15 მაისი 2019 - 18:20

როგორ აირჩევენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს? პროცედურა

უზენაესი სასამართლო

ფოტო: shutterstock.com

11 მაისიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ დღიდან მოსამართლეობის მსურველებს შეუძლიათ იუსტიციის საბჭოს განაცხადი ელექტრონულად წარუდგინონ. კონსტიტუციის ახალი რედაქციით უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლით უნდა დაკომპლექტდეს და ისინი იუსტიციის საბჭომ უნდა წარადგინოს. გარკვეული პროცედურების შემდეგ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და სწორედ კანონმდებლები გადაწყვეტენ იმას, გახდება თუ არა ესა თუ ის კანდიდატი უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

საქართველოს უზენაესი სასამართლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა. თუმცა, გარდა იმისა, რომ პროცესი მნიშვნელოვანია ინსტიტუციური თვალსაზრისით, რადგან საქმე ეხება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სახელისუფლებო შტოს უმაღლესი რგოლის დაკომპლექტებას, მას აქვს სერიოზული პოლიტიკური შემადგენელიც.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულ სახელმწიფოში სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული დისკუსია არასდროს ყოფილა ისეთი საყოველთაო, საჯარო და მწვავე, როგორიც ბოლო თვეების განმავლობაში. დავის ერთ მხარეს აღმოჩნდა მმართველი გუნდი, მეორე მხარეს კი მისი ზოგიერთი წევრი, ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა.

რაზე დავობენ?

სასამართლო ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ფორმალურადაც და არაფორმალურადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ ინსტიტუციას წარმოადგენდა - შესაბამისი ნეგატიური შედეგებით და შემაშფოთებელი სტატისტიკით ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. 

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა განახორციელა, თუმცა მმართველმა გუნდმა რეფორმების დასაწყისშივე განაცხადა, რომ თავისი წინამორბედისგან განსხვავებულ პოლიტიკას ირჩევს და სისტემის არა რევოლუციურ წმენდას, არამედ მის ევოლუციურ გარდაქმნას, ეტაპობრივ გაჯანსაღებას და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემხრობა. მმართველ გუნდს თავისი პოლიტიკის სისწორის დასტურად, დღევანდელ სასამართლო სისტემაში მოქალაქეების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკაც მოჰყავს.   

„ქართული ოცნების“ ოპონენტები, მათ შორის თავად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარი არამხოლოდ ციფრები არამედ სასამართლოსადმი ნდობის გაზრდაა და რომ ძველი, „მორჩილი“ სისტემის წარმომადგენლები გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანსაღ სასამართლოს ვერ შექმნიან; რომ რეფორმების მიუხედავად, სისტემის გაჯანსაღება და ახალი კადრებით დაკომპლექტება ხელოვნურად ფერხდება და ეს შეფერხება სისტემის ძველ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დამსახურებაა.        

მმართველი გუნდი კი ამტკიცებს, რომ სისტემის ევოლუციური განვითარება ერთადერთ სწორ გზად მიაჩნია და რეფორმის კრიტიკოსთა უმრავლესობის მიზანი არა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, არამედ პოლიტიკური მიზნებით, სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებაა.

პრობლემა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასული წლის დეკემბერში იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა სია დასამტკიცებლად გადაუგზავნა. ამ ფაქტს უმრავლესობიდან და მოგვიანებით მმართველი პარტიიდან რამდენიმე დეპუტატის, მათ შორის „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას გასვლა მოჰყვა. მან სიის შემადგენლობა და მოსამართლეების დამტკიცების გაუმჭვირვალე პროცედურა გააპროტესტა - ჯერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, შემდეგ კი მმართველი პარტიაც დატოვა.

რას ითხოვენ ოპონენტები?

მმართველ გუნდთან დავის დროს ბევრი ინიციატივის შესახებ ითქვა. მომზადდა კანონპროექტებიც. თუმცა ძირითადად მოთხოვნები ეხებოდა ან მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ან სასამართლო სისტემიდან გახმაურებულ საქმეთა გამო დისკრედიტებულ მოსამართლეთა გათავისუფლებას.

მმართველმა პარტიამ კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებს და პროცედურას კანონის დონეზე დახვეწს. უმრავლესობამ კანონპროექტიც მოამზადა, კერძოდ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად კი სამართლებრივი ექსპერტიზისთვის დოკუმენტი ვენეციის კომისიას გაუგზავნა.   

ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე გარკვეული რეკომენდაციები გასცა, რომელთა ნაწილი კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს, ნაწილი კი - არა.

ვენეციის კომისიამ რა რეკომენდაციები გასცა? რა აისახა კანონში და რა - არა?

ვენეციის კომისიის დასკვნა მოიცავდა ძირითად და დამატებით რეკომენდაციებს.

პირველი ძირითადი რეკომენდაცია გულისხმობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ასაკობრივი ზღვრის გაზრდას, მეტ აქცენტს პრეტენდენტთა გამოცდილებაზე, დამოუკიდებლობასა და მრავალფეროვნებაზე.

√ მაღალი ასაკობრივი მოთხოვნის დაწესება კანონპროექტის ინიციატორებმა ქვეყნის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს. მათი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესის მოსამართლე შეიძლება გახდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე არანაკლებ 30 წლის მოქალაქე. ქვეყნის უზენაეს კანონში ხაზგასმული ასაკობრივი ზღვრის შეცვლა კი პირს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას შეუზღუდავდა. შესაბამისად, ცვლილებათა პაკეტის ავტორებმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ამ ნაწილის გაუთვალისწინებლობა სწორედ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობით ახსნეს. 

- პირველსავე რეკომენდაციაში ხაზგასმულია კანდიდატების გამოცდილების და დამოუკიდებლად განსჯის უნარის მნიშვნელობა.

√ კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლე უნდა შეფასდეს ორი კრიტერიუმით: კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით. სხვა კრიტერიუმის დამატება ქვეყნის უზენაეს კანონთან შეუსაბამო იქნებოდა.

- პირველი რეკომენდაცია კანდიდატთა მრავალფეროვნების დაცვასაც ითვალისწინებს.

√ ავტორები ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ მოსამართლეობის კანდიდატთა სავალდებულო გამოცდების მოხსნას. თუ აქამდე კანდიდატი უნდა ყოფილიყო მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე, ან კიდევ საბუთების შეტანისას ჩაებარებინა მოსამართლეობის გამოცდა, ეს ასე აღარ არის. კანდიდატობა შეუძლია ნებისმიერ იურისტს, რომელსაც აქვს სულ ცოტა 5-წლიანი იურიდიული საქმიანობის გამოცდილება.

ვენეციის კომისიის მეორე ძირითად რეკომენდაციაში ხაზგასმული იყო მოსამართლეობის კანდიდატთა სავალდებულო გამოცდების ჩაბარების გადახედვა; რომ კანდიდატი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის და შესაბამისი გამოცდაც უკვე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს.

√ ცვლილებათა პაკეტის ავტორებმა განმარტეს, რომ გამოცდა სრულად მოხსნილია და რომ გათვალისწინებულია ამ რეკომენდაციის მეორე ნაწილიც, რომელიც კანდიდატების მოთხოვნებთან მიმართებით შეფასებითი კრიტერიუმების - „გამოცდილი“ და „გამორჩეული“ - ჩამატებას გულისხმობს.

ვენეციის კომისიის მესამე ძირითადი რეკომენდაცია გულისხმობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის წესის ღია ფორმით შეცვლას და საჯარო დასაბუთებას, თუ რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს მისცა ხმა. უმრავლესობამ განაცხადა, რომ რეკომენდაცია ნაწილობრივ გათვალისწინებულია, რადგან შერჩევის პროცედურა ხმის მიცემის ორივე ფორმას მოიცავს.

√ მაგალითისთვის, საერთო კანდიდატებიდან ფარული კენჭისყრის შედეგად  45 კანდიდატი შეირჩევა, რაც 18 ვაკანტურ ადგილზე 2.5-ჯერ მეტია, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ამ 45 კანდიდატს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე ღიად აფასებს: კომპეტენციაში ქულას უწერს და თითოეული მათგანის კეთილსინდისიერებას აფასებს. შემდეგ კი საბჭოს წევრების ეს შეფასება პარლამენტს ეგზავნება. საბოლოო შედეგი ფარული კენჭისყრით დგინდება. ანუ, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, უშუალოდ ხმის მიცემის ფარული ფორმა შენარჩუნებულია, მაგრამ შეფასების სისტემა ღიაა.

ვენეციის კომისიის მეოთხე ძირითადი რეკომენდაცია შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლებას, რაც კანონის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული არ არის.

√ ავტორების განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო, რომლის საბოლოო გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება. მას ამ უფლებამოსილებას კონსტიტუცია ანიჭებს.

ვენეციის კომისიის მეხუთე ძირითადი რეკომენდაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიცაა, შერჩევისა და შეფასების ყველა ეტაპიდან უნდა გამოირიცხოს.

√ კანონპროექტის ავტორების თქმით, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდაცია გათვალისწინებულია და პირი კანდიდატად დარეგისტრირებისთანავე საბჭოში საქმიანობას განაგრძობს, მაგრამ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებაში აღარ მონაწილეობს.

- ვენეციის კომისიის დასკვნაში მსჯელობის ნაწილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის ორ ეტაპად დაყოფას ეხებოდა. ეს იმას გულისხმობდა, რომ ამ დროისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი უნდა არჩეულიყო, მეორე ნაკადი კი მომდევნო მოწვევის პარლამენტს დაემტკიცებინა. ამის მიზეზად ვენეციის კომისია ასახელებდა იმას, რომ ქვეყანა არჩევნებს შორის პერიოდში იმყოფება და რომ დღევანდელი იუსტიციის საბჭოსადმი ნდობა დაბალია.

უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ვენეციის კომისიამ მხოლოდ მსჯელობის ნაწილში დატოვა, ძირითად რეკომენდაციებში ის არ გადაიტანა. ეს რეკომენდაცია მმართველმა გუნდმა არ გაიზიარა.

როგორია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურა?

მოსამართლეობამდე კანდიდატებს 5-დონიანი კენჭისყრის გავლა უწევთ: 3 ფარული კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში და 2 ღია კენჭისყრა პარლამენტში. პროცედურა ასეთია:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ იწყება საბუთების მიღება. პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს დოკუმენტაციის მიხედვით შეაფასებენ. შერჩეულ კონკურსანტთა სია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. იმ კანდიდატებს კი, რომლებიც ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ორი დღის ვადა ექნებათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს პირველი ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფარდობითი უმრავლესობით შეარჩევენ. ირჩევა პარლამენტისთვის წარსადგენ რაოდენობაზე 2.5-ჯერ მეტი ადამიანი, ანუ, მაგალითისთვის, 18 კანდიდატის შემთხვევაში უნდა შეირჩეს 45 კონკურსანტი. ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თითოეულ კანდიდატს გაეცნობიან და პირადად მოუსმენენ. ამ პროცესის ხანგრძლივობაზე რეგლამენტი დაწესებული არ არის.

შერჩეული კანდიდატები ფასდებიან კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციაში. ეს უკანასკნელი 100-ქულიანი სისტემით ფასდება, კეთილსინდისიერების კუთხით კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეფასების სამი ვარიანტი აქვს: მიიჩნევს კეთილსინდისიერად, არ მიიჩნევს თუ ნაწილობრივ მიიჩნევს. იუსტიციის საბჭოს წევრები ერთ-ერთ ვარიანტს ირჩევენ და ეს გადაწყვეტილება კანდიდატებისთვის ცნობილი ხდება.

ამის შემდეგ იმართება მეორე ფარული კენჭისყრა, გადაწყვეტილება მიიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით და შედგება პარლამენტისთვის წარსადგენი სია. თუმცა ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი ლეგიტიმიაცია სჭირდება იმავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მესამე ფარული კენჭისყრით. ამ შემთხვევაში კანდიდატებს სრული შემადგენლობის ორი მესამედი ამტკიცებს. თუ მოხდა ისე, რომ წარდგენილი 18 კანდიდატიდან ორი მესამედი 15-მა მოაგროვა, 3-მა კი - ვერ, ამ სამ ვაკანსიაზე კონკურსი ხელახლა ცხადდება და საბუთების მიღება თავიდან იწყება.

პარლამენტში კანდიდატებს როგორ შეარჩევენ?

პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების განსახილველად იურიდიულ კომიტეტში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან საკანომდებლო ორგანოს წევრები და დარგის სპეციალისტები. ეს ჯგუფი გადაწყვეტილებას არ იღებს, ის კომიტეტს მხოლოდ ინფორმაციით ამარაგებს. ამ ჯგუფს გადაეცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეფასებები არა მხოლოდ დასამტკიცებლად წარდგენილ კანდიდატებზე, არამედ პირველი ფარული კენჭისყრით შერჩეულ ყველა პრეტენდენტზე (მაგალითისთვის, 18-ის ნაცვლად 45-ზე). ეს არის საჯარო ინფორმაცია, ის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება (ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მასალების გამოკლებით). თუმცა დამატებითი ინფორმაციის მოძიება იურიდულ კომიტეტსაც შეუძლია.

როგორც კი სამუშაო ჯგუფი ყველა მოძიებულ მასალას კომიტეტს გადასცემს, კომიტეტი საჯარო სხდომაზე სათითაოდ უსმენს ყველა კანდიდატს. ნებისმიერ წევრს შეუძლია მოსამართლეობის კანდიდატს კითხვა დაუსვას და რეგლამენტი არც ამ შემთხვევაშია დადგენილი. ამის შემდეგ კომიტეტი თითოეულ კანდიდატს ღიად უყრის კენჭს. ეს არის კანდიდატისთვის მეოთხე, მაგრამ პარლამენტისთვის პირველი კენჭისყრა.

კომიტეტი დასკვნაში ასახავს კენჭისყრის შედეგებს - რომელ კანდიდატს მისცა რეკომენდაცია და რომელს - არა, ან მისცა თუ არა ყველას და ა.შ. თუმცა ეს კანდიდატების პლენარულ სხდომაზე წარდგენას ხელს არ უშლის. პლენარულ სხდომაზე კანდიდატებს აღარ უსმენენ, ტარდება ღია კენჭისყრა. ეს კანდიდატისთვის მეხუთე და პალმენტისთვის მეორე კენჭისყრაა.

თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატების ნაწილი არ დამტკიცდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხელახალი სია პირველი ფარულის კენჭისყრის შედეგად შერჩეული კანდიდატებიდან უნდა შეადგინოს, ან იგივე ჩამონათვალი დატოვოს. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების ნაწილი პარლამენტმა მეორედაც არ დაამტკიცა, მაშინ ამ დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსი ხელახლა ცხადდება და საბუთების მიღება იწყება.

მოსამართლეების საკითხზე მწვავე დებატების პირველი ეტაპი პარლამენტში 1 მაისს დასრულდა, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო. დებატები პარლამენტში სავარაუდოდ მას შემდეგ განახლდება, როდესაც დეპუტატები წარდგენილი მოსამართლეების დამტკიცებას დაიწყებენ.

სხვა თემები