01 დეკემბერი 2017 - 08:05

ვის მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად და ვის - არა?

28 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის ორი მუხლი. ეს, მერაბიშვილის პოლიტიკური თანამებრძოლების თქმით, იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და ციხიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ვანო მერაბიშვილი ვინ არის?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. 8 წლის განმავლობაში (2004-2012) ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, 2012 წელს კი რამდენიმე თვის განმავლობაში - პრემიერმინისტრად მუშაობდა.

მერაბიშვილი ხელისუფლების შეცვლიდან (2012 წლის ნოემბერი) რამდენიმე თვეში, 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. იმ მომენტისთვის ის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი იყო. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს. 2014 წელს ის დამნაშავედ ცნეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე.
 
საქართველოს საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება: 1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე; 2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი; 3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე; 4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი; 5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ განაჩენით, მას გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს. ახლა ის სასჯელს თბილისში, ეგრეთ წოდებული “მატროსოვის ციხეში” იხდის.

მერაბიშვილის წინააღმდეგ ქართულ სასამართლოში განხილულ ერთ-ერთ საქმეზე, 2011 წლის 26 აპრილს, სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე - ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ - ეხება 2006 წელს, 28 წლის ბანკირის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა და დღემდე აქტუალურია იმის გამო, რომ გამოძიებამ დამალა შსს-ს მაშინდელ მაღალჩინოსანთა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლის შესაძლო კავშირი მკვლელობასთან.
 
სტრასბურგის სასამართლოს მაშინდელ განაჩენში ეწერა, რომ სასამართლო "გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება და დაგმო ის, რომ მაშინდელმა “ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, [დანაშაულის] თანამონაწილენი იყვნენ”.

სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის საქმე როგორ მოხვდა?

მერაბიშვილის ადვოკატებმა ევროპულ სასამართლოს 2013 წლის ნოემბერში მიმართეს. იმ დროს ის წინასწარ პატიმრობაში იყო და სასამართლო გამოძიებას ელოდებოდა. მისი სარჩელიც წინასწარ პატიმრობას ეხებოდა.

ერთ-ერთ პრეტენზია ის იყო, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და დაკავება ხელისუფლებამ იმისთვის გამოიყენა, რომ ის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოეშორებინა, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” დასუსტება მოჰყვა, ხოლო თავად მან ვეღარ შეძლო 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება. ის ასევე აცხადებდა, რომ მისი დევნა წინასწარი პატიმრობის დროსაც გრძელდებოდა, როდესაც 2013 წლის დეკემბერში, მისი თქმით, ის გამოიყვანეს საკნიდან, რათა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შეხვედროდა. მერაბიშვილი ფარცხალაძეს მის დაშინებაში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ მთავარი პროკურორი მას ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საიდუმლო ოფშორულ საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციას სთხოვდა.

ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს გენერალურ პროკურორად 40 დღე იმუშავა. 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.

სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე რა დაადგინა?

პირველად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ერთ-ერთმა პალატამ გადაწყვეტილება 2016 წლის 14 ივნისს მიიღო. მაშინდელი გადაწყვეტილება დღევანდელის ანალოგიურია. თუმცა საქართველოს მთავრობამ ის გაასაჩივრა და საქმე განსახილველად დიდმა პალატამ მიიღო.

გასაჩივრებამდე, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ინციდენტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მაგრამ ამ წლის თებერვალში შეწყვიტა, რაც იმით ახსნა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა და რომ კამერიდან მერაბიშვილის უკანონოდ გაყვანის ფაქტი არ დადასტურდა.

28 ნოემბერს სტრაბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად გამართლებული იყო, მაგრამ მოგვიანებით გამოიყენეს სხვა საქმეების თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად; რომ - მართალია, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა „ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე“ მოხდა, მაგრამ მისი არგუმენტები „არ არის საკმარისი იმის საჩვენებლად, რომ დაპატიმრების მთავარი მიზანი - ქართული პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება და არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი წარმოების სათანადო განხორციელება იყო “.

