03 ოქტომბერი 2017 - 01:15

ტროლური თამაშები - როგორ ამოვიცნოთ ტროლები ინტერნეტში?

“ტროლინგის” თანამედროვე მნიშვნელობა 1980-იან წლებში, ინტერნეტ-კონფერენციებზე გაჩნდა. ბევრს მიაჩნია, რომ ტერმინი სპორტული თევზაობის trolling for suckers-ის შემოკლებული ვარიანტია. მაგრამ სიტყვა პოპულარული, სავარაუდოდ, მისი მეორე მნიშვნელობის გამო გახდა. ტროლები სკანდინავიური ქვეყნების ფოლკლორის გმირები არიან, საბავშვო მოთხრობების შეუხედავი, უსიამოვნო პერსონაჟები, რომელთა მთავარი საქმე მავნებლობა და სხვებისთვის ზიანის მიყენებაა.

ტროლინგი რა არის?

გამომწვევი ქცევა, შეურაცხყოფა და პროვოკაციები ინტერნეტში. ტროლინგი არის ნებისმიერი ქცევა, რომლის მიზანიც ვინმეს მწყობრიდან გამოყვანა ან დაცინვაა.

როდის გავრცელდა?

1990-იან წლებში. თავდაპირველად, ინტერნეტის ცალკეული მომხმარებლები ცნობისმოყვარეობის და სხვათა რეაქციის გამოცდის მიზნით, ათასში ერთხელ პროვოკაციულ შეტყობინებებს ავრცელებდნენ. 21-ე საუკუნის დასაწყისში, ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ტროლებმა დაიწყეს საკუთარი ორგანიზაციების და ჯგუფების შექმნა და კონფლიქტების ეფექტიან გაჩაღებაზე ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. დღეს არ არსებობს არცერთი პოპულარული ფორუმი, საინფორმაციო ჯგუფი თუ პროექტი, რომელსაც ტროლებთან და ტროლინგთან შეხება არ აქვს.

ტროლები სხვადასხვა ყალბი სახელის ან უსახო ავატარების უკან იმალებიან, “წარმატებული” ტროლინგის შემდეგ კი ხშირად საერთოდ აუქმებენ თავიანთ ცრუ ექაუნთებს.

ვინ შეიძლება იყოს ტროლი?

რამდენიმე კატეგორიის მომხმარებელი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც ამ ტიპის ურთიერთობით ერთობიან; ზრდასრული ადამიანები რომლებიც ყურადღების მიპყრობას ინტერნეტში “მუშაობით” ცდილობენ, ასევე მომხმარებლები, რომლებისთვისაც ტროლინგი შემოსავლის წყაროა.

ტროლები შეიძლება იყვნენ როგორც სულელი, ისე ჭკვიანი ადამიანები. მათ შეიძლება შექმნან გააზრებული, არგუმენტირებული კომენტარები, რომლებშიც თავიდანვე ჩადებულია პროვოკაცია. ისინი შეიძლება წინასწარ მომზადებული სქემითაც მუშაობდნენ. ყველაფერი დამოკიდებულია ტროლინგის ფორმასა და მიზანზე, რომელიც ადამიანს აქვს.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პროფესიონალ ტროლებს სოცქსელებში და თემატურ ფორუმებზე ნამდვილი რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ, რაც შემდეგ შეიძლება რეალურ დროში სახალხო გამოსვლებსა და აქციებში გადაიზარდოს.

სხვადასხვა ტიპის ტროლებიც არსებობენ?

დიახ. ისინი მიზნებისა და მოტივაციის მიხედვით იყოფიან.
 
პოლიტიკური ტროლები, ტრადიციულად, წინასაარჩევნო კამპანიების დროს აქტიურდებიან. ასეთ დროს ქსელში ჩნდება ხოლმე პოლიტიკური ტროლების არმიები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებულ ახალ ამბებს და იმის მიხედვით, თუ ვის ინტერესებს წარმოადგენენ, ტოვებენ დადებით ან უარყოფით კომენტარებს. ასეთი მოხმარებელები ზოგჯერ საკუთარი ინიციატივით მოქმედებენ, მაგრამ შეიძლება წინასაარჩევნო შტაბის დავალებითაც მუშაობდნენ. არიან ტროლები, რომლებიც დავებს საერთაშორისო ფორუმებზე აღვივებენ. ასეთი ტროლებიც ან საკუთარი სურვილით ან ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობენ.

