09 დეკემბერი 2018 - 23:46

ვინ არის ქალი, რომელმაც შეიძლება ანგელა მერკელი შეცვალოს. ისტორია

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

ფოტო: shutterstock.com

7 დეკემბერს გერმანიის მმართველმა პარტიამ, „ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა“ ახალი თავმჯდომარე აირჩია. 56 წლის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს მხარს უჭერდა კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც პარტიას 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამ პოზიციიდან ნოემბერში გადადგა. მანამდე კრამპ-კარენბაუერი საარის მხარეში მუშაობდა და მხოლოდ ამ წლის დასაწყისში გადავიდა ბერლინში, რათა ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი გამხდარიყო. ახლა მას შეუძლია გახდეს კანცლერობის კანდიდატი პარტიიდან მომდევნო არჩევნებში, მაგრამ ამისთვის მან ჯერ შიდაპარტიული განხეთქილება უნდა გადალახოს.

„აკკ“ და „მინი-მერკელი“

მისი გვარი რთული გამოსათქმელია და ამას თავადაც აღიარებს. გერმანული მედია დიდი ხანია ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს მოკლედ აკკ-ს უწოდებს. და მაინც, რესპექტაბელური გერმანელი ჟურნალისტებიც კი თავს ვერ იკავებენ იმ თემაზე ხუმრობისაგან, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო პრობლემად შეიძლება იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ის მერკელს არამხოლოდ პარტიაში, არამედ მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზეც შეცვლის.

კრამპ-კარენბაუერი - მოქმედი კანცლერის და „ქრისტიანულ დემოკრატიული კავშირის“ აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის ფავორიტია. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მას მერკელი მხარს ღიად დაუჭერდა. 2018 წლის თებერვალში, მორიგი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული ურთულესი მოლაპარაკებების დროს, მერკელმა აკკ დაარწმუნა ბერლინში გადასულიყო და პარტიის გენერალური მდივანი გამხდარიყო. იმ დროს ის გერმანიის ყველაზე პატარა და ყველაზე დასავლეთით, საფრანგეთის საზღვართან მდებარე მიწის, საარის პრემიერმინისტრი იყო. მისი მეორე ვადა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ბერლინში გადასვლისთანავე ალაპარაკდნენ, რომ ის კანცლერის სავარაუდო მემკვიდრეა. სწორედ ამ დროს გავრცელდა ხმები მასზე, როგორც კანცლერის შემცვლელზე და მეტსახელი „მინი-მერკელიც“ ამ დროიდან ეწოდა.

მემკვიდრის შესახებ ლაპარაკი იმიტომ დაიწყო, რომ წლევანდელი წელი მერკელის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე მძიმე იყო. ის ნახევარი წლის განმავლობაში მთავრობის ფორმირებას ვერ ახერხებდა, მაგრამ პროცესის დასრულების შემდეგაც კაბინეტი რამდენჯერმე განხეთქილების ზღვარზე იყო, მერკელის მოკავშირეები კი რეგიონულ არჩევნებში მარცხდებოდნენ. საბოლოოდ, მერკელმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა, უარი თქვა რა თავის მრავალწლიან პრინციპზე, რომ პარტიის და მთავრობის ხელმძღვანელობა ერთ ხელში უნდა იყოს.

პარტიული ლიდერის არჩევნების წინ საკითხი ასე იდგა: მერკელის მხარდაჭერა აკკ-ს დაეხმარებოდა თუ პირიქით, ხელს შეუშლიდა ხმებისთვის ბრძოლაში. როდესაც ყრილობაზე მერკელმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა, მას თითქმის ათი წუთის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს და ცხადი გახდა, რომ კრამპ-კარენბაუერს მისი მხარდაჭერა დაეხმარებოდა.

მერკელზე ბევრად კონსერვატორი

მერკელი საბჭოთა გერმანიაში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაიზარდა, კრამპ-კარენბაუერი კი დაიბადა და მთელი ცხოვრება გერმანიის დასავლეთში იცხოვრა. კანცლერს შვილები არ ჰყავს, მის მემკვიდრეს კი სამი შვილი ჰყავს. მერკელი პოლიტიკაში გერმანიის გაერთიანებამდე, 35 წლისა ჩაება, აკკ კი „ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში“ 20 წლისა გაწევრიანდა. სამაგიეროდ, მერკელი ფედერალურ სამინისტროს სათავეში უკვე 36 წლისა ჩაუდგა, კრამპ-კარენბაუერი კი მშობლიური საარის შინაგან საქმეთა მინისტრად დაახლოებით 40 წლისა დაინიშნა. ის გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი შინაგან საქმეთა მინისტრია. მერკელი - ლუთერანელია და პროტესტანტი მღვდლის შვილი, მისი მემკვიდრე კი - მორწმუნე კათოლიკე.

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალი ლიდერის პოზიცია ასევე განსხვავდება კანცლერის შეხედულებებისაგან - ის ბევრად უფრო კონსერვატორია. მაგალითად, კრამპ-კარენბაუერი ეწინააღმდეგებოდა გერმანიაში მცხოვრები თურქების ორმაგ მოქალაქეობას; რამდენჯერმე მან განაცხადა, რომ ქორწინებად ქალის და კაცის კავშირი მიაჩნია და რომ ამ სტატუსის ერთნაირსქესიანებისთვის მინიჭებას არ ემხრობა. გარდა ამისა, აკკ აბორტების რეკლამის წინააღმდეგია. სამაგიეროდ, ის მხარს უჭერდა მერკელის მიგრაციულ ხაზს, მათ შორის „ღია კარის“ პოლიტიკას 2015-2016 წლის კრიზისის პერიოდში.

თუმცა, კანცლერის თანამდებობაზე მუშაობის დროს მერკელმა არაერთხელ გამოავლინა მოლაპარაკების უნარი ძალიან განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან. ამიტომ, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის კრამ-კარენბაუერის არა შეხედულებები, არამედ მართვის სტილი იყოს. აკკ საარის მთავრობას 2011 წელს, ოსკარ ლაფონტენის ხანგრძლივი მმართველობის (1985-1998) შემდეგ ჩაუდგა სათავეში (ლაფონტენი მემარცხენე პარტიის მოქმედი ლიდერია). ის ხალხს ქარიზმით და ამავდროულად ავტორიტარიზმით დაამახსოვრდა, აკკ კი თავისი თავმდაბლობით და საქმიანი სტილით ლაფონტენის აბსოლუტური ანტიპოდია, რითაც ის ყველას მერკელს მოაგონებს.

პოპულისტებთან მებრძოლი

კრამპ-კარენბაუერმა არაერთხელ გამოავლინა დამოუკიდებელი პოლიტიკოსის უნარები. 2011 წელს ის საარის პრემიერმინისტრის პოსტზე ნახევარი წლის დანიშნული იყო, რომ კოალიციის პარტნიორებთან („მწვანეები“, „თავისუფალი დემოკრატები) კონფლიქტი დაიწყო. მერკელი მას დაჟინებით სთხოვდა დავის მოგვარებას, მაგრამ აკკ-მ კოალიციური შეთანხმების გაწყვეტა არჩია, სოციალ-დემოკრატებთან კავშირის შესახებ გეგმები გამოაცხადა და ახალი არჩევნები დანიშნა. შედეგად, არჩევნები მისი გაიმარჯვებით დასრულდა.

2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მერკელს ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი უსწრებდა, რომელიც სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი გახდა. პრესა რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი რეიტინგის ფენომენალურ ზრდას „შულცის ეფექტს“ უწოდებდა.

პირველ, ნამდვილ გამოცდად სწორედ საარის არჩევნები იქცა, რომელშიც შულცის პარტია დამარცხდა - იმის ნაცვლად, რომ პირველად, 15 წლის შემდეგ, ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო, მან ხმების კიდევ ერთი პროცენტი დაკარგა. ბევრი გერმანელი ექსპერტის აზრით, რეგიონულ არჩევნებში სოციალ-დემოკრატების დამარცხებების სერია სწორედ საარში წაგებამ განსაზღვრა და საბოლოოდ ფედერალურ არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ მორიგი გამარჯვება მოუტანა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: კრამპ-კარენბაუერის მმართველობის დროს საარში შეუქცევადად მცირდება მემარცხენე პარტიის რეიტინგი. პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთად, ის მთავარ პოპულისტურ გერმანულ პარტიად მიიჩნევა. „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ საარის არჩევნებზე ხმების 6%-ზე ოდნავ მეტი მიიღო, საპარლამენტოზე - დაახლოებით 10%. ქრისტიან-დემოკრატი ხელმძღვანელი პირები აკკ-ს პოპულისტებთან გამკლავების უნარებზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ.

პარტიული „შეთქმულების“ სამიზნე

„ქრისტიან-დემოკრტიული კავშირის“ ახალი თავმჯდომარის თანამდებობისთვის ბრძოლამ გერმანულ მედიას ეგრეთ წოდებული „ანდის პაქტი“ გაახსენა. შეთანხმება 1972 წლის 25 ივლისს კარაკასიდან სანტიაგოში გადაფრენის დროს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის 12-მა კაცმა გააფორმა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იბრძოლებდნენ მაღალი პარტიული თანამდებობებისათვის და არასდროს დაუპირისპირდებონდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით მათ კიდევ 9 ადამიანი შეუერთდა.

პირველად ამ შეთანხმების შესახებ ჟურნალმა Der Spiegel-მა 2003 წელს დაწერა. ჟურნალისტების ვერსიის თანახმად, „კაცების კავშირი“ კანცლერის თანამდებობაზე ანგელა მერკელის კანდიდატურის ჩაგდებას შეეცადა. საბოლოოდ, შეთანხმების ბევრმა ხელმომწერმა თქვა, რომ გარიგებამ დიდი ხნით ადრე დაკარგა ძალა და შეთქმულების ხასიათი არც არასდროს ჰქონია. მაგრამ ბოლო კამპანიის მიმდინარეობისას ითქვა, თითქოს მისი რამდენიმე მონაწილე ხელახლა შეიკრიბა რათა მხარი დაეჭირათ აკკ-ს მთავარი მოწინააღმდეგის და მერკელის ძველი ოპონენტის, ფრიდრიხ მერცისთვის, რომელიც თითქმის ათი წლის წინ პოლიტიკიდან ბიზნესში წავიდა.

ჟურნალისტები კრამპ-კარენბაუერს ეკითხებოდნენ კიდეც, ხომ არ ჰქონდათ პარტიაში ქალებს კაცების გაერთიანების რაიმე საპირწონე, და მასაც ასეთის არსებობა პირდაპირ არ უარუყვია. ასეა თუ ისე, მერცი დამარცხდა, მაგრამ „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ ისტორიაში პირველად, ახალი თავმჯდომარის არჩევას მეორე ტური დასჭირდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად ძლიერია შიდაპარტიული განხეთქილება და როგორ გაუჭირდება ახალ თავმჯდომარეს მისი გადალახვა. აუცილებელია იმის გადაწყვეტა - დაუბრუნდება თუ არა „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ უფრო კონსერვატიულ პოზიციებს, თუ მერკელის ცენტრისტულ კომპრომისულ კურსს შეინარჩუნებს. 

სხვა თემები