12 თებერვალი 2019 - 00:07

რა გაზსადენია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და რატომ ებრძვის მის აშენებას ამდენი ქვეყანა?

ჩრდილოეთის ნაკადი-2

ფოტო: shutterstock.com

12 თებერვალს ევროკავშირის მოხელეები განიხილავენ გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ სტატუსს, რომელიც ახლა ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსული უსტ-ლუგიდან გერმანულ გრაიფსვალდამდე შენდება. აშშ და ბევრი ევროპული ქვეყანა პროექტის წინააღმდეგია, მაგრამ როგორც ჩანს რუსეთი და ამ საკითხში მისი მთავარი მოკვშირე გერმანია ახლოს არიან გამარჯვებასთან. გასული კვირის ბოლოს გერმანიის ხელისუფლებამ შეძლო კომპრომისის მიღწევა საფრანგეთთან, რომელიც ორჭოფობდა. რა არის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და რატომ არის სახიფათო მისი აშენება?

რა გაზსადენია ეს და რატომ გაჩაღდა მის გამო ასეთი ბრძოლა?

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი - ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც. პროექტი მისი მონაწილეებისთვის ძალიან მოგებიანია: ნავარაუდევია, რომ ის გაწეულ ხარჯებს 9 წელიწადში აანაზღაურებს (შედარებისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ხარჯების ანაზღაურების ვადა 14 წელია, რადგან მასში კონტრაქტის თანახმად შემცირებული ტარიფი მოქმედებს).

მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი მხოლოდ ეკონომიკური სარგებლით დაინტერესებული არ არის. ახლა რუსული გაზი ევროპაში უკრაინის ტერიტორიის გავლით ხვდება, ხოლო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პირველად, რუსეთს სრულად გაათავისუფლებს უკრაინაზე დამოკიდებულებისაგან. 

ახლა ასეთი ვითარებაა: რუსეთს ევროპაში გაჰქონდა 200 მილიარდ კუბომეტრზე ოდნავ მეტი გაზი; ამასთან, უკრაინის გავლით ტრანზიტმა 2018 წელს 86 მილიარდი კუბომეტრი შეადგინა. ეს, ამერიკის შეერთებული შტატების გათვლით, კიევს დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს აძლევს ან ქვეყნის მშპ-ს 2%-ს; კიდევ 1%-ს უკრაინა გაზის დეფიციტის გამო დაკარგავს - 2014 წლიდან ის ფორმალურად არ ყიდულობს გაზს რუსეთისგან, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმებით ტრანზიტის ნაწილს თავისთვის იყენებს.

ჯერჯერობით, რუსეთმა ევროპას გაზი უკრაინის გავლით უნდა მიაწოდოს, მაგრამ 31 დეკემბერს ვადა ეწურება გრძელვადიან კონტრაქტს, რომელიც მოსკოვს ამას ავალდებულებს; მხარეებს შეუძლიათ (მაგრამ ამის ვალდებულება არ აქვთ) ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. სწორედ ამ თარიღისთვის გეგმავს რუსეთი ორი მილსადენის მშენებლობის დასრულებას. ესენია, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „თურქული ნაკადი“ (ორი გაზსადენი, რომელთა საერთო გამტარობა 30 მილიარდ კუბომეტრს აჭარბებს); ერთად ისინი თავისუფლად ფარავენ უკრაინული ტრანზიტის მთლიან მოცულობას. შედეგად, უკვე 2020 წლისთვის უკრაინა შეიძლება მორიგ ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდეს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ 2020 წელსაც არ შეწყვეტს უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას იმ შემთხვევაშიც თუ კიევთან შეთანხმება არ გაფორმდება. „გაზრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა თქვა, რომ მაშინაც თუ რუსეთი განაგრძობს უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდებას, ის ტრანზიტს 10-15 მილიარდ კუბომეტრამდე შეამცირებს.      

ექსპერტები გამოყოფენ ორ საკითხს: პირველი - არავინ გარდა თავად რუსეთისა არ არის დაინტერესებული იმით, რომ უკრაინა გაზის ბიზნესიდან სრულად გაირიცხოს. მეორეც, ევროპის გაზის ბაზარზე რუსეთის წილზე (ახლა ის მთლიანი მიწოდებების მესამედს აჭარბებს და იზრდება) პრეტენზია ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ამიტომ პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მიუღებელია როგორც აშშ-ისთვის, ასევე ევროპის ბევრი ქვეყნისათვის.

როგორ უწევდნენ პროექტს წინააღმდეგობას?

