30 სექტემბერი 2021 - 14:50

შოლცომატიდან კანცლერობამდე. ვინ შეცვლის ანგელა მერკელს?

ფოტო: Facebook

ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ, სოციალ-დემოკრატების არც თუ ისე ახალგაზრდა და არაფრით გამორჩეულ ლიდერს, ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერის პოსტის მთავარ კანდიდატად არავინ მიიჩნევდა. თუმცა სექტემბრის ბოლოს მან თავისი პარტია მერკელის პარტიაზე გამარჯვებასთან პირადად მიიყვანა.


წინასწარი მონაცემებით, 26 სექტემბრის ბუნდესტაგის არჩევნებში, გერმანიის სოციალ -დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც შოლცი ხელმძღვანელობს, მართალია მცირედით, ხმების მხოლოდ 1.6% -ითა და 10 საპარლამენტო მანდატით, მაგრამ მაინც გაუსწრო თავის პარტნიორებს (მმართველი ბლოკი- გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი) ამჟამინდელ კოალიციაში. ახლა უკვე, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 63 წლის ოლაფ შოლცი ახალ კოალიციურ მთავრობას შექმნის და გერმანიის კანცლერი გახდება. 


ჯერ კიდევ მაისში, შოლცი და მისი პარტია იმ დროისთვის მათ მთავარ კონკურენტს- მწვანეებსა და აღნიშნული გაერთიანების თანათავმჯდომარეს,  ანალენა ბერბოკს რეიტინგით ბევრად ჩამორჩებოდნენ. თუმცა შემდეგ შოლცმა ერთგვარი ნახტომი გააკეთა და ზაფხულის დასაწყისიდან დაიწყო კამპანია, როგორც კანცლერობის ყველაზე პოპულარულმა კანდიდატმა. ცოტა მოგვიანებით, შოლცის რეიტინგს პარტიის რეიტინგიც მიჰყვა: გერმანელი ამომრჩევლის ნაწილმა გააცნობიერა, რომ ალოგიკური იყო შოლცი აერჩიათ კანცლერად, მაგრამ სოციალ -დემოკრატებისათვის ხმა არ მიეცათ. ვინ არის ოლაფ შოლცი? ამ კითხვაზე პასუხები BBC-მ მოიძია.

რამ განაპირობა ოლაფ შოლცის წარმატება?

შოლცის წარმატების მიზეზების ძიებისას, გერმანელი კომენტატორები ხაზს უსვამენ რამდენიმე ფაქტორს. პირველ რიგში, შოლცს ძალიან დაეხმარა ის, რომ მერკელის ამჟამინდელ კოალიციურ მთავრობაში ის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს და პანდემიის დროს მილიარდობით ევროს გადაუდებელი დახმარების განაწილებას მეთვალყურეობდა. 


მეორე მხრივ, სოციალისტებისა და შოლცის წარმატებაში გარკვეული როლი წინასაარჩევნო დაპირებებმაც შეასრულა. კერძოდ, მათი თქმით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დღეს მოქმედი 9 ევრო და 60 ცენტიდან 12 ევრომდე გაიზრდება. შოლცმა თავისი იმიჯიც შეცვალა: პოლიტიკოსი, რომელსაც ოდესღაც ინდიფერენტულობისა და არაქარიზმატულობის გამო "შოლცომატს" ეძახდნენ, ამ საარჩევნო კამპანიაში ცდილობდა უფრო ცოცხალი, მომღიმარი და ემოციური გამოჩენელიყო. 
თუმცა მთავარი, რაზეც ანალიტიკოსები საუბრობენ, არის ის, რომ შოლცში და არა მის მთავარ კონკურენტებში, ამომრჩეველთა ნაწილმა გადამდგარი ანგელა მერკელის მათთვის მისაღები შემცვლელი დაინახა. ექსპერტების შეფასებით, "შოლცი "იდეალური კანცლერის " პორტრეტს გერმანელი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენაში მრავალმხრივ შეესაბამება. ამ უკანასკნელთ ძალიან ფრთხილ და პოლიტიკური ტრადიციების შენარჩუნებით განხორციელებულ ცვლილებებზე აქვთ მოთხოვნა. თავად შოლცი საკუთარ თავს "მერკელის მემკვიდრეს" პირდაპირ ნამდვილად არ უწოდებს, თუმცა გერმანიის "ყველაზე მემარცხენე ცენტრისტული" კონსერვატორი კანცლერების მემკვიდრეობას ნამდვილად არ უარყოფს. მოკლედ რომ ვთქვათ, შოლცი არის „ბიუროკრატიულ ნიადაგზე“ ფრთხილი ცვლილებების მშვიდი  ფრონტმენი. 


