25 მაისი 2019 - 23:25

„ისტორიული არჩევნები“. როგორ არის მოწყობილი ევროპარლამენტი და რას წყვეტს ის?

ფოტო: shutterstock.com

25-26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანოს უფლებამოსილებები დიდი არ არის, ამ კენჭისყრას უკვე უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის ისტორიაში.

რად უნდა ევროკავშირს პარლამენტი?

დღეისთვის ევროკავშირი 28 დამოუკიდებელი სახელმწიფოს კავშირია. ერთიან ასამბლეაში, რომელიც ევროპარლამენტის პირველსახე იყო და 1950-იან წლებში შეიქმნა, წევრი-ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების დელეგატები შედიოდნენ. ის კავშირის პოლიტიკაზე აღმასრულებელი ხელისუფლებების გავლენის გაწონასწორებისთვის იქმნებოდა. ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა იდეა იმის შესახებ, რომ ინტეგრაციას საბოლოოდ ერთიანი ევროპული სახელმწიფოს შექმნა მოჰყვებოდა, ამიტომ პარლამენტი საერთო კენჭისყრით უნდა აერჩიათ. 1979 წელს მრავალწლიანი დისკუსიების შემდეგ საარჩევნო სისტემის შესახებ პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა.  

მაგრამ დღემდე ევროპარლამენტი საკმაოდ მნიშვნელოვნად განსხვავდება, მათ შორის ევროკავშირში შემავალი ნაციონალური სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებისაგან. პირველ რიგში იმის გამო, რომ ევროკავშირი ნამდვილ სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ პარლამენტი შეზღუდულია არამხოლოდ ხელისუფლების აღმასრულებელი და სასამართლო შტოებით, არამედ, პირველ რიგში, ნაციონალური სუვერენიტეტებით.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ვერცერთი კანონი ვერ ამოქმედდება ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭოს თანხმობის გარეშე. ის კავშირის 28 წევრი-ქვეყნის თითო მინისტრს აერთიანებს, მაგრამ არა მუდმივ საწყისებზე - ის თუ კონკრეტულად ვინ მიიღებს სხდომაში მონაწილეობას დღის წესრიგის საკითხზეა დამოკიდებული. ამ ორგანოს ხშირად ჩვეულებრივი პარლამენტების ზედა პალატას ადარებენ. მაგრამ თუ მათი ვეტოს გადალახვა, როგორც წესი, შესაძლებელია, ევროკავშირის საბჭოს მიერ ჩაგდებული კანონი, აღარ მიიღება.  

ნაციონალურ სახელმწიფოთა ძალაუფლების კიდევ ერთი სახასიათო მაგალითი ის, რომ ევროპარლამენტი სხდომებს ერთდროულად ორ ქალაქში - ბრიუსელსა და სტრასბურგში მართავს (სამდივნო კი ლუქსემბურგში აქვს). დროის დიდ ნაწილს დეპუტატები ბელგიის დედაქალაქში ატარებენ და ბევრად ეკონომიური იქნებოდა სწორედ ის ყოფილიყო მუდმივი რეზიდენცია, მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლებამ ამაზე კატეგორიული უარი თქვა, სურდა რა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის ცენტრი ისტორულად სტრასბურგი გახდა.

რა ძალაუფლება აქვს ევროპარლამენტს?

ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში მთავრობას უმრავლესობა აყალიბებს. ევროპარლამენტის კიდევ ერთი გამორჩეული ნიშანი კი ის არის, რომ ის მთავრობას არ ქმნის და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მხოლოდ შეზღუდული გავლენა აქვს. ევროპარლამენტის დეპუტატები ირჩევენ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს - ევროპული კომისიების თავმჯდომარეს, მაგრამ ამას აკეთებენ არა თავისი ინიციატივით, არამედ კიდევ ერთი ორგანოს - ევროპული საბჭოს წინადადებით, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების და სახელმწიფოების მეთაურები შედიან. ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპარლამენტს თავის კომისრებს - ევროპელ მინისტრებს წარუდგენს. მათ ხმას აძლევენ არა ცალ-ცალკე, არამედ მთლიან სიას უყრიან კენჭს.

ძალიან დავიბენი!

ევროპარლამენტი - ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოა.

ევროკავშირის მინისტრთა საბჭო - პარლამენტის „ზედა პალატა“. მასში ევროპული ქვეყნები თავისი მინისტრების დელეგირებას ახდენენ. მათი მოწონების გარეშე არცერთ კანონს არ იღებენ.

ევროპული საბჭო - ევროკავშირის კოლექტიური პრეზიდენტია; ორგანო, რომელშიც ევროპის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები შედიან. ისინი საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებენ, განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის ერთიან საგარეო პოლიტიკას ეხება.    

ევროპული კომისია - ევროკავშირის მთავრობაა. მის თავმჯდომარეს ევროპარლამენტი ევროპული საბჭოს წინადადებით იჩევს.

ევროპარლამენტი სხვადასხვა სავალდებულო ხარისხის საკანონმდებლო აქტს იღებს იმ სფეროებში, რომლებიც უშუალოდ ევროკავშირის კომპეტენციაში შედის:

- საბაჟო რეგულირება, ანუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ყველა საქონლის შესაბამისობა ხარისხის ერთიან სტანდარტთან
- კონკურენციის დაცვა
- ევროს მხარდაჭერა
- საგარეო ვაჭრობა
- საზღვაო თევზჭერის წესები

ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ერთიან მართვაში შედის სხვა სფეროებიც:

- შიდა ბაზრის წესები
- სოციალური პოლიტიკა
- სოფლის მეურნეობა
- ჯანდაცვა
- გარემოს დაცვა და სხვ.