უკრაინამ არაერთხელ სთხოვა ევროკავშირს პროექტის დაბლოკვა; მას მხარს უჭერდნენ სხვადასხვა ექსპერტები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობის პოლიტიკოსები, ევროპარლამენტი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ხელისუფლება დღესაც ემუქრება პროექტის მონაწილეებს სანქციებით. ყველა მათგანი პროექტს პოლიტიკურს უწოდებს და შეშფოთებულია, რომ ევროპა ძალიან დამოკიდებული გახდება რუსეთის გაზზე, შესაბამისად მოსკოვი „ენერგეტიკული შანტაჟის“ ბერკეტს მიიღებს.

რუმინეთმა, რომელიც ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბიუროკრატიულ პროცედურებში ჩაძირვა დააპირა; ევროკავშირის გაზის დირექტივებში რუმინეთის მიერ შეთავაზებული ცვლილებებით, „გაზპრომს“ პროექტის ოპერატორის ფუნქცია უნდა ჩამორთმეოდა (ამის უფლება მხოლოდ დამოუკიდებელ კომპანიას უნდა ჰქონოდა), ასევე „მილის“ მოცულობის 50% გაზის სხვა მიმწოდებლებისთვის უნდა შეენახათ. ეს ყველაფერი პროექტის ანაზღაურებას და ვადებს ეჭქვეშ აყენებს.    

ბოლო წუთამდე გერმანია ცვლილებების განხილვაზეც კი უარს ამბობდა, მაგრამ თებერვლის დასაწყისში, მოულოდნელად, რუმინეთს საფრანგეთმა დაუჭირა მხარი, რომელიც მანამდე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის მომხრედ მიიჩნეოდა. 8 თებერვალს მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს; გერმანია დათანხმდა, რომ ცვლილებების მიღება შესაძლებელია, მაგრამ ერთი პირობით: გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, გავრცელდება თუ არა გაზსადენზე ყველა ბიუროკრატიული წესი, მიიღებს ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მილსადენი ზღვიდან „ამოყვინთავს“. „ჩრდილოეთის ნაკადის“ შემთხვევაში კი ეს თავად გერმანიაა.

იმავდროულად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეეცადა ევროკავშირის მიღმა არსებული პროექტის მოწინააღმდეგეების დამშვიდებას: უკრაინას მან უთხრა, რომ რუსეთმა მასთან ტრანზიტთან დაკავშირებული ახალი გრძელვადიანი შეთანხმება უნდა გააფორმოს; ამერიკელებს დაჰპირდა, რომ ევროპა აშშ-ისგან მეტ ფიქლის გაზს იყიდის. სწორედ ეს სურდა ევროკავშირისგან დონალდ ტრამპს, რომელმაც ევროპის გაზით მომარაგების პირობა დადო, თუ ის რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს იტყოდა.

რატომ არ უნდა ევროკავშირს რუსული გაზის ნაცვლად ამერიკულის ყიდვა?

ამერიკული ფიქლის გაზი რუსულ მილსადენურ გაზზე ბევრად ძვირია; ამიტომ აშშ ეჭვმიტანილია იმაში, რომ ის ეკონომიკური სარგებლის მისაღებად პოლიტიკურ სიტუაციას იყენებს. ევროკავშირი აღიარებს, რომ ფიქლის გაზის შეძენა საჭიროა, რადგან ის ევროპას რუსეთზე დამოკიდებულებისაგან ათავისუფლებს. მაგრამ რეალურად აშშ-ს მსხვილ მიწოდებებზე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა მოელაპარაკა, მაგალითად პოლონეთი. დანარჩენ შემთხვევაში, აშშ-დან გაზს ცალკეული კომპანიები ღია ბაზრებზე ყიდულობენ როდესაც რუსული გაზი არასკმარისია. იმავდროულად, 2015 წლიდან ევროპა სულ უფრო მეტ გაზს მოიხმარს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროკავშირში თბოელექტროსადგურები მასობრივად გადაჰყავთ გაზზე სხვა სახის საწვავიდან. გერმანიისთვისაც ფასის საკითხი პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია.

„გაზპრომმა“ გაიმარჯვა?

ჯერჯერობით, არა. დიდი ალბათობით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მოწინააღმდეგეები პროექტს ვეღარ დაბლოკავენ, მაგრამ შეიძლება გაზის დირექტივებში შესწორებების შეთანხმება გაჭიანურდეს. თუ ყველა ბიუროკრატიული ბარიერი წლის შუა პერიოდისთვის არ მოიხსნება, პროექტის ვადები შეიძლება გახანგრძლივდეს და რუსეთი იძულებული გახდება, ხელში მთავარი კოზირის გარეშე მოელაპარაკოს უკრაინას ტრანზიტის შესახებ.

გარდა ამისა, ბოლომდე არ არის გამორიცხული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აამოქმედებს სანქციებს პროექტის მონაწილეების წინააღმდეგ. ბევრმა მათგანმა უკვე განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ დატოვებს.

სხვა თემები