12 მაისი 2019 - 22:09

ალერგია მაქვს. როგორ გავუმკლავდე მას?

ალერგია

ფოტო: shutterstock.com

რა იწვევს ალერგიას?

ალერგიის რისკის რამდენიმე ფაქტორი არსებობს, მაგრამ ხშირად ადამიანს მასზე ზემოქმედება არ შეუძლია. მეტიც, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ალერგიას ბევრი მიზეზების რთული კომბინაცია იწვევს. მაგალითად, ალერგიული რინიტი ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ეს მიდრეკილება გენეტიკურად გადაეცათ, ასევე მათ, ვინც ძირითადი ალერგიული მცენარეების ყვავილობის პერიოდში დაიბადა და მათაც, ვინც ოჯახში უფროსი შვილია და ადრეული ასაკიდანვე ანტიბიოტიკებს იღებდა. კვებითი ალერგიასაც გენეტიკური ფაქტორი განაპირობებს. 

საერთაშორისო სამედიცინო გაერთიანებები სტრესს, ძველ წყენასა თუ ნათესავებთან არადამაკმაყოფილებელ ურთიერთობას ალერგიის განვითარების რიკს-ფაქტორებად არ მიიჩნევენ. თუმცა ამ აზრს მხოლოდ ცალკეული ექიმები და ფსიქოლოგები იზიარებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბრონქული ასთმა და ატოპიური დერმატიტი ფსიქოემოციური სტრესის ფონზე შეიძლება გამწვავდეს. მეცნიერები ალერგიის რისკ-ფაქტორებსა და მიზეზებს არც ქრონიკულ ინფექციებს, თირკმლის დისფუნქციასა და პარაზიტებს მიაკუთვნებენ.

ალერგიის დაძლევის გზა, ჯერჯერობით უცნობია. ექიმები მხოლოდ ვარაუდობენ, თუ რატომ შეიძლება ის განვითარდეს. ეს არის არაადეკვატური აგრესიული იმუნური რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერებაზე, რომელიც რეალურად საფრთხეს არ წარმოადგენს. როგორც წესი, საუბარია ცილაზე, მაგრამ შეიძლება იყოს რაიმე არაორგანულიც - მაგალითად, ნიკელი.

ძაღლი მყავს სახლში. ეს ბავშვს ალერგიისგან დაიცავს, თუ პირიქით, გაუმწვავებს?

ძაღლს თავი დაანებეთ, არის სხვა საშუალებები, რომ რისკი შეამციროთ. იმ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაში ძაღლებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდათ, ალერგიული დაავადებები სტატისტიკურად იშვიათად უვითარდებათ. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ცხოველი ბავშვის ორგანიზმს ბაქტერიულ მრავალფეროვნებას სძენს. თუმცა ექიმები ჯერჯერობით არ აძლევენ რეკომენდაციას მშობლებს, რომ ცხოველები ჰყავდეთ ან პირიქით. ალერგიული დაავადებების განვითარებაზე შინაური ცხოველების გავლენის შესახებ არსებულ მონაცემებს ძალიან საიმედოს ვერ ვუწოდებთ. მეორე მხრივ, არ შეიძლება, რომ შინაური ცხოველი მხოლოდ შვილის ალერგიის პროფილაქტიკის მიზნით იყოლიოთ. ბავშვებში ალერგიული დაავადებების რისკი შესამცირებლად სხვადასხვა საშუალება არსებობს:

- დედამ არ უნდა მოწიოს ფეხმძიმობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში - ეს ზრდის ბავშვში ასთმის განვითარების რისკს. ანალოგიური ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს „მესამედ კვამლს“, რომლითაც გაჟღენთილია ტანსაცმელი, ავეჯი, თმა და ა.შ.

- პირველი 3-4 თვე ბავშვი დედამ მხოლოდ ძუძუთი უნდა კვებოს.

- ბავშვის კანი ხშირად ატენიანეთ. სიცოცხლის პირველივე წელს კანის სიმშრალე ატოპიური დერმატიტის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.

- უფრთხილდით მტვერის ტკიპებს, სახლი მშრალი წესით დაალაგეთ, ყოველ დღე გარეცხეთ თეთრეული ცხელ წყალში, მოერიდეთ ხალიჩებს, გამოიყენეთ მტვერსასრუტი, რომელსაც კარგი ფილტრი აქვს.

30 წლამდე ალერგია არ მქონია. გამიმართლა?

რთული სათქმელია. ალერგია შეიძლება ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ დროს განვითარდეს, თუმცა ადამიანების უმრავლესობას ბავშვობიდანვე აღენიშნება. არის შემთხვევები, რომ ზრდასრულებს ფეხმძიმობის ან ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ უვითარდებათ, თუმცა ამ მოვლენის მექანიზმი ჯერჯერობით ამოხსნილი არ არის.