აბეზრები კამათს ცარიელ ადგილზე, გართობისთვის იწყებენ. მათი მიზანი ზოგჯერ სხვისი გაუსიამოვნება სულაც არ არის, მაგრამ უყვართ აბსურდულ კომენტარებზე მომხმარებლების რეაქციებზე დაკვირვება და შეუძლიათ საათობით წერონ ქსელში. კამათისთვის ყველაზე აქტუალურ, ცხელ თემებს ირჩევენ ხოლმე, როგორებიცაა რელიგია, სადავო კანონები, ოდიოზური ფიგურები და ა.შ.

ექსპერტები კომენტარებში ცდილობენ ამა თუ იმ სფეროში კომპეტენტურობის დემონსტრირებას და სხვების შეცდომების ხაზგასასმელად გაუთავებლად სამეცნიერო ფაქტებს იმოწმებენ. მათ ექსპერტ-ტროლებს უწოდებენ. ისინი კამათობენ მანამ, სანამ მათ მიმართ ყურადღება არ გაქრება და მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებენ ფორუმს.

თაღლითები ყველაზე სახიფათო ტროლები არიან. ისინი კამათობენ არა უმიზნოდ, არამედ ადამიანებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს სამუშაო ადგილს, სოციალურ სტატუსს, ურთიერთობას ამა თუ იმ ადამიანთან და საკრედიტო ბარათების მონაცემებსაც კი.

ტროლებს ფულს ვინ უხდის?

ტროლების “მომსახურებით” შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ როგორც კომპანიები, ისე წინასაარჩევნო შტაბები ან კერძო პირები. ასეთ ადამიანებს ზოგჯერ განცხადებითაც ქირაობენ, მაგრამ უფრო ხშირად პროექტების კოორდინატორები ტროლებს თავის ნაცნობებში პოულობენ. მუშაობის შედეგებზე ტროლს დამკვეთისთვის ანგარიშის გაგზავნა სქრინშოტების საშუალებით შეუძლია, ამასთან ანაზღაურება შეიძლება იყოს საათობრივიც, გამომდინარე შეთანხმებული ნორმის შესრულებიდან ან ცალკე დატოვებული კომენტარის მიხედვით.

რადგან ტროლინგი ქსელის მომხმარებლების ემოციების მართვის საშუალებაა, ამიტომ ამ პრაქტიკას ხშირად PR-სააგენტოებიც იყენებენ, რომლებიც არაკეთილსინდისიერი გზით ცდილობენ საკუთარი პროდუქტის რეკლამირებას და კონკურენტების განადგურებას.

ანაზღაურება გადამწყვეტია?

არა. სხვებისთვის ტკივილის მიყენებისა და ადამიანების მწყობრიდან გამოყვანის სურვილისთვის არათუ ფინანსური მოტივაცია, არამედ კონკრეტული რაციონალური მიზანიც არ არის საჭირო. ფსიქოლოგები, რომლებიც ადამიანების “ბნელ მხარეებს” სწავლობენ, ამტკიცებენ, რომ სისასტიკისგან სიამოვნებას არამხოლოდ ფსიქოპატები და მკვლელები, არამედ რიგითი მოზარდები, პოლიტიკოსები, პოლიციელები და ინტერნეტ-ტროლებიც იღებენ. ზოგიერთი მეცნიერი ტროლებს ყოფით სადისტებადაც ახასიათებს, რომლებიც მთელ თავის დროს “მსხვერპლის” ძიებაში და შემდეგ მათთვის ტკივილის მიყენებაში ხარჯავენ.

