11 მარტი 2020 - 23:32

რა ტიპის ეპიდემიები და პანდემიები ახსოვს მსოფლიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადებამ არსებული ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა. თუმცა სულ რაღაც ბოლო ოცწლეულში ჩვენი პლანეტის მოსახლეობას ინფექციური დაავადებების მთელ რიგ ეპიდემიასა თუ პანდემიასთან მოუწია გამკლავება. 


გრიპის ვირუსი, როგორც წესი, მუდმივ მოდიფიკაციას განიცდის, ამიტომაც მსოფლიოს ისტორიას ახსოვს პანდემიის რამდენიმე შემთხვევა, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგალითად, ესპანურმა გრიპმა იმავე „ესპანკამ“ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მთელი ევროპის მოსახლეობა მოიცვა. 1918 წლიდან, კაცობრიობის ისტორიაში, ის ერთ-ერთ ძლიერ პანდემიად ითვლება. დედამიწის მოსახლეობის 30%-ზე მეტი ამ ვირუსით იყო დაავადებული, 100 მილიონზე მეტი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა. საინტერესოა რა სახის ეპიდემიები და პანდემიები ახსოვს მსოფლიოს ბოლო ოცწლეულში?

ატიპური პნევმონია - ეპიდემია 

2002 წლის ნოემბერში სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდუნში ატიპური პნევმონიის (Severe Acute Respiratory Syndrome, SARS) აფეთქება დაფიქსირდა. მალევე ეს დაავადება ჩინეთის სხვა რაიონებში, ვიეტნამში, ახალ ზელანდიაში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და ფილიპინებზე, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის გარკვეულ ნაწილში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2002-2003 წლების ეპიდემიის დროს 37 ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობამ 8437-ს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 813-ს მიაღწია.

ფრინველის გრიპი - ეპიდემია

2013 წლის თებერვალში სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში ფრინველის გრიპი დაფიქსირდა. ეს არის დაავადება, რომელსაც H5N1 და H7N9 ვირუსები იწვევენ. გრიპის აღნიშნული სახეობა შინაური ფრინველიდან ადამიანს გადაეცემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წლის დეკემბრიდან 2013 წლამდე მსოფლიოს 15 ქვეყანაში დარეგისტრირდა H5N1-ით ინფიცირების 649 შემთხვევა, რომელთაგან 384 ლეტალურად დასრულდა. 


ფრინველის გრიპით გარდაცვალების მიზეზი ხდება ისეთი გართულებები, როგორიც არის პნევმონია, თირკმლებისა და ღვიძლის უკმარისობა. ამ დაავადებით გარდაცვალების ბოლო ფაქტი 2014 წლის იანვარში, კანადაში დაფიქსირდა. ეს ადამიანი ჩინეთის დედაქალაქში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა.

ღორის გრიპი - პანდემია

2009 წელს ახალი ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. ეს იყო H1N1, რომელიც ღორის გრიპს იწვევს. ის გადაეცემა როგორც ცხოველიდან ადამიანს, ისე - ადამიანიდან ადამიანს. ღორის გრიპი მეხიკოში დაფიქსირდა, შემდეგ მთელ მექსიკასა და აშშ-ში გავრცელდა. 
ღორის გრიპით ინფიცირების პირველი შემთხვევა ევროპაში 2009 წლის აპრილში დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსის ეს სახეობა დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანას მოედო. 2009 წლის ივნისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებმა, ბოლო 41 წლის განმავლობაში პირველად, გრიპის ახალი ვირუსის პანდემია გამოაცხადეს. 


ღორის გრიპისა და სეზონური გრიპის მკურნალობა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ამ შემთხვევაში ძირითადი რისკი პნევმონიის განვითარებაა. ღორის გრიპის შემთხვევაში სიკვდილიანობა სხვა ვირუსებით გამოწვეულ ლეტალურ შემთხვევებს არ აღემატება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, H1N1 ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 414 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 ათასზე მეტი დაავადებული კი გარდაიცვალა.

ებოლას ვირუსი - ყველაზე ლეტალური ეპიდემია

2014 წლის თებერვალში მთელ მსოფლიოში პანდემიის ახალი საშიშროება წარმოიქმნა. დაავადების პირველი შემთხვევები გვინეაში დაფიქსირდა, რის შემდეგაც ციებ-ცხელება მეზობელ სახელმწიფოებში- ლიბერიაში, ნიგერიაში, სიერა-ლეონესა და სენეგალში გავრცელდა. ეს აფეთქება ებოლას ვირუსის ისტორიაში ყველაზე ძლიერად იწოდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსის სიკვდილიანობა 90%-ს აღწევს, ექიმებს კი მის წინააღმდეგ მოქმედი ეფექტიანი პრეპარატი არ აქვთ. ეპიდემია ჯერ კიდევ არ არის დაძლეული, ის ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც იქამდე არ დაფიქსირებულა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სხვა თემები