18 ნოემბერი 2017 - 19:56

სექსუალური შევიწროება შეიძლება დასჯადი გახდეს. რა დანაშაულია ეს და რა კავშირი აქვს ამერიკულ ჰარასმენტთან? გარჩევა

ოქტომბრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს ინციატივით მიმართეს. ისინი ითხოვენ, რომ სექსუალური შევიწროება ქვეყანაში კანონის დონეზე აიკრძალოს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ქალთა მოძრაობის“ პეტიცია უკვე განიხილა და ვიზირება მისცა. ახლა დოკუმენტზე გენდერულმა საბჭომ უნდა იმსჯელოს. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა ცვლილებები შეიტანოს შრომის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომ სექსუალური შევიწროება არამხოლოდ დასაქმების ადგილზე, არამედ საჯარო სივრცეშიც აიკრძალოს. რა ტიპის დანაშაულია "სექსუალური შევიწროება", არის თუ არა ის ამერიკული ჰარასმენტის ანალოგი და როგორ უმკლავდება მას დასავლური მართლმსაჯულება?

ჰარასმენტი რას ნიშნავს?

Harassment - ეს არის საერთო ტერმინი ქმედებების მთელი რიგისთვის, რომელიც ადამიანს ამცირებს, უქმნის უსიამოვნო ატმოსფეროს, უჩენს სირცხვილის განცდას ან აშინებს. ეს შეიძლება იყოს გამონათქვამი, ჟესტი ან ქმედება - ქუჩაში მისი მისამართით თქმული რეპლიკიდან დაწყებული დასრულებული სექსის იძულებით. სია ძალიან გრძელია: დამცირება, ხუმრობა, აკიდება, თვალთვალი, უხამსი მინიშნებები და მუქარა - ეს ყველაფერი ჰარასმენტის სხვადასხვა ფორმებია. მეტიც, ჰარასმენტი, რომელიც ქართულად შევიწროებას ნიშნავს, მხოლოდ სექსუალური ხასიათის არ არის: ერთი ადამიანი მეორეს შეიძლება აწუხებდეს ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის და კანის ფერის, აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური ან ინტელექტუალური თავისებურებების გამო. მაგალითად, თუ კოლეგებიდან ვინმე, დასცინის თქვენს რელიგიურ შეხედულებებს, ესეც ჰარასმენტია. ან პირიქით - თუ სამსახურში თქვენგან ითხოვენ, მაგალითად, რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობას, რომლებიც თქვენს პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება.

ჰარასმენტი აღწერის მიხედვით ჩაგვრას (bulling) ჰგავს. უბრალოდ, ჩაგვრა შეიძლება წარმოიქმნას ცარიელ ნიადაგზეც, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. ხოლო ჰარასმენტი, ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, დისკრიმინაციის ფორმა და უფლებების შელახვაა - ანუ მსხვერპლის მიმართ მოპყრობა როგორც ადამიანისადმი, რომელიც თითქოს ვიღაცაზე უარესია და ნაკლებ პატივისცემას იმსახურებს, რადგან მას, მაგალითად, კანის სხვა ფერი აქვს ან სხვა სქესისაა. ჩაგვრა შეიძლება ჩაითვალოს ჰარასმენტად, თუ მას ანალოგიური მიზეზები აქვს, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მაშინ იურიდიულად ეს სხვადასხვა ცნებებია.

ესე იგი ჰარასმენტი ანუ შევიწროება იურიდიული ტერმინია?

დიახ, და თანაც არამხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მართალია აშშ-ში კონკრეტულად ჰარასმენტზე ფედერალური კანონი არ არსებობს, მაგრამ ასეთ დროს ისინი ეყრდნობიან 1964 წლის კანონს სამოქალაქო უფლებების შესახებ, რომელიც, კრძალავს დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციას რასის, რელიგიის, სქესის თუ ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. ამ კანონის მიღების შემდეგ, აშშ-ის სასამართლოებში ათწლეულების განმავლობაში ამტკიცებდნენ, იყო თუ არა ჰარასმენტის ესა თუ ის ფორმა დისკრიმინაცია და დღეს არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებების მთელი ჩამონათვალი (პრეცედენტები), რომელსაც ადვოკატები და მოსამართლეები ეყრდნობიან.

