10 ივლისი 2017 - 18:48

სიგარეტი მართლაც ასე მავნებელია?

17 მაისს, საქართველოს პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, თუმცა ინტერესთა ჯგუფების წინააღმდეგობის გამო მისი ამოქმედება 2018 წლისთვის გადადო. კანონი ძალაში 2018 წლიდან ნაწილ-ნაწილ შევა. კონკრეტულად, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდება სიგარეტის კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების, ე.წ. პიქტოგრამების დატანა; 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში. ასევე აიკრძალება ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევა. კანონით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც იკრძალება, ეს რეგულაცია 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

 

ასეთი მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია?

დიახ. მწეველთა რაოდენობის შემცირებისთვის ზომების მიღება აუცილებელია. ნიკოტინი დამოკიდებულებას იწვევს, ხოლო კვამლში კარცეროგენებია. მოწევა იწვევს შარდის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვალის (პანკრეასის) და სხვა ორგანოების კიბოს. ის 15-30-ჯერ ზრდის ფილტვის კიბოს რისკს. იმავდროულად, მწეველებს ხშირად ფილტვის სხვა დაავადებებიც უვითარდებათ. მაგალითად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, როდესაც ადამიანს ფილტვის ცუდი მუშაობის გამო ჟანგბადი არ ჰყოფნის. ეს დაავადება არ იკურნება.  

მწეველებს ხშირად ემართებათ მიოკარდის ინფარქტი, ინსულტები, უვითარდებათ გულ-სისხლძრღვთა სხვა დაავადებები და ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა). კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული არამწეველებს იშვიათად აწუხებთ. მოწევა აზიანებს ასევე კანს - ის მალე ბერდება.  

პასიური მოწევა მართლაც მავნებელია, თუ მითია?

არათუ მითია, არამედ პასიური მოწევის დადასტურებული შედეგებია: ფილტვის კიბო, გულის იშემიური დაავადება ზრდასრულ ადამიანებში, მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი და ასთმა ბავშვებში, ნაყოფის განვითარების შეფერხება.   

ნაკლები რომ მოვწიო ან მსუბუქი სიგარეტი?

არა. რამდენიმე ღერის მოწევაც სახიფათოა. რაც შეეხება მსუბუქ (Light) სიგარეტს, მათგან ზიანი ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი სიგარეტისგან.

სიგარეტისთვის თავის დანებებაც ხომ მავნებელია ჯანმრთელობისთვის?

არა. სიგარეტისთვის თავის დანებება დასაწყისში გარკვეულ უსიამოვნო შედეგებს იწვევს, მაგალითად მადის მომატებას, უძილობას, ხასიათის გაფუჭებას; ადამიანი ხდება უფრო ბრაზიანი, გაღიზიანებული, უჭირს კონცენტრაცია. მაგრამ ეს დროებითია. ყველაზე რთული პირველი სამი დღეა, სამი-ოთხი კვირის შემდეგ ყველა ეს უსიამოვნო სიმპტომი ქრება.

ზოგიერთ ადამიანს (სავარაუდოდ მათ, ვისაც უკვე აქვს გარკვეული ფსიქიკური აშლილობა) შეიძლება ნამდვილი დეპრესია განუვითარდეს, ვიღაც წონაში იმატებს (საშუალოდ 3,5 - 4,5 კილოგრამს) რადგან ჩვეულებრივზე ხშირად ჭამს, ვიღაცას ხველება და პირის ღრუში პატარა წყლულები უჩნდება, მაგრამ რამდენიმე კვირაში ყველაფერი გადის

თუ უკვე ვეწევი, არაფერი მეშველება? დაავადების რისკი მაშინაც იარსებებს თუ თავს დავანებებ?

არა. სიგარეტისთვის თავის დანებებიდან ერთი წლის შემდეგ, გულის იშემიური დაავადების რისკი ორჯერ მცირდება, 5-15 წლის შემდეგ ინსულტის განვითარების რისკი უტოლდება არამწეველების რისკს, ხოლო 10 წლის შემდეგ ფილტვის კიბოს განვითარების რისკი ორჯერ მცირდება.

ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება უნდა, მათთვის რამე უნივერსალური რეცეპტი არსებობს?

დასაწყისისთვის, უნდა განსაზღვროთ ზუსტი თარიღი, როდესაც ნამდვილად აპირებთ სიგარეტისთვის თავის დანებებას და მოემზადოთ ამ დღისთვის: გააფრთხილეთ ახლობლები თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, მინიმუმამდე შეამცირეთ სიტუაციები, რომელიც სიგარეტის მოწევისკენ გიბიძგებთ, მიმართეთ ექიმს, რომ მან, თუკი საჭიროდ ჩათვლის, პრეპარატები გამოგიწეროთ. მაგალითად ვარენიკლინი, ნიკოტინის პლასტირები ან ბუპროპიონი. ეს პრეპარატები მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

ელექტროსიგარეტი თავის დანებებაში არ დამეხმარება?

შეიძლება კი, მაგრამ შეიძლება - არა. ჯერჯერობით ამ საკითხზე ძალიან ცოტა ცნობა არსებობს იმისთვის, რომ რამის დადასტურებულად თქმა შეიძლებოდეს.

სხვა თემები