24 ივლისი 2019 - 20:20

ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი? ისტორია

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

ფოტო: Shutterstock.com

ლონდონის ყოფილი მერი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერი და შესაბამისად ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა.

ვინ არის ბორის ჯონსონი?

დაახლოებით ერთი წლის წინ ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ტერეზა მეისთან უთანხმოების გამო დატოვა. ევროსკეპტიკოსმა ჯონსონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ლონდონი შეძლებს, ევროკავშირი მომავალ შემოდგომაზე ბრიუსელთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დატოვოს. ის ცნობილია თავისი ხმაურიანი, ექსტრავაგანტული და არც თუ ისე იშვიათად, სკანდალური განცხადებებით.

ოქსფორდიდან სკანდალურ ჟურნალისტობამდე

ბორის ჯონსონი ნიუ-იორკში დაიბადა. მისი მშობლები ინგლისელები არიან, თუმცა ოჯახს თურქული და რუსული ფესვები აქვს. მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონის მამა, სტენლი ჯონსონი ევროკავშირის ერთ-ერთ სტრუქტურაში დასაქმდა, ოჯახი საცხოვრებლად ბრიუსელში გადავიდა. ბორის ჯონსონს სამი დედმამიშვილი ჰყავს. მისმა უმცროსმა დამ რეიჩელმა The Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ დედას - მხატვარ შარლოტა ჯონსონს დეპრესია ჰქონდა და ხშირად ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. ბავშვებს კი ძიძა უვლიდა. 

ბორის ჯონსონმა განათლება მხოლოდ ელიტისთვის ხელმისაწვდომ ითონის კოლეჯში მიიღო, სადაც ბევრი ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსი სწავლობდა. შემდეგ ის არქეოლოგიას ოქსფორდში ეუფლებოდა. ახალმა პრემიერმა რამდენიმე უცხო ენა იცის, კერძოდ კი, ფრანგული და იტალიური. პოლიტიკაში მოსვლამდე ის ჟურნალისტად მუშაობდა. ჯონსონმა თავისი კარიერა გამოცემა The Times-ში დაიწყო, საიდანაც ახალგაზრდა ავტორი მალევე დაითოხვეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბორის ჯონსონმა მის მიერვე გამოგონილი ციტატა მიაკუთვნა ოქსფორდის ისტორიის პროფესორს, რომელიც ამავდროულად მისი ნათლიაც იყო.  

რამდენიმე წლის შემდეგ ბორის ჯონსონი გახდა The Daily Telegraph-ის კორესპონდენტი ბრიუსელში. სწორედ ამ დროს გაითქვა მან სახელი როგორც მგზნებარე ევროსკეპტიკოსმა. ლონდონში დანრუნების შემდეგ კი ჯონსონმა კომენტატორობაც მოასწრო. მას ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. ჯონსონი გამოსცემდა კონსერვატიულ გაზეთ The Spectator-ს.

ბრიუსელში მუშაობის დროს მან პირველ ცოლთან განშორება მოასწრო და 12 დღეში მეორედ იქორწინა ადვოკატ მარინა ვეელერზე, რომელიც იმ დროისთვის მათ პირველ შვილს ელოდა. ამის შემდეგ წყვილს კიდევ სამი შვილი შეეძინა.

ბორის ჯონსონის სასიყვარულო თავგადასავლები და პოლიტიკური კარიერა

ბრიტანული ბულვარული პრესა ბორის ჯონსონს მექალთანეს უწოდებს. ამის მიზეზი კი არის ლამაზი და ჭკვიანი ქალებისადმი მისი ლტოლვა, როგორც ამას თავად ამბობს. ჯონსონის მრავალრიცხოვან სასიყვარულო თავგადასავლებს ჟურნალისტები ბრიტანეთის მომავალი პრემიერის ისეთი თავისებურებების გვერდით აყენებენ, როგორიცაა მისი უჩვეულო თმის ფერი და ვარცხნილობა, გაცრეცილი კოსტიუმები, ექსცენტრულობა და ლეგენდარული არაპუნქტუალობა.

ასეა თუ ისე, ამ ყველაფერს ნამდვილად არ შეუშლია ჯონსონისთვის ხელი, ბრიუსელში მუშაობის შემდეგ, ლონდონში პოლიტიკური კარიერა დაეწყო. 2001 წელს მომავალი პრემიერი ოქსფორდშირის საგრაფოს დეპუტატად აირჩიეს. პარლამენტში ის კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენდა და დეპუტატის მანდატი 2008 წლამდე შეინარჩუნა. 2004 წელს ჯონსონი კონსერვატორთა ჩრდილოვან მმართველობაში გაწევრიანდა და კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავა. თუმცა ერთ-ერთ კოლეგასთან სასიყვარულო თავგადასავლის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია. ამ სკანდალის ფონზე ცოლმა ის სახლიდან გააგდო. 

2005 წელს კონსერვატიული პარტიის მაშინდელმა ლიდერმა დევიდ კამერონმა ჯონსონი ჩრდილოვან კაბინეტში არ მიიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ითონის კოლეჯში ერთად სწავლოდნენ. სამი წლის შემდეგ ბორისმა გადაწყვიტა ლონდონის მერის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. მან კამერონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მხარდაჭერა მოიპოვა და გაიმარჯვა კიდეც. ლონდონის მერის პოსტი ბორის ჯონსონს ორი ვადით ეკავა. 

ჯონსონის დამოკიდებულება ევროკავშირისა და რუსეთისადმი

2016 წლის მაისში პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ბევრს ეპარებოდა ეჭვი, რომ ის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეძლებდა. ამ დროისთვის ჯონსონი ცნობილი იყო თავისი არაკორექტული გამოსვლებით, რომლებშიც მან ბევრი ადამიანი შეურაცხყო. ბორის ჯონსონმა კრიტიკის ქარ-ცეცხლი არაერთხელ დაატეხა თავს ვროკავშირსა და მის ხელმძღვანელებს. The Sunday Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „ევროკავშირი ცდილობს ზესახელმწიფო შექმნას. ნაპოლეონს, ჰიტლერსა და სხვებსაც სურდათ რაღაც მსგავსის გაკეთება, მაგრამ ცუდად დაამთავრეს!“ 

მკაცრად აკრიტიკებდა ჯონსონი რუსეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში. „ყველა შესაძლო მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ჩადენილ მხეცობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება,“ - განაცხადა მან 2016 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ალეპოსთან ახლოს გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მანქანას თავს დაესხნენ. ჯონსონი ყირიმში მიმდინარე მოვლენებისა და ალეპოში მომხდარი ავიათავდასხმების გამო რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებასაც ემხრობოდა. ის საკუთარ თავს რუსოფილს უწოდებს. მან ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტის დროსაც განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის არის დიდი ბრიტანეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ბორისი ჰქვია და რა თქმა უნდა, მას სურს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირება. Deutsche Welle-სთვის სკრიპალების საქმეზე მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში კი განაცხადა: „მე მიყვარს რუსეთი, ჩემი წინაპრები ამ ქვეყნიდან არიან. პრობლემა არის არა ქვეყანაში, არამედ კრემლსა და მის პოლიტიკაში.“

რა პოლიტიკური ორიენტირები ექნება ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, მისი ექსცენტრიულობის გათვალისწინებით, რთული სათქმელია. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის რამდენიმე წევრმა უკვე განაცხადა, რომ ჯონსონის გაპრემიერების შემთხვევაში თანამდებობას დატოვებდა.

სხვა თემები