15 ნოემბერი 2017 - 16:36

ამერიკელ ვარსკვლავებს კონტრაქტებს უწყვეტენ და ჯილდოებს ართმევენ. უდანაშაულობის პრეზუმფცია აღარ არსებობს?

ოქტომბრის დასაწყისიდან, მსოფლიო მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა - ცნობილი ადმიანების სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დადანაშაულებაა, რაც ჰოლივუდელ კინოპროდიუსერზე, ჰარვი ვაინშტეინზე გამოქვეყნებული სტატიით დაიწყო. ვაინშტეინის და კევინ სპეისის კარიერა, ფაქტობრივად, განადგურდა, პუბლიკაციების სხვა პერსონაჟებს კონტრაქტებს უწყვეტენ და ჯილდოებს ართმევენ. თემაზე დისკუსია არ წყდება და მთავარი კითხვა, რაც ისმის, ასეთია: რატომ ნადგურდება დადანაშაულებული ადამიანების კარიერა სასამართლოს გადაწვეტილებამდე ან გამოძიების დასრულებამდე? უდანაშაულობის პრეზუმფცია აღარ არსებობს?  

უდანაშაულობის პრეზუმფცია არ მოქმედებს?

საქმე ის არის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია - სამართლებრივი პრინციპია, რომელიც, პირველ რიგში, მოქალაქის და სახელმწიფოს ურთიერთობას ეხება. ამა თუ იმ ადამიანის შესახებ საზოგადოებრივი აზრის განხილვისას ამ ტერმინის გამოყენება ბოლომდე სწორი არ არის.

რა სამართლებრივი პრინციპია?

ბრალდებული უდანაშაულოა მანამ, სანამ მისი ბრალი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით არ დადასტურებულა. ეს პრინციპი ძველ რომაულ სამართალში გაჩნდა. მიჩნეულია, რომ ჯერ კიდევ III საუკუნეში ჩამოყალიბდა პრინციპი, რომლის თანახმად, “უნდა ამტკიცოს იმან, ვინც ამტკიცებს და არა იმან, ვინც უარყოფს”.  

უდანაშაულობის პრეზუმფცია დაფიქსირებულია, როგორც საერთაშორისო აქტებში, ასევე ნაციონალურ კანონმდებლობებში. საერთაშორისო აქტებიდან ეს არის, მაგალითად, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
 
საქართველოს კანონმდებლობაში უდანაშაულობის პრეზუმფცია გარანტირებულია კონსტიტუციით (მე-40 მუხლი), ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბრალდებულია ან ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ მანამ, სანამ მის საქმეს სასამართლო ინსტანციებში არ განიხილავენ იმ მომენტის ჩათვლით, ვიდრე საბრალდებო განაჩენი კანონიერ ძალაში არ შევა.
 
ამასთან, ის, ვისაც სახელმწიფო დანაშაულში სდებს ბრალს, არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა - პირიქით, მტკიცების ტვირთი ბრალმდებლის მხრესაა. თუ ადამიანის დამნაშავეობაში ეჭვი არსებობს და სასამართლოს მისი უარყოფა არ შეუძლია - ესეც ბრალდებულის სასარგებლო გარემოებაა. 

ნებისმიერი გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უდანაშაულობის ეჭვქვეშ დაყენება აღარ შეიძლება.
 
ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება არა მხოლოდ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე, არამედ ადამიანის და სახელმწიფოს ნებისმიერ ურთიერთობაზე: ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ მიმართავს პირს როგორც დამნაშავეს, ვიდრე მისი დანაშაული დადასტურებული არ არის.

აშშ-ში როგორაა?

ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც ყველაფერი დაახლოებით ასეა. სხვაობა შეიძლება იყოს სამართლის კონკრეტული ნორმების ფორმულირებაში, მაგრამ საერთო პრინციპი ერთნაირია.

ესე იგი უდანაშაულობის პრეზუმფცია სამსახურიდან გაგდებისა და სხვა შედეგებისგან არ გიცავს?

არა. ეს პირდაპირ არ არის დაკავშირებული უდანაშაულობის პრეზუმფციასთან. სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს ადგილობრივი კანონმდებლობა და კონკრეტული სიტუაცია არეგულირებს. საქართველოში ეს შრომის კოდექსია. დამსაქმებელი არ არის ვალდებული დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ თანამშრომლის გათავისუფლების დროს მან არ უნდა დაარღვიოს მისი შრომითი უფლებები.

ბრალდებებზე მუდმივად წერენ მედიაში. აქ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ მოქმედებს?

ჟურნალისტებს ბრალდებებზე წერას ვერ აუკრძალავ, მაგრამ მედიაში არ შეიძლება ადამიანს დამნაშავე უწოდო ან თქვა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ვიდრე სასამართლოს განაჩენი არ არსებობს. შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ ის ბრალდებულია ან ეჭვმიტანიალია პროცესში. თუ პრესა წერს, რომ თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ, ხოლო ამ დროს სასამართლოს განაჩენი ჯერ არ არსებობს, შეიძლება მედიას მიმართოთ ღირსების დაცვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვის სარჩელით.

ასევე შესაძლებელია, მას, ვინც თქვენ ბრალს გდებთ, პასუხისმგებლობა დააკისროთ: წინასწარ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სხვა ადამიანის რეპუტაციას ლახავს, მიჩნეულია ცილისწამებად და სამართალდარღვევად "სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონით.

სხვა თემები