მეცნიერების თქმით, ასეთ ადამიანებს სასიამოვნო ცხოვრებისეულ მოვლენებზე საკმარისად გამოხატული ემოციური რეაქცია არ აქვთ და არამოტვირებული სისასტიკე შეიძლება ამ ზღვრის გადალახვის მცდელობაა.

ტროლების დამარცხება ტექნიკური საშუალებებით არ შეიძლება?

ამ მიმართულებით, ბევრი კვლევა და ექსპერიმენტი ტარდება, თუმცა ქსელში ტროლინგის და აგრესიის დამარცხების ერთიანი რეცეპტი შემუშავებული არ არის. აგრესორის პროცესიდან სრულად გაძევება ჯერ შეუძლებელია. მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაცია და პლატფორმები პრობლემასთან გამკლავებას, ინდივიდუალურად, საკუთარი ფორმულების შექმნით ცდილობენ.
 
მაგალითად, 2016 წელს ჩატარდა მთელი რიგი კვლევები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ავტომატური საშუალებებით, ოპერატიულად, აგრესიული მომხმარებლების გამოვლენა, იმისთვის, რომ ეს აგრესია ადრეულ ეტაპზევე აღმოიფხვრას. ერთ-ერთი ასეთი კვლევის მასალად გამოიყენეს 40 მილიონი კომენტარი, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში გამოქვეყნდა ისეთ ვებგვერდებზე, როგორებიცაა ახალი ამბების პორტალები CNN.com და Breitbart.com

კვლევის ავტორებმა ვებვერდის ან ფორუმის მომხმარებლების ქცევაზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ ტროლების გამოვლენა ძალიან სწრაფად შეიძლება, თანაც არა იმ სიტყვების მიხედვით, რომლებსაც წერის დროს იყენებენ. ანტისოციალური მომხმარებლები, როგორც წესი, კონკრეტული მიმართულების დისკუსიებში მონაწილეობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს წერდნენ არჩეულ თემებს არ სცილდებოდნენ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მომხმარებლების აქტივობა დისკუსიების უფრო ფართო წრეზე ვრცელდებოდა.

მკვლევრებმა, ასეთი მომხმარებლების ქცევის დამახასიათებელი ნიშნები გამოყვეს და შექმნეს ალგორითმი, რომელსაც პოტენციური აგრესორების სწრაფად ამოცნობა შეუძლია. სიტყვებზე ანუ სლენგსა და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე მეტად ალგორითმი ქცევის გარკვეულ მოდელებს ამოიცნობს და ამ გზით ავლენს არასასურველ მომხმარებელს. ამისთვის კი მისი პირველი ხუთი-ათი გზავნილის გაანალიზებაც საკმარისია. თუმცა ამ ფორმულის ავტორებიც ამბობენ, რომ ტროლებთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტიანი მაინც ცოცხალი მოდერატორია.

კომპანია SRI International-ი, რომელმაც შექმნა ელექტრონული თანაშემწე Siri და რომელიც შემდეგ Apple-მა თავისი აიფონებისთვის იყიდა, ასევე დიდ ძალისხმევას ხარჯავს ინტერნეტ-აგრესორების ავტომატურად გამოვლენაზე. კომპანიის სპეციალისტები ცდილობენ იმ სამუშაოს ავტომატიზებას, რომელსაც ახლა მოდერატორი-ადამიანები ასრულებენ. 

სპეციალისტების ნაწილი აგრესიის თემას ისეთი ქსელების საფუძველზე სწავლობდა, როგორიცაა Instagram-ი. არსებობს ქსელურ აგრესიასთან ბრძოლის უფრო ტრადიციული ფორმები, კერძოდ ამ მოვლენასა და მის თავისებურებებზე ინფორმაციის გავრცელება. მსგავსი კამპანიები თავად ინტერნეტში ტარდება. 2016 წელს, ბრიტანეთის ხელისუფლებამ აამოქმედა ვებგვერდი Stop Online Abuse ("არა კიბერაგრესიას"), რომელიც ეძღვნება ქალებზე და ლგბტ თემის წარმომადგენლებზე ონლაინთავდასხმებს.

ზოგიერთი ინიციატივის ავტორი, ტროლებთან მათივე იარაღით ბრძოლის მომხრეა. მაგალითად, კამპანიის Zero Trollerance ("ნულოვანი ტოლერანტობა ტროლების მიმართ") ფარგლებში, ჯგუფ The Peng Collective-ის აქტივისტები სპეციალურ რობოტებს იყენებდნენ, რომლებიც Twitter-ზე აგრესიულ გზავნილებს პოულობდნენ და მათ ავტორებს ირონიულად, ფსიქოლოგიური კურსების გავლას ურჩევდნენ. კამპანიის ავტორები აცხადებენ, რომ მეთოდმა გაამართლა.

კანონები ინტერნეტში აგრესიას არ არეგულირებს?

ეს თემა მჭიდროდ არის დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან. ამიტომ თავისუფალ ქვეყნებში ინტერნეტში კამათს და შეურაცხყოფას კანონი არ არეგულირებს. მუქარა და შანტაჟი სხვა საქმეა, რაც ყველა ქვეყნის კანონმდებლობით დასჯადია. ქსელური აგრესია მაინც ახალი მოვლენაა, ამიტომ სად გადის ზღვარი ინტერნეტში აგრესიულ ქცევასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ამის დადგენა დემოკრატიულ ქვეყნებშიც უჭირთ.

ჯერ კიდევ 2014 წელს, დიდი ბრიტანეთის პოლიციის მაღალჩინოსანი აცხადებდა, რომ კრიმინალთან მებრძოლი ბრიტანელი პოლიციელები სამუშაო დღის სულ ცოტა ნახევარს სოცქსელებში შეურაცხყოფებზე შესული საჩივრების განხილვას უთმობდნენ. იმავდროულად, სამართალდამცველებს უჭირდათ იმის მკაფიოდ გარჩევა, თუ სად სცდებოდა "ტროლინგი" კანონის საზღვრებს, რის გამოც ბრიტანელ ოფიცრებს ჯერ კიდევ სამი წლის წინ ინტერნეტ სივრცეში შეურაცხყოფის საკითხებზე სპეციალურ კურსებზე ამზადებდნენ.

საქართველოში, პირველი ხმაურიანი დისკუსია ამ თემაზე 2014 წელს წარიმართა, როდესაც პარლამენტის მაშინდელმა ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ ინტერნეტში ადამიანის შეურაცხყოფის ხულიგნობად დაკვალიფიცირება მიზანშეწონილად მიიჩნია. კობახიძის ინიციატივა გააკრიტიკეს და მას გაგრძელება არ მოჰყოლია.

ანუ თავად უნდა დავიცვა თავი ტროლებისგან? როგორ?

ქსელში კამათი - ფუჭი საქმეა, განსაკუთრებით თუ ოპონენტი თავის პროფილს მალავს. გადაამოწმეთ მისი აქტივობა სხვა დისკუსიებში, და თუ დაინახავთ რომ მისი კომენტარები ყველგან ერთი მიმართულების და პროვოკაციულია - ეს ნიშნავს, რომ თქვენ წინაშე კლასიკური ტროლია.   

ასეთ დროს ყველაზე ეფექტიანი გზა დისკუსიის მიტოვებაა. ზოგადად, უმჯობესია თუ ინტერნეტ დავების მიმართ გულგრილი იქნებით. თუ ხედავთ, რომ რამდენიმე კომენტარის შემდეგ მომხმარებელი რაღაცას გიმტკიცებთ და თავს არ განებებთ, იდეალური გამოსავალი კამათის შეწყვეტაა. ტროლი არ მოგეშვებათ, დაგისვამთ კითხვებს, ეცდება თქვენ გაღიზიანებას, მაგრამ როდესაც დარწმუნდება, რომ ინტერესი ამოგეწურათ, სხვა მსხვერპლზე გადაერთვება, თქვენ კი თავს დაგანებებთ.

კომენტარები ()

სხვა თემები