მაგრამ, თუ სტრასბურგის სასამართლომ ვერანაირი დარღვევა ვერ იპოვა 2013 წლის მაისში მერაბიშვილისთვის წინასწარ პატიმრობის თავდაპირველად შეფარდების დროს, მან დაადგინა, რომ ოთხი თვის თავზე მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას საკმარისი საფუძვლები არ ჰქონდა. პალატამ, „საკმაოდ დამაჯერებლად“ მიიჩნია მერაბიშვილის განცხადებები 2013 წლის დეკემბერში საკნიდან ფარულად გაყვანის შესახებ. თავდაპირველად „წინასწარი პატიმრობის მიზანი იყო დანაშაულების გამოძიება გონივრული ეჭვის საფუძველზე“, მოგვიანებით კი ინფორმაციის მიღება ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

ევროპის სასამართლომ მერაბიშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სახელმწიფოს 4 000 ევროს გადახდა დააკისრა.

საქართველოს მთავრობა რას ამბობს?

იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა განაცხადა, რომ მთავრობა ვანო მერაბიშვილს 4000 ევროს გადაუხდის. მისი თქმით, მერაბიშვილი 15 000 ევროს ითხოვდა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოშვება არ მოუწევს, რადგან დიდი პალატის გადაწყვეტილებით, მისი წინასწარი პატიმრობა კანონიერია; ამასთან, მერაბიშვილი უკვე აღარ არის წინასწარ პატიმრობაში და ის უკვე სასჯელს იხდის, - თქვა წულუკიანმა.  

იუსტიციის მინისტრის თქმით, რაც შეეხება მე-18 მუხლს, კერძოდ - საკნიდან გაყვანას, აქ მერაბიშვილის არგუმენტები სასამართლომ გაიზიარა, თუმცა არსად წერია, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურ მოტივებს ემსახურებოდა. "პირიქით, ცალსახად წერია, რომ პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორების მიზანი ვერ დადასტურდა".

პოლიტიკური პატიმარი - ტერმინია? როდის გაჩნდა?

მას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ თანამედროვე განმარტება დაკავშირებულია 1948 წელს მიღებულ დეკლარაციასთან ადამიანის უფლებების შესახებ, რომელმაც აკრძალა ადამიანების პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის დევნა. მაგრამ დეკლარაციის მიღების შემდეგაც, ბევრი პატიმარი, მათ შორის ისეთებიც, ვინც მთავრობას იარაღით ხელში ებრძოდა, თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდნენ.

დღემდე, მთელ მსოფლიოში, პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ ადამიანებს, რომლებიც გასამართლებულები არიან პოლიტიკური შეხედულებებისთვის ან რომელთა ქმედებებშიც პოლიტიკური მოტივი არსებობდა. ასეთი განმარტების თანახმად, პოლიტიკური პატიმრების კატეგორიას განეკუთვნებოდნენ რადიკალური პოლიტიკური მეთოდების მიმდევრებიც, მათ შორის ტერორისტები. ზოგჯერ მათ, განსაკუთრებული სტატუსიც ჰქონდათ.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) მებრძოლებს, ციხეში სპეციალური კატეგორიის სტატუსს (Special Category Status) ანიჭებდნენ. 1976 წლამდე ამ სტატუსს ანიჭებდნენ ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტში მონაწილე ყველა ადამიანს. 1981 წელს, დაკარგული სტატუსის აღდგენის მოთხოვნით IRA-ს წევრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შიმშილობის აქცია გამოაცხადეს. მაგრამ მარგარეტ ტეტჩერის კონსერვატიული მთავრობა დათმობაზე არ წავიდა. მოშიმშილე ბობი სენდსი ინგლისის პარლამენტის წევრად ამ რადიკალური აქციის მიმდინარეობისას აირჩიეს, მაგრამ შიმშილობის 66-ე დღეს ის გარდაიცვალა. ნახევარი წლის განმავლობაში, შიმშილობის გამო ციხეში IRA-ს ათი წევრი დაიღუპა.

1960-იან წლებში, იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც არაძალადობრივ პოლიტიკურ მეთოდებს იყენებდნენ, გაემიჯნათ შეიარაღებული მემბოხეებისგან, Amnesty International-ის დამფუძნებლის პიტერ ბენენსონის ინიციატივით შემოიღეს კიდევ ერთი ტერმინი - “სინდისის პატიმარი”. ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია სინდისის პატიმრებად აცხადებდა ადამიანებს, რომლებსაც აპატიმრებდნენ პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების, ასევე ეთნიკური, სექსუალური თუ სხვა ჯგუფებისადმი კუთვნილების გამო. ამასთან, უფლებადამცველები ეხმარებოდნენ სწორედ სინდისის პატიმრებს, განსხვავებით პოლიტიკური პატიმრებისგან.

ესე იგი მკაფიო კრიტერიუმები არ არსებობს?

კრიტერიუმები არსებობს, თანაც არაერთი, მაგრამ პრაქტიკაში, იმისთვის რომ ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად აღიარონ და მით უფრო პატიმრობიდან გაათავისუფლონ, პოლიტიკური კონტექსტი, როგორც საერთაშორისო, ისე ნაციონალურ დონეზე - გადამწყვეტია. როგორც ჩანს, ამით აიხსნება ის, რომ ევროპელი ჩინოსნები და დეპუტატები დღემდე ცდილობენ “პოლიტპატიმრის” ცნებისთვის და “პოლიტიკური დევნისთვის” უნივერსალური განმარტების პოვნას და კრიტერიუმების დახვეწას.

მაგალითად, თუ საბჭოთა კავშირში 1960-იან წლებში, ხელისუფლება თავისი ოპონენტების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებულ სადამსჯელო ფსიქიატრიას იყენებდა, როდესაც ჯანმრთელ ადამიანებს დახურულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებით სამკურნალოდ აწვენდა, დღეს უფლებადამცველები პოლიტიკურ დევნად აფასებენ, მაგალითად, ინტერნეტში ვებგვერდების დაბლოკვასაც.

თუმცა, მთავარი კრიტერიუმი მაინც დევნის პოლიტიკური მოტივია. ხელისუფლებების პოლიტიკური მოტივი კი, ჩვეულებრივ, ორ ამოცანას მოიცავს: საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ან/და ვინმეს იძულებას შეწყვიტოს ან შეცვალოს საჯარო საქმიანობა. ყველაზე მარტივი მაგალითია: საეჭვო სისხლის სამართლის საქმე პერსპექტიული კონკურენტის წინააღმდეგ არჩევნებში.

ოპოზიციონერისთვის ბრალის წაყენება საკმარისი კრიტერიუმი არ არის?

არა. ოპოზიციონერისთვის რაიმე დანაშაულში ბრალის წაყენება, აუცილებლად არ ნიშნავს პოლიტიკურ დევნას. მაგრამ, თუ საქმის წარმოება მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, თუ მას არაადეკვატურ სასჯელს უსჯიან და რაიმენაირად დისკრიმინირებულია სხვა ადამაიანებთან შედარებით, რომლებსაც ამავე მუხლით ასამართლებენ, მაშინ პოლიტიკურ მოტივზე ფიქრი შეიძლება.

სწორედ ეს კრიტერიუმებია გაწერილი ევროპის საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2012 წლის რეზოლუციაში. კრიტერიუმი ხუთია. დოკუმენტის თანახმად, ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, თუ:

- მისი დაკავება დაკავშირებულია აზრის, სიტყვის, შეკრების თავისუფლებების და სხვა იმ მუხლების დარღვევასთან, რომლებიც გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში; 
- პირის დაკავებას არ აქვს კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულთან, არამედ დაპატიმრებულია აშკარა პოლიტიკური მიზეზებით;
- პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები არათანაზომადია იმ დანაშაულისა, რომელზეც მას ედავებიან;
- პირს თავისუფლება აღუკვეთეს სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ საფუძველზე;  
- მისი დაკავება არის აშკარად უსამართლო გამოძიებების შედეგი და დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებულები არიან ტერორისტული დანაშაულებისთვის, პოლიტიკურ პატიმრებად ვერ ჩაითვლებიან.

ტერმინის განსაზღვრის შემდეგ, PACE-მ ევროპის საბჭოს ქვეყნებს იმ საქმეების გადახედვისკენ მოუწოდა, რომლებშიც შეიძლება იყოს ლაპარაკი პოლიტიკურ პატიმრებზე და შედეგების მიხედვით, გაათავისუფლონ ან წარმართონ განმეორებითი სასამართლო გამოძიება.

საერთაშორისო ნორმების დარღვევა მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. მაგრამ უფლებადამცველების აზრით, ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში ეს ერთადერთი განმსაზღვრელი ვერ იქნება: ადამიანის უფლებები და თავისუფლებები შეიძლება განსაკუთრებული პოლიტიკური მოტივების გარეშეც დაირღვეს და შეფასების ამ სისტემით, უფლებადამცველებს პოლიტიკურ პატიმრებად შეიძლება ბევრად მეტი ადამიანის აღიარება მოუხდეთ.

ვინ აღიარებს პატიმარს პოლიტპატიმრად?

PACE-ის კრიტერიუმების თანახმად, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყანაში შეუძლიათ რეკომენდაციის გაცემა იმაზე, თუ ვისი აღიარება ღირს ოფიციალურად პოლიტიკურ პატიმრად. ასევე, როგორც წესი, ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა წითელი ჯვარი, გაერო ან ევროკავშირი, ადგილობრივ უფლებადამცველებს ენდობიან.

თუმცა, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც თავიანთი კრიტერიუმები აქვთ. მაგალითად, არასამთავრობო Amnesty International-ი “პოლიტიკური პატიმრების” მიმართ სამართლიანი და სწრაფი სასამართლო გამოძიების მოთხოვნით შემოიფარგლება, მაშინ როდესაც პატიმრების უფრო ვიწრო კატეგორიისთვის, როგორებიც არიან “სინდისის პატიმრები”, ისინი კამპანიებს მართავენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.  

AI-ს აზრით, ”სინდისის პატიმარი” ვერ იქნება ადამიანი, რომელმაც მიმართა ძალადობას ან მოუწოდა ძალადობისკენ იმის მიუხედავად, იცავდა თუ არა ის თავის შეხედულებებს.

ზოგიერთ ორგანიზაციას ურჩევნია საერთოდ არ გაემოიყენოს ტერმინი “პოლიტიკური პატიმარი”, როგორც არასაკმარისად ობიექტური. მაგალითად, Human Rights Watch-ი თავის კამპანიაში იყენებს ალტერნატიულ ტერმინს “უფლებადამცველი”.

ბოლო წლებში, მაგალითად, Amnesty International-ი “სინდისის პატიმრებად” მიიჩნევდა რუსული კომპანია “იუკოსის” ყოფილ ხელმძღვანელებს მიხეილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევს, ასევე ჯგუფ Pussy Riot-ის გოგოებს მარია ალიოხინას და ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას, აზერბაიჯანელ ბლოგერ ჯაბარ სავალანს და უზბეკ უფლებადამცველებს ალიშერ კარამატოვს და აზამ ფარმონოვს.

PACE-ს წევრები პოლიტპატიმრებად მიიჩნევდნენ უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრ იულია ტიმოშენკოს, ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს იური ლუცენკოს, ასევე “იუკოსის” ყოფილ ხელმძღვანელს მიხეილ ხოდორკოვსკის. გარდა ამისა, PACE-ს რეზოლუციაში რუსეთზე, აღნიშნული იყო, რომ პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრების წინააღმდეგ განაჩენი მიღებული იყო “პოლიტიკური ზეწოლით”.

ტიმოშენკოს საქმე მერაბიშვილის მსგავსი არ არის?

სტრასბურგის სასამართლოს 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, ვანო მერაბიშვილის თანამებრძოლმა, “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა ოთარ კახიძემ და ყოფილი მინისტრის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებლობა უკრაინული მაგალითით ახსნეს. მათი თქმით, ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეებშიც ევროპულმა სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დააფიქსირა, რის გამოც ისინი გაათავისუფლეს.

იულია ტიმოშენკო, ისევე როგორც მისი რამდენიმე კოლეგა, დააპატიმრეს და გაასამართლეს 2009 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი რეგიონების პარტია მივიდა. ყოფილ პრემიერმინისტრს კორუფციაში ადანაშაულებდნენ და რუსეთთან, გაზთან დაკავშირებული შეთანხმებების გაფორმებისას უფლებამოსილებების გადამეტების ბრალდებით გაასამართლეს. მას 7 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ის ბრალს არ აღიარებდა და თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევდა. ტიმოშენკო 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩის ხელისუფლების შეცვლის დროს, მაიდნის მოვლენებისას გაათავისუფლეს.
 
მანამდე, 2012 წლის დასაწყისში, PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც უკრაინას ტიმოშენკოს და ლუცენკოს გათავისუფლებას სთხოვდა.

2012 წლის 24 მაისს უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო ევროპრლამენტმაც, რომელშიც კიევს პირდაპირ მოუწოდებდა ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად ის ტიმოშენკოს მიიჩნევდა. 2011 წელს, ტიმოშენკო უკვე დაპატიმრებული იყო, მაგრამ მის მიმართ განაჩენი ჯერ გამოტანილი არ იყო, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელმა უკრაინაში ჟოზე მანუელ პინტუ ტეიშეირამ განაცხადა, რომ 2012 წლის რადას არჩევნების აღიარება ევროპის მხრიდან დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, მისცემდა თუ არა უკრაინის ხელისუფლება ტიმოშენკოს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობას. მოგვიანებით, მან ტონი შეარბილა. თუმცა, კიევს და ბრიუსელს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ საბოლოო ჯამში ჩაიშალა უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, მოგვიანებით კი - იალტაში დაგეგმილი ევროპელი ლიდერების სამიტი.

უცხოელი ელჩები და უფლებადამცველები მერაბიშვილზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას როგორ აფასებენ?

"მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროსასამართლოს წევრი არ არის, თუმცა ჩვენი ინტერესია ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, კანონის უზენაესობა და კანონისადმი მორჩილება. ასე რომ, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით,"- განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

"ჩვენ მივყვებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაყვეტილებას. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია," - თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

ხელისუფლება და ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები ცდილობენ სათავისოდ განმარტონ ყოფილი პრემიერის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ამბობს იმას, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა. 

ნაცვლიშვილის თქმით, “პირიქით გადაწყვეტილებაში ძალიან ცალსახად წერია, რომ მოსარჩლის არგუმენტისგან განსხვავებით, არ დასტურდება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური სცენიდან ჩამოყვანის მიზნით დაკავება. თუმცა სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც ძალიან სერიოზული და ყურადსაღები უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის... ეს არ არის ის, რის გამოც ხელისუფლებას შეუძლია თავი დაიმშვიდოს, თითქოს არაფერი მომხდარა. ძალიან ცუდია ამ მუხლის დარღვევა... პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების დაკნინება ან ზედმეტად წარმოჩენა, რასაც ადგილი აქვს ორივე მხრიდან, ვფიქრობ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა". 

საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე, ოთარ კახიძემ კითხვა დაუსვა ახალ ომბუდმენს, ნინო ლომჯარიასაც, ვიდრე მას ამ თანამდებობაზე აირჩევნენ. 

"ამ ჭრილში მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და დაადგინა კონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პირის პატიმრობა გამოყენებულ იქნა არა მართლმსაჯულების მიზნებისთვის. ამ ნაწილში ფაქტი დადგენილია და უნდა მივიღოთ გარემოება… რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრად პირის შეფასების პროცესს - იმისთვის, რომ პირის პოლიტიკურ პატიმრად ცნობა მოხდეს, უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების შეფასება და შეფასება  იმისა თუ კონკრეტულად რომელ კრიტერიუმთან მიმართებით მოდის თანხვედრაში. ამ პროცესის შედეგად უნდა გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები”, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მხოლოდ მისი თანამებრძოლები მიიჩნევენ?

ჯერჯერობით - კი. ვანო მერაბიშვილის თანამებრძოლები დღეს ორ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ. ესენია “ნაციონალური მოძრაობა” და მისგან გამოყოფილი “ევროპული საქართველო”. ყოფილი სახელისუფლებო პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიშალა და ვანო მერაბიშვილის პოზიცია ამ მოვლენებზე მკაფიო არ იყო. დღეს ის უფრო “ევროპული საქართველოს” მოკავშირედ მიიჩნევა, ვიდრე სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობისა”.

თუმცა პარტიის დაპატიმრებული ან ქვეყნიდან გაქცეული წევრები ის თემაა, რომლის დროსაც ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ორი ძალის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე, თუ არ ჩავთვლით დავით კეზერაშვილს, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ ახლახან კრიმინალი უწოდა.

2012 წელს, სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივი მისი მმართველობის პირობებში ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო. იმას, რომ ღიად გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გამო დარღვევებმა მასობრივი და სისტემური ხასიათი შეიძინა, პერიოდული სტატისტიკაც ადასტურებდა, ასევე უფლებადამცველთა ანგარიშებიც. მერაბიშვილი კი სააკაშვილის სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი იყო (მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია უკვე მოჰყვა).  

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში, ადამიანის უფლებების სფეროში დახმარებისათვის ქვეყანაში ევროკავშირის მრჩეველი თომას ჰამერბერგი ჩამოვიდა, მან ანგარიში დაწერა და ახალ მთავრობას რეკომენდაციებიც მისცა.

სისტემურ პრობლემასთან სისტემური გამკლავებისთვის არსებობდა რეკომენდაცია ეგრეთ წოდებული სიმართლის კომისიის შექმნაზეც, თუმცა “ოცნების” ელექტორატის ნაწილის სურვილის საწინააღმდეგოდ, ახალმა ხელისუფლებამ წინა მთავრობის მასშტაბურ სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად უფრო სტაბილური გზა - კოაბიტაცია არჩია. სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის გარდა, ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების და ხელმძღვანელების (ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი) წინააღმდეგ დაიწყო. თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას, რომელიც დღეს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერია და პატიმრობიდან გათავისუფლდა, პროკურატურა კორუფციის ფაქტებზე ედავებოდა.

ამ ფონზე, 2016 წლის ივლისში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა. ადამიანის უფლებების სფეროში ზოგადად, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესების ტენდენციას უფლებადამცველებიც და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც აღნიშნავენ.

ბოლო წლებში ევროპულ სტრუქტურებში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ხელისუფლების მკვეთრ კრიტიკას ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ევროპის სახალხო პარტია იზიარებდა. 30 ნოემბერს, პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოული ვანო მერაბიშვილის  საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას Twitter-ზე გამოეხმაურა, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და კიდევ ერთხელ განაცხდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებისთვის იყენებს.
       
ევროპის სახალხო პარტიას, რომლის წევრიც “ნაციონალური მოძრაობაა”, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს ევროპარლამენტში. 2017 წლის სექტემბერში ევროპის სახალხო პარტიის წევრი “ევროპული საქართველოც” გახდა.

სხვა თემები