18 ოქტომბერი 2017 - 03:33

ელექტრონული სიგარეტი მავნეა?

ჩვენ გარშემო უკვე ბევრი ვეიპერია - ასე უწოდებენ მეორენაირად ელექტროსიგარეტების მომხმარებლებს. ბევრს მიაჩნია, რომ ელექტრონული სიგარეტი მავნებელი არ არის და რაც მთავარია, მისი დახმარებით მოწევისთვის თავის დანებება შეიძლება.

ელექტროსიგარეტი როგორ მუშაობს?

ელემენტებზე ან აკუმულატორზე. ორთქლი, რომელიც თამბაქოს კვამლს ჰგავს, პროპილენგლიკოლის და გლიცერინის, ნიკოტინის და არომატიზატორების ხსნარის გაცხელების შედეგად წარმოიქმნება, რომლითაც ჩვეულებრივ ტენიან ხოლმე ელექტრონული სიგარეტების კარტრიჯებს. არსებობს სიგარეტის ბევრი სხვადასხვა სახეობა და კიდევ უფრო მეტი სითხე - სხვადასხვა არომატით. პროცესი ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევას ჰგავს.

ორთქლი მართლა ჯობს ფისიან კვამლს?

დიახ, ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ორთქლი ნაკლებად მავნეა. თუმცა, ისიც სიმართლეა, რომ ანალიზისთვის მათ ცოტა მონაცემი აქვთ. ერთი მხრივ, ელექტრონული სიგარეტის ორთქლი არ შეიცავს კუპრს, ნახშირბადის ჟანგს, ხოლო სხვა მავნე ნივთიერებების და ნაერთების დონე, რომელიც თამბაქოს კვამლშია, აქ გაცილებით დაბალია. მეორე მხრივ, ჯერჯერობით უცნობია რამდენად უსაფრთხოა პროპილენგიკოლი და გლიცერინი. მაღალ ტემპერატურაზე პროპილენგიკოლს შეუძლია პროპილენის ჟანგის სავარაუდო კანცეროგენის წარმოქმნა. გლიცერინი ქმნის ტოქსინ აკროლეინს, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევის დროს ხდება. გარდა ამისა, ელექტრონული სიგარეტის კვამლი შეიძლება შეიცავდეს ფორმალდეგიდის და აცეტალდეგიდის კანცეროგენებს. ამ და ზოგიერთი სხვა ნივთიერების დონე დამოკიდებულია მოწყობილობის სიმძლავრეზე: რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტია ტოქსინები. ასევე, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ტკბილი (მაგალითად, დარიჩინის და ალუბლის) სურნელის მქონე არომატიზატორის შემადგენლობამ შეიძლება სასუნთქ ორგანოებს ავნოს.

ესე იგი, ვეიპინგიც მავნე ჩვევაა?

ზუსტად არავინ იცის. ელექტრონული სიგარეტის მოწევით გამოწვეული ეფექტის შესწავლა შედარებით ცოტა ხნის წინ დაიწყეს. სერიოზული კლინიკური კვლევები ჯერჯერობით ძალიან ცოტაა. სამუშაოების ნაწილი მეთოდოლოგიის თვალსაზრისით ძალიან სუსტია, სხვები - ნაკლებად სანდოა იმის გამო, რომ ისინი ვეიპინგის მოწყობილობების მწარმოებლებმა დაუკვეთეს. ასე რომ, ამ მომენტისთვის, კითხვაზე - არის თუ არა მავნე ელექტრონული სიგარეტი - ყველაზე გულწრფელი პასუხია - არ ვიცით.

არსებობს უნიკოტინო ელექტრონული სიგარეტი. ის ნაკლებად მავნეა?

რთული სათქმელია. დიახ, არსებობს სითხეები ელექტრონული სიგარეტებისთვის, რომლებიც მწარმოებლების თქმით, ნიკოტინს არ შეიცავს. მაგრამ ხშირად, მწარმოებლები - უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ამისთვის არავინ დასჯის - მყიდველებს ატყუებენ და აღმოჩნდება ხოლმე, რომ სინამდვილეში მათში ნიკოტინი არის. ასევე საჭიროა იმის ცოდნაც, რომ ნიკოტინი თავისთავად კიბოს და ფილტვის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს არ ზრდის. მავნეა თამბაქოს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები: ნახშირბადის ჟანგი, ამიაკი და სხვ.

ელექტრო სიგარეტით მოწევისთვის თავის დანებება მართლაც იოლია?

მეცნიერები ვერ ამტკიცებენ, რომ ეს ასეა. ეს მონაცემები არ არის საკმარისად დადასტურებული სამეცნიერო კვლევებით. მათ ვისაც მოწევისთვის თავის დანებება უნდა, ექიმები უკვე გამოცდილ და მოწონებულ საშუალებებს ურჩევენ, მაგალითად ვარენიკლინის პრეპარატს ან ნიკოტინის პლასტირს. თუ თქვენ მწეველიდან ვეიპერად გადაიქცევით, შეიძლება თქმა, რომ შეცვალეთ ერთი მავნე ჩვევა სხვა ჩვევით, რომლის საფრთხის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

პასიური მოწევა მავნებელია. ვეიპინგიც საშიშია გარშემომყოფებისთვის?

პასიური ვეიპინგის შესაძლო შედეგების საფრთხეზე ლაპარაკობენ, მაგრამ ეს სადავო საკითხია და გარშემომყოფებისთვის მისგან გამოწვეულ ზიანს ვერავინ აფასებს. ჯერჯერობით, ექსპერტებს აშინებთ ის, რომ ელექტრონული სიგარეტი ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, რომლებსაც მოწევა არასდროს უცდიათ. არსებობს მოსაზრება, რომ დროსთან ერთად მათი ნაწილი თამბაქოს პროდუქციის მოხმარებელი გახდება. ვეიპინგის კიდევ ერთი პრობლემაა - ექვს წელზე პატარა ბავშვების მოწამვლის გახშირებული შემთხვევები. როგორც წესი, დახმარებას ითხოვენ ხოლმე მშობლები, რომელთა ბავშვმაც გადაყლაპა ან გადაიქცია ელექტრონული სიგარეტის სითხე. და ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით ელექტრონული სიგარეტი ხშირად ხდება ჰოსპიტალიზების მიზეზი.

სამაგიეროდ, ელექტროსიგარეტი ვერ დაგწვავს!

დაგწვავს. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ელექტრონულ სიგარეტს მოხმარების დროს ცეცხლი გასჩენია ან აფეთქებულა კიდეც და მფლობელები დაშავებულან. არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი შემთხვევების მიზეზი შეიძლება იყოს ცილინდრული ფორმის ლითიუმ-იონური აკუმულატორები, არასერტიფიცირებული USB-სადენი და ელექტრონული სიგარეტის კონსტრუქცია, რომელშიც ამაორთქლებელი და აკუმულატორი გვერდიგვერდ არის განთავსებული.

წყარო: Meduza

კომენტარები ()

სხვა თემები