროულად, უცხოური პროდუქცია, რომელიც გამყარებული დოლარის გამო იაფდება, თავად ამერიკაში სასაქონლო წარმოებას ანადგურებს. გარდა ამისა, ეროვნული ვალუტის ძალიან მაღალი გაცვლითი კურსი აზიანებს ამერიკელი ექსპორტიორების ინტერესებს, რადგან ეს მსოფლიო ბაზარზე მათ პროდუქტს აძვირებს. ეს კი, თავის მხრივ, მანქანების, კომპიუტერების, მიკროჩიპების, საკვებისა და აშშ-ში წარმოებული სხვა საქონლის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას ამცირებს. 

მოკლედ, ზედმეტად ძლიერი დოლარი ძირს უთხრის ვაშინგტონის რამდენიმე ადმინისტრაციის მრავალწლიან მცდელობებს, რომ ქვეყნის ზედმეტად ცალმხრივი სავაჭრო ბალანსი გათანაბრდეს (აშშ ბევრად მეტ იმპორტს ახორციელებს, ვიდრე - ექსპორტს) და ამერიკული ინდუსტრიული წარმოება გაიზარდოს. 

ევროს დაბალი კურსი ენერგორესურსებს კიდევ უფრო გააძვირებს

ევროს დაბალი კურსი მეტად მოგებიანია გერმანელი, ფრანგი, იტალიელი და სხვა ევროპელი ექსპორტიორებისთვის. თუმცა დიდი სიფრთხილეა საჭირო. მათ უნდა აწარმოონ თავიანთი პროდუქცია სამშობლოში ან ევროკავშირის მასშტაბით და გამოიყენონ მხოლოდ ევროპული კომპონენტები. „თუ ისინი კომპლექტაციას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იყიდიან, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში სარგებელიც გაქრება,“ - განუმარტა DW-ს გერმანიის DZ-Bank-ის სავალუტო ანალიტიკოსმა სონია მარტენმა. 

ამ უკანასკნელის განმარტებით, იგივე ეხება ენერგოინტენსიურ ევროპულ ინდუსტრიებს, რადგან ნავთობი, ქვანახშირი ან თხევადი გაზი მსოფლიო ბაზარზე დოლარის ვალუტაში იყიდება. ამ თვალსაზრისით, ევროს დევალვაცია ევროკავშირისთვის ძალიან არახელსაყრელ მომენტში მოხდა. როგორც უკვე ცნობილია, ევროკავშირი ენერგორესურსების დეფიციტისა და უკიდურესად მაღალი ღირებულების წინაშე დგას. ახლა კი, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რეკორდულად დაბალი გაცვლითი კურსის გამო, ენერგორესურსების ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

სხვა თემები