26 დეკემბერი 2020 - 00:01

რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ „ბრიტანულ“ შტამზე? მართალია თუ არა, რომ ის უფრო გადამდებია? 

ფოტო: shutterstock.com

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება. ამის გამო ბევრმა ქვეყანამ გაერთიანებულ სამეფოსთან ავიარეისები უკვე გააუქმა. ყველა საუბრობს ახალი შტამის გავრცელების მაღალ სიჩქარეზე, რადგან როგორც ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, ის 70% -ით უფრო სწრაფია, ვიდრე ვირუსის სხვა ტიპები.

საერთოდ რა არის ეს ახალი შტამი? ის მორიგი ახალი კორონავირუსია?

არა, კორონავირუსი იგივეა. ჩვენ ვსაუბრობთ კორონავირუსის იმავე ტიპზე, რომელიც საკმაოდ ბევრი ცვლილების მატარებელია, რაც მას "სტანდარტული" SARS-CoV-2– ისგან განასხვავებს.  ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ ახალ შტამს VUI-202012/01 უწოდა. სხვადასხვა შტამის ურთიერთმიმართების საყოველთაოდ აღიარებული კლასიფიკაციის მიხედვით კი, კორონავირუსის ახალი ვერსია B.1.1.7 ხაზს განეკუთვნება.

რით განსხვავდება ახალი შტამი?

გენომების შედარების საფუძველზე, მეცნიერები 17 ცვლილებაზე საუბრობენ. მათგან 14  ცილის ამინომჟავებში წერტილოვან ცვლილებებს გულისხმობს, დარჩენილი 3 კი არის დელეცია, რაც რამდენიმე ამინომჟავის განადგურების მაჩვენებელია. მსგავსი მუტაციები ადამიანს ვირუსის უფრო მოწყვლად სამიზნედ აქცევს. B.1.1.7– ში არსებული ბევრი ცვლილება უკვე დაფიქსირებულია ვირუსის სხვა განშტოებებშიც, რომლებიც სხვა ქვეყნებში აღმოაჩინეს. ზოგიერთი მუტაცია ნაწილობრივ ცხოველთა მაგალითზე შეისწავლეს, თუმცა ზემოთ ხსენებული კომბინაცია ჯერ არ დაფიქსირებულა. 


ის, რომ ბიოლოგებს ზემოაღნიშნული ცვლილებები საინტერესოდ მიაჩნიათ, არ ნიშნავს, რომ ისინი ვირუსის თვისებებზე რეალურად ზემოქმედებენ. ამისათვის საჭიროა დამატებითი ექსპერიმენტები, მეცნიერებიც სწორედ ამის გადაუდედებელ აუცილებლობაზე საუბრობენ.
 

სად არის გავრცელებული ახალი შტამი? 

ვირუსის ორი ყველაზე ადრეული ნიმუში, რომელთა გენომებიც B.1.1.7 ხაზს მიეკუთვნებიან, 20 და 21 სექტემბერს კენტის საგრაფოსა და შესაბამისად, ლონდონში აღმოაჩინეს. 15 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ამ განშტოების 1 623 გენომია წაკითხული (ეს არის ბევრად უფრო მეტი დადასტურებული შემთხვევის შერჩევითი კვლევა). მათი უმეტესობა დიდი ბრიტანეთის იმავე სამხრეთ რეგიონებში დაფიქსირდა, თუმცა B.1.1.7 ვერსია უელსში, შოტლანდიასა და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც აღმოაჩინეს. ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩევლის, პატრიკ უოლანსის განცხადებით, გასული კვირის ბოლოს ლონდონის შემოგარენში დაინფიცირებულთა 60% -ზე მეტი სწორედ ახალი შტამით არის დაავადებული. 


გარდა ამისა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, B.1.1.7– ის არსებობა ნიდერლანდებსა და ავსტრალიაშიც დაფიქსირდა.  
 

საიდან გაჩნდა ახალი შტამი? 

დიდი ბრიტანეთი ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების გენომების გამოკვლევას აგრძელებს, მაგრამ B.1.1.7– ის პირველწყარო ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ძირითადი ჰიპოთეზის თანახმად, ახალი შტამი სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში ხანგრძლივად მიმდინარე COVID-19-ის "შინაგანი" ევოლუციის შედეგად წარმოიქმნა. მეცნიერები იქამდეც საუბრობდნენ (1 , 2 , 3 ) შემთხვევებზე, როდესაც ახალი კორონავირუსი ქრონიკული დაავადებებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში საკმაოდ სწრაფად იცვლებოდა. ამ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში ხშირად კოვიდგადატანილი პაციენტის პლაზმას იყენებენ, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის ზეწოლისგან იმუნური სისტემის დაცვას.
 

მართალია თუ არა, რომ ახალი შტამი უფრო გადამდებია?

როგორც ჩანს, კი. ბრიტანეთის ახალი რესპირატორული ვირუსების საშიშროების საბჭოს მრჩეველთა ჯგუფმა 18 დეკემბერს დაასკვნა: არსებობს ”ზომიერი მტკიცებულებები” იმის შესახებ, რომ B.1.1.7 შტამი მართლაც უფრო გადამდებია. 
ეს დასკვნა იმიტომ გაკეთდა, რომ დიდ ბრიტანეთში ახალი შტამი, სხვებთან შედარებით, 70% -ით უფრო სწრაფად ვრცელდება. გარდა ამისა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ზრდა ისედაც უკვე მაღალი ავადობის ფონზე ფიქსირდება. ეს კი მეტ საფუძველს იძლევა იმის დასადასტურებლად, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატება თავად ვირუსის თვისებებთან არის დაკავშირებული და არა შემთხვევითობასთან.

იწვევს თუ არა ახალი შტამი უფრო მეტ გართულებას? 

ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ბრიტანეთის ახალი რესპირატორული ვირუსების საშიშროების საბჭოს მრჩეველთა ჯგუფის ანგარიშში მოცემულია სიკვდილიანობის სავარაუდო მაჩვენებელი მხოლოდ ამ კონკრეტული შტამით ინფიცირების შემთხვევებში (დაახლოებით 1000 ინფიცირებულზე გარდაცვალების 4 ფაქტი) და ის მოსალოდნელ მაჩვენებლებს სრულად შეესაბამება. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ, რომ თავად ვირუსს დაავადების განვითარებაზე არაპირდაპირი გავლენა აქვს - მისი შედეგი, პირველ რიგში, იმუნური სისტემის ქცევაზეა დამოკიდებული. 


მაშინაც კი, თუ ლეტალურობის ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება, ახალი შტამი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. გავრცელების მაღალი სიჩქარე მეტ ინფიცირებულს იწვევს და შესაბამისად, საავადმყოფოებს უფრო მეტ ტვირთად აწვება. 
 

იქნება თუ არა ვაქცინა ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტიანი?

ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. COGS-ის კონსორციუმი თავის მოხსენებაში, რომელშიც B.1.1.7 -ის ცნობილი მუტაციებია განხილული, ასკვნის: ”ამ დროისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ მუტაციის რომელიმე ფორმა ვაქცინის ეფექტიანობაზე იმოქმედებს“.

სხვა თემები