03 აგვისტო 2022 - 23:22

ჩინეთი და ტაივანი - 70- წლიანი მტრობის ისტორია - რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან აშშ-ს?

ფოტო: shutterstock.com

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტმა ჩინეთს, ტაივანსა და ტაივანის ამერიკელ მოკავშირეებს შორის დაძაბულობის ახალი ნაკადი გამოიწვია. ეს ურთიერთობა მუდმივად აქტიური კონფლიქტია და ის 70 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს მიიჩნევს სეპარატისტულ პროვინციად, რომელიც ადრე თუ გვიან ჩინეთს უნდა დაუბრუნდეს. თუმცა 70-წლიანი განშორების შემდეგ, ბევრი ტაივანელი თავს ცალკე ნაციის წარმომადგენლად მიჩნევს, ხოლო მათ კუნძულს ცალკე სახელმწიფოდ თვლის. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანს დამოუკიდებლობა ჯერ არ გამოუცხადებია, ის თავს მთელი ამ უზარმაზარი ჩინეთის ლეგიტიმურ მემკვიდრედ მიიჩნევს. ჩინურ-ტაივანური კონფლიქტის დეტალები BBC-მ გაარკვია. 

როგორია კონფლიქტის ისტორიული ფონი?

პირველი ცნობილი დასახლებები ტაივანში შექმნეს ავსტრონეზიულმა ტომებმა, რომლებიც, როგორც დღეს მიიჩნევენ, დღევანდელი სამხრეთ ჩინეთიდან ჩამოვიდნენ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, კუნძული ჩინურ ჩანაწერებში ჩვენი წელთაღრიცხვით 239 წელს არის დაფიქსირებული. სწორედ ამ პერიოდში ჩინეთის იმპერატორმა აღნიშნული რაიონის შესასწავლად ექსპედიცია გაგზავნა. შესაბამისად, ამ ფაქტით ამართლებს პეკინი, რომ კუნძულის ფლობის უფლება აქვს. 

შედარებით მოკლე პერიოდის განმავლობაში, 1624-დან 1661 წლამდე, ტაივანი ჰოლანდიის კოლონია იყო. ამის შემდეგ, 1683-დან 1895 წლამდე კი კუნძული ცინის დინასტიის (ჩინეთი) მმართველობის ქვეშ გახლდათ. ამავდროულად, მე -17 საუკუნეში ჩინეთიდან მიგრანტების მნიშვნელოვანი ნაკადი ტაივანში ჩავიდა, რადგან ადამიანები სიღარიბესა და არეულობას გაურბოდნენ. მათი უმრავლესობა იყო ჰოკლოს წარმომავლობის ფუჯიანიდან ან ჰაკა - ძირითადად, გუანდუნის პროვინციიდან. სწორედ მათი შთამომავლები  ქმნიან ამჟამად ყველაზე დიდ დემოგრაფიულ ჯგუფს კუნძულზე. 

1895 წელს, ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის შემდეგ, ცინის დინასტიის მთავრობა იძულებული გახდა, ტაივანი იაპონიისთვის დაეთმო. მეორე მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით კი, იაპონია იძულებული გახდა, ამ ტერიტორიაზე უარი ნებაყოფლობით ეთქვა. შესაბამისად, ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ  მისი მოკავშირეების, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის თანხმობით, ტაივანის მართვა დაიწყო.

თუმცა ამის შემდეგ ჩინეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. კონფლიქტის დამარცხებულმა და გაქცეულმა მონაწილეებმა ტაივანს შეაფარეს თავი. ისინი მრავალი წლის განმავლობაში დომინირებდნენ კუნძულის პოლიტიკაში, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ 14%-ს შეადგენდნენ. 

ვინ აღიარებს ტაივანს?

არსებობს უთანხმოება და დაბნეულობა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ტაივანი. კუნძულს აქვს საკუთარი კონსტიტუცია, ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000-იანი არმია. ჩინეთის სამოქალაქო ომში, მაო ძედუნთან დამარცხებული ჩან კაიში, რომელმაც ოდესღაც ტაივანში ჩამოაყალიბა მთავრობა, ამტკიცებდა, რომ ის მთელ ჩინეთს წარმოადგენდა და მის უკან დაბრუნებას აპირებდა. ტაივანმა ჩინეთის ადგილიც კი დაიკავა გაეროს უშიშროების საბჭოში, რადგან ბევრი დასავლური ქვეყანა ჩინეთის ნამდვილ მთავრობად სწორედ მას მიიჩნევდა.

თუმცა 1970-იან წლებში, უშიშროების საბჭოს ზოგიერთმა წევრმა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ტაივანი ვეღარ წარმოადგენდა ასობით მილიონ ადამიანს, რომლებიც ჩინეთში ცხოვრობდნენ. 1971 წელს, გაერომ პეკინს თავისი ადგილი დაუბრუნა, ტაივანი კი გარიცხა. 1978 წელს ჩინეთმა თავისი ეკონომიკის გახსნა დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა, გააცნობიერა რა სავაჭრო პოტენციალი და ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა, პეკინთან დიპლომატიური ურთიერთობები 1979 წელს ოფიციალურად დაამყარა. მას შემდეგ მკვეთრად შემცირდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ტაივანს ოფიციალურად აღიარებდნენ - ახლა მათი რაოდენობა დაახლოებით 15-ია. მოცემულ ეტაპზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა მახასიათებლის მქონე ტაივანის სამართლებრივი სტატუსი გაურკვეველია. 

როგორი ურთიერთობაა ტაივანსა და ჩინეთს შორის დღეს?

1980 წელს ჩინეთსა და ტაივანს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება დაიწყო. ტაივანმა ჯერ ჩინეთში ვიზიტისა და ინვესტიციის წესები შეარბილა, ხოლო 1991 წელს განაცხადა, რომ ომი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დასრულდა. თავის მხრივ, ჩინეთმა წარმოადგინა ეგრეთ წოდებული "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" ვარიანტი, რომლის მიხედვითაც პეკინი ირწმუნებოდა, რომ ტაივანი ავტონომიას შეინარჩუნებდა, თუ იგი გაერთიანებას დათანხმდებოდა. ანალოგიური დაპირებით დაიბრუნა  პეკინმა ჰონგ კონგი 1997 წელს და ბოლო დრომდე თავის სიტყვას ასრულებდა. თუმცა შემდეგ დემოკრატიულ ჰონგ კონგს თავისი წესები მოახვია თავს. 

ტაივანმა შეთავაზება უარყო. პრეზიდენტი ჩენ შუი- ბიანი, რომელიც ხელისუფლებაში 2000 წელს მოვიდა, ჩინეთისთვის თავის ტკივილი აღმოჩნდა, რადგან ის და მისი დემოკრატიული, პროგრესული პარტია ცალკე სახელმწიფოს იდეას ღიად მხარს უჭერდნენ. 2004 წელს ჩენი ხელახლა აირჩიეს, ერთი წლის შემდეგ კი ჩინეთმა მიიღო სპეციალური კანონი, რომელიც მას საშუალებას აძლევს გამოიყენოს „არასამშვიდობო საშუალებები“ ტაივანის წინააღმდეგ, თუ ის გამოყოფას შეეცდება. 2008 წელს ჩენი ჩაანაცვლა მა ინცზიუმ, რომელიც ეკონომიკური შეთანხმებებით ურთიერთობების გამოსწორებას ცდილობდა. 

2016 წელს პრეზიდენტი დემოკრატიულ- პროგრესული პარტიის წევრი ცაი ინ-ვენი გახდა და ტაივანის ურთიერთობა ჩინეთთან კვლავ დაიძაბა. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა 2018 წელს, როდესაც პეკინმა საერთაშორისო კომპანიებზე ზეწოლა გააძლიერა და დაემუქრა მათ, რომ ჩინეთში ბიზნესის კეთებას აუკრძალავდა, თუ თავიანთ ვებგვერდებზე ტაივანს ჩინეთის ნაწილად არ მოიხსენიებდნენ. 2020 წელს ცაი ხელახლა აირჩიეს რეკორდული- 8,2 მილიონი ხმით, რასაც ბევრი მიიჩნევს იმის მტკიცებულებად, რომ ტაივანელებს ჩინეთთან შეერთების იდეა დიდად არ ხიბლავთ. იმავდროულად, ჰონგ კონგში ჩინეთის გავლენის ზრდის წინააღმდეგ პროტესტი უკვე გაჩაღდა და ტაივანი ამ ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა.

რამდენად მნიშვნელოვანია ტაივანისთვის დამოუკიდებლობა?

თუ პეკინი და ტაიბეი ფუნდამენტურ პოლიტიკურ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათ შორის ეკონომიკური  ურთიერთობები გაფართოვდა და გაძლიერდა. ტაივანის ოფიციალური მონაცემებით, 1991-დან 2021 წლის მაისის ბოლომდე, ტაივანის ინვესტიციებმა ჩინეთში 193,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტაივანის მოქალაქეთა ნაწილს ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ მათი ეკონომიკა ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული. სხვები თვლიან, რომ მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ჩინეთის მხრიდან თავდასხმის ალბათობას ამცირებს.

2014 წელს ჩინეთმა და ტაივანმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამან გამოიწვია საპროტესტო აქცია სახელწოდებით- „მზესუმზირების მოძრაობა“. მისმა წევრებმა,  სტუდენტებმა და აქტივისტებმა დროებით დაიკავეს ტაივანის პარლამენტი, ისინი  ჩინეთის გავლენის პოტენციურ ზრდას აპროტესტებდნენ. ტაივანის ამჟამინდელი მმართველი დემოკრატიულ-პროგრესული პარტია კვლავ კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრეა, მისი ოპოზიცია კი ჩინეთთან გაერთიანებაზე საუბრობს. 

ტაივანში ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტობრივი სუვერენიტეტის მომხრეა. თუმცა ტაივანელთა უმეტესობა, როგორც ჩანს, მაინც სადღაც შუაშია. 2022 წლის ივნისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5.2%-ს სურს დამოუკიდებლობის უსწრაფესი გამოცხადება, ხოლო 1.3%-ს - პირიქით, ჩინეთთან გაერთიანება პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში. 

რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან აშშ-ს?

ვაშინგტონის გრძელვადიანი პოლიტიკა რეგიონში სტრატეგიული ამბივალენტობის მაგალითია. ოფიციალურად, შეერთებული შტატები „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკას  იცავს, აღიარებს მხოლოდ პეკინს და აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მასთან და არა ტაიბეისთან, მაგრამ ამავდროულად, ინარჩუნებს მოკავშირე ურთიერთობებს ტაივანთან. მიმდინარე წლის მაისში პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხეს, მზად იყო თუ არა შეერთებული შტატები ტაივანის დასაცავად და მან დადებითად უპასუხა. თეთრმა სახლმა მაშინვე განმარტა, რომ აშშ-ს პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა და „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკის მიმართ თავისი ლოიალურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. დაახლოებით იგივე მოხდა ბაიდენის წინა განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ტაივანის სამხედრო მხარდაჭერას ეხებოდა.

პეკინი ნეგატიურად აფასებს ვაშინგტონის მხრიდან ტაიბეის ნებისმიერ მხარდაჭერას. შესაბამისად, ჩინეთმა ბაიდენის განცხადებების საპასუხოდ, ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში სამხედრო თვითმფრინავების შემადგენლობა გააძლიერა. 

რატომ ჩავიდა პელოსი ტაივანში?

ნენსი პელოსი ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა მისიას, რომლის მიზანიც დემოკრატიისთვის მებრძოლი მოძრაობების მხარდაჭერა იყო. აღსანიშნავია 1991 წელს მომხდარი ფაქტი, როდესაც ტიანანმენის მოედანზე მან და სხვა კანონმდებლებმა დემოკრატიის მხარდამჭერი პატარა ბანერი გაშალეს მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მათთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჩინეთის სამთავრობო ძალები ორი წლით ადრე, იმავე ადგილზე, ადგილობრივი დემოკრატიული მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ. 

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი თავის ვიზიტს ტაივანში მიიჩნევს იმ უფრო ფართო მისიის ნაწილად, რომლის ფარგლებშიც „მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არსებული არჩევანის წინაშე დგას“. გაზაფხულზე ის უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩასულ კონგრესის დელეგაციას ხელმძღვანელობდა და როგორც ამბობენ, მისი ბოლო ძალისხმევა წლების განმავლობაში დემოკრატიის ხელშეწყობისთვის გაწეული მუშაობის კულმინაციური ეტაპი იქნება. ”ჩვენ უნდა დავდგეთ ტაივანის გვერდით”, - განუცხადა პელოსიმ The Washington Post-ს ტაივანში ვიზიტზე საუბრისას. მან ამის საფუძვლად მოიყვანა ის ვალდებულება, რომელიც  აშშ-მ იკისრა დემოკრატიული ტაივანის მიმართ 1979 წლის კანონის მიხედვით. „მნიშვნელოვანია, ამერიკამ და ჩვენმა მოკავშირეებმა მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ ჩვენ არასოდეს დავუთმობთ ავტოკრატებს“, - წერს პელოსი.

სხვა თემები