პირველი საჩივრები სამუშაო ადგილზე რასობრივი ნიშნით შევიწროებას უკავშირდებოდა. სექსუალური ჰარასმენტი დისკრიმინაციის ფორმად ამერიკაში პირველად 1976 და 1977 წლებში აღიარეს: ორმა აფროამერიკელმა ქალმა სასამართლოში დაამტკიცა, რომ ისინი უსამართლოდ დაითხოვეს სამსახურიდან, რადგან უფროსების მხრიდან სექსუალურ შევიწროებას არ დანებდნენ.

ახლა ამერიკაში ჰარასმენტს აღიარებენ ერთნაირსქესიანი ადამიანების მიმართ, ასევე ქალების მხრიდან კაცების მისამართით, და რიგითი თანამშრომლების მხრიდან უფროსების მიმართაც. მაგალითად, 2015 წელს, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია არაკომერციული ორგანიზაცია Rise, Inc.-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის სარჩელი, რომელიც აცხადებდა, რომ ქვეშევრდომების მხრიდან ჰარასმენტის მსხვერპლი იყო, კომპანიის ხელმძღვანელობა კი ამაზე თვალს ხუჭავდა.

როგორ გამოვავლინოთ სექსუალური ჰარასმენტი?

გარედან დაკვირვებით შეიძლება ჩანდეს, რომ აშშ-ში, დასაქმების ადგილებზე, ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქმედება, ფლირტი და უხამსი ხუმრობა ჰარასმენტად ითვლება, მაგრამ რეალურად ასე არ არის. არსებობს წესების მკაფიო ჩამონათვალი, რომელიც გასაზღვრავს, თუ რა არის სექსუალური შევიწროება და რა - არა. ეს წესები, თანაბარი შრომითი მოწყობის შესახებ ამერიკულმა კომისიამ (EEOC) ჯერ კიდევ 1980 წელს შეადგინა. სწორედ ეს კომისია მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დასაქმების ადგილებზე დისკრიმინაციას უკავშირდება. კომისია იღებს საჩივრებს, ატარებს გამოძიებებს, აგზავნის საქმეებს სასამართლოში და ამუშავებს საგანამანათლებლო პროგრამებს ამერიკული კომპანიებისთვის.

კომისიის ფორმულირების თანახმად, შევიწროებად ითვლება სექსუალური ხასიათის სხვადასხვა არასასურველი ქმედება, მაგრამ მხოლოდ საკმარისად მნიშვნელოვანი და როგორც წესი - განმეორებითი ხასიათის. მაგრამ შევიწროებად მიჩნეულია ასევე, ისეთი მძიმე ცალკეული ქმედება, როგორიცაა, უფროსის მხრიდან თანამშრომლისათვის სექსის დაძლება იმაზე მინიშნებით, რომ უარის შემთხვევაში მას პრობლემები შეექმნება. გარდა ამისა, აშშ-ში სექსუალური შევიწროება კანონსაწინააღმდეგო ხდება იმ მომენტიდან, როგორც კი ის ადამიანის შრომით პირობებზე აისახება.

ამერიკული ნაციონალური იურიდიული ბიურო Bloomberg BNA ამერიკული კომპანიების თანამშრომლებისთვის სპეციალურ გზამკვლევსაც გამოსცემს, რომელსაც ჰქვია “სექსუალური ჰარასმენტის და ჰარასმენტის სხვა ფორმების პრევენცია სამუშაო ადგილებზე”. ამ სახელმძღვანელოში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ “არასასურველი ქმედებები” ის ქმედებებია, რომელთა ინიცირებისთვის ადამიანს არაფერი გაუკეთებია და აღიქვამს მათ, როგორც შეურაცხმყოფელს და უსიამოვნოს.

როგორ გავიგო, რომ ვიღაცას ჩემი ქცევა არ სიამოვნებს?

