10 მაისი 2021 - 11:46

ბოლოს და ბოლოს, Apple-მა წარადგინა AirTag-ი, რომლის შესახებაც ბოლო რამდენიმე წელი საუბრობდნენ

ფოტო: shutterstock.com

Apple-ის ვირტუალური პრეზენტაცია, რომელიც 20 აპრილს შედგა, გრანდიოზულობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. აქ არ იყო არც ახალი iPhone-ები (როგორც წესი, მათ შემოდგომაზე წარადგენენ) და არც ვირტუალური რეალობის სათვალეები, რომელთა შესახებაც ჭორები ბოლო წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. თუმცა ღონისძიება ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა - პირველ რიგში, ახალი ფერადი iMac-ის წყალობით. რა სიახლეები წარადგინა ამჯერად Apple-მა?

AirTag-ი

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, AirTag-ით დავიწყოთ. ეს არის აქსესუარი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედიის საშუალებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვრცელდებოდა. AirTag-ი არის პატარა მრგვალი მოწყობილობა. ის შეგიძლიათ მიამაგროთ გასაღებს, საფულეს ან სხვა საგნებს, რომელთა დაკარგვისაც გეშინიათ. საჭირო დროს, თქვენ შეგიძლიათ ტელეფონიდან სიგნალი გაგზავნოთ და ის დაიწყებს ბგერების გამოცემას, რათა თქვენი ყურადღება მიიპყროს. 


AirTag- ს SIM ბარათის სლოტი არ აქვს, მაგრამ ის აიფონზე „ლოკატორის“ შესაძლებლობას იყენებს (ყოფილი Find My iPhone). 2019 წელს Apple-მა აპლიკაცია განაახლა და ფაქტობრივად, თავისი მომხმარებლების მილიონობით მოწყობილობა ერთ საძიებო ქსელად გადააქცია. iPhone-ები, iPad-ები და MacBook-ები როდესაც ახლო ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან, Bluetooth-სიგნალებს ერთმანეთში ცვლიან და თავიანთი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აახლებენ. იგივე მოხდება AirTag-ის შემთხვევაშიც: თუ ამა თუ იმ პირის ტელეფონი დააფიქსირებს სიგნალს საგანზე, რომელიც მფლობელისგან საკმაოდ შორს არის, ეს მომხმარებელი თავისი ნივთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას „ლოკატორის“ რუკაზე ნახავს. 


აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ AirTag-ი არ იტენება. მოწყობილობა აღჭურვილია ბატარეით, რომლის შეცვლაც მომხმარებელს პერიოდულად მოუწევს. Apple-ი გვპირდება, რომ ერთი ელემენტი წელიწადზე მეტხანს იფუნქციონირებს. 


სამაგიეროდ, AirTag-ს აქვს U1 ჩიპი, რომელიც ასევე გვხვდება უახლეს iPhone-ებში, Apple Watch-სა და HomePod Mini-ში. U1-ის მქონე მოწყობილობები მცირე დისტანციის დაშორებით მდებარე საგნებს საკმაოდ ზუსტად აფიქსირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონს მფლობელის დაკარგულ ნივთთან "მიყვანა" შეუძლია. აშშ-ში AirTag-ის გაყიდვა 30 აპრილიდან დაიწყო.

iMac-ი

Apple-ი განაგრძობს იმ მოწყობილობების ხაზის გაფართოებას, რომელიც M1-ზე მუშაობს. ეს არის კომპანიის საკუთარი ჩიპი, რომელმაც უახლოეს წლებში Intel-ის პროცესორები სრულად უნდა ჩაანაცვლოს. ამიტომაც თუ M1-ის მქონე MacBook Air-ი და MacBook Pro Intel-ზე დაფუძნებული წინამორბედებისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, ახალი iMac-ი ნამდვილად ახალი აღმოჩნდა. 


პირველი რიგში, ეს დიზაინს ეხება. კორპუს-კაფსულის ნაცვლად, რომელიც კიდეებში თხელი იყო, შუაში კი - სქელი, გამოჩნდა ახალი კორპუსი, როგორიც ბოლო თაობის iPad-სა და iPhone-ებს აქვთ. მთელი წინა პანელი შუშისაა, ყურსასმენის პორტი კი განლაგებულია გვერდზე და არა - უკან.


მეორე მხრივ, ახალ iMac-ს ეკრანის ზომაც განსხვავებული აქვს. მისი წინამორბედების მსგავსად არა 21,5 ან 27 დუიმი, არამედ - 23,5 დუიმი (თავად Apple-ი მას 24-დუიმიანს უწოდებს). ამ შემთხვევაში რეზოლუციაც, 21.5-დუიმიან მოდელთან შედარებით, გაფართოებულია.


მესამე და ყველაზე მთავარი, ის ფერადია! iMac-ი მომხმარებლისთვის 7 ფერში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად არის. ყველაზე იაფფასიანი ვერსია 4 ფერით არის წარმოდგენილი, მათ შორისაა კლასიკური ვერცხლისფერი. ყვითელი, ნარინჯისფერი და იისფერი ვარიანტების შეძენის მსურველებს კი თანხის დამატება მოუწევთ.

TouchID-ის მქონე კლავიატურა და ფერადი თაგვები

თითის ანაბეჭდის სენსორი TouchID Apple-ს გარე კლავიატურაში პირველად გაჩნდა. მანამდე ის ხელმისაწვდომი მხოლოდ MacBook- ის მფლობელებისთვის იყო, iMac-ისა და Mac Mini-ის განბლოკვა კი მათ მფლობელებს მხოლოდ პაროლის შეყვანით შეეძლოთ. ამჯერად iMac 24-ის მოდელებს TouchID-იანი უსადენო კლავიატურა ექნებათ. 


ამავდროულად, Apple- მა თაგვები („მაუსი“) და ტრეკპადები განაახლა. გამოჩნდა ის ფერები, რომლებიც  iMac-ს შეესაბამება. ისინი  ცალკე ჯერჯერობით არ იყიდება. თუმცა დიდი ალბათობით, გარკვეული დროის შემდეგ აღარ იქნება საჭირო მთლიანი iMac-ის ყიდვა იმისთვის, რომ მწვანე ფერის კორპუსის მქონე თაგვი შეიძინოთ.

iPad Pro

M1 ჩიპი, რომელსაც Apple თავის კომპიუტერებში აქტიურად იყენებს, ახალ iPad Pro-საც ექნება. ამავდროულად, განახლდა iPad-ის წინა კამერა: ახლა ის ულტრაფართოკუთხოვანია, ხედვის კუთხე კი 122 გრადუსია. როგორც ჩანს, მის შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენს ახალი Face ფუნქცია "ყურადღების ცენტრში". ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდეოზარის დროს, მომხმარებელს შეუძლია წინ და უკან იაროს, ხოლო მოწყობილობა თავად დაარეგულირებს ჩარჩოს ისე, რომ მისი სახე (და სხვა ადამიანების სახეებიც, თუ ისინი ვიდეოზარს შეუერთდებიან) ყოველთვის მხედველობის არეში დარჩეს. iPad Pro-ს გაყიდვა მაისის მეორე ნახევარში დაიწყება.

Apple TV 4K ახალი პულტით

Apple TV-ის ძველი პულტი, რომელსაც დიდი სენსორული ზედაპირი აქვს, იმდენად მოუხერხებელი იყო, რომ ახლის დანახვა კიდევ უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე - ახალი Apple TV. ამ შემთხვევაში სენსორული ზედაპირის ნაცვლად გამოიყენეს კლიკპადი, რომელიც ხუთი ღილაკისგან შედგება. „სენსორი“ არსად წასულა - ახლა შეგიძლიათ მიმართულების ღილაკებს დააკლიკოთ და ვიდეოს გადასახვევად თითი წრიულად ამოძრაოთ.

სხვა თემები