31 ოქტომბერი 2017 - 03:13

კევინ სპეისის სექს-სკანდალის ისტორია. მთავარი

კევინ სპეისი, რობინ რაიტი

კევინ სპეისი, რობინ რაიტი

30 ოქტომბერს, მსახიობმა ენტონი რაპმა ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. ამ ამბიდან მალევე, კომპანია Netflix-მა სერიალ "ბანქოს სახლის" ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. ამერიკულმა სატელევიზიო პრემია Emmy Award-მა კი გადაწყვიტა, რომ კევინ სპეისის, კინოინდუსტრიაში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის "2017 წლის საპატიო ემის" აღარ გადასცემს.

ენტონი რაპის სკანდალური ინტერვიუ

ჰოლივუდის პროდიუსერის - ჰარვი ვაინშტეინის სექს-სკანდალის შემდეგ, მედიაში და სოცქსელებში აქტიურად განიხილავენ სექსიზმს და სექსუალურ შევიწროებას სხვადასხვა ინდუსტრიაში, მაგრამ, პირველ რიგში, ჰოლივუდში.

30 ოქტომბერს, მსახიობმა ენტონი რაპმა გამოცემა BuzzFeed-ს უამბო, რომ 30 წლის წინ, მას მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი კევინ სპეისი სექსუალურად ავიწროებდა. რაპი მაშინ 14 წლის იყო და ბროდვეიზე დადგმულ პიესაში Precious Sons ედ ჰარისთან და ჯუდიტ აივისთან ერთად ახალგაზრდა მსახიობს თამაშობდა. სპეისი მასზე 12 წლით უფროსი იყო და ისიც დამწყები მსახიობი გახლდათ. მათ ერთმანეთი ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიცნეს, რომელზეც სპეისიმ რაპი ჯერ უფროს მსახიობებთან ერთად ღამის კლუბში დაპატიჟა, ხოლო რამდენიმე დღეში - თავის სახლში წვეულებაზე. რაპმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში საკმაოდ დამოუკიდებელი იყო და ხშირად დადიოდა თეატრში და ღონისძიებებზე უფროსებთან ერთად. მან თქვა, რომ სპეისის სახლშიც ყველა მასზე უფროსი იყო, მალე მოსწყინდა და ერთ-ერთ საძინებელში ტელევიზორის საყურებლად შევიდა. მსახიობი იხსენებს, რომ სტუმრები ისე წავიდნენ, რომ მან ვერაფერი გაიგო. სპეისი, რომელიც, სავარაუდოდ, ნასვამი იყო, ოთახში შევიდა, ის ხელში აიყვანა, ლოგინზე დააწვინა და სექსისკენ პირველ "ნაბიჯებს დგამდა", როცა რაპი მას დაუსხლტდა და აბაზანაში დაიმალა, რის შემდეგაც სახლში წავიდა. ის ამბობს, რომ მომხდარისგან უბრალოდ "გაქვავდა". "ეს ისტორია მრავალი წლის განმავლობაში არ მასვენებდა", - იხსენებს მსახიობი და ამბობს, რომ რაც უფრო ემატება ასაკი, ხვდება, რომ ძალიან გაუმართლა, ამაზე უარესი რამ რომ არ შეემთხვა. "ახლა სულ ვფიქრობ და ვერ წამომიდგენია, ვის შეიძლება ჩემი ნაცნობებიდან მსგავსი რამ გაეკეთებინა 14 წლის ბავშვისთვის", - ამბობს მსახიობი ინტერვიუში.

რაპმა ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევის შემდეგ სპეისის რამდენჯერმე შეხვდა და ყოველთვის დისკომფორტს განიცდიდა. ის ვერ ხვდებოდა - ახსოვდა თუ არა თავად სპეისის მომხდარი. საბოლოო ჯამში, ორივე ცნობილი მსახიობი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რაპს დაუფარავი გეის რეპუტაცია აქვს, ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ჰქონია ურთიერთობა, როგორც კაცებთან ასევე ქალებთან, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას მაინც კაცებს ანიჭებს.

კევინ სპეისი - ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. ის Netflix-ის სერიალში "ბანქოს სახლი" ფრენკ ანდერვუდის როლს ასრულებს. ის ორი "ოსკარის" მფლობელია. 2003-2015 წლებში კევინ სპეისი ლონდონის თეატრის Old Vic-ის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა.

