ჰოლივუდელი პროდიუსერის სკანდალური საქმე. რა ელის ჰარვი ვაინშტეინს?
სტატიები იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას და ახალგაზრდა მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა, თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა. ვაინშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს ცნობილმა მსახიობებმა, მათ შორის გვინეტ პელტროუმ და ანჯელინა ჯოლიმ. პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, რამდენიმე დღის წინ კი ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.
ჟურნალისტური გამოძიება
The New York Times-იც და The New Yorker-იც სტატიებზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. NYT-მა მასალა პირველმა გამოაქვეყნა. გაზეთის მთავარი რედაქტორის - დინ ბეკეტის თქმით, მათ იცოდნენ, რომ თემას კონკურენტი გამოცემებიც ამზადებენ, ამიტომ ცდილობდნენ გამოქვეყნება არ გაეჭიანურებინათ.
The New Yorker-ის გამოძიების ავტორი ჟურნალისტი რონან ფეროუა - მსახიობ მია ფეროუს და რეჟისორ ვუდი ალენის შვილი, რომელმაც თავის დროზე მამის მხრიდან შესაძლო სექსუალურ შევიწროებაზე თავის დას, დილანს მხარი დაუჭირა. რონან ფეროუ 2014-2015 წლებში NBC-ის წამყვანი იყო, შემდეგ კი არხის მუდმივი უშტატო კორესპონდენტი გახდა. გაირკვა, რომ თავიდან, ის მასალას ჰარვი ვაინშტეინზე სწორედ NBC-სთვის ამზადებდა, თუმცა ტელეკომპანიამ სიუჟეტი ეთერში არ გაუშვა, რის შემდეგაც ფეროუმ სტატია The New Yorker-ს მისცა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მუშაობის დროს თავად ჰარვი ვაინშტეინი ცდილობდა მასზე ზეწოლას და სასამართლოში ჩივილით ემუქრებოდა.
The Huffington Post-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ NBC-ის ხელმძღვანელებს ფეროუს გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდათ და მიაჩნდათ, რომ მასალის პირველი ვერსია ტელეკომპანიის ჟურნალისტურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. NBC News-ის პრეზიდენტმა ნოა ოფენჰეიმმა განაცხადა, რომ არხი თვეების განმავლობაში აფინანსებდა გამოძიებას, შესაბამისად, ვიღაცის ზეწოლის გამო მისი არგაშვების მოტივაცია არ გააჩნდა და ასეთ ეჭვებს არხის მიმართ შერაცხმყოფელი უწოდა.
მედიაშეთქმულება
The New York Times-ის სტატიაში, რომელიც გამოძიების შემდეგ გამოქვეყნდა, ლაპარაკია იმაზე, რომ ვაინშტეინის საქციელი წლების განმავლობაში განხილვის საგანი იყო, მაგრამ მედიასაშუალებები არაფერს წერდნენ, რადგან არ სურდათ კინოპროდიუსერთან ურთიერთობის გაფუჭება. იმავდროულად, ჟურნალისტმა და ვებგვერდ TheWrap-ის თანადამფუძნებელმა შერონ ვაქსმანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ასეთი მედიასაშუალება თავად The New York Times-ია. მისი თქმით, 2004 წელს ის ამ გაზეთში მუშაობდა და შეეცადა ვაინშტეინის თემაზე რეპორტაჟის მომზადებას, მაგრამ მასალა ისე გაასწორეს, რომ ვაინშტეინის მიმართ გამოთქმული ყველა ბრალდება ტექსტიდან გაქრა. ვაქსმანი ამტკიცებს, რომ ეს იყო, როგორც თავად პროდიუსერის, რომელიც გაზეთის რეკლამის დამკვეთი იყო, ასევე ვაინშტეინის მეგობრების - მეტ დეიმონის და რასელ ქროუს ზეწოლის შედეგი.
კაცები
ჰარვი ვაინშტეინის მეგობრად თვლიან ბენ აფლეკსაც. თუმცა, სტატიების გამოქვეყნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაინშტეინის საქციელი დაგმო, ბენ აფლეკი იყო. ის სკანდალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ გული ერევა იმისგან, რაც წაიკითხა. მას უმალ შეახსენეს, რომ გულწრფელი არ არის და ვაინშტეინის საქციელის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა.
ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტი უარყო მეტ დეიმონმაც. მან თქვა, რომ ჟურნალისტს ვაინშტეინის თხოვნით აბსოლუტურად სხვა საკითხზე დაურეკა. მსახიობმა პროდიუსერის საქციელი დაგმო. ვაინშტენი გააკრიტიკეს ასევე მაიკლ კიტონმა, მარკ რუფალომ, ჯორჯ კლუნიმ, კევინ სმიტმა და სეტ როგენმა.
ქალები
ბოლო დღეებში, ჰარვი ვაინშტეინის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე კიდევ რამდენიმე ქალმა განაცხადა. ესენი არიან ფრანგი მსახიობი ლეა სეიდუ, მოდელი და მსახიობი კარა დელევინი, მსახიობი ჰიზერ გრემი.
პირველი ქალი, რომელმაც ვაინშტეინი დაადანაშაულა, მსახიობი რომოლა გარაია. ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი ლორენ სივიანი, ყოფილი მოდელი ზოი ბროკი, მსახიობი და რეჟისორი აზია არჯენტო, მსახიობი ლუსია ევანსი, მირა სორვინო, როზანა არკეტი, იტალიელი მოდელი ამბრე გუტერესი, ასევე ეშლი ჯადი, გვინეტ პელტროუ და ანჯელინა ჯოლი.
ვაინშტეინის ქმედებები დაგმეს, მაგრამ განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ მერილ სტრიპმა, კეიტ უინსლეტმა და გლენ გლოუსმა. თუმცა, მსახიობებმა აღნიშნეს, რომ ვაინშტეინი გამონაკლისი არ არის და ჰოლივუდში “ტახტზე კასტინგი” დღემდე მიღებული სამარცხვინო პრაქტიკაა.
10 ოქტომბერს, ვაინშტეინის სკანდალს ჰილარი კლინტონი გამოეხმაურა. პროდიუსერი დემოკრატების კანდიდატს საჯაროდ მხარს უჭერდა და მის კამპანიაში ფინსნსური წვლილიც შეჰქონდა. კლინტონი ოფოციალურ განცხადებაში წერს, რომ ინფორმაციით შოკირებულია.
ინფორმატორი
ტაბლოიდმა TMZ-მ დაწერა, რომ თავად ჰარვი ვაინშტეინი ყველაფერში ძმას ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ სწორედ ბობი ვაინშტეინმა მიაწოდა ჟურნალისტებს მისი მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები, რათა ერთპიროვნულად ჩაეგდო ხელში კომპანია Weinstein Co. მოგვიანებით, პროდიუსერის წარმომადგენელმა ეს ცნობა უარყო და განაცხადა, რომ მიუხედავად ბობის დამამცირებელი შეფასებებისა, ჰარვი მას თავის ძმად მიიჩნევს და არ სჯერა, რომ ის ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიდა. მანამდე ბობი ვაინშტეინმა თავის ძმას “ავადმყოფი ადამიანი” უწოდა, ხოლო მის ბოდიშს სავარაუდო მსხვერლთა მიმართ - “ცარიელი სიტყვები”.
“ავადმყოფი”
11 ოქტომბერს, ჰარვი ვაინშტეინმა განაცხადა, რომ ევროპაში სექსუალური დამოკიდებულებისგან სამკურნალოდ მიემგზავრება, მაგრამ არსად წასულა. მეორე დღეს ის დაინახეს, რომ უფროსი ქალიშვილის, 22 წლის რემის სახლიდან გამოდიოდა - ქუჩაში მან პაპარაცებს მხარდაჭერისთვის მიმართა და თქვა, რომ დახმარება სჭირდება. მანამდე, ქალიშვილმა 911 გამოიძახა, შეატყობინა რა მათ, რომ მამამისს დეპრესია აქვს და თავის მოკვლას აპირებს.
ადგილზე მისულ პოლიციას ოჯახური კონფლიქტი დახვდა, რომელსაც “ნათესავები დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ”. ბოლო ინფორმაციით, ჰარვი ვაინშტეინი არიზონაში, სარეაბილიტაციო ცენტრში გაფრინდა. გამგზავრების წინ, თავისი ადვოკატის ოფისიდან გამოსულმა, შენობასთან შეკრებულ ფოტოგრაფებს შუათითი აჩვენა.
რა ელის ვაინშტეინს
11 ოქტომბერს, ბრიტანეთის კინოს და ტელევიზიის აკადემიამ (BAFTA) ჰარვი ვაინშტეინს წევრობა შეუჩერა. მეორე დღეს, სხდომა ჩატარდა ამერიკის კინოაკადემიაში, რომელიც კიდევ ერთ შეკრებას 14 ოქტობერს გეგმავს, რომელზეც ვაინშტეინის წინააღმდეგ ბრალდებებს და კინოაკადემიის მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს. პროდიუსერის საქციელი დაგმო კანის კინოფესტივალის პრეზიდენტმა პიერ ლესკიურმაც.
ნიუ-იორკის პოლიციამ გამოძიება დაიწყო ერთ-ერთ შემთხვევაზე, რომელზეც The New Yorker-ის მასალაშია ნათქვამი. AFP-ს ცნობით, ლაპარაკია 2004 წლის მოვლენებზე, კერძოდ მსახიობ ლუსი ევანსის შემთხვევაზე, როდესაც ჰარვი ვაინშტეინმა მას ორალური სექსი აიძულა. პროდიუსერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ბრიტანულმა პოლიციამაც - საქმე ეხება ლონდონში, 1980-იან წლებში ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკუთარ გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც.