04 მაისი 2019 - 17:01

ტკიპამ მიკბინა. რა ვქნა?

ტკიპა

ფოტო: shutterstock.com

ტკიპა ადამიანისთვის საშიში 50-ზე მეტი ინფექციის გადამტანია. მათ შორის ყველაზე სახიფათო და გავრცელებულია ტკიპისმიერი ენცეფილიტი და ლაიმის დაავადება, იგივე ბორელიოზი. ორივე მათგანს ადამიანის პარალიზებისა და სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლია. როგორც წესი, ტკიპები აპრილიდან ოქტომბრამდე აქტიურდებიან, ყველაზე საშიში პერიოდი კი არის მაისი და ივნისი. თუმცა ტკიპამ დეკემბერშიც შეიძლება გიკბინოთ, თუკი ის თქვენი ძაღლის ბეწვში ჩასახლდება.

ტკიპის ნაკბენით გამოწვეული დაავადებები იკურნება?

ლაიმის დაავადება იკურნება, განსაკუთრებით კი ადრეულ სტადიაზე. რაც შეეხება ტკიპისმიერ ენცეფალიტს, სპეციალისტების აზრით, მისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება არის ვაქცინაცია, რომელიც, სასურველია, ზამთარში ან შემოდგომაზე გაკეთდეს. საერთაშორისო სამედიცინო ცნობარებში წერენ, რომ სპეციფიკური მკურნალობის კურსი მათთვის, ვინც უკვე ენცეფალიტით დაავადებულია, არ არსებობს. მკურნალობენ მხოლოდ სიმპტომებს.

თუ ტკიპამ მიკბინა, ინფიცირების ალბათობა მაღალია?

ზუსტად ამის განსაზღვრა, რთულია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რისკი საკმაოდ მაღალია. ლაიმის დაავადება გავრცელებულია აშშ-სა და ევროპაში. ის ასევე აღმოჩენილია იაპონიაში, ჩინეთში, რუსეთსა და მონღოლეთში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაიმის დაავადება საქართველოსთვის ენდემურია და წლებია უკვე ფიქსირდება. შემთხვევები ძირითადად აღწერილია ქვეყნის ცენტრალურ და ზღვისპირა რეგიონებში.

როგორ დავიცვა თავი ტკიპისგან?

ტკიპის ნაკბენისგან თავის დასაცავად სპეცილისტების რჩევაა, ერიდოთ ტყეებს, ბუჩქებსა და მაღალ ბალახებს. თუ მაინც მოხვდით ასეთ ადგილებში, სასურველია შესაბამისად გეცვათ და ყურადღებით იყოთ, სადმე ტკიპა ხომ არ არის. გასეირნების შემდეგ კი, სასურველია, შხაპი მიიღოთ და თქვენი სხეული ყურადღებით დაათვალიეროთ.

რას ნიშნავს შესაბამისად ჩაცმა?

ტყეში ან ბალახოვან ადგილებში სეირნობის დროს, რეკომენდებულია მაქსიმალურად დახურული ტანსაცმლის ტარება. ეს არის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელსახელოებიანი პერანგი და ქუდი. ერთი მხრივ, რაც უფრო ბევრი რამ გაცვიათ, მით უფრო დიდი დრო სჭირდება ტკიპას, რომ თქვენს კანამდე მიაღწიოს. მაგრამ მეორე მხრივ, ასე უფრო იოლია მისთვის სადმე დამალვა და მოგვიანებით კბენა. ამიტომ სახლში დაბრუნების შემდეგ ტანსაცმელიც ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ.

ჩემს სხეულზე ტკიპა აღმოვაჩინე. რა ვქნა?

პანიკაში არ ჩავარდეთ. თუ ტკიპა ჯერ არ არის კანზე მიკრული, ფრთხილად მოიშორეთ. თუ ტყეში ხართ, შეგიძლიათ მწერი იქვე გადააგდოთ, სახლში კი უმჯობესია ის ასანთით დაწვათ.

თუ ტკიპამ უკვე გიკბინათ და კანზეა მიკრული, სჯობს მიმართოთ ექიმს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს უნდა გააკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად. რაც უფრო ცოტა დროს გაატარებს  ტკიპა თქვენს კანზე, მით ნაკლებად დააზიანებს ის კანს და ნაკლებია ინფიცირების ალბათობაც. ყველაზე მოსახერხებელია, რომ ტკიპა კანს წვრილი პინცეტით მოაშოროთ. ჩაეჭიდეთ მწერს კანთან რაც შეიძლება ახლოს და მტკიცე, მაგრამ არა სწრაფი მოძრაობით კანის საპირისპირო მიმართულებით ამოწიეთ. მთავარია, ტკიპა არ დაანაწევროთ, რათა მისი ნაწილი კანში არ ჩარჩეს. ტკიპის მოშორება წვრილი ძაფითაც შეგიძლიათ. მარყუჟს მოარგებთ მწერს და ფრთხილად წამოწევთ.

ტკიპის მოშორების შემდეგ ნაკბენ ადგილს დეზინფექცია ჩაუტარეთ. მთავარია, მწერს არ წაუსვათ ფრჩხილის ლაქი ან ფენი არ მიუშვიროთ - ეს მცდარი ხალხური მეთოდები ინფექციის რისკს ზრდის.

ტკიპამ მიკბინა, აცრა გაკეთებული არ მაქვს. როგორ მოვიქცე?

სასურველია, მიმართოთ ექიმს. ასევე შეგიძლიათ დააკვირდეთ ნაკბენი ადგილის სიწითლეს, ხომ არ გაქვთ ციებ-ცხელების შეგრძნება ან სხვა სიმპტომები, რომლებიც ლაიმის დაავადებას და ტკიპისმიერ ენცეფალიტს ახასიათებს.

იმის გასარკვევად კი, ტკიპა ინფექციურია თუ არა, სპეციალურ ლაბორატორიებს უნდა მიმართოთ. იქამდე კი მწერი ცოცხლად უნდა შეინახოთ სუფთა ჭურჭელში. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ ტკიპის გამოკვლევას კბენიდან 4 დღის განმავლობაში ვერ მოახერხებთ, მერე მას აზრი აღარ აქვს.

სხვა თემები