ეს მართლაც რთულია. ზოგჯერ ადამიანი პირდაპირ ამბობს პასუხს და მეორე ადამიანს სთხოვს, სხვა დროს ასე აღარ მოიქცეს. მაგრამ, ზოგჯერ ადამიანები სხვადასხვა მიზეზის (მაგალითად, სირცხვილის ან შიშის) გამო ღიად პროტესტს ვერ გამოთქვამენ და ხშირად თანხმდებიან კიდეც ასეთ ქცევაზე, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში მათ ეს არ მოსწონთ. ამიტომ ყველა მსგავსი შემთხვევა ცალკე უნდა განიხილებოდეს.

აშშ-იც კი, ასეთ საქმეებს სასამართლოებში ათწლეულების განმავლობაში განიხილავენ. ყველა ადამიანს არ ესმის, თუ რა ითვლება შევიწროებად. მაგალითად, ამერიკელი ქალების ნახევარზე მეტი, რომლებიც ოქტომბერში The Washington Post-ის და ABC News-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, ამტკიცებენ, რომ ხშირად განიცდიდნენ კაცების მხრიდან არასასურველ მოპყრობას - სექსუალური ხასიათის მინიშნებებს და წინადადებებს, მაგრამ თავად კაცები ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. კაცების 60%, რომლებიც იმავე თვეში, საავტომობილო კომპანია Instamotor-მა გამოკითხა, შევიწროებად არ მიიჩნევს ბარში, რესტორანში თუ პაემანზე ქალის რამდენჯერმე დაპატიჟებას, მიუხედავად იმისა, რომ ქალს ეს არ უნდა.

ყველა მინიშნება ნეგატიური შეიძლება სულაც არ იყოს. მაგრამ ზოგიერთი კომლიმენტი უტაქტოა, ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და მასში სირცხვილის განცდას აჩენს. ამასთან, ვიღაცისთვის უხეში ხუმრობა და მინიშნებები შეიძლება პრობლემა იყოს, ვიღაცისთვის კი - არა.

ვინ და როგორ წყვეტს, იყო შევიწროება თუ არა?

ბევრ ამერიკულ კომპანიაში და ინსტიტუტში არსებობს მკაფიო ინსტრუქცია იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედონ შევიწროებაზე საჩივრის დროს. როგორც წესი, ეს ინსტრუქციები შიდა გამოძიებას მოიცავს. მაგალითად, უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკული ასოციაციის რეკომენდაციაა, რომ დასაწყისში კონფლიქტი თანამშრომლებმა თავად უნდა მოაგვარონ (თუ საქმე სექსზე იძულებას არ ეხება) და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ პრობლემა ვერ მოგვარდა.

თუ კომპანია დარღვევებს ვერ ხედავს ან არ ჩქარობს ზომების მიღებას, თანამშრომელს, რომელიც შევიწროების შესახებ ჩივის, უფლება აქვს EEOC-ს მიმართოს, რომელიც გამოძიებას დაიწყებს. თუ გამოძიების შემდეგ კომისია პრეტენზიას საფუძვლიანად მიიჩნევს, მომჩივანს შეუძლია საქმე სასამართლოში შეიტანოს.

EEOC-ის მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში დისკრიმინაციაზე საჩივრების საერთო რაოდენობა იზრდება. 2016 წლის განმავლობაში, კომისიამ, სექსუალურ შევიწროებაზე დაახლოებით 7000 მიმართვა განიხილა (16,6% კაცებისგან), მაგრამ ნახევარზე მეტ შემთხვევაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა. თუმცა ეს სრული სურათი არ არის. სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების ნაწილს დამქირავებლები სწავლობენ და ბევრი ინციდენტი გაუხმაურებელი რჩება. სხვადასხვა კვლევით, რომელსაც EEOC ეყრდნობა, სექსუალურ შევიწროებას დასაქმების ადგილებზე ამერიკელი ქალების 25%-დან 28%-მდე განიცდის. The Washington Post-ის და ABC News-ის ცნობით, მათგან მსგავს შემთხვევას მხოლოდ 42% ასაჯაროებს.

და სასჯელი რა არის?