როგორც საერთაშორისო ექსპერტები განმარტავენ, შოლცი ერთდროულად ახალი და „ძველი“ სახეა. ის მრავალი წელია დიდ პოლიტიკაშია, მაგრამ კანცლერობის პრეტენდენტი დღემდე არ ყოფილა. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია თავის ამომრჩეველს სთავაზობს საკუთარ კურსსა და ქვეყნის განვითარების საკუთარ იდეას, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიისგან განსხვავდება, თუმცა რადიკალურ ცვლილებებს არ გულისხმობს. მოწინააღმდეგეებიც სუსტები აღმოჩნდნენ. მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ სიის სათავეში მოაქცია მერკელის ფორმალური მემკვიდრე - არმინ ლაშეტი, რომელიც პოპულარობით თავიდანვე არ გამოირჩეოდა. არა და, კანცლერობის ბევრად პერსპექტიულ კანდიდატად გამოიყურებოდა პარტნიორი პარტიის - ბავარიის ქრისტიან - სოციალური კავშირის ლიდერი, მარკუს ზოდერი. 


მწვანეთა პარტიის კანდიდატმა ანალენა ბერბოკმა, რომელმაც აქტივობა აპრილში დაიწყო, თავისი წინასაარჩევნო კამპანია უბრალოდ ჩააგდო. „ქრისტიან-დემოკრატებმა ლაშეტზე არჩევანის გაკეთებით საშინელი შეცდომა დაუშვეს. მწვანეებმაც იგივე გააკეთეს. როგორც აღმოჩნდა, არ არის საკმარისი იყო ქალი, მწვანე და თან ახალგაზრდა. კიდევ რაღაც არის საჭირო, ბერბოკს კი ეს არ აქვს. სამი ლიდერიდან კითხვებს მხოლოდ შოლცი არ იწვევდა. მისი პარტიის მენეჯმენტი შოლცის კანდიდატურის წინააღმდეგი იყო, მაგრამ კონკურენტების ფონზე ის ნამდვილი ვარსკვლავია",-ამბობს ბერლინში მცხოვრები გამომცემელი და პოლიტიკური მიმომხილველი, ბორის ფელდმანი.

ვინ არის ოლაფ შოლცი?

ოლაფ შოლცი, რომელიც ახლა 63 წლისაა, ჰამბურგში გაიზარდა. აქ მან იურიდიული განათლება მიიღო და ოთხმოციან წლებში შრომის სამართლის მიმართულებით იურიდიულ ოფისში დაიწყო მუშაობა. შოლცი პოლიტიკაშიც ოთხმოციან წლებში ჩაერთო, მაგრამ სოციალ -დემოკრატიული პარტიიდან ბუნდესტაგის წევრი მხოლოდ ორმოცი წლის ასაკში გახდა. ეს მოხდა 1998 წელს, როდესაც ხელისუფლებაში სოციალისტები მოვიდნენ. 


ოთხი წლის შემდეგ, როდესაც გერმანიის კანცლერი სოციალისტი გერჰარდ შროდერი იყო, შოლცი სოციალ-დემოკრატიული პარტიის აპარატის გენერალური მდივანი გახდა. ის იყო ანგელა მერკელის პირველი კოალიციური მთავრობის წევრი და მაშინ შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2011-2018 წლებში შოლცი ჰამბურგის (რომელსაც გერმანიის ფარგლებში ცალკე მიწის სტატუსი აქვს) მერი იყო. ოლაფ შოლცმა და მისმა მეუღლემ ბრიტა ერნსტმა თავი მთლიანად პოლიტიკას მიუძღვნეს. ერნსტი არის  ბრანდენბურგის მიწის მთავრობაში განათლების მინისტრი. მათ შვილები არ ჰყავთ. 


ამჟამინდელ კოალიციურ მთავრობაში ფინანსთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი შოლცი 2018 წლის დასაწყისში გახდა. 2019 წელს პარტიის ლიდერის არჩევნები შოლცმა სასკია ესკენსა და ნორბერტ ვალტერ -ბორიანსთან წააგო. თუმცა შემდეგ, ამ არჩევნებში სიის ლიდერისა და კანცლერის კანდიდატის არჩევისას პარტიამ გადაწყვიტა, რომ ამ როლს უკეთ მოერგებოდნენ არა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები- ესკენი და ვალტერ-ბორიანსი, არამედ - კონსერვატორი შოლცი.

სხვა თემები