27 იანვარი 2021 - 12:33

ანგელა მერკელის პარტიას ახალი ლიდერი ჰყავს. შესაძლოა, ის შემოდგომაზე გერმანიის მორიგი კანცლერი გახდეს. ვინ არის არმინ ლაშეტი და რა კავშირშია ის საიმპერატორო კართან?

არმინ ლაშეტი

არმინ ლაშეტი

ფოტო: shutterstock.com

გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ონლაინ ყრილობა გაიმართა. ეს არის პარტია, რომელსაც ქვეყნის მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი წარმოადგენს. აღნიშნულ შეხვედრაზე ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა პარტიის ახალი ლიდერი აირჩია. ის არის გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური მხარის - ნორდრაინ-ვესტფალენის პრემიერმინისტრი, არმინ ლაშეტი. თავად მერკელმა კი ორი წლის წინ განაცხადა, რომ ის მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წლის 26 სექტემბერს გაიმართება. ახლა უკვე კანცლერობისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლაშეტი გახდა, თუმცა ეს არც ისე მარტივი იქნება, რადგან პოლიტიკოსის პირადი პოპულარობა საკმაოდ დაბალია.

ვინ არის არმინ ლაშეტი? 

არმინ ლაშეტის მსგავს ადამიანებს, როგორც წესი, ვეტერან პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ. ის ბუნდესტაგის წევრად პირველად ჯერ კიდევ 1994 წელს აირჩიეს. ეს მოხდა სამი წლის შემდეგ, რაც ანგელა მერკელი, გდრ-ის სერტიფიცირებული ქიმიკოსი, გაერთიანებული გერმანიის მთავრობაში პირველად შევიდა. ამავდროულად, რთულია მას მძიმეწონიანი პოლიტიკოსი და ქარიზმატული ლიდერი ვუწოდოთ, რადგან მხოლოდ ოთხი წლის წინ, 56 წლის ასაკში შეძლო გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელობა. შედარებისთვის, იგივე მერკელი ფედერალური კანცლერი 51 წლის ასაკში გახდა, ხოლო ჰელმუტ კოლი, რომელსაც ლაშეტს ზოგჯერ ადარებენ, რაინლანდ-პფალცის პრემიერმინისტრად 39 წლის ასაკში აირჩიეს. 


აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ლაშეტის რეგიონი, რაინლანდ-ვესტფალენი გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ძალიან განვითარებული ფედერალური მხარეა. გარდა ამისა, აქ ხელისუფლებისთვის ბრძოლა ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის ყოველთვის რთული და დაძაბულია. ამიტომაც რაინლანდ-ვესტფალენში გამარჯვება თავისთავად ფედერალური დონის მიღწევაა. მაგალითად, ზაარლანდისგან განსხვავებით, რომელიც  ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა ფედერალური მხარეა, სადაც ქრისტიან-დემოკრატებს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ასევე ძალიან მყარი პოზიცია აქვთ. ზაარლანდიდან იყო პარტიის ლიდერის პოსტზე ლაშეტის წინამორბედი- ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერიც. სწორედ მისი ხილვა სურდა მერკელს გერმანიის ახალ კანცლერად. 


გერმანიაში ძალიან პოპულარული მერკელის ღია მხარდაჭერის წყალობით, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა 2018 წლის ბოლოს გამართულ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში  გაიმარჯვა. თუმცა მან ფედერალურ დონეზე ძლიერ პოლიტიკურ ზეწოლას ვერ გაუძლო და 2020 წლის დასაწყისში გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. პანდემიის გამო, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახალი ყრილობა თითქმის ერთი წლით გადაიდო და კრამპ-კარენბაუერი ლაშეტმა მხოლოდ ახლა შეიცვალა. 


გერმანული მედია ლაშეტს მერკელის "ერთგულ მხარდამჭერს" უწოდებს და მისგან მისი წინამორბედის პოლიტიკური ხაზის გაგრძელებას ელის. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ქრისტიან-დემოკრატები ცენტრისტებად დარჩებიან და უფლებას არ მისცემენ თავს, ოდნავ მაინც მარჯვნივ გადაუხვიონ, თუნდაც კონსერვატიული ამომრჩევლების ხმების დასაბრუნებლად, რომელთა უმეტესობაც ახლა რადიკალურ პარტიას- „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უჭერს მხარს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქრისტიან-დემოკრატებში ზემოთ ხსენებული პოლიტიკური ხაზის შესახებ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა. ამის ნათელი მაგალითია ფრიდრიხ მერცი, რომელიც პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლაში ლაშეტის მთავარი კონკურენტი იყო. ის ქვეყნის ამჟამინდელი კანცლერის მიგრაციის ლიბერალურ პოლიტიკას აკრიტიკებდა. მერცის განცხადებით, რომ არა 2015-2017 წლებში გერმანიაში ლტოლვილთა ასეთი მასობრივი შემოდინება, მთავრობას მეტი საშუალება ექნებოდა, საკუთარ მოქალაქეებში არსებული სიღარიბის პრობლემა უფრო ეფექტიანად დაეძლია. ლაშეტი პირიქით არის. ის ინტეგრაციის საკითხებში გერმანიის პირველი მინისტრი იყო (2000-იანი წლების ბოლოს რაინლანდ-ვესტფალენში). იგი  "ღია კარის" პოლიტიკას ემხრობა, თუმცა ამავდროულად, დამნაშავე მიგრანტების მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობის“ მხარდამჭერია. 


კრემლისთვის კი ლაშეტის კანდიდატურა საკმაოდ ხელსაყრელია. ყირიმის კრიზისის დასაწყისში, მან გერმანიაში "ანტიპუტინური პოპულიზმი" გააკრიტიკა, შემდეგ კი რამდენჯერმე ისაუბრა იმ სულისკვეთებით, რომ რუსეთი, თუნდაც მისი ამჟამინდელი ავტორიტარული რეჟიმით, აუცილებელია მსოფლიოსთვის მრავალი საკითხის გადასაჭრელად. ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ კი წინააღმდეგი იყო, რომ გერმანიას ერთპიროვნულად, სხვა ევროპული ქვეყნების თანხმობის გარეშე, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“- ის მშენებლობა დაეტოვებინა. აღნიშნული პროექტის ორწლიან გაყინვას მერცი ემხრობოდა. 


აშკარაა, რომ ლაშეტს დიდი ამბიციები აქვს. გასულ წელს, მისმა ბიოგრაფებმა განაცხადეს, რომ ლაშეტის ოჯახი იმპერატორ კარლოს დიდის პირდაპირი შთამომავალია. თავად არმინ ლაშეტი დაიბადა აახენში, რომელიც კარლო დიდის დედაქალაქი იყო. თუმცა ისმის კითხვა - შეძლებს კი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატთა კავშირის ახალი თავმჯდომარე საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას?

სხვა თემები