04 მარტი 2019 - 22:29

1,1 მილიარდი ადამიანი ყოველწლიურად 6 ტრილიონ სიგარეტს ეწევა. როგორ აზიანებს თამბაქო გარემოს

სიგარეტის ნამწვი

ფოტო: shutterstock.com

სიგარეტის მოწევა რომ ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნებელია, ეს სიახლე არ არის, მაგრამ რა ზიანს აყენებს თამბაქო ჩვენს პლანეტას? თამბაქოს კულტურის მოყვანა და მისი გამოშრობა, სიგარეტის წარმოება და მისი ტრანსპორტირება, სიგარეტის კვამლი და მისი ნამწვი - ყველა ეს კომპონენტი სპეციალისტების მტკიცებით, დედამიწას აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

გარემოზე თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ საქართველოში კონკრეტული კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა ჰაერის დაბინძურების მიზეზებს შორის სიგარეტის კვამლის მნიშვნელოვან წილს და პასიური მწეველების მაღალ მაჩვენებელს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში, თამბაქოს მოხმარების აკრძალვა მოჰყვა. მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი კომპონენტია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საქართველოში არის რეგიონები, სადაც თამბაქოს კულტივაცია და მისი მოყვანა ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით კახეთსა და ზემო აჭარაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩარჩო კონვენცია კი მოგვიწოდებს, რომ თამბაქოს კულტურა ალტერნატიული კულტურით ჩავანაცვლოთ, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა არ დაწყებულა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ თამბაქოს კულტურის მოყვანა აზიანებს როგორც ნიადაგს, ასევე საშიშია იმ ადამიანებისთვის ესე იგი გლეხებისთვის, რომლებიც მის კულტივაციას ეწევიან. ამის შესახებ კი მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული. სწორედ ამიტომ 2019 წლის ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება თამბაქო როგორც გარემოს დამაზიანებელი და დამაბინძურებელი და თამბაქო, როგორც სოფლის მეურნეობის არასახარბიელო კულტურა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ინიციატივა ჯერჯერობით გაწერილი არ არის, რადგან გარკვეული პროცედურებია გასავლელი, მაგრამ ამ მიმართულებით კონკრეტული ქმედებები დაიგეგმება, შემუშავდება საგანმანათლებლო მასალა და საინფორმაციო კამპანიები ჩატარდება. სპეციალისტები განმარტებით, თამბაქოს კულტურის მოყვანა მიწის დიდ ტერიტორიას, წყალსა და ენერგიას მოითხოვს. აქ გამოიყენება პესტიციდები, რომლებიც ახლომდებარე მდინარეებსა და გრუნტის წყლებს აბინძურებს და ნიადაგის მდგომარეობას აუარესებს.

საკითხს აქტუალობას ისიც მატებს, რომ გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ გამონაბოლქვს არ უკავშირდება, ეს გარკვეულწილად თამბაქოს კვამლთანაც არის დაკავშირებული.

და ნამწვი რა შუაშია?

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად მოწეული სიგარეტის რაოდენობა 6 ტრილიონია. აქედან 4,5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ღია სივრცეში ხვდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის განმარტებით, ნამწვი გარემოში ყველაზე გავრცელებული ერთჯერადი პლასტიკური ნარჩენია. შედარებისთვის სტატისტიკური მონაცემებიც მოჰყავთ: ევროპული ქვეყნების სანაპიროებზე ერთჯერადი პლასტიკური ნარჩენების 22,05%-ს სწორედ სიგარეტის ნამწვი შეადგენს, მაშინ როდესაც პოლიეთილენის პარკების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 7,1%-ია.

გარემოსდამცველთა განმარტებით, სიგარეტის ფილტრის შემადგენლობის გამო, ნამწვის სრულად დაშლას ათობით წელი სჭირდება. სპეციალისტები სხვა საფრთხეებზეც ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, სიგარეტის ნამწვი ქარის საშუალებით მარტივად ვრცელდება და ხვდება ოკეანეში, ზღვაში ან მდინარეში, სადაც ის გამოყოფს ისეთ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ძმარმჟავა და დარიშხანი. ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ერთი სიგარეტის ნამწვს 1000 ლიტრი წყლის ტოქსიკური ნარჩენებით დაბინძურება შეუძლია, რაც, შესაძლოა, შემდეგ ჩვენს საკვებში აღმოჩნდეს. ამიტომაც ნამწვის ქუჩაში დაგდებისთვის ზოგიერთ ევროპულ ქალაქში მოქალაქეები აჯარიმებენ. პარიზში მსგავსი ქმედებისთვის ფულადი სანქცია 68 ევროა, ლონდონში კი - 150 ფუნტი სტერლინგი.

საქართველოში ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა 80 ლარია, რაც სიგარეტის ნამწვზეც ვრცელდება. ნამწვის ავტმობილიდან გადაგდება ითვალისწინებს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარით. მაგრამ ამ ფინანსური საქციების მიუხედავად, კანონის აღსრულების ნაწილში ხარვეზებია, - ამბობენ სპეციალისტები. 

საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ გარემოსთვის მიყენებული ზარალი თამბაქოს მწარმოებლებმა სრულად გაითვალისწინონ. ევროკავშირი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მისი ახალი დირექტივა ერთჯერადი პლასტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ითვალისწინებს იმას, რომ თამბაქოს მწარმოებლებმა აიღონ ფინანსური პასუხისმგებლობა ნამწვის შეგროვებისა და საზოგადოებრივი საფერფლეების წარმოების ხარჯებზე. თავის მხრივ, სიგარეტის მწარმოებელთა ევროპული თანამეგობრობის კონფედერაცია ჯერჯერობით ამ დირექტივისადმი მხოლოდ ზოგადი მხარდაჭერით შემოიფარგლა და კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ინდუსტრიის ეს სახეობა შეფუთვისთვის 2,4 მილიონ ტონა სიგარეტის ქაღალდსა და მუყაოს იყენებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით კი, თუ თამბაქოს კულტურის მოყვანა მისი მოთხოვნის შესაბამისად გაგრძელდება, ეს გარემოს რესურსების აუნაზღაურებელ დეგრადაციას გამოიწვევს. ცნობისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1,1 მილიარდი მწეველია. ევროკავშირი აპირებს ასევე მოითხოვოს, რომ სიგარეტის სინთეტიკური ფილტრი ბიოდეგრადირებადით შეიცვალოს. მით უმეტეს, რომ პლასტიკურ ფილტრს უკვე აქვს ალტერნატივა. ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია Greenbutts-მა შექმნა ფილტრი, რომელიც ნატურალური მასალისგან არის დამზადებული, როგორიც არის კანაფი და ბამბა, რომლებიც სწრაფად იშლება.

რატომ არის მომწამვლელი სიგარეტის კვამლი?

ირლანდიის კიბოს საზოგადოებისა და ამერიკის ფილტვის ასოციაციის ინფორმაციით, სიგარეტის კვამლში დაახლოებით 7000 ქიმიური ნივთიერებაა. მათ შორის, აცეტონი, ამიაკი, დარიშხანი, ბუტანი (ორგანული ნაერთი, რომელიც გაზისა და ნავთობის შემადგენლობაში შედის), კადმიუმი და სხვ.

გარემოს ელექტროსიგარეტიც აზიანებს?

ადამიანთა გარკვეული კატეგორია სიგარეტს მისი ელექტროალტერნატივით ანაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროსიგარეტი თავის ტრდიციულ ანალოგზე ნაკლებ კარცეროგენულ ნივთიერებას შეიცავს, მისი გრძელვადიანი მოხმარების გავლენა ჯანმრთელობაზე ჯერჯერობით უცნობია. შესაბამისად, არც ის არის ცნობილი, მოქმედებს თუ არა უარყოფითად ის გარემოზე. ევროკავშირის კანონმდებლები აცხადებენ, რომ შესაბამისი მონაცემების არ არსებობის გამო, მსგავსი დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა ბევრი მასალა, მათ შორის პლასტიკი და მინა, ასევე ტოქსიკური ნივთიერებები როგორიცაა ნიკოტინი, გადამუშავების პროცესს არ ამსუბუქებს.

სხვა თემები