თანამედროვე სამყაროში ალერგიული დაავადებები იმდენად გავრცელებულია, რომ ორგანიზმის ნებისმიერ გაუგებარ რეაქციას ადამიანები ხშირად სწორედ ალერგიით ხსნიან. სინამდვილეში კი სიმპტომები, რომლებიც ალერგიულ რეაქციას ჰგავს, შეიძლება მიუთითებდეს სხვა დაავადებაზე ან დარღვევაზე. მაგალითისთვის, საკვების შეუთავსებლობა არის ორგანიზმის რეაქცია ამა თუ იმ პროდუქტზე. ეს დაკაშირებულია არა იმუნური სისტემის ფუნქციონირებასთან, არამედ გარკვეული საკვების მონელების პრობლემებთან.

ზრდასრულებში კვებითი შეუთავსებლობა უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კვებითი ალერგია. იგივე შეიძლება ითქვას ფსიქიკურ დარღვევებზე, რომელთა სიმპტომებსაც (მძიმე სუნთქვა, გახშირებული გულისცემა, ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება) ხშირად ალერგიაში ურევენ.

როგორ განვასხვავო ალერგია გაციებისგან?

გაციების დროს ყველაფერი გტკივათ, ალერგიის დროს კი - გექავებათ. გარკვეული საერთო სიმპტომების მიუხედავად, ამ ორ კლინიკას შორის სხვაობა აშკარაა. გაციებას ახასიათებს ყელისა და კუნთების ტკივილი, ხველა, ტემპერატურის მატება, სიმპტომები ნელ-ნელა ვითარდება და რამდენიმე დღეში ქრება. ალერგიული რინიტის დროს კი თვალები გექავებათ. თუ გაქვთ ეჭვი, რომ ალერგია გაწუხებთ, ზუსტ პასუხს მხოლოდ გარკვეული ანალიზებით მიიღებთ. პირველ რიგში ეს არის კანის სინჯი, რომელიც ზუსტია და ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ალერგიის გამომწვევი ნივთიერება ორგანიზმში ცხვირიდან მოხვდა.

ექიმები ხშირად ნიშნავენ სპეციფიკურ ანტისხეულებზე სისხლის ანალიზსაც. ეს ხდება მაშინ, როდესაც კანის სინჯის გაკეთება ვერ ხერხდება ან მიღებული შედეგი საკმარისი არ არის. ეს ანალიზები ნებისმიერი ასაკში კეთდება, თუმცა 2 წლამდე ალერგიული რინიტი ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან მის განსავითარებლად ალერგენებთან შემხებლობა რამდენჯერმე უნდა განმეორდეს. ასეა თუ ისე, გამოკვლევები ექიმმა ხანგრძლივი გასაუბრების შედეგად უნდა დანიშნოს, რათა მეტ-ნაკლებად სავარაუდო ალერგენი განსაზღვროს. თავიდანვე ანალიზის ჩაბარება ალერგენების ვრცელ ჩამონათვალზე, საკმაოდ ძვირია და რეკომენდებულიც არ არის. ასე შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა იმ ნივთიერებებისადმი, რომლებსაც არანაირი სიმპტომი არ ახასიათებთ.

შემიძლია თუ არა, თავად გავუმკლავდე ალერგიას?

არა, მიმართეთ ექიმს. პირველ რიგში, უნდა დააზუსტოთ დიაგნოზი და დარწმუნდეთ, რომ თქვენი სიმპტომები ნამდვილად ალერგიულია. თქვენთვის რთულ დღეებში (მშრალ და ქარიან ამინდში) უმჯობესია ფანჯარა დახუროთ და სახლიდან საერთოდ არ გახვიდეთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, ექიმები გირჩევენ, გარეთ გასვლისას გაიკეთოთ სათვალე და სახლში დაბრუნებისას ტანსაცმელი გაიხადოთ ისე, რომ საძინებელში არ შეხვიდეთ და ეგრევე მიიღეთ შხაპი. შეგიძლიათ ცხვირის ფილტრები და ნესტოების ირგვლივ წასასმელი მალამოც გამოიყენოთ. რაც შეეხება სახის ნიღბებს, ისინი სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციებში არც კი განიხილება.