ევროკავშირს მათი რეგულირების უპირატესობა გააჩნია - სახელმწიფოებს ამ სფეროებში საკუთარი კანონების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ საერთოევროპული წესები არ არსებობს. მაგრამ როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, მიგრაციული კრიზისის ფონზე კარგად ჩანს, რომ თუ ქვეყნებს შორის ერთობა არ არის, ევროპარლამენტარები იშვიათად ცვლიან სიტუაციას, მაშინაც კი, როდესაც ფორმალურად ასეთი შესაძლებლობა აქვთ.

ასევე ევროპარლამენტი იღებს ევროკავშირის ბიუჯეტს, მაგრამ ძალიან პატარას - ყველა ევროპული ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 1%-ს. ევროპული ორგანოების უფლებამოსილების დეფიციტის გამო, ბევრი დასავლელი ექსპერტი ლაპარაკობს „დემოკრატიული დეფიციტის“ პრობლემის შესახებ, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს უჩენს განცდას, რომ ევროპულ საქმეებში მათზე არაფერია დამოკიდებული.

რა გადაწყვეტილებები მიიღო ევროპარლამენტმა ბოლო წლებში?

ევროპარლამენტის მიმავალმა შემადგენლობამ გააუქმა „როუმინგი“  ევროკავშირის ფარგლებში, აკრძალა პლასტმასის ჭურჭელი, მიიღო პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი წესები და ძალიან სადავო კანონი საავტორო უფლებების შესახებ, რომელსაც უწოდებენ ასევე „მემების შესახებ კანონს“, იმის გამო, რომ მის ერთ-ერთ პირველ რედაქციაში ის ფაქტობრივად კრძალავდა საავტორო შინაარსის მქონე მემების, გიფების და ქუბების გავრცელებას.

როგორი კანონები არსებობს ევროკავშირში?

ევროპარლამენტი რამდენიმე ტიპის საკანონმდებლო აქტს იღებს. ესენია,

- რეგლამენტები, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში სავალდებულოა, როგორც პირდაპირი მოქმედების კანონები.
- დირექტივები, რომლებიც ასევე სავალდებულოა, მაგრამ გულისხმობს იმას, რომ მათი რეალიზების კონკრეტულ ფორმებს თითოეული ქვეყანა თავად აარჩევს.
- გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მათთვის, ვისაც ისინი ეხება.
- რეკომენდაციები და დასკვნები, რომლებიც არასავალდებულო ხასიათისაა.

როგორ ირჩევენ ევროპარლამენტის დეპუტატებს?

დღევანდელი არჩევნების შედეგებით, ევროპარლამენტში 751 დეპუტატი მოხვდება. იქ ქვეყნები საკუთარი მოსახლეობის პროპორციულად არიან წარმოდგენილები: მალტის 6 ადამიანიდან გერმანიის 96 ადამიანამდე. 73 ადგილი ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს. თუ ის ბოლოს და ბოლოს გავა ევროკავშირიდან, გათავისუფლებულ ადგილებს პროპორციულად გადაანაწილებენ სხვა ქვეყნებზე.

კენჭისყრა მხოლოდ პარტიული სიებით ხდება. გამსვლელი ბარიერი - 2%-დან 5%-მდეა (ქვეყანას გააჩნია). ამომრჩევლები ირჩევენ ადგილობრივ პარტიებს, მაგრამ მათი უმრავლესობა არ შედის ამა თუ იმ საერთოევროპულ ბლოკში. სწორედ ისინი ქმნიან ევროპარლამენტის ფრაქციებს: კონსერვატიულს, სოციალ-დემოკრატიულს, ლიბერალურს, ევროსკეპტიკოსების და ნაციონალისტების რამდენიმე გაერთიანებას. 2014 წლის არჩევნებიდან დაწყებული, ამ პარტიული გაერთიანებებიდან თითოეულს შეუძლია თავისი კანდიდატის წარდგენა ევროკომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მაგრამ ეს ევროპულ საბჭოს არაფერს ავალდებულებს.

ვინ გაიმარჯვებს?

ლიბერალური დასავლელი ექსპერტები ამ არჩევნებს შეშფოთებით უყურებენ და მას „ისტორიულს“ უწოდებენ, რადგან მისი შედეგებით ევროსკეპტიკოსებმა და ნაციონალისტებმა შეიძლება ადგილების რეკორდული რაოდენობა მიიღონ. წინასწარი პროგნოზებით, ისინი დღევანდელი 154-ის ნაცვლად 200-ზე მეტ მანდატს მიიღებენ. მიუხედავად ამისა, უმრავლესობას, თუნდაც არც ისეთ მყარს, ძველებურად შეინარჩუნებენ კონსერვატიული, სოციალ-დემოკრატიული და ლიბერალური ძალები.

ევროპარლამენტის არჩევნები პირველად არ აჩვენებს ევროპული პოლიტიკის საკვანძო პარადოქსს: ინსტიტუტში, რომელიც ევროპული ინტეგრაციის სიმბოლოა, განსაკუთრებით კარგად არიან წარმოდგენილები სწორედ ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები, ხშირად უკეთ, ვიდრე ნაციონალურ დონეზე. ამასთან, ევროპულ არჩევნებზე აქტივობა მუდმივად მცირდება: 1979 წლის პირველი არჩევნების 62%-დან 2014 წლის 42%-მდე. მიჩნეულია, რომ ნაციონალისტები სხვა ძალებზე უკეთ ახერხებენ ამომრჩევლების მობილიზებას ამ არჩევნებზე, რადგან ევროპარლამენტზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ევროკავშირი თავისი საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებას ძალიან ნელა აფართოებს არის ის, რომ არსებობს მუდმივი შიში იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ძალაუფლება ნაციონალისტების ხელში აღმოჩნდება.

სხვა თემები