როგორც წესი, აშშ-ში, დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება სამოქალაქო სამართალდარღვევად განიხილება, რომელზეც პასუხისმგებელი დამსაქმებელია. ამიტომ, მსგავსი შემთხვევების პრევენცია დამსაქმებლის საქმეა. პრევენცია გულისხმობს კორპორაციული კულტურის ამაღლებას, დისკრიმინაციის (მათ შორის შევიწროების) აკრძალვას კომპანიის შიდა წესებით, შევიწროების შემთხვევების გამოძიებას სამსახურში და საჩივრის დადასტურების შემთხვევაში ზომების მიღებას. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური, კონსულტაციების მიღება შტატიან ფსიქოლოგთან, დაქვეითება, მოვალეობის დროებით შეჩერება და სამსახურიდან გათავისუფლებაც კი. “დამნაშავეს” შეიძლება ფინანსური კომპენსაციაც დააკისრონ.

ადამიანის სამსახურიდან გასათავისუფლებლად საჭიროა, რომ გამოძიებამ მნიშვნელოვანი სამართალდარღვევა აღმოაჩინოს. მაგრამ პრაქტიკაში, მსგავსი ბრალდებების გახმაურების შემთხვევაში, კომპანიები რეპუტაციის რისკის ქვეშ დაყენებას ერიდებიან. ამას ჰოლივუდის ბოლოდროინდელი სკანდალებიც მოწმობს. კომპანიები ცდილობენ გაემიჯნონ ადამიანებს, რომელთა მისამართითაც სერიოზული ბრალდებები გაისმა და მათთან კონტრაქტებს წყვეტენ. როგორც უნდა იყოს, სამსახურიდან გათავისუფლებაზე პასუხისმგებლები კომპანიები არიან და არა ადამიანები, რომლებიც სხვებს შევიწროებაში ან ძალადობაში ადანაშაულებენ.

გათავისუფლებულ თანამშრომელს შეუძლია ცილისწამების და უსამართლო გათავისუფლებისთვის სასამართლოს მიმართოს, კომპენსაცია მიიღოს და რეპუტაცია აღიდგინოს. სასამართლოს მიმართა დენვერელმა დიჯეიმ, რომელიც ტეილორ სვიფტის საჩივრის შემდეგ სამსახურიდან გააგდეს. იგივე გააკეთა Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა ბილი ორაილმა. 2017 წლის აპრილში ორაილი იძულებული გახდა ტელეკომპანია დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც The New York Times-მა გამოქვეყნა სტატია მისი მისამართით არსებულ სექსუალური ხასიათის ბრალდებებზე. ოქტომბრის ბოლოს მან იჩივლა და ცილისწამებისთვის 5 მილიონი დოლარი მოითხოვა ფეისბუქის პოსტის ავტორისგან, რომელმაც ქსელში ორაილი ქალების ჰარასმენტში დაადანაშაულა.

შევიწროების ზოგიერთი ფორმა სისხლის სამართლის დანაშაულადაც ითვლება. მაგალითად, ქმედებები, რომლებიც ჩადენილია სიძულვილის ნიადაგზე, ან თუ ლაპარაკია ადამიანის თვალთვალზე, დევნაზე, სერიოზულ მუქარებზე, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე.

რა შუაშია სექსუალური ძალადობა? შევიწროება და გაუპატიურება ხომ სხვადასხვა რამ არის?

საქართველოში, “სექსუალური ძალადობის” ცნება დიდწილად გაუპატიურებასთან ასოცირდება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (XII თავი, მუხლი 137) გაუპატიურება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება)). აშშ-ში და ევროპაში კი შევიწროებას საკმაოდ ფართოდ განმარტავენ - როგორც სექსუალური ხასიათის ნებისმიერ აგრესიას ან არასასურველ ქმედებას. კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული იუსტიციის ნაციონალური ინსტიტუტი “სექსუალური ძალადობის” ცნებაში გულისხმობს შევიწროებასაც, სექსუალური ხასიათის ძალდობრივ ქმედებებსაც და გაუპატიურებასაც. იგივე პოზიციას იზიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.

მიუხედავად იმისა, რომ შევიწროება და გაუპატიურება - სხვადასხვა რანგის სამართალდარღვევებია და მათგან გამოწვეული ტრავმა შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, ბევრ ქვეყანაში ისინი ერთი პრობლემის ნაწილად განიხილება.

სხვა ქვეყნებში სექსუალური შევიწროების პრობლემა როგორ რეგულირდება?

ევროპაში შევიწროებას მიიჩნევენ არა დისკრიმინაციის გამოვლენად, არამედ ადამიანის ღირსების და პატივის შელახვად. ამასთან, კონკრეტულად ცნება “შევიწროება” ყველგან არ არის; სამართლებრივი ნორმები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია: სადღაც აკრძალულია სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილზე, სხვაგან - პირად ცხოვრებაში. ზოგ ქვეყანაში ის ადმინისტრაციულ დარღვევად ითვლება, სხვაგან - სისხლის სამართლის დანაშაულადაც; მაგალითად ესპანეთში, დასაქმების ადგილზე შევიწროება ისჯება პატიმრობით სამიდან ექვს თვემდე. შევიწროებისთვის შეიძლება დიდ ბრიტანეთშიც დაგაპატიმრონ (ყველაზე მეტი, ნახევარი წლით), მაგრამ იქ ეს უფრო დევნად განიხილება, რაც გულისხმობს ადამიანის ლოდინს მის სახლთან ან სამსახურთან, ძალადობით დამუქრებას და შეურაცხმყოფელი ხასიათის შეტყობინებებს.

საქართველოში, "შევიწროების" იურიდიული ცნება არ არსებობს. მაგრამ არსებობს ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც პარლამენტმა 2014 წელს მიიღო და რომელიც ყველა სხვა ნიშანთან ერთად ადამიანების დისკრიმინაციას სქესის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნითაც კრძალავს. ანალოგიური ნიშნებით დისკრიმინაცია იკრძალება შრომით ურთიერთობებშიც საქართველოს შრომის კოდექსით (მუხლი 2).

ზოგიერთ ქვეყანაში, სამართალდარღვევად ითვლება ქუჩის ჰარასმენტი. მაგალითად, ფინეთში ის ჯარიმას ითვალისწინებს; ფილიპინებზე ეს შეიძლება იყოს ჯარიმაც და ერთ თვემდე პატიმრობაც. აკიდების, სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი შენიშვნების და გამვლელთა უხამსი რეპლიკების კრიმინალიზებას გეგმავენ არგენტინაში. შეიძლება მსგავსი კანონი მიიღონ საფრანგეთშიც: 2017 წლის აგვისტოში ქუჩის ჰარასმენტისთვის ჯარიმის დაწესებას მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა გენდერული თანასწორობის საკითხებში მარლენ შიაპამ.

სამყარო, სადაც სექსუალურობის გამოვლენა აკრძალულია, ხომ ძალიან მოსაწყენი იქნება

სოციოლოგები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ შევიწროება, როგორც მოვლენა, ისევე როგორც სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები, დაკავშირებულია არა სექსთან, არამედ ძალაუფლებასთან და დაუსჯელობის განცდასთან. მეცნიერები ეყრდნობიან კვლევებს, რომლის თანახმად, ადამიანები ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ნაკლებად უწევენ ანგარიშს გარშემომყოფთა ემოციებს და დასაქმების ადგილებზე იმპულსურად არღვევენ ეთიკურ ნორმებს. 

იმავდროულად, ძალაუფლება თავისთავად სექსუალიზებულია; ის ადამიანების თვითგანცდაზეც მოქმედებს. კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც ათასზე მეტი პროფესიონალი გამოიკითხა, აჩვენა, რომ ძალაუფლება ზრდის ადამიანების თავდაჯერებულობას საკუთარ სექსუალურ მიმზიდველობაში. ამავე კვლევით, ადამიანები, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, პარტნიორებს უფრო ხშირად ღალატობენ.

სხვა ადამიანის პირადი საზღვრების პატივისცემა, მისდამი, როგორც თანასწორისადმი მოპყრობა, ტაქტი და ძალადობაზე უარი არ გამორიცხავს ფლირტს, სექსუალურობის გამოვლენას ან სპონტანურობას. მთავარია ვითარების ადეკვატურად აღქმა, არა-ს გაგების უნარი და ამ არა-ს ფონზე ყველა საშუალებით საკუთარი მიზნის მიღწევაზე უარის თქმა.

სხვა თემები