კევინ სპეისის აღიარება

ენტონი რაპის ინტერვიუს შემდეგ, კევინ სპეისიმ Twitter-ზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ არ ახსოვს ეს კონკრეტული ფაქტი, მაგრამ მომხდარით ძალიან შეწუხებულია და თავისი არაფხიზელი საქციელის გამო რაპს ბოდიშს უხდის. იმავდროულად, მან აღიარა, რომ ბოლო წლებში ის ცხოვრობს, როგორც გეი და ამის დამალვას აზრი აღარ აქვს. 

კევინ სპეისი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე კარჩაკეტილ მსახიობად ითვლებოდა. მას არასდროს ჰყოლია ცოლი და ოსკარის ცერემონიებს ხშირად დედასთან ერთად ესწრებოდა. მას ჰომოსექსუალის რეპუტაცია ჰქონდა და ყვითელი პრესა ხშირად წერდა კაცებთან მისი სავარაუდო რომანტიკული კავშირების შესახებ. თავად სპეისიმ Esquire-ს უთხრა, რომ მას ბევრი გეი მეგობარი ჰყავს და არასდროს გასჩენია სურვილი ემტკიცებინა, რომ ის თავად გეი არ არის. "თუ ვინმეს უნდა, რომ ასე იფიქროს, იფიქროს. მე არ მაინტერესებს ამის არც უარყოფა და არც დადასტურება. უბრალოდ არ მაინტერესებს", - ამბობდა მსახიობი.

სპეისის სექსუალურ ორიენტაციაზე ხშირად მიანიშნებდნენ მისი კოლეგები. 2014 წელს ტელეწამყვანი და ცნობილი გეი ენდი კოენი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მას აბრაზებს სპეისის ფარისევლობა და მოუწოდებდა მსახიობს სექსუალური ორიენტაციის აღიარებისკენ (coming out). 2017 წლის ივნისში Tony Awards-ის დაჯილდოების ცერემონიის დროს, თავად სპეისიმ, რომელსაც ღონისძიება მიჰყავდა, ორჯერ იხუმრა ქამინგ-აუთზე უარის შესახებ, რითაც სავარაუდოდ, საკუთარ თავზე მიანიშნებდა.

LGBT თემი იმედგაცრუებულია

ცნობილი ადამიანების გულწრფელ აღიარებებს არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები ძალიან იწონებენ, რადგან მათი აზრით, მსგავსი ნაბიჯები ხელს უწყობს გეების, ლესბოსელების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების აღქმის ნორმალიზებას, ასევე სხვა მსგავსი ორიენტაციის ადამიანებს მხარდაჭერის განცდას უჩენს. იმავდროულად, სხვა ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე მისი თანხმობის გარეშე ღიად ლაპარაკი ან ამ ადამიანისთვის იმის მოთხოვნა, რომ მან "აღიაროს სიმართლე", დღემდე სადავო საკითხია. ერთ-ერთმა ლგბტ გამოცემამ ასეთი კითხვა კევინ სპეისის შესახებაც დასვა - აქვს თუ არა მსახიობს პირადი ცხოვრების საიდუმლოდ შენახვის უფლება, თუ მან სხვებს დადებითი მაგალითი უნდა მისცეს და საჯაროდ ილაპარაკოს თავის სექსუალურ ორიენტაციაზე? 

საჯარო ფიგურების ქამინგ-აუთის მედია ეფექტი იმდენად დიდია, რომ სპეისის ბრალი დასდეს, რომ თავისი აღიარებით, იგი არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროების ფაქტის გადაფარვას შეეცადა. "მან გადაფარა ბრალდების შემაშოთებელი არსი და ლგბტ თემის მიღწევებს ფასი დაუკარგა", - თქვა ბრიტანელმა ლესბოსელმა ტელეწამყვანმა სიუ პერკინსმა. სპეისს ბრალი დასდეს იმაში, რომ Twitter-ზე თავის განცადებაში, მან ერთმანეთს დაუკავშირა ორი სხვადასხვა რამ - ჰომოსექსუალობა და პედოფილია, რითაც განამტკიცა სტერეოტიპი, თითქოს ჰომოსექსუალები "ბავშვებს რყვნიან". თავად სპეისის კრიტიკოსებისთვის ჯერ არ უპასუხია.

სხვა თემები