მერკელის გამარჯვება გარანტირებულია? 24 სექტემბერს გერმანია ახალ პარლამენტს და კანცლერს ირჩევს

წინასწარი კვლევების თანახმად, ანგელა მერკელი გაიმარჯვებს. სოციალ-დემოკრატების კანდიდატი მარტინ შულცი მას საგრძნობლად ჩამორჩება. მაგრამ ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა არ არის.
რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი?
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად, ბუნდესტაგში შეიძლება 6 პარტიის დეპუტატები მოხვდნენ, მათ შორის მემარჯვენე ნაციონალისტებიც ("ალტერნატივა გერმანიისთვის"), რომლებსაც ანტიისლამისტური და ანტიმიგრაციული ლოზუნგები აქვთ და დეპუტატების რაოდენობით შეიძლება მესამე ადგილი დაიკავონ ბუნდესტაგში.
გერმანიაში ეს პირველი საყოველთაო არჩევნებია 2015 წლის საიმიგრაციო კრიზისის შემდეგ, როდესაც მერკელის მთავრობამ მიგრანტების მიმართ ღია კარის პოლიტიკა გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში თითქმის 900 ათასი დევნილის ჩასვლა მოჰყვა.
ამ არჩევნებს აქვს ასევე ევროპული ასპექტი. გერმანია ევროკავშირში წამყვან როლს თამაშობს და მის ბიუჯეტშიც ყველაზე მეტი თანხა შეაქვს.
ვინ მონაწილეობს არჩევნებში?
2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნებში, სადეპუტატო მანდატებისთვის 34 პარტია იბრძოლებს, მაგრამ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ 6 სუბიექტს აქვს. ესენი არიან:
- ქრისტიან დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკი (CDU/CSU). კანცლერობის კანდიდატია ანგელა მერკელი;
- გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD). პარტიის ლიდერი და იმავდროულად კანცლერობის კანდიდატია მარტინ შულცი;
- მემარცხენე პარტია (Linkspartei). ლიდერები: სარა ვაგენკნეჰტი და დიტმარ ბარტში;
- კავშირი 90/მწვანეები. პარტიული სიის სათავეში არიან ჯემ ოზდემირი და კატრინ გერინგ-ეკარდტი;
- თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP), იგივე ლიბერალები. პარტიის ლიდერია კრისტიან ლინდნერი;
- ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD); პარტიული სიის სათავეში არიან ალექსანდრ გაულანდი და ალისა ვაიდელი;
წინა მოწვევის პარლამენტში მხოლოდ პირველი ოთხი პოლიტიკური ძალა იყო წარმოდგენილი.
გერმანიის პარლამენტს როგორ ირჩევენ?
გერმანული საარჩევნო სისტემა განსხვავდება ამერიკული, ბრიტანული და შვეიცარიული სისტემებისგან. მთავარი სხვაობა ის არის, რომ გერმანიის პოლიტიკური მმართველობის ფორმა არა პირდაპირი, არამედ ირიბია. მასში ცენტრალურ როლს არჩეული დეპუტატები თამაშობენ. ფედერალურ კანცლერს სწორედ ისინი ირჩევენ და არა რიგითი ამომრჩევლები პირდაპირი არჩევნებით.
საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 4 წელიწადში ერთხელ ტარდება - შერეული, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.
გერმანიაში დაახლოებით 61,5 მილიონი ამომრჩეველია და თითოეულს აქვს ორი ხმის უფლება. კენჭისყრა მიმდინარეობს ორი სიით. ორი ხმიდან, რომელიც ამომრჩეველს აქვს, უფრო მნიშვნელოვანია მეორე, რადგან ის განსაზღვრავს ბუნდესტაგში ძალთა განლაგებას. მაგალითად, თუ რომელიმე პარტიამ მიიღო მეორე ხმის 35%, მას ახალ პარლამენტში ადგილების 35% ექნება. ამ მეორე ხმით წყვეტენ ამომრჩევლები ბუნდესტაგის უმრავლესობის საკითხს.
გერმანიაში სულ 299 საარჩევნო ოლქია, თითოეულიდან ბუნდესტაგში ერთ დეპუტატს ირჩევენ. პარტიული სიით კენჭისყრა მიმდინარეობს 16 მრავალმანდატიან ოლქში. თითოეული ფედერალური მიწა წარმოადგენს ცალკეულ მრვალმანდატიან ოლქს, საიდანაც, დეპუტატების გარკვეულ რაოდენობას, მოსახლეობის რიცხოვნების მიხედვით ირჩევენ. თითოეულ მრავალმანდატიან ოლქში პარტიები ცალკეულ პარტიულ სიებს წარადგენენ, ანუ სულ 16 პარტიულ სიას. სიის სათავეში პარტიის კანცლერობის კანდიდატია.
არჩევნებში მონაწილეობს 4828 კანდიდატი, მათგან 29% - ქალია. მარტო მწვანეებში და მემარცხენეებში სიის თითქმის ნახევარს ქალი კანდიდატები შეადგენენ. ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი 89 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის.
რას ჰპირდებიან პარტიები ამომრჩევლებს?
წინასაარჩევნო კამპანიის დროს წამყვანი თემა მაინც მიგრაცია, თავშესაფრის მიწოდება, ინტეგრაცია და დეპორტაციაა. ასევე სოციალური უთანასწორობა, დახმარებები, განათლება და შიდა უსაფრთხოება.
ერთადერთი ტელედებატის დროს მთავარ ფიგურანტებს შორის, რომელშიც მერკელმა შულცი დაამარცხა, კანდიდატებს არ უხსენებიათ არც "ბრექსიტი" და არც რუსეთი.
შულცი ისეთ თემებზე აკეთებს აქცენტს, როგორებიცაა შრომის სამართლიანი ანაზღაურება, პენსიების გაზრდა და სკოლების მდგომარეობის გაუმჯობესება.
მერკელის კონსერვატიულმა ბლოკმა ამომრჩევლებს შესთავაზა მასშტაბური პროგრამა, რომელიც მოიცავს საშინაო და საგარეო უსაფრთხოების განმტკიცების, საგადასახადო ტვირთის შემცირების და ბავშვიანი ოჯახების დახმარების საკითხებს.
კრისტიან ლინდნერის ლიბერალური "თავისუფალი დემოკრატები" კამპანიის დროს ძირითადად განათლებასა და ახალ ციფრულ ეკონომიკაზე ლაპარაკობენ.
ცენტრისტი მწვანეები მერკელს თურქეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებას სთხოვენ.
მემარცხენე პარტია, ტრადიციულად, გერმანული არმიის ნებისმიერ უცხოურ სამხედრო მისიებში მონაწილეობის წინააღმდეგია. ის ნატოს დაშლას და ქვეყანაში მინიმალური ხელფასის საათში 12 ევრომდე გაზრდას ემხრობა.
რაც შეეხება ნაციონალისტურ AfD-ს, მას მკაცრი ანტიმიგრაციული და ანტიისლამური პოზიცია აქვს. ის მინარეთების დახურვას ემხრობა და მიაჩნია, რომ ისლამი გერმანულ კულტურასთან შეუთავსებელია.
მერკელის გამარჯვება გარანტირებულია?
ჯერჯერობით არა, რადგან გერმანიის მილიონობით მოქალაქეს თავისი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. მარტინ შულცის აზრით, მერყევი ამომრჩევლის რაოდენობა 46%-მდეა. თუმცა კვლევების თანახმად, მოქმედი კანცლერის ბლოკი შულცის პარტიას 14%-ით უსწრებს და საეჭვოა, რომ მერყევი ელექტორატის სიმპათიები სოციალ-დემოკრატებისკენ გადაიხაროს. შულცი ტელედებატებში დამარცხდა და მის მოთხოვნას, ახალი დებატები გამართულიყო, გამოხმაურება არ მოჰყოლია.
სოციალ-დემოკრატების პრობლემაა ის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ისინი მმართველ კოალიციაში შედიოდნენ. შულცის ერთადერთი შანსი მაშინ გაიზრდება, თუ არჩევნების წინ ამომრჩევლების განწყობები მოულოდნელად შეიცვლება, რაც თითქმის გამორიცხულია. იმავდროულად, მერკელის სერიოზული აქტივია ის, რომ გერმანიის ეკონომიკა აღმასვლას განიცდის, ქვეყნის მშპ იზრდება და მთავრობა ბიუჯეტში უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ხარჯავს.
ახალი კოალიცია რა ძალებისგან დაკომპლექტდება?
ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკის სასურველი პარტნიორები კოალიციაში იქნებიან თავისუფალი დემოკრატიული პარტია, სოციალ-დემოკრატები, და შესაძლოა, მწვანეები.
სოციალ-დემოკრატი შულცი აცხადებს, რომ მერკელის გამარჯვების შემთხვევაში მისი პარტია სამთავრობო კოალიციაში არ შევა, თუმცა ექსპერტების თქმით, სინამდვილეში, შულცისთვის ახალ კოალიციაში შესვლა უმრავლესობის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური დათმობების პირობებში, ერთ-ერთი საუკეთესო განლაგებაა.
სოციალ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, ამ პარტიის სასურველ პარტნიორებად სახელდებიან მწვანეები, მერკელის დემოკრატიული კავშირი და შესაძლოა, მემარცხენე პარტია.
საინტერესოა, ასევე რა მხარდაჭერას მიიღებს ნაციონალისტური "ალტერნატივა გერმანიისთვის", რომელის რეიტინგი, წინასწარი კვლევებით, 12%-მდე აღწევს.
საქართველოსთვის რამე იცვლება?
დიდი ალბათობით, არა. გერმანიის ამ არჩევნებში, ზოგადად არ დგას დღის წესრიგში კორექტივები საგარეო პოლიტიკაში. მეტიც, გამარჯვების ყველაზე რეალურმა კანდიდატმა, ანგელა მერკელმა, კონსერვატორების პროგრამის წარდგენისას, საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკს 40 წამი დაუთმო.
თავად პროგრამაშიც, საგარეოპოლიტიკური ნაწილი, საკმაოდ მოკლეა და ის მსოფლიოში შექმნილი რთული მდგომარეობის აღწერით იწყება, ხაზგასმულია ავტორიტარული რეჟიმების გააქტიურების ფაქტი ზოგადად და აღნიშნულია, რომ გერმანიის მეზობლადაც კი რუსულმა აგრესიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.