თუ ექიმმა კვებითი ალერგია დაგიდგინათ, რაციონიდან გარკვეული პროდუქტების ამოღება მოგიწევთ. ექიმი იმისთვისაც გჭირდებათ, რომ სიმპტომების შესაბამისი მკურნალობის კურსი დაგინიშნოთ. არ იფიქროთ, რომ არსებობს 1 საუკეთესო ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომელსაც დილით მიიღებთ და მთელი დღე ალერგია არც კი გემახსოვრებათ. ექიმები აბებს ყოველთვის არ ნიშნავენ. ეს შეიძლება იყოს როგორც ცხვირის სპრეი, ასევე ადგილობრივი მოხმარების სხვა პრეპარატი.

რა გავაკეთო, რომ ალერგია ასთმაში არ გადაიზარდოს?

ალერგია ნამდვილად შეიძლება ბრონქულ ასთმაში გადაიზარდოს. სამწუხაროდ, ექიმებს არ აქვთ უნივერსალური რჩევა, როგორ აირიდოთ ეს თავიდან, მაგრამ საუბრობენ ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპიასა და სუბლინგვალური იმუნოთერაპიაზე. არსებული მონაცემებით, ეს მეთოდები ალერგიული რინიტის ასთმაში გადაზრდას აფერხებს. თუმცა ორივე მეთოდს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, ამიტომ გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.

იმუნოთერაპია შეიძლება ჩატარდეს ხეებსა და მცენარეებზე, ძაღლებისა და კატების ქერტლზე, მტვერის ტკიპაზე, ტარაკნებსა და სხვა მწერებზე ალერგიის დროს. სამწუხაროდ, კვებითი და სხვა ტიპის ალერგიისთვის არ არსებობს პრეპარატი, რომელმაც თავისი ეფექტიანობა უკვე დაამტკიცა.

ძალიან მიყვარს კატები, მაგრამ ალერგია მაქვს. რა ვქნა?

სცადეთ სიმპტომატური თერაპია ან შეეგუეთ. თუ ადამიანს ასთმა აქვს, კატასთან სისტემატურმა კონტაქტმა, შესაძლოა, სიმპტომები გაამძაფროს. იმის გათვალისწინებით, რომ ასთმა სიცოცხლისთვის საშიშია, მოგიწევთ თქვენი შინაური ცხოველის გაჩუქება. ვისაც ეს დაავადება მძაფრ ფომრებში არ აქვს და კატის შენარჩუნებაც უნდა, შესაძლოა, მედიკამენტოზური მკურნალობაც საკმარისი იყოს. პრეპარატები სისტემატურად უნდა მიიღოთ. თუმცა თუ სიმპტომები პროგრესირდა, მოგიწევთ, თქვენს კატას დაემშვიდობოთ.

ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური სამსახურის რეკომენდაციის მიხედვით, შინაური ცხოველი მხოლოდ გარკვეულ ოთახებში უნდა შეუშვათ. ის არ უნდა შედიოდეს საძინებელში, კვირაში ერთხელ უნდა აბანაოთ, ხშირად გაანიავეთ ოთახი და ჰაერის გამწმენდი საშუალება გამოიყენეთ. ჰიპოალერგიული ცხოველი ასეთ სიტუაციაში ვერ გიშველით, რადგან ის უბრალოდ არ არსებობს. თუმცა პაციენტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ზოგ კატაზე აქვს ალერგია, სხვაზე - არა. ამას სპეციალისტები იმით ხსნიან, რომ კატებში მთავარი ალერგენების სეკრეცია სქესობრივ ჰორმონებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, დედალი კატები და დაკოდილი მამლები გაცილებით ნაკლებ ალერგენს გამოიმუშავებენ. ეს ნიუანსები შეიძლება სიმპტომებზეც აისახოს. ადამიანების 20%-ს კი თერაპიის დროს ალერგენებისადმი ტოლერანტობა და მიმღებლობა უვითარდება, მაგრამ როდის და რა კატეგორიის შემთხვევაში ხდება ეს, ექიმები წინასწარ ვერ განსაზღვრავენ.

თუ მწვავე ალერგიული რეაქცია დამეწყო, ექიმის მოსვლამდე როგორ მოვიქცე?

თან ატარეთ ადრენალინი და ნაცნობებს კარდიოპოლმონური რეანიმაცია ასწავლეთ. იმ ადამიანებმა, რომლებსაც ანაფილაქტიკური რეაქცია უკვე ჰქონდათ, თან უნდა იქონიონ მუდმივად ავტოინჯექტორი ადრენალინით. ის ანტიჰისტამინური პრეპარატებისგან განსხვავებით, სწრაფად ხსნის სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს. თუ ადრენალინი თან არ გაქვთ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ. ექიმების მოსვლამდე კი გარშემომყოფები მზად უნდა იყვნენ, რომ თუ თქვენ სუნთქვას შეწყვეტთ, კარდიოპოლმონური რეანიმაცია დამოუკიდებლად ჩაგიტარონ.

სხვა თემები