კორონავირუსის ახალი შტამები - ბრიტანული, სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური. რა ვიცით მათ შესახებ?

ფოტო: shutterstock.com
ვირუსოლოგთა და ეპიდემიოლოგთა ბრიტანულმა საექსპერტო კომისია NERVTAG-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ახალი კორონავირუსის ბრიტანული შტამის, B.1.1.7 ლეტალობა შეიძლება 30% -ით მეტი იყოს, ვიდრე მისი პირვანდელი ვერსიისა. თითქმის ერთდროულად ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წარმოქმნილი ახალი შტამი, რომელიც ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში უკვე გავრცელდა, ნაკლებად მგრძნობიარეა ანტისხეულებისადმი, რომლებიც ორგანიზმში ვაქცინაციის შედეგად წარმოიქმნება. ეს დაადასტურა ახალმა კვლევამ, რომელიც თავად მწარმოებლებმა ჩაატარეს. ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს, რომ არსებული ვაქცინები ახალი შტამებისგან არ იცავს. თუმცა აცრის პროცესი რაც უფრო გაჭიანურდება და პანდემია დიდხანს გაგრძელდება, მოვლენების ასეთი განვითარების რისკი მით უფრო მაღალი იქნება.
ამ დროისთვის რომელი შტამებია ცნობილი?
პანდემიის მიმდინარეობის პროცესში SARS-CoV-2, ისევე როგორც ნებისმიერი ვირუსი, მუდმივ ევოლუციას განიცდის. აქამდე არ არსებობდა იმის თქმის საფუძველი, რომ ესა თუ ის ფაქტორი მის თვისებებს მნიშვნელოვნად ცვლიდა და დაავადების მიმდინარეობაზე გავლენას ახდენდა. ერთადერთი და არც თუ ისე თვალსაჩინო გამონაკლისი მთელი 2020 წლის განმავლობაში იყო D614G მუტაცია, რომელიც აშშ-სა და ევროპაში სწრაფად გავრცელდა. თავიდან ითვლებოდა, რომ ეს სრული შემთხვევითობა იყო. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას, თავდაპირველად ჩინეთში დაფიქსირებულ SARS-CoV-2-თან შედარებით, ოდნავ გაზრდილი ინფექციურობა ახასიათებდა.
ამავდროულად, გასული წლის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი, ბრიტანული ვარიანტი (B.1.1.7 ან VUI202012 / 1) აქტიურად გავრცელდა. ის, თავის წინამორბედთან შედარებით, გაცილებით უფრო ინფექციური იყო. ახალი შტამის გავრცელების გამო გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას ახალი წლის წინ საკარანტინო ზომების გამკაცრება მოუწია.
ბოლო დროს გავრცელდა პირველი ინფორმაცია სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ (B.1.351 ან 501Y.V2). ის ბრიტანული ვარიანტის მსგავს მუტაციას განიცდიდა და ასევე განიხილებოდა, როგორც პოტენციურად უფრო ინფექციური. გარკვეული პერიოდის შემდეგ იაპონიაში პირველად დაფიქსირდა ბრაზილიური შტამი (B.1.1.248 ან P.1). ისიც სამხრეთაფრიკული ვერსიის მსგავსია, თუმცა ამ დროისთვის ყველაზე ცუდად შესწავლილი.
ახალი კორონავირუსის ყველა შესაძლო ვარიანტთან დაკავშირებით, მეცნიერებს ერთი და იგივე კითხვები აქვთ. მათგან სამი ყველაზე მნიშვნელოვანია:
- არის თუ არა მოცემული შტამი უფრო გადამდები?
- ინფიცირების შემთხვევაში ხასიათდება თუ არა ის მეტი ლეტალობით?
- შესაძლებელია თუ არა ამ შტამით რეინფიცირება და არის თუ არა აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინა ეფექტიანი?
ზემოთ ხსენებულ სამ შტამზე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული და კიდევ უფრო ნაკლებია სანდო. ეს ძირითადად არის არაპირდაპირი მონაცემები ნამდვილ ვირუსზე წვდომისა და სხვადასხვა სიმულაციის გარეშე. განსაკუთრებით ცუდად არის შესწავლილი სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამები.
რა ვიცით ამ ეტაპზე ბრიტანული შტამების შესახებ?
თითქმის დამტკიცებულია, რომ ბრიტანული შტამი პირვანდელ SARS-CoV-20-ზე უფრო გადამდებია. ის უკვე გავრცელდა ბევრ ქვეყანაში და მოდელირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეპიდემიის განვითარებაზე სამომავლოდ მნიშვნელოვნად იმოქმედებს. პირველი მონაცემებიც გამოჩნდა, რომ ის, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელიც იყოს - საშუალოდ 30% -ით. გასული თვის განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ბრიტანული შტამი, იმუნიტეტის თვალსაზრისით, თავისი წინამორბედისგან დიდად არ განსხვავდება. აქედან გამომდინარე, კორონავირუსის ამ ახალი ვერსიით რეინფიცირების ტალღები მოსალოდნელი არ არის და წესით, ვაქცინამ მასზე უნდა იმოქმედოს. უფრო დეტალურ ინფორმაციას ბრიტანული შტამის შესახებ შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
რა ვიცით სამხრეთაფრიკული შტამის შესახებ?
სამხრეთაფრიკული შტამიც უფრო გადამდებია, მაგრამ ის ამავდროულად ცუდად ცნობს პირვანდელი SARS-CoV-2- ის ანტისხეულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ B.1.351-ის შემთხვევაში, ხელახალი ინფიცირების რისკი საკმაოდ რეალურია, თუნდაც ეს უკვე აცრილ ან გამოჯანმრთელებულ ადამიანს ეხებოდეს. ჯერჯერობით ასეთი დასკვნა მხოლოდ რამდენიმე სტატიის საფუძველზე გაკეთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში თავდაცვის მექანიზმის დაქვეითება დააფიქსირეს. თუმცა მოჰყვება თუ არა ამას რეინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა, ჯერ ცნობილი არ არის.
კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით გამოირჩევიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და გაერთიანებული სამეფო, შემდეგ - გერმანია, ავსტრალია, საფრანგეთი, ბელგია და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაა. იწვევს თუ არა კორონავირუსის ეს ვერსია უფრო მეტ გართულებას, ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.
რას წარმოადგენს ბრაზილიური შტამი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე ცუდად არის შესწავლილი კორონავირუსის ბრაზილიური შტამი. მუტაციის ნაკრების მსგავსებიდან გამომდინარე, ის ყველაზე მეტად სამხრეთაფრიკულ ვერსიას - B.1.351-ს უნდა ჰგავდეს. თუმცა ის, რომ ბრაზილიური შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე - SARS-CoV-2, ჯერჯერობით საიმედოდ დამტკიცებული არ არის.
ექსპერტების აზრით, ეს ყველაფერი საგანგაშო სიგნალია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსის ცირკულაცია ვაქცინაციის გზით რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღკვეთოს. სპეციალისტები ამ მიმართულებით ვირუსის ახალი შტამების გავრცელების რეგიონების იზოლირებასა და საკარანტინო ზომების გამკაცრებაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, რაც უფრო დიდხანს გავრცელდება ვირუსი მოსახლეობაში და რაც მეტი ინფიცირებული იქნება, მით უფრო ეფექტიანად მოერგება ის ადამიანებს და შესაბამისად, სულ უფრო მეტი ახალი ვაქცინის შექმნა გახდება საჭირო.
ბრაზილიელი მეცნიერების სტატიისა და იაპონელი სპეციალისტების ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შტამი, სავარაუდოდ, ბრაზილიაში, კერძოდ კი ქალაქ მანაუსში წარმოიშვა. ამ ადგილმა კორონავირუსული ინფექციის განსაკუთრებით დიდი ტალღა გადაიტანა (მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი იყო დაავადებული). 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, მანაუსში ინფიცირებულთა დაახლოებით 42%-ი სწორედ ბრაზილიური შტამით დაავადდა. თუმცა გაზაფხულზე შექმნილ საარქივო დოკუმენტაციაში მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული არ არის.
არის თუ არა ბრაზილიური შტამი ნამდვილად უფრო გადამდები? იქნება თუ არა ვაქცინა მის წინააღმდეგ ეფექტიანი და იწვევს თუ ის მეტ გართულებას?
ამ კითხვებზე პასუხები ჯერჯერობით არ არსებობს. ხელახლა ინფიცირების შესაძლებლობაზე კი მიუთითებს ის ფაქტი, რომ მანაუსში, 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 75%-ი იყო დაავადებული, დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეინიშნება.